შეთქმულთა საიდუმლო სერობა ლოპოტას ტბაზე - გაზპრომი როგორც „ტროას ცხენი“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-06-2016, 00:48 | ეკონომიკა | ნანახია - 3527

შეთქმულთა საიდუმლო სერობა ლოპოტას ტბაზე -  გაზპრომი როგორც „ტროას ცხენი“

 

დავით ნებიერიძე

 

სტატიის სახელწოდება ისტორიული რომანტიზმის ტალღაზე ნურავის დაგაყენებთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ელემენტარულ ქვეყნის ღალატთან. რომელიც შეზავებულია ადამიანის ყველაზე მდაბიო, ბნელ და მერკანტილურ ინტერესებთან. ელისო კილაძის ინფორმაციით "გაზპრომის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტატიანა მიტროვა, რუსულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა. რის გამოც ლოპოტას ტბის კომპლექსი სამი დღით მთლიანად დახურეს, რათა საიდუმლო მოლაპარაკებების ფაქტი არ გახმაურებულიყო.

 

ყველას კარგად გვახსოვს, ქართულმა საზოგადოებამ როგორი მძლავრი აქტიობის შედეგად, შეძლო ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა, რომ ვლადიმერ პუტინს ჩვენი კოლაბორაციონისტი ხელისუფლების დახმარებით, ქვეყანაში არ შემოეყვანა რუსული „ტროას ცხენი“ - „გაზპრომი“. ხალხის ერთობამ და მტკიცე პოზიციამ გაიმარჯვა. ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია და ეღიარებინა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აზერბაიჯანს, გააჩნია ბუნებრივი აირის საკმარისი რაოდენობა და მისი მიწოდების საკმარისი ტექნიკური საშუალებები, რათა საქართველოს საეჭვოდ გაზრდილი მოთხოვნილება ბუნებრივ აირზე სრულფასოვნად დაეკმაყოფილებინა. აღნიშნული დადასტურდა „სოკართან“ გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით. მაგრამ, ქართველი კოლაბორაციონისტების მუხანათობის ხარისხს საზღვარი არ ჰქონია.

 

ალბათ ზედმეტია იმ არგუმენტების თავიდან ახსნა თუ რატომ არ შეიძლება „გაზპრომისთვის“ ქართული ბაზრის გახსნა. ამის თაობაზე თავის დროზე საკმარისად იმსჯელეს, როგორც ექსპერტებმა ისევე ქართულმა საზოგადოებამ. შეგახსენებთ, მხოლოდ იმ გარემოებას რომელიც განსაკუთრებით წარმოაჩენს ამგვარი გარიგების ყველაზე ბინძურ მხარეს:

 

„გაზპრომი“ არის ვლადიმერ პუტინის მრავალჯერ აპრობირებული, ეგრედწოდებული „რბილი ძალის“ ყველაზე ეფექტური იარაღი. რომელიც პირველ რიგში გამოიყენება ჩვენი ხელისუფლების კორუფციის გზით გარყვნისთვის, ქვეყნისთვის ფინანსური ვალდებულებების უღელის დადგმისთვის (ისევე როგორც იანუკოვიჩის დროინდელი უკრაინის შემთხვევაში) და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობარ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გასაფუჭებლად. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის დრო, როდესაც ხდება ამ სპეც-ოპერაციის განხორციელება - წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყება.

 

იქ სადაც შედის „გაზპრომი“, გამონაკლისების გარეშე აუცილებლად შედის რუსული „ბინძური“, „შავი“ ფული. რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც დღევანდელი ხელისუფლებისათვის, ისე დანარჩენი პრორუსული პარტიებისთვის. რათა წარმატებით აწარმოონ საკუთარი საარჩევნო კამპანია და შეძლებისდაგვარად მიაღწიონ მაქსიმალურ წარმატებას საპარლამენტო არჩევნებში.

 

ჯერ კიდევ 11 მაისს, „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ვალერი გოლუბევის ოფიციალური განცხადების შედეგად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გაზპრომი“ 2016 წლის განვლილ პერიოდში განიცდის საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დიდ სირთულეებს. ეს ფაქტი კი გამომდინარეობს შემდეგი მოცემულობიდან - გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების დონე თითქმის გაუტოლდა შიდა ბაზარზე მისი რეალიზაციის შემოსავლიანობის მაჩვენებლებს. „გაზპრომი“ რომლის მთავარი ვალდებულებები და ფუნქცია იყო პარტნიორების გაზით უწყვეტი მომარაგება, უკვე იძულებულია განახორციელოს ეს მიწოდებები ზარალის მიუხედავად. ანუ, საგარეო კონტრაქტები ფინანსური თვალსაზრისით მისთვის სულ უფრო და უფრო წამგებიანი ხდება.

 

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის მანძილზე „გაზპრომმა“ მოახერხა ევროპულ ბაზარზე მიწოდების მოცულობების როგორც შენარჩუნება, ასევე ამ მოცულობების გაზრდაც კი. რითიც ბაზარზე შეავიწროვა თხევადი გაზის მიმწოდებლების პოზიციები. მაგრამ, ამ ახალ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ბუნებრივი გაზის ევროპულ ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესების საქმეში, რუსეთმა დროებით წარმატებებს მიაღწია მხოლოდ დემპინგური ფასების ხარჯზე. ბაზრის შესანარჩუნებლად, რუსეთი იძულებული გახდა, შეგნებულად წასულიყო ზარალზე.

 

ენერგეტიკული პოლიტიკისადმი მიძღვნილ სტატიებში, არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება იმ ფაქტზე, რომ კრიზისულ პერიოდებში მარკეტინგული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა ბაზრების შენარჩუნება და კონკურენტების ხარჯზე, შეძლებისდაგვარად მათი გაფართოვება. ზუსტად ამ კომპონენტში აწვნიეს „საუდიტებმა“ ყველაზე დიდი სტრატეგიული მარცხი პუტინს და როგორც იქნა პუტინი ამას მიხვდა. ზუსტად ზარალიანი კონტრაქტების გააქტიურება არის ამ შეცვლილი პოლიტიკის მთავარი შედეგი. პუტინი იძულებული გახდა შეცვალოს საკუთარი ქვეყნის იზოლაციონისტური პოლიტიკა და ზარალიანობის მიუხედავად იბრძოლოს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რუსეთის პოზიციების აღდგენისთვის.

 

ლოპოტას ტბაზე მოწყობილი „საიდუმლო სერობის“ შედეგი გახდა „გაზპრომის“ მიერ ქართულ კომპანია „გაზკო+“-სთან გაფორმებული კონტრაქტი, საქართველოში კომერციული გაზის მოწოდების თაობაზე. ამ კონტრაქტის პირობებით რუსეთი ქართულ კომპანიას 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე მოაწვდის 100 მილიონ კუბომეტრ კომერციულ გაზსს, ხელშეკრულების შემდგომი პროლანგაციის უფლების გათვალისწინებით. ჯერ არავინ იცის რა ფასად მიაწვდის „გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს ბუნებრივ აირს. მაგრამ, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასი, ცალსახად დემპინგური იქნება. ეს კი მთლიანად დაანგრევს ქართულ ენერგეტიკულ ბაზარს და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ კონტრაქტის ვადებში გაზპრომი ქართულ „გაზკო+“-ს მხოლოდ 100 მილიონ კუბამეტრ გაზს მოაწვდის. მემგონი არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ კონტრაქტის გაგრძელებისთანავე. შედეგად ჩვენ დავკარგავთ აზერბაიჯანს, როგორც ქვეყნის მთავარ მეგობარს და აშკარად კეთილ პარტნიორს და დავრჩებით რუსული გაზის ამარად. რაც საქართველოს ცალსახად გადააქცევს რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული შანტაჟის ობიექტად. ამავე კონტრაქტის შედეგად ქართულ პოლიტიკაში უხვად შემოვა „ბინძური“ რუსული ფული, რომელიც მთლიანად მიიმართება „ოცნების“ მთავრობის პირველი პირების მოსყიდვაზე და პრორუსული პოლიტიკური ძალების გაძლიერებაზე.

 

ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილს არ მისცა საშუალება საზეიმო მუსიკის თანხლებით კარებიდან შემოეყვანა საქართველოში „გაზპრომი“. ახლა კი კვლავ უცხოური წყაროებიდან მოულოდნელად ვიგებთ, რომ ბატონი ბიძინა ცდილობს მტერი სარკმელიდან შემოაპაროს საქართველოში. აღარ არის საჭირო ღრმა ანალიტიკური კვლევების ჩატარება რათა ყველაზე მიამიტი მოქალაქეც კი მიხვდეს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ხელისუფლებამ უბრალოდ გაყიდა საქართველო. არ ისვენებს ეს კაცი. მისი მეთოდები კი სულ უფრო მდაბიო და ცინიკურ ფორმებს იღებს. ამიტომ, საქართველოს ცუდად, რომ არ დაუმთავრდეს ეს აშკარად ბოროტი ქმედებები, ცუდად უნდა დაუმთავრდეს ბიძინა ივანიშვილს და მის ფულზე დახამებულ ხელისუფლებას. ცუდად უნდა დაუმთავრდეთ რვა ოქტომბერს.

 

რუსული „გაზპრომის“ საქართველოში შემოპარების ასეთი სქემა ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ იმ მოტივით შეიმუშავა, რომ თავის მართლების მარტივი საშუალება ჰქონოდა: „ეს კონტრაქტი არის ჩვეულებრიბი ბიზნეს შეთანხმება ორ მეწარმე სუბიექტს შორის და სახელმწიფო ვერაფრით ჩაერევა ბიზნესშიო“.

 

„გაზპრომის“ საქართველოში სარკმელიდან ფარულად შემოპარების ამ მცდელობაზე, რომ ვფიქრობ ხალხური ლექსი „არსენა“-დან ციტატა მახსენდება:

 

„ეს რომ ზაალმა გაიგო,

ქოში უკუღმა ჰყარაო.

კარიდან ვეღარ გაასწრო,

ფანჯრიდან გადიპარაო“.

 

ბატონო ბიძინა, რვა ოქტომბერს გვიან ღამით ისეთ რამეს გაიგებთ, რომ ეს ციტატა საქართველოში უამრავ ადამიანს გაახსენდება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია