სასაკლაო გზებზე!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-08-2016, 22:39 | კომენტარები | ნანახია - 1796

სასაკლაო გზებზე!

 

დავით მესხიშვილი

 

საქართველოში ყოველწლიურად 600-ზე მეტი ადამიანი გზებზე ასრულებს სიცოცხლეს, ხოლო 10 000-ზე მეტი, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას იღებს. 2015 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევებმა პიკს მიაღწია და გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებლით მთელ ევროპაში პირველ ადგილზე გავედით. 32%-ით გაიზარდა ქვეითად მოსიარულეთა დაშავების რაოდენობაც. რაც შეეხება ბავშვთა ტრავმატიზმსა და სიკვდილიანობას ის 28 %-ით არის მომატებული. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა შვიდჯერ აღემატება მკვლელობების სტატისტიკურ მონაცემებს.

 

ბუნებრივია, ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსავალი მოსაძებნია. ასეთ რთულ სიტუაციაში ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა უნდა გააჩნდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელისუფლებო შტოები პრაქტიკულად პარალიზებულია. ოთხი წლის განმავლობაში, ვერცერთი კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ/არ იქნა მიღებული აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ. ბოლო შეხვედრა პარლამენტში, რამდენიმე თვის წინ გაიმართა, იურიდიულ კომიტეტში, სადაც დაუფარავად გვითხრეს, რომ წინ არჩევნებია და საგზაო უსაფრთხოებისთვის არავის სცხელა. არადა, ამ დროს გზებზე ჩვენი მეგობრები, მშობლები, ძმები, დები, შვილები იხოცებიან.

 

ხელისუფლებას, რომელსაც ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები არ აინტერესებს, ის მონაწილეა იმ მკვლელობების რაც ჩვენ გზებზე ხდება. დიახ! დღეს ჩვენ გზებზე ომია და არავის ადარდებს ეს საკითხი. დღეს სახელმწიფო, რომლის მთავარი მმართველი რგოლი ხელისუფლებაა, თავად კლავს საკუთარ მოქალაქეებს თავისივე უმოქმედობით. დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

 

1. აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უუნარო და უმოქმედო ხელმძღვანელი პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკაზე და რომელთაც ევალებათ მგზავრთა/მძღოლთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ეს სისტემა არის კომუნისტური ნარჩენი, ამავე დროს კორუფციული და არ არის ორიენტირებული სიახლეების დანერგვაზე. სისტემაში გასატარებელია რეფორმები, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ თანამედროვე ტიპის სამსახური, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.

 

2. უნდა შეიქმნას მოდერნიზებული სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიას და პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ევროდირექტივების დანერგვაზე. ასევე, პრიორიტეტად დაისახავს ასოცირების ხელშეკრულებაში არსებული პუნქტების იმპლემენტაციას.

 

3. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება საერთაშორისო ექსპერტების მიერ საგზაო მოძრაობის დარეგულირების სფეროში და უსაფრთხოების საკითხებში, მნიშვნელოვანი პირობა იქნება მდგომაეობის გამოსწორების. საპატრულო პოლიცია დღეს გაყინულია განვითარების ერთ დონეზე და პრაქტიკულად არ აქვს წინსვლა. პარალელურად საპატრულო პოლიციამ უნდა აღასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა და დაიწყოს დარღვევებზე მკაცრი რეაგირება.

 

4. ხელისუფლებამ 2012 წელს სრულიად პოპულისტურად გაანახევრა ჯარიმები დარღვევებზე, განახევრების დღიდან დღემდე გარდაცვლილების რაოდენობა გაიზარდა 40 %-ით, ეს იყო ნამდვილად უპატიებელი შეცდომა. დღეს კი, იგივე ხელისუფლება ცდილებს საჯარიმო სანქციების გამკაცრებას. ყოველი მეოთხე ავტომობილი ავტომაგისტრალზე აჭარბებს სიჩქარეს 130 კმ/სთ და ამავე დროს ვიცით, რომ სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არის სიჩქარის გადაჭარბება. უნდა გამკაცრდეს სანქცია სიჩქარის გადაჭარბებაზე, უწყვეტი ხაზის გადაკვეთაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გადასვლაზე. სავალდებულო გახდეს მიკროავტობუსებისთვის და ავტობუსებისთვის სიჩქარის ჩამწერი ტაქოგრაფების გამოყენება.

 

5. სამართალდამცავმა ორგანოებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ ტექ-დათვალიერების ცენტრების მუშაობა, რომლებიც ფუნქციონირებენ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვების და სახმელეთო ტრანსპორტის კონტროლის საფუძველზე. სადაც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსები, მიკროავტობუსები) კორუფციულად გადიან ტექ-დათვალიერებას.

 

6. ცნობილია, რომ ყოველწლიურად გარდაცვლილი 600 ადამიანიდან, 200-მდე ქვეითად მოსიარულეა. ყველა მუნიციპალიტეტისთვის გახდეს პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გაძლიერდეს კონტროლი ზებრა გადასასვლელებზე.

 

7. არსებობს ე.წ. „შავი წერტილები“ ანუ ადგილები სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, ჩვენს რეალობაში კი, როგორც წესი ყოველთვის მძღოლის დანაშაული იკვეთება. არადა უამრავი სხვა ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, რომელიც იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს. დადგენილი იქნას „შავი წერტილები“ ქვეყნის მასშტაბით და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები. ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის ძირითადი მიზეზები შესწავლილ იქნას ადგილზე, კომისიური წესით, სხვადასხვა დარგის ექსპერტების ჩართულობით (გზის საფარი, საგზაო ნიშანი/მონიშვნა და სხვა გარემო პირობები).

 

8. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყოს აქტიური სოციალური სატელევიზიო კამპანია, რომელსაც ექნება გამაფრთხილებელი და პრევენციული ხასიათი. რა შედეგი მოაქვს სიმთვრალეს საჭესთან, გადაჭარბებულ სიჩქარეს და ა.შ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია