ნატოს გაფართოება და ჭეშარიტი მისია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-07-2016, 22:54 | მსოფლიო | ნანახია - 2299

ნატოს გაფართოება და ჭეშარიტი მისია

 

გიორგი იმედაშვილი

 

რასაკვირველია, ყველამ ვიცით რა ვითარებაში და რისთვის შეიქმნა ჩრდილო- ატლანტიკური კავშირი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პროდასავლური, დამოუკიდებელი სახელმწიფოების ძალიან გაძლიერებული საბჭოთა კავშირის გავლენისაგან დასაცავად. როგორც უინსტონ ჩერჩილმა მართებულად შენიშნა, ომის დამთავრებისთანავე აღმოსავლეთ ევროპას „რკინის ფარდა“ ჩამოეფარა და იოსებ სტალინს დაქვემდებარებული ევროპული ქვეყნები თავისუფალი სამყაროსგან გამიჯნა. თუმცაღა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ „ბოროტების იმპერიის“ არქიტექტორი არ ცდილობდა „რკინის ფარდის“ მიღმა საკუთარი გავლენის გაზრდას. საფრანგეთსა და იტალიაში კომუნისტური პარტიები კინაღამ დემოკრატიული არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, საბერძნეთში ბრიტანულმა ტანკებმა ჩაახშეს ასევე კომუნისტების აჯანყება და ყველა სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოშიც უპრეცენდენტოდ გაიზარდა საბჭოთა დაზვერვის სამსახურის რეზიდენტთა რაოდენობა. სწორედ ამ ყველაფერმა აიძულა დამოუკიდებელი, პროდასავლური ძალები ერთმანეთთან გაერთიანებულიყვნენ და როგორც ბრძოლის ველზე, ისე ნომინალური მშვიდობის ჟამს, კოორდინირებულად დაეცვათ თავი ყველაზე დიდი და საშიში მტრისგან - საბჭოთა კავშირისაგან, რომელსაც გაერთიანების შემთხვევაში ძალისმიერი თვლასაზრისით აბალანსებდნენ.

 

ამ შემთხვევაში ყველაფერი, გარკვეულწილად, ცხადი იყო საერთაშორისო ურთიერთობების ამხსნელი ორი დომინანტური თეორიის თვალსაზრისით, რეალიზმისა და ლიბერალიზმის მიხედვით. 40-იან წლებში დომინანტური რეალიზმის წარმომადგენლები და უფრო მოგვიანო პერიოდში გამოჩენილი ნეორეალისტები, სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობიდან გამომიდნარე აბსოლიტურად ნორმალურ მოვლენად მიიჩნევდნენ იმას, რომ საბჭოთა კავშირს საკუთარი გავლენის გაზრდა სურდა. რეალისტებისათვის ხომ ყოველგვარი სახელმწიფო გარკვეულწილად ეგოისტური აქტორია, რომლისთვისაც ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება უსაფრთხოების გარანტიად იქცევა და სწორედ ამიტომ გასაგებია, რომ საბჭოთა კავშირიცა და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებიც საკუთარი საზღვრების გარეთ გავლენის გაზრდას ცდილობდნენ1. ასევე ახსნადია ისიც, თუ რატომ გაერთიანდნენ ამ ორი უძლიერესი აქტორის გარშემო დანარჩენი ქვეყნები. ერთისმხრივ მათ სისუსტის გამო მოუწიათ საბჭოთა კავშირის დომინაციის აღიარება (როგორც თუკიდიდე იტყოდა „ძლიერები აკეთებენ იმას რაც ძალუცთ, ხოლო სუსტები იმას რასაც აიძულებენ2“), ხოლო, მეორეს მხრივ, დასავლური ქვეყნები ძირითადად ნებაყოფლობით აღმოჩნდნენ აშშ-ს მხარეს, ვინაიდან, სწორედ ამ დემოკრატიულ სახელმწიფოს ჰქონდა ძალა დაებალანსებინა საბჭოთა კავშირი. ასე რომ, რეალისტური თვალთახედვით ყველაფერი ნათელია, უსაფრთხოების დილემიდან გამოდმინარე ძლიერი სახელმწიფოები ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოება ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების გაზრდით გაამყარონ, სუსტები კი ან იძულებულები არიან აღიარონ ძლიერთა დომინაცია, ან გაერთიანდენ თავის დასაცავად. სწორედ ერთმანეთის დამბალანსებელი ორი ძალის მიერ დომინირებად მსოფლიოს უყურებენ ნეორეალისტები როგორც საყოველთაო მშვიდობის უფრო მყარ გარანტს, ვინაიდან, თანაბარი ძალის ორი მოწინააღმდეგის შემთხვევაში ორივემ იცის, რომ ნებისმიერი ღია ძალისმიერი დაპირისპირებისას ორივეს აქვს საკმარისი ბირთვული პოტენციალი მეორის გასანადგურებლად, ანუ რეალური კონფლიქტი ორივეს განადგურებით დამთავრდება, ამიტომ ორივენი ეცდებიან ამ კონფლიქტის თავიდან არიდებას.

 

ყველაფერი ახსნადია ლიბერალიზმისთვისაც. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ხომ პირდაპირ ჯდება დემოკრატიული მშვიდობის მოდელში, რაც ჯერ კიდევ იმანუელ კანტის მოსაზრებით გულისხმობს იმას, ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებში არასდროს შედის დაპირისპირება და ომი. ამ შემთხვევაში ხომ მოსახლეობა მთავრობაზე მეტად ზარალდება, ხოლო ვინაიდან დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები ხალხის ნებას აღასრულებენ, ისინი ეცდებიან ერთმანეთთან პარტნიორული ურთიერთობები დაამყარონ და ერთობლივი ძალებით აიცილონ თავიდან ყველა შესაძლო დაპირისპირება. პრინციპში, სწორედ ამას აკეთებდნენ „ნატოს“ დამფუძნებელი ქვეყნები, მაშინ როდესაც ამ ალიანსს აარსებდნენ და შემდეგაც, როცა მის გაფართოებაზე მიდგა საქმე. გარდა ამისა, ლიბერალებისათვის ყველა საერთაშორისო ორგანზიაცია სტრუქტურული თვლასაზრისით სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს და ამიტომ საჭიროა მათი არსებობა. ამავე ხედვით აიხსნება „ნატოს“ შენარჩუნება „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ3.

 

ცივი ომის დროინდელი ნატოს გაფართოების ტალღები საკმაოდ პრაგმატულია- განსაკუთრებით პირველი ორი - 1952 წელს თურქეთისა და საბერძნეთის, ხოლო 1955 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიღება. ცხადია, რომ სამივე ამ ქვეყანას სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ღირებულება ჰქონდა საბჭოთა ბანაკთან დაპირისპირებისას. თუმცაღა, 80-იანი წლების ბოლოდან უკვე ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების ფაზა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა, ვინაიდან, თავად საბჭოთა იმპერია უახლოვდებოდა საკუთარ აღსასრულს. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი საბოლოოდ დაიშალა და საერთაშორისო ურთიერთობისა და პოლიტოლოგიის ბევრმა მკვლევარმა გამოთქვა ვარაუდი (და ზოგიერთმა სურვილიც) იმისა, რომ „ნატო“ როგორც ორგანიზაცია გაუქმდებოდა, რადგან უბრალოდ ფუნქციურად აღარ იყო საჭირო. საფრთხე, რომლისგან თავდასაცავადაც ის შექმნეს გაქრა, აქედან გამომდინარე, ავტომატურად უნდა გამქრალიყო მისი ფუნქციაც. ხოლო, აშშ-ს როგორც ერთადერთ გადარჩენილ „სუპერსახელმწიფოს“ უნდა გაეუქმებინა „ნატო“, ვინაიდან აღარ უღირდა უფუნქციოდ დარჩენილი ორგანზიაციის ფინანსურად შენახვა.

 

ნეორეალისტების თვლასაზრისით აქ ყველაფერი ცხადია. თუკი ღია საფრთხე არ არსებობს, სახელმწიფომ რესურსები არ უდნა გაფლანგოს და პირიქით საკუთარი შესაძლებლობების უფრო გაძლიერებისთვის უნდა გამოიყენოს. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდგომ რამდენჯერმე გაფართოვდა, თანაც, ყოფილი მოწინააღმდეგეების, დაშლილი „ვარშავის პაქტის“ ქვეყნების ხარჯზე. 1999 წელს ორგანზიაციაში მიიღეს პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, 2004 წელს სამივე ბალტიისპირული სახელმწიფო, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია, ხოლო 2009 წელს ხორვატია და ალბანეთი. რასაკვრიველია, დაიბადა კითხვა - რატომ გაფართოვდა „ნატო“ თუკი, ერთი შეხედვით, აღარ არსებობს ის საფრთხე, რომლისგან თავის დასაცავადაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა?

 

ნეორიალისტების მთავარი კრიტიკოსი ალექსანდრ ვენდტია, რომელმაც ძალიან მოკლე დროში მოახერხა მესამე, დღეისათვის საკმოდ ძლიერი საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის შემუშავება. ეს თეორია კონსტრუქტივიზმის სახელით არის ცნობილი. მისი მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ადამიანი, როგორც სოციალური არსება, თავად აყალიბებს, აკონსტრუირებს ისეთ რეალობას საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორიც დღეს გვაქვს და სწორედ ამავე მიზეზით, სურვილის შემთხვევაში, თავადვე შეუძლია შეცვალოს. ეს კი, უპირისპირდება, რეალიზმის მიხედვით ყოველივეს სამყაროს „ბუნებითი კანონებიდან“ გამომდინარე აღქმას. ვენდტი ამბობს, რომ ნეორეალიზმს არ ძალუცს იწინასწარმეტყველოს ის, თუ როგორი სახელმწიფოები როგორ პარტნიორებს გამონახავენ, როგორ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა და ის, თუ როგორებს დაუპირისპირდებიან ისინი ერთად. ამისგან განსხვავებით, კონსტრუქტივისტები ამტკიცებენ, რომ თუკი შევისწავლით იმ სოციუმებს, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კონკრეტული სახელმწიფოები, დავაკვირდებით მათ ქცევას ისტორიის მანძილზე და მათ ღირებულებებს, შეგვიძლია ვივარაუდოდ ის, თუ როგორ სოციუმემთან მოახერხებენ ისინი პარტიორობას და როგორებს დაუპირისპირდებიან საკუთარი ფასეულობებისა და თვისებების გამო4. ეს რასაკვირველია, უფრო რთულსა და კომპლექსურს ხდის ყველა საკითხის აღმქას, მაგრამ ამავდროულად უფრო საინტერესოდ გვიხსნის ბევრ ნიუანსს, თუნდაც „ნატოს“ გაფართოების საკითხს, განსაკუთრებით „ცივი ომის“ შემგდომ.

 

„ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უშიშარი ტონით გაცხადება თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დიადი პრინციპებისა, რომელთა ჩამოყალიბებაც ინგლისურენოვანი სამყაროს ერთობლივი მემკვიდრეობის შედეგია, გამომდინარე თავისუფლების დიადი ქარტიის, უფლებათა ბილის, ჰაბეას კორპუსის, ნაფიცმსაჯულთა სასამართლოსა და საერთო ინგლისური სამართლის სისტემიდან, რომლებმაც ყველაზე ნათელი გამოხატულება ჰპოვეს ამერიკის თავისუფლების დეკლარაციაში5“. - ეს სიტყვები უინსტონ ჩერჩილმა 1946 წლის 5 მარტს თქვა, ფლუტონში, მისი ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლისას. ამ ტირადით ცხადი ხდება, რომ ჩრდილო-ატლანტიკური პარტნიორობა ძირითადად ე.წ. „ანგლო-საქსურ“ სამყაროსა და დასავლეთ ევროპაში გავრცელებულ ღირებულებებს ეფუძნებოდა და ამგვარად “ნატო“ არ არის მხოლოდ კონკრეტული საფრთხისგან თავდასაცავად შექმნილიდ დროებითი სამხედრო ბლოკი, როგორც მას რეალისტები განიხილავენ, და არც მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების ფუნქციური დატვირთვის მქონე ინსტიტუტი, როგორც ამას ლიბერალები უყურებენ, არამედ, ღირებულებების გარშემო შეკრებილ სახელმწიფოთა გაერთიანებაა, ნორმებისა და იდეების გარშემო შეკრებილი საზოგადოება, რომელიც წარმოადგენს უფრო ფართო ცნების, დასავლური სამყაროს (გნებავთ ჩრდილო-ატლანტიკური სამყაროს), სამხედრო ფრთას და ზრუნავს ამ სამყაროს სოციუმების უსაფრთხოებაზე.

 

ამგვარად, ასეთი გადმოსახედიდან ცხადი ხდება, რომ „ნატო“ ვერ განადგურდებოდა დასავლური სამყაროს ყველაზე დიდი საფრთხის, საბჭოთა კავშირის განადგურებასთან ერთად და ვერც სხვა რომელიმე კონკრეტული საფრთხის დამარცხების შემდეგ განადგურდება, ვინაიდან, როგორც უკვე ვახსენე, ის წარმაოდგენს სპეციფიკური ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ სახელმწიფოთა საზოგადოებას და იცავს მას გარე საფრთხეებისგან. გარდა ამისა, ცხადი ხდება ისიც, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე არამხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი ვინც სტრატეგიულად საჭირო პოზიციას იკავებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ მათთვის, ვინც აღიარებს და ეთანხმება იმ პრინციპებს, იდეებსა და ღირებულებებს, რომელთა დაცვისთისაც შეიქმნა ეს ორგანზიაცია. ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადის შეტანით, სახელწმიფო, მისი შემქმნელი საზოგადოება, აცხადებს, რომ ეთანხმება იმ დასავლურ ღირებულებებს, რომელიც აერთიანებდათ ალიანსის დამფუძნებლებს. ხოლო, თავისმხრივ, ორგანიზაციაში სახელწმიფოს მიღებით, წევრებიც აღიარებენ, რომ ამ კონკრეტულმა ქვეყანამ და მისმა ხალხმა გაიაზრა დასავლურ ღირებულებათა მნიშვნელობა და აღიარა ისინი, როგორც თავისთვის ფასეული და საჭირო. ამიტომ, „ნატოს“გაფართოება არ არის დამოკიდებული საბჭოთა კავშირის მსგავს დიდ გარე საფრთხეზე, არამედ დამოკიდებულია დასავლური, ლიბერალური ღირებულებების გავრცელების არეალებსა და ტემპებზე.

 

რასაკვირველია, ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია ზოგიერთი წევრი ან კანდიდატი სახელმწიფოს დემორკატიის ხარისხი არ არის ისეთი, როგორიც დამფუძნებლებისა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გაფართოება აღვიქვათ როგორც ერთგვარი „სოციალიზაცია“, რომლის დროსაც წევრები ერთმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ, მათ შორის იმ ფასეულობათა შესახებ, რომელთა გაზიარებისა და დაცვის ვალდებულებასაც ორგანიზაციაში წევრობით იღებენ.

 

ამგვარად, უფრო საინტერესო ხდება სამომავლოდ ორგანიზაციის გაფართოების პერსპექტივები და იმ სახელმწიფოთა „ქცევაც“, რომელთაც ოფიციალურად გაცხადებული აქვთ ალიანსში გაერთიანების სურვილი. აშკარაა, რომ „ნატოს“ გაფართოება გაგარძელდება მანამ, სანამ იქნებიან ქვეყნები, რომლებიც გაიზიარებენ დასავლურ ფასეულობებსა და ნორმებს. საქართველოს, უკრაინასა და სხვა მომავალ კანდიდატებს, პირველ რიგში, სწორედ ამ ღირებულებების აღიარება და დაცვა მოუწევთ, რათა ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მოქმედ წევრებს აჩვენონ საკუთარი მტკიცე ნება და მზადყოფნა ლიბერალური ღირებულებების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, დასავლური სამართლებრივი სისტემისა და ხელისუფლების დაყოფის პრინციპების ერთგულების გზით.

 

------------------------------------------------------

1. (Doyle, 1996)

2. (თუკიდიდე, 2007)

3. (Doyle, 1996)

4. (Wendt, 1992)

5. (ჯენკინსი, 2011)

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია