არჩევნების გაყალბებისთვის „საჭირო“ მექანიზმები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-06-2016, 22:58 | პოლიტიკა | ნანახია - 2661

 არჩევნების გაყალბებისთვის „საჭირო“ მექანიზმები

 

რუსა მაჩაიძე

 

წარმოიდგინეთ, ცნობა დაგჭირდათ თქვენს ბინაში მცხოვრებთა შესახებ, მიდიხართ რეესტრში და გეუბნებიან, რომ ამ ბინაში, სადაც მხოლოდ თქვენ, თქვენი მეუღლე და ბავშვი ცხოვრობთ, 7-8 კაცია ჩაწერილი. წარმოიდგინეთ? ე.ი. არც თუ სასიამოვნო განცდა დაგეუფლათ და ერთბაშად ძალიან ბევრმა ცუდმა აზრმა შეგიპყროთ. მაგრამ ცოტა ძალისხმევას თუ მოიკრებთ და ოპერატორს მოუსმენთ, დაგამშვიდებთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს და რეესტრს განცხადებით თუ მიმართავთ და მეზობლებს მოწმეებად მიიყვანთ, რომ თქვენს ბინაში თქვენი ოჯახის გარდა არავინ ცხოვრობს, ამ უცხო ხალხს ამოწერენ.

 

პრინციპში, ამას წარმოდგენაც არ სჭირდება, რადგან თბილისში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია. მაგალითად, თბილისის ცენტრში, ვაკეში, ნინო ჟვანიას 10-ში მცხოვრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ მათ ბინებში უცხო ხალხია ჩაწერილი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მაცხოვრებლს ინფორმაცია დასჭირდა, საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე დარეკა და მაშინ უთხრეს, რომ მის ბინაში, თურმე, 7 ადამიანი იყო ჩაწერილი და აქედან სამს საერთოდ არ იცნობდა, მერე მეზობლებს უთხრა, მათაც გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ყველა ბინაში 3-4 უცხო ადამიანი იყო ჩაწერილი. მერე გვერდით კორპუსის მცხოვრებლებს უთხრეს და აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსშიც იგივე სიტუაცია იყო.

 

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ცხელ ხაზზე (2 40 10 10) დავრეკეთ და გადავამოწმეთ ინფორმაცია, სადაც განგვიმარტეს, რომ შეუძლიათ, გვითხრან, კონკრეტულ მისამართზე რამდენი ადამიანია ჩაწერილი და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მიწერილი ხალხი არსებობს, მაშინ ბინის მფლობელს კონკრეტული პროცედურების გავლისა და დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე შეუძლია მათი ამოწერა.

 

ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ ამ პრობლემის შესახებ მოქალაქეები მათთან ხშირად რეკავენ. მაგრამ კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად უწყების პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს, საიდანაც ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა. არადა, მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას ვითხოვდით.

 

იუსტიციის სამინისტროს სამსახურის ასეთი დამოკიდებულება კი ბევრ კითხვას აჩენს და მათ შორის იმას, რომ მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის დამალვა. მარტივი ლოგიკაა, რომ ინფორმაციას მალავ მაშინ, როდესაც კანონდარღვევისთვის გჭირდება. ბინებში გარეშე პირების ჩაწერას და მოსახლეობისთვის უფასოდ პირადობის მოწმობის დარიგებას კი იქამდე მივყავართ და რომ ამას არჩევნებზე ე.წ. კარუსელებისთვის გამოიყენებენ. ანუ, სიაში იქნება ხალხი, რომელიც აქ არ ცხოვრობს, მათ ექნებათ პირადობის მოწმობები და სადაც ჩაწერილები იქნებიან, მივლენ და მისცემენ ხმას.

 

საინტერესო კი ის არის, რომ მიწერების პრობლემა განსაკუთრებით ახლადაშენებულ კორპუსებშია. მცხოვრებლების თქმით, ეს პრობლემა საპრეზიდენტო არჩევნების დროს არ ყოფილა. ანუ, უცხო ადამიანების ჩაწერა 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ მოხდა.

 

ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ამ სქემას ხელისუფლება არჩევნებზე ე.წ. კარუსელებისთვის გამოიყენებს, რასაც დამატებით რამდენიმე ფაქტორი ამძაფრებს.

 

პირველი არის ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ე.წ. უმისამართო ადამიანები ამომრჩეველთა სიიდან ამოეღო.

 

2012 წლის მონაცემებით, ე.წ. უმისამართოების, ამ კატეგორიის ადამიები ვინც საცხოვრებელი სხვადასხვა პრობლემის გამო დაკარგა და ახლა საკუთრება არ გააჩნიათ, 189 ათასზე მეტი იყო. მაგრამ ამით მათი კონსტიტუციური უფლება იზღუდება და ხელისუფლება იძულებულია, მათ რაიმე მისამართი მოუძებნოს. ამიტომაც, როგორც ჩანს, ეს პრობლემის მოგვარებისთვის მათი სხვადასხვა მისამართებზე მიწერა ხდება.

 

თუ ვინმე აღმოაჩენს ასეთ მიწერილს, მის ამოწერას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება და დიდი შანსია, რომ მისი ამოწერა არჩევნებამდე ვერც კი მოხერხდეს. ცესკო აცხადებს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი გადაამოწმოს, სიაში არის თუ არა, მაგრამ გადამოწმება ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობის მონაცემებით და ოჯახის წევრი ან მეგობარი თუ არ არის, შეუძლებელია, გაიგო, ვინ არის სიაში და ვინ არა, ვინაიდან სრული სია არ საჯაროვდება. არჩევნების დღეებში უბანზე გამოკრული სიის გადამოწმებით კი არაფერი იცვლება, რადგან ამ დროს სიაში ვეღარაფედრს შეცვლიან, შეცდომები რომც დაფიქსირდეს.

 

ანუ , რეალურად გამოდის, რომ არსებობს საარჩევნო სიაში ხალხი, რომლებიც რეალურად ან არ არსებობენ, ან სხვა უბნების სიაშიც არიან და სიაში მყოფს ვერც ერთი კომისიის წევრი ვერ ეტყვის, რომ მას ხმის მიცემა არ შეუძლია. მით უმეტეს, რომ ეს ხალხი აქ პირადობის მოწმობით იქნება დაფიქსირებული. ხელისუფლებამ კი ამ მიმართულებითაც გაიმარტივა გზა და გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ პირადობის მოწმობები უფასოდ გასცეს. ანუ, თეორიულად გაჩნდა შანსი, რომ ამ გზით დაიბეჭდოს ეს პირადობის მოწმობები, რომლებსაც უკვე არჩევნებზე სხვადასხვა უბნებზე გამოიყენებენ.

 

რამდენიმე დღის წინს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სწორედ ამ პირადობების უფასოდ გაცემის საფუძველზე სააგენტომ „პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა 60 000-ზე მეტი ახალი ბიომეტრიული მონაცემით შეავსო“.

 

ამასთან, მინისტრის ბრძანებით, უფასო პირადობის მოწმობები 17 წლიდან გაიცემა. საქართველოს კანონმდებლობით კი, არჩვნებში ხმის მიცემა შეუძლიათ მათ, ვისაც არჩევნების დღემდე 18 წელი შეუსრულდათ. ამიტომ ბრძანების ეს ნაწილიც კითხვებს აჩენს.

 

საერთოდ ე.წ. კარუსელები ადვილად შესასრულებელი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებას გამოცხადებული აქვს, რომ უფასოდ რიგდება პირადობის მოწმობები, სურვილის შემთხვევაი ადვილად შეიძლება, რომ კონკრეტულ გვარებზე გაიცეს მოწმობები და, რაც მთვარია, გაქვს უკვე მომზადებული ბაზა, სად დაარეგისტრირო და უბნებზე როგორ გამოიყენო. აქ უკვე ამომრჩეველთა ერთიანი სიის საკითხი შემოდის.

 

კანონმდებლობით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებაზე ცესკოა პასუხისმგებელი და შესაბამისად, ცესკოს მონაცემები ითვლება ოფიციალურ მონაცემებად. ცესკოს მონაცემებით კი, საქართველოში რეგისტრირებულია 3 452 295 ამომრჩეველი. თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 3 729 600-ზე მეტი კაცია. ეს მონაცემები 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეყრდნობა, რომელიც წინასწარი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2014 წლის 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. აპრილის ბოლოს კი უკვე დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. ეს კი დაახლოებით 16 ათასამდე ნაკლებია პირველად მონაცემთან შედარებით.

 

თუმცა, ცესკოს ბაზაში ჯერჯერობით არც პირველადი შედეგები არ ასახულა. თუკი ცესკოს და საყოველთაო აღწერის შედეგებს შევადარებთ, ძალიან დიდი შეუსაბამობა ჩანს. 3 713 804 - კაციანი მოსახლეობიდან 3 452 295 ამომრჩეველი ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

 

საქართველოს კანონმდებლობით, ამომრჩევლად ითვლება 18 წლის და ზემოთ მოქალაქე. განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 წელს მოსწავლეების რაოდენობა 454 000 იყო. ამას ემატება სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომელთა რაოდენობაც, უხეში გათვლებით, 200-220 ათასია. საერთო ჯამში 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები 670-680 ათასამდე შეიძლება ვივარაუდოთ. ეს კი ამომრჩეველთა რაოდენობაში დაახლოებით ნახევარ მილიონიან განსხვავებას გვაძლევს.

 

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს უკვე გადასცა საარჩევნო უფლების მქონე 3 539 949 მოქალაქის მონაცემი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრო 3 713 804 მოქალაქედან ამომრჩეველთა სიას 3 539 949 კაცით განსაზღვრავს. ეს კიდევ უფრო მეტია იმ მონაცემზე, რაც ცესკოს აქამდე გააჩნდა. ვიდრე ცესკო სიას ჩაასწორებს, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 452 295 ადამიანით არის განსაზღვრული.

 

ამ შეუსაბამობას კი ცესკოში მეთოდოლოგიით ხსნიან. მაგრამ, მაჩვენებლების გამო, დავის საგანი უკვე გახდა და დიდი ალბათობაა, რომ ეს საკითხი ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული, რაც არჩევნების დემოკრატიულობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

ამ პრობლემათა ჯაჭვს რომ მივყვეთ, ეს არის ერთი მიმართულება, რომლის გამოყენება ხელისუფლებას შეუძლია სწორედ იმ ადმინისტრაციული რესურსის საფუძველზე, რაზეც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ - იუსტიციის სამინისტრო და ა.შ. ამას კი უკვე საოლქო კომისიების და სააპელაციო სასამართლოს საკითხი ემატება.

 

საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში დავის საგანი გახდა საოლქო კომისიებიდან წევრების გათავისუფლების საკითხი.

 

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოლქო კომისიები არის შუალედური ორგანო, თუმცა, ამ ორგანოს განსაკუთრებული ფუნქცია გააჩნია, ვინაიდან სწორედ საოლქო კომისიები იხილავენ არჩევნების დღეს აღმოჩენილი დარღვევების საკითხს, ვიდრე სასამართლოს გადაეცემა. შესაბამისად, საოლქო კომისიაში მიღებულ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. საოლქო კომისიებიდან კი ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს ადამიანები, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესიული გამოცდილება და ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის თქმით, დანიშნეს მმართველი გუნდის აქტივისტები.

 

საარჩევნო საკითხების გასაჩივრება კი პირდაპირ სააპელაციო სასამართლოში ხდება. სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელის ხელისუფლების „კაცის“ დანიშვნის ერთ-ერთი პორბლემა ესეც არის, რადგან სასამართლო გადაწყევტილებას შედეგებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დარღვევები რაც არ უნდა გასაჩივრდეს, თუკი სააპელაციო სასამართლო ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს და მიმდინარე პრეოცესები აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით ასეც იქნება, არანაირი აზრი არ ექნება.

 

ცხადია, ამის გარდა სხვა მექანიზმებიც არსებობს, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით თავის სასარგებლოდ რომ გამოიყენოს. მაგრამ ეს არის ის სქემა, სადაც კარგად იკვეთება გაყალბებისთვის მიზანმიმართული მზადება და, თან ისე, რომ ერთი შეხედვით კანონის ფარგლებში რომ ჯდებოდეს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია