ახალი განათლების მინისტრის 7 გამოწვევა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-06-2016, 23:03 | კომენტარები | ნანახია - 5364

ახალი განათლების მინისტრის 7 გამოწვევა

 

ლევან ბეიტრიშვილი

 

საქართველოს ახალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყავს - ჩემი მეგობარი და ჯგუფელი (ESM) ალექსანდრე ჯეჯელავა.

 

სანდრო ახალია ამ სიტყვის ძალიან ფართო მნიშვნელობით.

 

- მას არ უმუშავია სახელმწიფო მოხელედ (თუ არ ჩავთვლით ეროვნულ ბანკში აიტი სფეროში მოღვაწეობას);

 

- მას საერთოდ არ გააჩნია პოლიტიკური წარსული;

 

- მას აქვს სოლიდური მენეჯერული განათლება და კიდევ უფრო სოლიდური და წარმატებული გამოცდილება მსხვილ კომპანიებში მაღალ პოზიციებზე და აქედან გამომდინარე, იცის ნებისმიერი ტიპის რესურსის ფასი და შინაგანად ორიენტირებულია შედეგზე;

 

- ის არ არის მოსული უბრალოდ ადგილის დასაკავებლად, - მას აქვს ამბიციური მიზანი, განახორციელოს სასიკეთო ცვლილებები სისტემაში.

 

სანდრო ჯეჯელავას პირად თვისებებსა და კომპეტენციებზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი: ზემოთ ჩამოთვლილიც საკმარისია იმისათვის, რომ ამ დანიშვნის შესახებ გაგვიჩნდეს საკმაოდ საფუძვლიანი შეხედულება, რომ საქმე გვაქვს ექსპერიმენტთან, რომელსაც პრაქტიკულად ყველა წინაპირობა აქვს წარმატებული მაგალითის სახით დასამკვიდრებლად.

 

თუმცა, მარტო შეგრძნებების საფუძველზეც კი ცხადია, რომ ახალი მინისტრის გზა ია-ვარდებით არ იქნება მოფენილი. ის არის მოქმედებების კაცი, ის მოსულია ცვლილებებისთვის, ხოლო ცვლილებებს აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა კონიუნქტურულ თუ პოლიტიკურ სირთულეებთან შეჯახება, უამრავ სტერეოტიპებთან და მითებთან ბრძოლა, რაც თავისთავად გულისხმობს კონკრეტულ პირებთან დაპირისპირებებსაც. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მინისტრობის პერიოდი მისი კარიერის შავ ლაქად იქცეს, არცთუ ისე დაბალია.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, როგორც მეგობარსა და უკვე როგორც სახელმწიფო მოხელეს, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალ მინისტრს განათლებისა და მეცნიერების სფეროში კეთილი საქმეების კეთებაში.

 

აქვე მინდა გავუზიარო ჩემი მოსაზრებები, თუ სხვა უამრავთან ერთად, რა გამოწვევებთან მოუწევს შერკინება.

 

გამოწვევა 1 - უსამართლო „თანასწორობა“:

 

დღევანდელი ზოგადი განათლების სისტემა (და სამწუხაროდ არა მხოლოდ იგი) ორიენტირებულია წარუმატებელ, ან ნაკლებად წარმატებულ მოსწავლეებზე, ანუ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის ტერმინოლოგიით „დაჩაგრულ ბავშვებზე“.

 

მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ სისტემამ ეძებოს, წაახალისოს და შექმნას ვარსკვლავები:

 

-ზოგადი განათლების სისტემა გვეუბნება - „არ განასხვავოთ ბავშვები ერთმანეთისაგან, თუკი ვინმე ჩამორჩენილია, ისიც და წარმატებულიც, ერთნაირად უნდა სწავლობდნენო“! – ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ ბავშვში ვეძებოთ ტალანტი და ამ ტალანტების განვითარებისათვის საჭირო გარემო შევქმნათ დიფერენცირებულად.

 

- ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, მაქსიმალური დაფინანსება, სულ რაღაც 2250 ლარია წელიწადში, სამაგიეროდ გვყავს 70%-ითა და 50%-ით წარმატებულები, რომელთაც იგივე პროპორციით ვუფინანსებთ უმაღლეს განათლებას.

 

- შედეგად კი ვიღებთ:

 

წარმატებული, ნიჭიერი და მოტივირებული, მაგრამ დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მქონე სტუდენტები, ვერ ხვდებიან კარგ სასწავლებელში, ვინაიდან სახელმწიფო დაფინანსება არ ყოფნით ამისათვის. სამაგიეროდ, საშუალო მოსწრებისა და იგივენაირი მოტივაციის მქონე სტუდენტები, უამრავი მიდის სხვადასხვა უნივერსიტეტში, სადაც სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევებში, ტყუილად ფლანგავენ საკუთარ დროს, ოჯახის დანაზოგს (დანარჩენი 30 და 50 პროენტის დასაფარად) და ჩვენი გადასახადებიდან აგროვებულ ფულს, მაშინ როცა ამ უკანასკნელით შესაძლებელია იმ, წარმატებულ სტუდენტს, უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიცემოდა.

 

! ე.წ. “comprehensive” განათლების სისტემა, ნაცვლად დიფერენცირებულისა, მხოლოდ ისეთი ქვეყნების ფუფუნებაა, სადაც სკოლის გარეთ, უამრავი შესაძლებლობაა საკუთარი თავის პოვნისა და ტალანტების რეალიზებისათვის.

 

- თანასწორობის მითთან ბრძოლა, სერიოზული გამოწვევაა მინისტრისათვის, ვინაიდან გულისხმობს საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას, რადგან სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი, მათივე მშობლების განსაზღვრებით, „ზარმაცი ნიჭიერების“ კატეგორიას განეკუთვნება.

 

გამოწვევა 2 - სამინისტრო არ არის სიბრძნის კონცენტრაციის წერტილი!

 

სისტემა აპრიორი უშვებს, რომ სამინისტროში მუშაობენ ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი და კომპეტენტური ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ უკარნახონ სწავლების მეთოდიკები თუნდაც ყველაზე წარმატებულ სკოლებს.

 

- ასეთი მიდგომა პირდაპირ კავშირშია წინა გამოწვევასთან, რომელსაც „უსამართლო თანასწორობა“ დავარქვი, რადგან წარმატებული და წინწასული სკოლები, ავტორიზაციისას პრობლემების შიშით, ვერ ახერხებენ ბევრი კარგი იდეისა და ექსპერიმენტის განხორციელებას.

 

- არადა რა კარგი იქნებოდა, რომ წახალისებულიყო კერძო ინიციატივები, სხვადასხვა ექსპერიმენტები, გაჩენილიყო „ნოუჰაუები“ და მომხდარიყო ამ გამოცდილებების ურთიერთგაზიარება.

 

- მაგრამ ისევ და ისევ, რა ვუყოთ „დაჩაგრულებსა“ და მათ ქომაგებს?

 

გამოწვევა 3 - განათლების სისტემების საუცხოო მოდელები უცხოეთიდან:

 

დიდი ალიაქოთია ატეხილი ფინური განათლების მოდელზე, რომლის შესახებ ამბავმაც ჩვენთან თითქმის 4 წლის დაგვიანებით ჩამოაღწია, - უკვე მეოთხე წელია OECD და პირსონის რეიტინგებით, ფინეთი ხუთეულშიც არ შედის და ჩამორჩება ისეთ აზიურ ქვეყნებს, როგორიცაა: სამხრეთ კორეა, იაპონია, სინგაპური და ჰონგ-კონგი.

 

- მაგრამ რომელი მოდელი ჯობია ჩვენთვის?

 

>> ფინური (რომელიც 4 წლის წინ იყო პირველ ადგილზე), რომელიც ამბობს, რომ რაც შეიძლება ცოტა დავალება მივცეთო ბავშვს და ნაკლები დრო გავატარებინოთო სკოლაში, თუ აზიური, რომელიც ამბობს, რომ კვირაში ლამის შვიდი დღე, დილიდან საღამომდე, ბავშვი სკოლაში/სწავლაში უნდა იყოსო?

 

>> ფინური მოდელი, სადაც მშობელს აღარ შეეძლება „მარიაჟობა“ შვილის განსაკუთრებულ სკოლაში ტარებით და „არისტოკრატებისა“ და „პლებეების“ ბავშვებს ერთ კლასში მოუწევთ სწავლა, თუ აზიური, სადაც გამოცდის გაყალბება, გადაწერა და მსგავსი მაიმუნობები თითქმის სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება?

 

>> ნოკიას სამშობლო თუ სამსუნგის, ელჯის, ჰიუნდაისა და კიას სამშობლო?

 

- ამ აბზაცების კითხვისას ბუნებრივია, უკვე მოგიმწიფდათ რეპლიკა: „რა თქმა უნდა ჩვენი, საკუთარი, აქაურ კულტურულ-მენტალურ თავისებურებებს მორგებულიო“, მაგრამ აქაც სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, როგორც ჩვენი დიდი ბელადი იტყოდა - „кадры решают все“ -ვო.

 

@@@ ჩვენი პრობლემა ხომ სინამდვილეში არა განათლების დაბალ ხარისხში, არამედ საზოგადოების უმეტესი ნაწილის შრომითი კულტურის, საბჭოურ-პროლეტარულ გაგებაშია, რაც შედეგად გვაძლევს სწორედ არაადექვატური კვალიფიკაციისა და შრომითი უნარების მქონე უმაღლესდამთავრებულთა არმიას, რომელთა განათლებაში უზარმაზარი რესურსი იხარჯება როგორც კერძო, ასევე ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან აგროვებული ფულის სახით. და რომლის შეცვლაც, ზედაპირული და ფასადური ღონისძიებებით, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

 

გამოწვევა 4 - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა:

 

სხვას არ ვიცი, მაგრამ სანდრო ჯეჯელავას, ნამდვილად არ ესწავლება, თუ რას ნიშნავს შეფასება, რანჟირება და კატეგორიზება ზომვადი პარამეტრების გარეშე. არადა ზუსტად ასეთია ახლად გაშვებული „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა“:

 

- მასწავლებელთა კატეგორიებად რანჟირება ხდება ძირითადად თვითშეფასებებისა და ურთიერთშეფასებების საფუძველზე.

 

- ეს პროცესი, პედაგოგების ისედაც შეზღუდული დროის დიდ ნაწილს, ფასილიტატორობასა და აპლიკაციების შევსებას ხმარდება (გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც 50 ლარს იღებენ ელექტრონული აპლიკაციების შევსებაში).

 

- ძალიან უმნიშვნელო ნაწილი უჭირავს პედაგოგის შრომის შედეგის უმთავრეს საზომს - მოსწავლის ცოდნას.

 

- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ამბობენ, არსებობს ბალტიისპირული გამოცდილება, სადაც იგივე პროექტმა არ გაამართლა, თუმცა სქემა იმდენად ინტეგრირებული აღმოჩნდა სისტემაში, რომ ახალი საფიქრალი გაჩენიათ - როგორ გამოძვრნენ სიტუაციიდან და შეაჩერონ, ან ჩაანაცვლონ იგი (მე პირადად, არც-ერთი ადამიანისგან არ მსმენია კარგი ამ სისტემაზე, გარდა იმათი, ვინც უშუალოდ ჩართულია დანერგვის პროცესში).

 

პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა, ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც მისი შეჩერება ზუსტადაც რომ პოპულარული ნაბიჯი იქნება საზოგადოებრივი აზრის სიმწიფის გათვალისწინებით. მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა შემოდის - დაპირისპირება პროექტის ლობისტებთან, რომელთაც დიდი ძალისხმევა გასწიეს სქემის დანერგვის დასაწყებად და დიდი შრომა ჩადეს იმპლემენტაციაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ჭორები ამბობენ, „საკმაოდ დიდი გრანტია ამ პროექტის განხორციელებაში აღებულიო“.

 

გამოწვევა 5 – ორი ცდუნება

 

I ცდუნება: კერძო სექტორიდან წამოსული ადამიანისთვის, ძალიან რთულია, გაუძლო ცდუნებას და სამინისტროს ხელთ არსებული, პრაქტიკულად „შეუზღუდავი“ შესაძლებლობების შემხედვარემ, თავად (ანუ სამინისტრომ) არ დაიწყო ისეთი სასწავლო რესურსების შექმნა, როგორიცაა სახელმძღვანელოები, ვიდეო-გაკვეთილები, სასწავლო-შემეცნებითი ანიმაციური თუ არაანიმაციური ფილმები, სასწავლო ვიდეოთამაშები თუ გასართობი ონლაინ ტესტები, ანუ ყველაფერი ის, რაც შეუძლია თავის თავზე აიღოს კერძო ინიციატივამ, ხოლო სახელმწიფომ (ამ შემთხვევაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ), ხელი შეუწყოს ამ მიმართულების

განვითარებას და შექმნას სისტემური გარემო, რომელიც ავტომატურ რეჟიმში განვითარდება და თვითონვე შემოგვთავაზებს ინიციატივებსა და ნოუჰაუებს.

 

ახალი მინისტრის წინაშე სწორედ ასეთი გამოწვევაც დგას - გააკეთოს არჩევანი: დანერგოს სისტემა, სადაც ეს ყველაფერი კონკურენტულ გარემოში შეიქმნება და შესაბამისად განვითარდება კიდეც, თუ იქცეს კერძო ინიციატივების დაუმარცხებელ კონკურენტად.

 

II ცდუნება: მართვის აკადემიის დამფუძნებლისა და ტოპ მენეჯერთა თითქმის 10 წლიანი გამოცდილების მქონე ტრენერისათვის (როგორსაც ჩვენი მინისტრი წარმოადგენს), უზარმაზარი ცდუნებაა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია რეფორმები განახორციელოს არსებული კადრებით, ანუ დაამტკიცოს, რომ ის არის მთავარი არქიტექტორი იმ ცვლილებებისა, რომელსაც განახორციელებს, რომ იგი 10 თავით მაღლა დგას მის წინამორბედებზე, როგორც მენეჯერი, რომ ბელადიც კი ტყუოდა. ამავე დროს, არ გაანაწყენებს სისტემაში მომუშავეთა უამრავ პროტეჟეს, რაც თავის მხრივ ხელს აღარ შეუშლის არაორდინალური იდეების განხორციელებაში.

 

... ძალიან დიდი ცდუნებაა და ალბათ უნდა სცადოს კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ეს არ დარჩეს იდეაფიქსად და ბანალურ „ზამასკაში“ არ ჩავარდეს. მთავარია ზუსტად იგრძნოს ის მომენტი, როცა შეცდა და სწრაფადვე მოახდინოს რეაგირება.

 

გამოწვევა 6 - მეცნიერებათა აკადემია

 

ეს ერთერთი ყველაზე მძიმე სექტორია მთლიანად სისტემაში, ვინაიდან ხასიათდება ყველა იმ თვისებით, რაზედაც დიდი ალბათობით, სანდროს, შესაძლებელია ყველაზე დიდი ანტიპათიები გაუჩნდეს: ხელოვნურად მიტმასნილი ფუნქციები და მთავარი მისიისგან დიდ მანძილზე დაშორება:

 

• ხელოვნური ფუნქციები,- მაინცადამაინც გაუგებარია ჩემთვის, რატომ უნდა ქონდეს დოქტორის წოდება კარგ პრაქტიკოსს, მაგისტრის წოდებით, რათა უმაღლეს სასწავლებელში შეძლოს ლექციების კითხვა;

 

• ხოლო მთავარ ამოცანასთან მიმართებაში, რაც ჩემი (და არამარტო ჩემი) აზრით, გულისხმობს სამეცნიერო კვლევით მუშაობას, ახალ მიგნებებს, ახალ აღმოჩენებსა და ა.შ., ისე ჩანს , რომ არც არაფერი კეთდება (ან კეთდება და საზოგადოებას გვიმალავენ).

 

მთავარი, მე-7 გამოწვევა - არჩევნები მოდის

 

... და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი და წონადი გამოწვევა, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებების დაცვა წინასაარჩევნო პროცესებისგან.

 

- ძალიან მინდოდა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ გამქრალიყო, მაგრამ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული, მისი ზომაზე მეტად დიპლომატიური განცხადება, პარტიული კონიუნქტურის გავლენის ეჭვებს ბადებს და შესაბამისად, თუკი რამეში შეიძლება წარმატება უსურვო ჩვენს ახალ განათლების მინისტრს, ერთერთი ყველაზე უმთავრესი, სწორედ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დისტანცირებაა საარჩევნო პროცესებისგან.

 

P.S.

 

კიდევ ერთხელ, წარმატებები სანდრო ჯეჯელავას! და თუკი აღმოჩნდება, რომ ამ ტექსტმა მცირეოდენი როლი მაინც ითამაშა მისი კეთილი განზრახვების რეალიზებაში, გულწრფელად, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია