BREXIT და საქართველო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-06-2016, 22:14 | პოლიტიკა | ნანახია - 1778

BREXIT და საქართველო 

 

გიორგი კავკასიძე

 

დღეს მთელი დღის განმავლობაში ვკითხულობდი ბრიტანული რეფერენდუმის შედეგების მიმოხილვას, როგორც საერთაშორისო პრესაში, ასევე ფეისბუქში. არც არის გასაკვირი - ჩემი შვილი ლონდონში ცხოვრობს და მუშაობს. ორი რამ შევამჩნიე: უმეტეს შემთხვევაში, ის მიზეზები, რის გამოც ბრიტანეთის მოსახლეობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან გასვლას, არ ემთხვევა იმ მიზეზებს, რომელიც ჩვენ გვგონია ან გვინდა, რომ იყოს გასვლის მიზეზები (ფეისბუქის ქართულ მომხარებელს ვგულისხმობ); ვერც ქართულ პრესაში და ვერც “ქართულ ფეისბუქზე” ვერ ვნახე ბრექსიტის მნიშვნელობის განხილვა საქართველო-დასავლეთის ურთიერთობების ჭრილში.

 

ბრიტანელების გადაწყვეტილების მთავარი მოტივატორი იყო მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემები: “ბრიტანელობას გვართმევენ”, “ჩვენს კულტურას და ტრადიციებს საფრთხე ემუქრება”, “ევროპელი (აღმოსავლეთ ევროპიდან) და არაევროპელი მიგრანტები სამუშაო ადგილებს გვართმევენ”. ამ პოპულისტური მოწოდებებით “კვებავდნენ” მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის მომხრე კონსერვატორები და ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერები.

 

ჩვენ კი გვგონია ან გვინდა რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მთავარი მიზეზები ევროკავშირის გაზრდილი ბიუროკრატია, მმართველობის აპარატის მოუქნელობა, უზომოდ გაზრდილი რეგულაციები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესთა კონფლიქტი, კორუფცია და სხვა იყოს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემები არ აქვს ევროკავშირს. თუმცა Brexit-ის მომხრეთა უდიდესი ნაწილისთვის ეს პრობლემები არ იყო პრიორიტეტული.

 

2016 წლის 24 ივნისს, მსოფლიომ ახალ რეალობაში გაიღვიძა - ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლის სურვილი გამოხატა ეკონომიკის ზომით N2 წევრი ქვეყნის მოსახლეობამ. რა საკვირველია ამ მოვლენას დიდი პოლიტიკური ძვრები და ფინანსური პრობლემები მოჰყვება, არა მხოლოდ ბრიტანეთის ან ევროპისთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

 

შეიქმნა ახალი რეალობა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება გეო-პოლიტიკური ცვლილებები, ახალი ალიანსებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ჩამოყალიბება. მაგრამ ეს ყველაფერი დროში გაწელილი პროცესია, რომელსაც რამდენიმე წელი დასჭირდება.

 

მაგრამ ეს სტატუსი არც ბრიტანელებზეა და არც ევროპელებზე, ეს სტატუსი ჩვენზე, საქართველოზე და მის მოქალაქეებზეა.

 

რამდენად არის მზად საქართველო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის?

 

საერთოდ ხომ არ დაიკარგება ჩვენი ისედაც სუსტი “ხმა” ან გნებავთ “ჩურჩული” მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცვლილებების პორცესში? ხომ არ დაივიწყებს ახალი პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობით დაკავებული დასავლეთი საქართველოს და მის პრობლემებს? იმოქმედებს თუ არა ბრექსიტი ჩვენ ეკონომიკაზე?

 

ჩემი აზრით ეს არის კითხვები, რომლებიც დღეს საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს.

 

სამწუხაროდ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი შანსია, რომ ახალი ალიანსებისა და კავშირების შექმნის პროცესში საქართველო “თამაშგარე მდგომარეობაში” აღმოჩნდეს. რადგან ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ახლოსაც არ არის იმ აუცილებელ მინიმუმთან, რათა საქართველოს “ხმა” ვინმემ გაითვალისწინოს. ბოლო ოთხი წელია საქართელოს ხელისუფლება და დიპლომატიური სამსახური “საქართველო ერთი პატარა სოფელია”-ს პოლიტიკას ატარებს. სხვა სიტყვებით ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, მაგრამ მასში არ ვმონაწილეობთ. რის შედეგადაც საქართველო გამქრალია საერთაშორისო პოლიტიკის “რადარის ეკრანიდან”. დღეს საქართველოს მართავს საბჭოური ფასეულობების მატარებელი, პოლიტიკურად უმწიფარი, აგრესიული არაფორმალური მმართველი, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას და თავის მიერ გამოგონებულ ვირტუალურ სამყაროს რეალობად ასაღებს. ხელისუფლების სამივე შტო კი ფაქტიურად მისი ვეზირები არიან, რომლებიც მის ყველანაირ სურვილს თუ კაპრზს, ხშირად სახელმწიფოსთვის საზიანოსაც , უსიტყვოდ ასრულებენ და "ორჯერ გამეორება არ სჭირდებათ”. რითაც იმსახურებენ მის კეთილგანწყობასა და შესაბამისად, მის მიერ ნაბოძებ თანამდებობებს. სწორედ საბჭოური მენტალობის შედეგია, რომ არაფორმალურ მმართველს ვერ წარმოუდგენია თუ, როგორ შეიძლება პატარა სახელმწიფომ რაიმე როლი ითამაშოს მსოფლიო პოლიტიკაში. რადგან სახელმწიფო ინტერესების მისაღწევად საბჭოთა დიპლომატია მხოლოდ ძალაზე იყო ორიენტირებული და არა პარტნიორობაზე და/ან კომპრომისებზე. სწორედ საბჭოური აზროვნების შედეგია "საქართველო ერთი პატარა სოფელია" პოსტულატი. რაც ნიშნავს, რომ საქართველო იმდენად პატარა და უმნიშვნელოა, რომ ხმაგაკმენდილი უნდა ელოდოს დიდი, ძლიერი სახელმწიფოების გადაწყვეტილებებს და უსიტყვოდ მიიღოს ყველაფერი, რასაც ეს სახელმწიფოები საქართველოს “მიუგდებენ”. ყველზე “დიდ და ძლიერ” სახელმწიფოდ კი მას რუსეთი მიაჩნია. სწორედ ამის გამო ფაქტიურად შეჩერებულია 2012 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, სწორედ ამის გამო არ იძვრის ადგილიდან წინა ხელისუფლების მიერ ინიცირებული და ახლანდელი ხელისუფლების მიერ (იძულებით?) ხელმოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.

 

რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტებს, პრემიერ მინისტრ დ. ქამერონის გადადგომის გამოცხადებისთანავე 24 ივნისს, ბრიტანეთმა 125 მილიარდი, ხოლო დღის განმავლობაში დაახლოებით 320 მილიარდი ფუნტი დაკარგა. ფუნტი სტერლინგი დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა და 1985 წლის მინიმუმამდე დაეცა. ასევე დაეცა ევროს კურსიც. მსოფლიო ფინანსურ ბირჟებს ვარდნის ტალღამ გადაუარა. არავინ იცის რა მოხდება უახლოეს კვირებსა თუ დღეებში. როგორ იმოქმედებს ეს ყელაფერი ქართულ ეკონომიკაზე? ხომ არ აჩქარდება ლარის კურსის ვარდნა, რომელიც ჯერ კიდევ 16 ივნისს დაიწყო?

 

სამწუხაროდ ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მეტნაკლებად გამართულად მუშაობს, ეროვნული ბანკია. ვერც ფინანსთა სამინისტრი და ვერც ეკონომიკის სამინისტრო ვერ უმკლავდებიან გამოწვევბს. არადა ეს გამოწვევები გაიზრდება.

 

პოლიტიკური თვალსაზრისით Brexit-ით გამოწვეული ახალი რეალობა “შესაძლებლობის ფანჯარაა” საქართველოსთვის. საქართველოს აქვს შანსი რომ თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს კავშირები და პარტნიორული ურთიერთობები, როგორც ანლგო-საქსურ სამყაროსთან, ასევე კონტინენტურ ევროპასთან და ნატოსთან.

 

ამის მისაღწევად კი რამდენიმე პირობაა აუცილებელი:

 

- ქვეყანას უნდა ჰყავდეს დასავლური, დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი ლიდერი, რომელსაც სათანადო ხედვაც ექნება, ცოდნაცა და გამბედაობაც, რომ როგორც თანასწორმა პარტნიორმა “ისაუბროს” დიდი სახელმწიფოების ლიდერებთან;

 

- ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, საქმეებითა და ფასეულობებით გამყარებული პროდასავლური კურსი;

 

- ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი მომართული უნდა იყოს საქართველოს ინტერესების დაცვაზე და ახალი, ქვეყნისთვის ხელსაყრელი კავშირების დამყარებაზე;

 

- ქვეყნა უნდა ადგეს ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის გზას, რაც ნიშნავს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი სახელისუფლებო შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემებს.

 

დღევანდელი საქართველო ვერც ერთ პირობას ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, დღევანდელი მმართველობის პირობებში, შანსი იმისა რომ საქართველომ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს შექმნილი ახალი რეალობა, პრაქტიკულად ნულის ტოლია.

 

ერთადერთი შანსი, რომ საქართველომ გახსნილი “შესაძლებლობის ფანჯარა” გამოიყენოს არის დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა ეროვნული ინტერესების დამცველი, დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ახალი ხელისუფლებით.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია