ევრაზიელთ ერთა მძლე კავშირი ძმური

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-06-2016, 00:00 | კომენტარები | ნანახია - 1371

ევრაზიელთ ერთა მძლე კავშირი ძმური

 

ნიკა რამიშვილი

 

ევრაზიული კავშირის შესახებ საუბრისას, ყველა ადამიანი, რომლის ინტელექტი მინიმალურ ზღვარს სძლევს, თანხმდება იმაზე, რომ ეს კავშირი ზუსტად ისეთი არაფრისმაქნისი კავშირია, როგორიც დსთ იყო - ანუ უბრალოდ რუსეთისათვის კუდის ქიცინი და მის ძლიერებაზე ხაზგასმა, მეტი არაფერი.

 

მიზეზი, ეთანხმებოდე ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანებას - ორია - ერთი, ვერ ხვდები, რა საფრთხეა, გჯერა ზღაპრების, რომ რუსეთი აგაყვავებს და ბოდიში და აზროვნებაში გიჭირს - და მეორე - მოღალატე ხარ!

 

მოღალატეებთან საუბარს და რამის ახსნას აზრი არა აქვს, ამიტომ ავუხსნათ იმათ, ვისაც რუსული ზღაპრების სჯერა, მათ კი გასაგებზე უფრო გასაგებ ენაზე უნდა ესაუბრო, ანუ არცერთი ისეთი სიტყვა - რომელიც შეიძლება ვერ გაიგოს! მაშ ასე, ვიწყებ ახსნას - ჯერ ახალგაზრდებს მოგმართავთ, იმათ, ვინც საბჭოთა კავშირში არ დაბადებულხართ. მომისმინეთ ჯიგრებო, ის, რასაც მამათქვენი, ბიძათქვენი და იმათი მეგობრები გიყვებიან - ტყუილია! - ის 37 მანეთიანი მოსკოვის ბილეთი ჯერ ეს ერთი 37 და 50 ღირდა და რომ გეშოვნა, ზემოდან მინიმუმ 20 მანეთი უნდა დაგემატებინა. მერე - მოსკოვში სასტუმროში ნომრის შოვნა იყო ურთულესი, უნდა გყოლოდა ნაცნობი, რომ იმასთან დარჩენილიყავი, ან გექირავა კომუნალურში ბინა და კომფორტის გარეშე გეცხოვრა. - კიდევ - ერთ ბოთლ არაყზე სექსს თანხმდებოდნენ მხოლოდ ძალიან შეუხედავი, მოუვლელი და ლოთი ქალები, რომლებთანაც თავმოყვარე ადამიანი საქმეს არ დაიჭერს! ასევე - ზღვაზე ყველა ქალი არ იყო მამათქვენების! საკმაოდ ძვირი ჯდებოდა „კაი ქალის“ რესტორანში დაპატიჟება, მერე ბულვარში გასეირნება, მაგნოლიის სურნელით თავბრუდახვეული, ოდნავ შემთვრალისთვის კოცნა და შემდგომ იმაზე დათანხმება, რომ თქვენს ნაქირავებ ბინაში კარგი მაგნიტოფონი და „აბას და ბონიემის ზაპისებია“.

 

კი, უკვირდათ საქართველოში სტუმრობისას რუსებს ის სიუხვე და პატივისცემა, რაც ხვდებოდათ, მაგრამ რის ხარჯზე? - რის და იმისათვის, რომ ქართველს პროტესტი არ გაუჩნდეს, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ მოუნდეს - კარგად უნდა ჩააცვა, აჭამო და ფული არ გამოულიო! - აი ასეთებად რუსებმა გვაქციეს, მათ კარგად იციან ჩვენი სუსტი წერტილები, რომლებიც ბოლო 200 წლის მანძილზე თვითონ გაგვიჩინეს და აი თქვენი, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულებითაც კი მანიპულირებენ, რომლებსაც თავის დროზე ‘’დაგოიმებული’’ თქვენი მამებისა გჯერათ! - მათ კი უბრალოდ თავიანთი ახალგაზრდობა ენატრებათ, ამ ყველაფერს ვარდისფერ ფერებში იხსენებენ და თან თქვენ გაწონებენ თავს! - იმ პერიოდში რომ მართლა ხშირად გევლო დროის სატარებლად და კურორტები არ მოგეკლო, აუცილებლად კორუმპირებულის ოჯახიდან უნდა ყოფილიყავი, ან ქურდბაცაცასი. პატიოსანი ხალხი ხელფასს იმდენს იღებდა, რომ ნორმალურად ეკვება და წელიწადში ერთხელ ოჯახით ზღვაზე მოკრძალებულად დაესვენა, მეტი არაფერი! არავინ მოგატყუოთ, რომ მართლა თავზე ეყარათ ყველას ყველაფერი! - გიმეორებთ, ვისაც ეყარა - ის იყო დამნაშავე!

 

ახლა სანამ უფროს თაობაზე გადავალ, ერთ პატარა რჩევას მოგცემთ - ბევრად კარგი დროის გატარება შეიძლება ევროპაში და ბევრად იაფად, ვიდრე „მოსკოვებში“! უბრალოდ, ენა ისწავლეთ და შეეცადეთ, ცოტა ნორმალური ტიპები და პარტიები შემოხაზოთ, რომ ვიზალიბერალიზაცია ისევ არ დაგვიჟმოტონ.

 

ახლა კი უფროსებს რაც შეეხება - ვის ატყუებთ!? ერთეული და გამონაკლისი „მაჩოების“ გარდა - რომელს გამოგეტირათ დედა რუსეთი ასე, რომ უკან იწევთ!? რა დამსახურებებისთვის უყვარდით ლიუდას და ნატაშას აგრერიგ?... დაიმსახურეთ? რითი? - ბევრი ფულით, რომელიც აუცილებლად არაკანონიერი გზით იშოვნეთ, რადგან მაშინ მაგდენის შოვნის სხვა ვარიანტი არ იყო... პიროვნული მომხიბვლელობით, რომლის გამოც აქაც დიდი წარმატებით შეგეძლოთ ყოფილიყავით ის, რასაც იქაურობაზე ჰყვებით, თუ რითი? - უმეტეს შემთხვევაში ტყუილია ეგ ყველაფერი! და ის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც მართლა იყო - დაივიწყეთ! იქ თქვენ აღარავის სჭირდებით! ის დიდქუდიანი, ფულიანი, ულვაშებიანი და მხიარული „ვალიკოები“ მოდაში აღარ არის, არსებობს ასეთი რუსული ანდაზა - ახალი რუსი, ეს არის კარგად დავიწყებული ძველი ქართველი! - მათ უკვე აღარ უკვირთ, როგორ ვამბობთ ადვილად „ბაყაყი წყალში ყიყინებს“ და რატომ არ ჰყავს არცერთ ქართველ კაცს ცოლი!

 

დამიჯერეთ ქართველებო, იქ თქვენ არავინ გელოდებათ სიხარულით და არც არავინ გელოდებოდათ არასდროს. მოგატყუეს, გატყუებდნენ, ახლაც გატყუებენ და მერეც მოგატყუებენ!

 

მაპატიეთ, რომ ბოლო იმედი მოგიკალით... და ერთი თხოვნა - თქვენს შვილებს მაინც ნუ ატყუებთ და დღესვე, ცოტა დალიეთ, გათამამდით და მოუყევით ბიჭებს, რომ ის ლუდა, რომელიც დღემდე გელოდებათ ნიჟნი ნოვგოროდში, 83 კილო იყო და ამის ხარჯზე ჰქონდა დიდი მკერდი... ის ზილის მაცივარი, მოსკოვიდან რომ მამიდაშვილს გამოატანეთ დედასთან საჩუქრად, მანდარინის წონაში მოტყუებით დაგროვილი ფულით გქონდათ ნაყიდი და ის შავი გაზ-24, რომლითაც მამათვენი „საგულაოდ“ გიშვებდათ, მთავრობისა იყო და მამათქვენს, თქვენი შვილის ბაბუას თავისი „ხაზეინის“ დაუკითხავად გამოჰყავდა „გარაჟიდან“ შაბათ-კვირაობით...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია