პოლიტიკურ ქულებზე ზრუნვა სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-07-2016, 01:05 | პოლიტიკა | ნანახია - 1295

პოლიტიკურ ქულებზე ზრუნვა სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად 

 

ნინო წერეთელი

 

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის უპასუხისმგებლო განცხადებას - სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ, რომელიც თავდაცვის პირველმა პირმა ერთი წლის შემაჯამებელ ანგარიშში მოგვახსენა. გამამართლებელ არგუმენტად კი მაღალფარდოვანი სიტყვებით შელამაზებული, ემოციებზე გათვლილი მიზეზი მოიყვანა - „შეაირაღებულ ძალებს არ ჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებულ ძალებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნილება, შეაიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში, არავის არ ჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი“

 

სახელმწიფოს ძლიერების განმსაზღვრელ მრავალ ფაქტორთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ძლიერი თავდაცვის სისტემა, განსაკუთრებით კი ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობის მქონე ქვეყნისათვის როგორიც საქრთველოა.

 

ვიდრე სავალდებულო სამხედრო სამსახურის აუცილებლობის დასაბუთებაზე გადავალ, პირველ რიგში მინდა განვმარტო თავდაცვის მინისტრის პათეტიური ფრაზების სრული უშინაარსობა. რას ნიშნავს ფრაზები - ”შეაიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში, არავის არ ჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი“

 

ამ ლოგიკის მიხედვით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტს არ ჭირდება გადამხდელთა შემოსავლების კონტროლი რადგან გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლიც ფინანსური რესურსების მობილიზაციის მთავარი ინსტრუმენტია და პირდაპირი მაჩვენებელია ეკონომიკის ზრდის ქვეყნის პრესტიჟის საქმეა და არ ჭირდება არავის დაძალება, რომ წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

 

იგივე შეგვიძლია განვაცხადოთ ეკლესიაზე და ვთქვათ რომ ეკლესიას არ ჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელშიც საკმარისად დიდია არაეკლესიური მოქალაქეების წვლილი. ეკლესია ეფუძნება რწმენას, არის შუამავალი უფალთან და სავსებით საკმარისია მისი შემოსავალი განისაზღვროს მრევლის ნებაყოფლობითი შეწირულობით.

 

ანალოგიური მსჯელობა შეიძლება გავავრცელოთ უამრავ სხვა სამოქალაქო ვალდებულებებზე, რომელიც ნებაყოფლობითი რომ იყოს მას მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულებდა.

 

ახლა კი დავუბრუნდეთ საკითხს და გავარკვიოთ რამდენად არის შესაძლებელი ძლიერი თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარეშე მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთერთ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონს მიეკუთვნება, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და სადაც ყველა მეზობელ ქვეყანას კარგად განვითარებული თავდაცვის სისტემა აქვს.

 

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეთა ყველაზე გავრცელებული პასუხი დასმულ კითხვაზე შემდეგია - სწრაფი ტექნოლოგიური განვითარება და მისი პროდუქტი უკვე ანაცვლებს სამხედრო მოსამსახურეს. უხლეს მომავალში ისინი ჩანაცვლებული იქნებიან რობოტებით და უახლესი ტექნიკით. ფრაზები მომხიბვლელია, რეალობა კი სხვაგვარი. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა (თუნდაც სირიის მაგალითზე) აჩვენა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხება სახმელეთო ოპერაციების გარეშე შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ მხოლოდ უახლესი ტექნიკის გამოყენებამ, ავიადარტყმების განხორციელებამ შედეგი ვერ გამოიღო. ტექნოლოგიური განვითარება ნამდვილად სასწაულს პირდება კაცობრიობას მომავალში, მაგრამ არა დღეს და არა ხვალ. ჩვენ კი პრობლემები დღეს და ახლა უნდა გადავწყვიტოთ, ვინაიდან ხვალ და მომავალში დიდი ალბათობით დაგვიანებული იქნება.

 

არის სხვა არგუმენტებიც, კერძოდ ვერ ხერხდება გაწვეულთა შესაბამისი სამხედრო წვრთნა, რომ გატარებული დრო მხოლოდ დაკარგული დროა ახალგაზრდისთვის, რომ სისტემა რომელიც არსებობს კორუფციის ოფიციალური ბუდეა. მსგავს არგუმენტებზე პასუხი კიდევ უფრო მარტივია. ამისათვის საჭიროა არა სამხედრო სავალდებულო სისტემის გაუქმება, არამედ მისი რეფორმირება, ისე რომ სისტემა გახდეს ეფექტური. ამის საკმარისი მაგალითები არსებობს დღევანდელ მსოფლიოში.

 

იმ გამოწვევების გათვალისწინებით რომელთა წინაშეც დგას საქართველო, ვგულისხმობ ჩრდილოეთიდან მომდინარე მუდმივ საფრთხეს ქვეყანას აუცილებლად ესაჭიროება სოლიდური ცოცხალი ძალა. 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, როდესაც აშკარად გამოჩნდა ხარვეზები მაშინდელი რეზერვისტების მომზადების სისტემაში, მთავრობამ დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმა. მათ აირჩიეს ისრელისა და ესტონეთის მოდელი (http://www.newposts.ge/?l=G&id=111107-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83), რომელიც გულისხმობდა შეიაღაღებული ძალების შემადგენლობის დაკომპლექტებას როგორც წვევამდელებით ასევე კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეებით. საჭირო იყო ამ რეფორმის გაგრძელება და მისი დახვეწა. „ქვეყანას სჭირდება ერთწლიანი, ინტენსტიური გაწვევის სისტემა, რომელიც მოქალაქისგან შექმნის კარგად მომზადებული საბაზისო დონის რეზერვისტს, რადგანაც ის რაოდენობა პროფესიული სამხედროებისა, რომელიც საქართველოს ჰყავს არანაირად არაა საკმარისი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის როგორც მინიმუმ შემაკავებელი ეფექტისათვის.“ (http://www.tzona.org/post/aucilebladaa-gasaketebeli-sayoveltao-ertwliani-efeqturi-gawveva-yvela-moqalaqistvis-qalebis-chatvlis )

 

ჩვენი ვითარებისთვის ყველაზე საუკეთესო და შესაბამისი ისრაელის მოდელია, სადაც სამხედრო-სავალდებულო სამსახურს მამაკაცებთან ერთად ქალებიც გადიან. ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახური არა მარტო მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას, ის ამავდროულად უმოკლესი გზაა ჩვენი საზოგადოების მენტალობაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დასამკვიდრებლად.

 

და ბოლოს კიდევ ერთი შენიშვნა. თავდაცვის მინისტრის განცხადებამ კრიტიკა თვით უმრავლესობაში გამოიწვია. ის აღქმული იყო როგორც პოპულისტური განცხადება.

 

პირადად ჩემთვის, როგორც რიგით მოქალაქესთვის ძალიან გულდასაწყვეტია როცა მსგავსი განცხადება ქვეყანაში პოლიტიკური ქულების ჩაწერად მოიაზრება. ეს მეტყელებს იმაზე, რომ ჯარში სამსახური დიდ უმრავლესობას არ უნდა. რაც არ უნდა ბევრი მიზეზი მოვიშველიოთ ამ ფაქტის გასამართლებლად საფუძველი ქვეყნის სამსახურის, მისი დაცვისათვის თავის არიდებაა საკმარისად რთულ პოლიტიკურ (ქვეყნის 20% ოკუპირებულია) ვითარებაში. აშკარაა, რომ ეს იდეა სრულებითაც არ არის პრესტიჟული, როგორც ამას თავდაცვის მინისტრი გვარწმუნებს. მოთხოვილებას პროფესიულ ჯარზე უფრო ეკონომიკური ფაქტორი განაპირობებს და არა გულწრფელი პატრიოტიზმი. ცხადია ამის მიზეზი დიდწილად მძიმე მემკვიდრეობაა. საქართელოს მოსახლეობას საუკუნეების მანძილზე უწევდა სხვის ჯარში სამსახური, ვინაიდან არ გააჩნდა თავისი საკუთარი სახელმწიფო. გასაგებია რომ ჯარში მსახური დამატებით ტვირთად არის ჩალექილი ჩვენ ცნობიერებაში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უკვე 25 წელია თავისუფალი ვართ. მოპოვებულ თავისუფლებას დაცვა და შენარჩუნება ჭირდება. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ დაკარგული ტერიტორიები ჩვენი დასაბრუნებელია. თუნდაც ამ კუთხით პატრიოტული სულის გაღვიძებისთვის, საკუთარი სახელმწიფოს რეალურად აღქმისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღება ყველასათვის (მათ შორის ქალებისთვის), ამ იდეის პოპულარიზაცია და პრესტიჟულად გადაქვეცა სახელმწიფოს ერთერთ მთავარ ამოცანად მესახება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია