ჰაერის საგანგაშო დაბინძურება: გარემოს დაცვის მინისტრი შეშისა და მწვადის წინააღმდეგ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-07-2016, 01:16 | კომენტარები | ნანახია - 2150

ჰაერის საგანგაშო დაბინძურება: გარემოს დაცვის მინისტრი შეშისა და მწვადის წინააღმდეგ

 

დავით მესხიშვილი

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო ჰაერის დაბინძურებისა და ამ პრობლემისგან გამოწვეული სიკდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მთავარ დამაბინძურებლად გავლენიანმა საერთაშორისო ექსპერტმა ტიმ კოვაჩმა ტრანსპორტის სექტორის გაუმართაობა დაასახელა. ეს უბედურება ციფრებში ასე გამოიყურება: 100 000 მოსახლეზე-300 გარდაცვალება, რაც ჯამურად წლის განმავლობაში 12 000 ადამიანის სიცოცხლის დასრულებას ნიშნავს. აქვე დავამატებ: ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაშიც გადავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებს: ერთი წლის განმავლობაში 600-ზე მეტი გარდაცვალება და 10 000-მდე ტრავმირებული ჩვენი მოქალაქე. ეს მდგომარეობა შეიძლება ავღწეროთ შემდეგი სიტყვებით: კატასტროფა საქართველოს მოქალაქეებისთვის, სირცხვილი მთელი სახელმწიფოსი, სრული კრახი ხელისუფლების.

 

საინტერესოა რა რეაგირება და რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას. პრინციპში რეაგირება საერთოდ არ მოჰყოლია, აი რეაქცია კი, იცოცხლე (თუ გამონაბოლქვისგან გადავრჩით): გარემოს დაცვის მინისტრმა მთელი სერიოზულობით ,სამარცხვინოდ განაცხადა, რომჰ აერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია შეშა, ანუ შეშის წვა. მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰაერის მთავარ დამაბინძურებელ მიზეზად საქართველოში დაასახელა ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი. ის რომ საქართველოში ტრანსპორტია გარემოს მთავარი დამაბინძურებელი, მემგონი, სიურპრიზი არ უნდა იყოს არავისთვის. შეგახსენებთ ჩვენი ავტოპარკის მდგომარეობას: 1 200 000 ავტომობილიდან 400 000-ზე მეტი არის 20 წელზე უფრო ასაკოვანი. ავტომობილების უსისტემო მომრავლება ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა დაუკავშირა მოსახლეობის კეთილდღეობას. თურმე, თუ ჩვენი მოქალაქე სესხით ყიდულობს ათასდოლარიან, 20 წელზე უფრო ასაკოვან ავტომობილს სატაქსაოდ, ის შეძლებულთა კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ. რა შეიძლება დაერქვას ამას, თუ არა უცოდინრობა. სინამდვილე კი ასეთია: 1. საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრაქტიკულად არ არსებობის გამო ჩვენი მოქალაქეებს სხვა გზა არ დარჩენიათ, რომ შეიძინონ თითქმის ჯართი, იმისთვის რომ დანიშნულების ერთი ადგილიდან მიაღწიონ მეორე ადგილამდე 2. ეკონომიკური სიდუხჭირისა და გადარჩენის შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიმართა თვითდასაქმების მარტივ ხერხს- ტაქსაობას. აი ეს არის სიმართლე და არანაირი კავშირი ამ ფაქტს მოსახლეობის გამდიდრებასთან არ აქვს.

 

დავუბრუნდეთ ხელისუფლების რეაქციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაზე. პირველი, ვისაც კომენტარი ვერავინ დაასწრო პრემიერმინისტრი იყო. მოკლედ პრემიერმინისტრის განცხადებით, შეცდომა იყო თავის დროზე ტექდათვალიერების სრულად გაუქმება და ის უნდა აღდგეს, ასევე მზრუნველად დაამატა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. რა შეიძლება ამას ეწოდოს სიყალბის გარდა? მივყვეთ თანმიმდევრობით: 1. ტექდათვალიერება სინამდვილეში არც არასოდეს ყოფილა და რაც იყო ყველას კარგად გვახსოვს. საჭირო იყო 100 დოლარით მიბრძანებულიყავით ტესტ ცენტრში თუნდაც ჯართით და თქვენ დაუყოვნებლივ მოგცემდნენ საქარე მინაზე დასაკრავ ფირნიშს, თუ რა თქმა უნდა საქარე მინა გქონდათ. თუ საქარე მინა არ ჰქონდა თქვენს ავტომობილს მაშინ ფირნიში შეგეძლოთ დაგეწებებინათ სხვაგანაც, აქ მთავარი 100 დოლარია. ჰოდა, რაც არ ყოფილა ის როგორ გაუქმდებოდა? უბრალოდ მაშინდელმა ხელისუფლებამ კორუფციის ეს ბუდე მთლიანად ამოქოლა და კიდევ კარგი, რომ ასე მოიქცა. 2. პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ტექდათვალიერება მთლიანად გაუქმდაო. თუმცაროგორც ჩანს მას არ აქვს ინფორმაცია, რომ ტექდათვალიერება რეალურად არა, მაგრამ ფორმალურად არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. აი იმ ტრანსპორტისათვის, თქვენ რომ აღშფოთდებით ხოლმე მოქალაქეებო, ეს ვინ გამოუშვა ქუჩაშიო (განსაკუთრებით ის „მარშუტკები“ და ავტობუსები, შავი ბოლით რომ დაფახფახებენ ჩვენს გზებზე). დიახ, წელიწადში ორჯერ როგორც მუნიციპალური, ასევე საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებები გადიან სავალდებულო ტექდათვალიერებას. დღეს ტესტცენტრები მთლიანად ჩართულია კორუმპირებულ სქემაში, რომელსაც ხელს უწყობს და თავისი უუნარობით (ან უნარით) მფარველობს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. ასეთი ავტობუსებით და მიკროავტობუსებით მგზავრობა კი, სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული. ეს ბატონი გიორგი კვირიკაშვილისთვის ყველაზე კარგად უნდა იყოს ცნობილი, ვინაიდან ის იყო ეკონომიკის მინისტრი და ზუსტად მის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა მთელი ეს დანაშაულებრივი სისტემა. 3. არჩევნებამდე 3 თვით ადრე პრემიერმინისტრის განცხადება, რომ ის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას იწყებს აბსოლუტური სიყალბეა. ჯერ ერთი 4 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორი აქტიურად ვაფრთხილებდით მოსალოდნელი საგანგაშო რისკების შესახებ და არცერთხელ პირადად არ დაინტერესებულა. რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, მიუხედავად აქტიური შეხვედრებისა, მათ ვერცერთი კონკრეტული ნაბიჯი ვერ გადადგეს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე გაუგებარია, რომელ ტექდათვალიერებაზე საუბრობთ? ტესტცენტრები ტექნიკურად გაუმართავია და რაც არის კორუფციაში იხრჩობა, პერსონალი არ არის გადამზადებული, არ არსებობს გეგმა/სტრატეგია, საზოგადოება არ არის ინფორმირებული. ასე რომ, თქვენი განცხადება რამდენად გულწრფელია საზოგადოებამ განსაჯოს.

 

ახლა გადმოვინაცვლოთ სახელმწიფოს მმართველობის შედარებით ქვედა საფეხურებზე, ანუ გარემოს დაცვის მინისტრზე და დეპარტამენტის ხელმძღვანელებზე. პრემიერმინისტრის გამოსვლის შემდეგ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ჯერ გამოჩნდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელები და პირველი რაც გააკეთეს, ეჭვი შეიტანეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის სისწორეში. გააკრიტიკეს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი და მათ კომპეტენტურობას პირდაპირ, ყოველგვარი მორიდების გარეშე დაარტყეს. აქ ერთადერთი რასაც ვინატრებდი ის იქნებოდა, რომ ნეტავ ეს სამარცხვინო ქმედება საჯაროდ არ ჩაედინათ. თუმცა ეს საჯარო შეტევა კიდევ უფრო გაამწვავეს და აკრიტიკეს WHO-ს კვლევა ისე, რომ ალტერნატიული არც არანაირი კვლევა წარმოუდგენიათ. აქვე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, პირველად გაიჟღერა სიტყვა შეშამ და შეშის წვამ. მე პირადად ჩავთვალე, რომ მომეჩვენა. დამეთანხმებით არ არის ადვილი დასაჯერებელი, როდესაც ოფიციალური პირების აზრით, საქართველოში ჰაერი ბინძურდება შეშის წვის გამო. მითუმეტეს, როცა ჯერ კიდევ შარშან გარემოს დაცვის სამინისტროს ერთერთი პროექტის პრეზენტაციისას ამ უწყების წარმომადგენლები დამაჯერებლად გვარწმუნებდნენ, რომ ჰაერის 75 % ბინძურდება ავტომობილების მიერ. მოკლედ ჩავთვალე, რომ შეშა უბრალოდ ქვედა დონის ჩინოვნიკების მოსაზრებებთან არის დაკავშირებული. და აი გამოჩნდა ისიც, ბატონი მინისტრი, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ საქართველოში შეშის წვა ერთერთი მთავარი პრობლემაა. ასევე აღნიშნა: სოფლების 97 % პროცენტი შეშას მოიხმარს... კარგი იქნება თუ რესტორნები ელექტროღუმელებზე გადავლენ... და ბევრი სხვა სიბრძნეც დაამატა.

 

ძვირფასო ხელისუფლების ძვირფასო წარმომადგენელებო, აკი სოფლების გაზიფიცირება სრულად მოხდაო, მაშინ საიდან 97% შეშაზე? ან თქვენ რა, მართლა გგონიათ, რომ WHO-ს კვლევაში შატილში დანთებული ცეცხლის კვამლი მოხვდა? ან თბილისის ჰაერს შეშა აბინძურებს? არადა იმაზე უნდა ფიქრობდეთ, რომ იმ რაიონებს რომლის გაზიფიცირებასც ვერ ახერხებთ შეშით მაინც მოამარაგოთ, რომ მოსახლეობა არ გაიყინოს ზამთარში.

 

გაცილებით მძიმე დარტყმა მიიღეს რესტორნებმა, რომლებსაც თუ ხელისუფლება არ შეიცვალა ბუხრების შეცვლა ელექტროღუმელებით მოუწევთ. ირიბად, რომ ვთქვათ მინისტრი ქაბაბების და მწვადების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. არ ვიცი აქ რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. ფაქტი ერთია, რომ ჩვენი სანაქებო სამზარეულო, რომლის დასაგემოვნებლადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქ ჩამოდიან და რის ხარჯზეც პრაქტიკულად რესტორნები სულ სავსეა, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ცარიელი დაგხვდეთ. ისე ეს საკითხი, ფინანსთა მინისტრისთვის ნოდარ ხადურისთვის, რომ შეეთანხმებინა გარემოს დაცვის მინისტრს უმჯობესი იქნებოდა.

 

ვხუმრობთ და პრობლემა გაცილებით სერიოზულია ვიდრე წარმოგვიდგენია. ერთის მხრივ გამონაბოლქვის გამო ვიხოცებით, ხოლო მეორე მხრივ სიკდილის სხვა გზაც გვაქვს, შიმშილი! საქართველო ტურისტული ქვეყანაა და მისი ერთ-ერთი მთავარი შემოსავალიც ტურისტულია. წარმოიდგინეთ პოტენციური ვიზიტორი, რომელიც ეცნობა საქართველოს შესახებ ინფორმაციას და ამოიკითხავს, რომ საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში იკავებს პირველ ადგილს. ძნელად დასაჯერებელია, რომ ტურისტული ნაკადი მოგვაწყდეს ასეთ შემთხვევაში. აღნიშნული ფაქტი პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს კი ხალხის შიმშილს ნიშნავს.

 

და ვინ არის დამნაშავე ამ ყველაფერში:

 

• ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც არ აფრთხილებს მოსახლეობას საგანგაშო სიტუაციის შესახებ, არ ახმაურებს საგანგაშო ფაქტებს, რომლის მიხედვითაც კატასტროფულად მოიმატა დაავადებებმა და სიკვდილიანობამ.

 

• ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც ტრანსპორტის სექტორი მიიყვანა ასეთ კრიტიკულ სიტუაციამდე, არ გაატარა არცერთი რეფორმა, არ დაუნერგავს ევროდირექტივები.

 

• გარემოს დაცვის სამინისტრო რომელიც აკრიტიკებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას,არ/ვერ ახორციელებს ჰაერის სრულყოფილ მონიტორინგს, არ მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებით, არ აქვს კონკრეტულ სტრატეგია.

 

• ხელისუფლებას რომელსაც არ აქვს არანაირი გეგმა და სტრატეგია, როგორ გამოვიდეს კრიზისული მდგომარეობიდან და იქცევა სრულიად არაადეკვატურად, ვერ პასუხობს ვერც ადგილობრივ ვერც საერთაშორისო გამოწვევებს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია