ქართველი დიპლომატის ჩანაწერები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-08-2016, 23:18 | კომენტარები | ნანახია - 2909

 

გიგი კუბლაშვილი

სახელმწიფოს იდეალისტები აშენებენ

და არა ვაჭრუკანები.

 

რუსული აგრესიის შემდგომ, რამდენიმე თვეში გამაფრთხილეს, რომ მოვმზადებულიყავი ახალი სამუშაოსთვის, სავარაუდოდ ცენტრალურ აზიაში. დიპლომატები ჯარისკაცებივით ვართ, სადაც საჭიროა იქით მივემგზავრებით.

 

მავანს დიპლომატის საქმიანობასთან დაკავშირებით, მხოლოდ ლამაზი მიღებები, შამპანურის ბოკალები, სმოკინგები, საღამოს კაბები და მრავლფეროვანი, საინტერესო საუბრები წარმოუდგება. ცხადია ნაწილობრივ ესეც არის, მაგრამ ამასთან ერთად, ყოველდღიური შრომა, დიდი პასუხისმგებლობა, მუდმივი სტრესი და რთული, რამდენიმესვლიანი კომბინაციები შედეგის მისაღწევად.

 

კარგი დიპლომატი, რეჟისორი და ამავდროულად არტისტიც არის. ოღონდ რეჟისორს აქვს საშუალება გამოვიდეს საზოგადოდ დაწესებული ჩარჩოებიდან, დიპლომატს კი ამის ფუფუნება არ გააჩნია, ამიტომ ჩვენი საქმიანობა ამავდროულად ქირურგის პროფესიასაც ენათესავება, როგორც ქირურგს არ აქვს შეცდომის უფლება ისე დიპლომატს, რადგან იგი ქვეყანას წარმოადგენს და ნებისმიერი მისი ნაბიჯი, გამადიდებელი შუშის ქვეშაა.

 

სწრაფად გადაწყდა ჩემს სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ამბები. წინა ხელისუფლების პირობებში, თითქმის წარმოუდგენელი იყო ვინმე მიევლინათ ელჩად - ნაცნობობის, ჩაწყობის და ,,იმასთან“ სიახლოვის გარეშე, ეს ვითომ დავიწყებული სენი სამწუხაროდ ამ ოთხი წლის მანძლზე ჯერ ტრანსფორმირდა და შემდგომ აღდგა. მას მერე, რაც მაშინდელმა პრემიერმა გამოაცხადა, რომ ქართველები ვართ! სამსახურში - ნათესავი, მეგობარი ჩვეულებრივი ამბავიაო!

 

სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს მახინჯი ტრადიცია მიზანმიმართულად გადატეხა და ცნება ჩემიანები შეცვალა, შემდეგი მიდგომით - ყველა ჩვენიანია ვისაც აქვს ცოდნა, სურვილი და შესაძლებლობა ემსახუროს ქვეყანას. ათეულობით ნიჭიერი და წინა სისტემისთვის უპერსპექტივო პროფესიონალი ენერგიულად ჩაება ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში.

 

მთავარი მოთხოვნა რაც ჩემი ხელმძღვანელობისგან მოდიოდა, ორი სიტყვით ასე ფორმულირდება - ადგილსამყოფელ ქვეყანაში უნდა შეეცადო, სწრაფად და ეფექტურად შეაღო ყველა ის კარები, რომელიც აქამდე დახურული იყო, შენი საქმიანობა შეფასდება შედეგებით. ცნობილია, რომ ელჩის დანიშვნა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის პრეროგატივაა. ჩვენს შემთხვევაში ეს პრეზიდენტის პრივილეგიაა.

 

რამდენიმე თვეში, თბილისში რამდენიმედღიანი, გეგმიური ჩამოსვლა მომიწია. დრო სწრაფად გარბის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ გინდა რომ გეჩქარებოდეს, ამჯერადაც ასე მოხდა.

 

ადგილსამყოფელ ქვეყანაში დაბრუნების დღეს, მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა შენთან შეხვედრა და ამა და ამ დროს გელოდებაო. სიმართლე გითხრათ, ეს შეთავაზება, ისევე როგორც ჩემი ელჩობა, მოულოდნელი გახლდათ, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ამ დრომდე პირადად არ შევხვედროდი.

 

დანიშნულ დროს პრეზიდენტის მისაღებში აღმოვჩნდი, თვალშისაცემი გახლდათ სისადავე და უბრალოება, მეტიც მისაღებში არც მდივნები ირეოდნენ და არც თანაშემწეები ჩანდნენ.

 

რამდენიმე წუთში პრეზიდენტი შემოვიდა, მეგობრულად ხელი გამომიწოდა, მომიკითხა და კაბინეტიში შემიძღვა.

 

პირველი შეკითხვა, რომელიც მან დამისვა ასე ჟღერდა რა ხდება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მეტად დავათბოთ.

 

პრაქტიკულად ყველა საკითხზე ვისაუბრეთ, მეტიც ჩემდა გასაკვირად მიშამ საკმაოდ კარგად იცოდა ისეთი ნიუანსებიც კი, რომელზეც წესით მას დროც კი არ უნდა დაეხარჯა.

 

სასიამოვნოდ გამაკვირვა პრეზიდენტის უნარმა სწრაფად და ზუსტად გარკვეულიყო საქმის დეტალებში, მისმა მოთხოვნამ გულწრფელად, გაულამაზებლად მესაუბრა პრობლემებზე.

 

საუბარი დაახლოვებით ერთ საათს გაგრძელდა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი საუბრის ბოლო ნაწილი გახლდათ, მან დამისვა შეკითხვა ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის შესახებ, სამწუხაროდ ციფრები ვერ იყო შთამბეჭდავი.

 

არ დამავიწყდება მისი სიტყვები: ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საელჩო მხოლოდ პოლიტიკური საკითხებით იყოს დაკავებული, უნდა გვესმოდეს რომ, ეკონომიკა არის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი თქვენი საქმიანობის, ეს ციფრები ძალიან უმნიშვნელოა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ არსებული ვითარება შეიცვალოს. არ მიწყინო, მაგრამ შენი საქმიანობის შეფასება ამ კრიტერიუმებითაც მოხდება. ჩათვალე, რომ ყველაფერი რაც ჩემზეა დამოკიდებული და რითაც შემიძლია ხელი შეგიწყო მზად ვარ. შენი რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება.

 

მართლაც ასე მოხდა, არცერთი სიტყვა რაც პრეზენტმა ბრძანა, არ გაცუდებულა, რასაც დამპირდა ყველაფერი გაკეთდა. რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას ჩვენს ქვეყნებს შორის, ის 4 წლის მანძილზე გასამმაგდა, ამის გადამოწმება არ არის რთული, არსებობს სტატისიკა და მსურველს შეუძლია მარტივად დარწმუნდეს ჩემი სიტყვების მართებულობაში.

 

დიდი პატივი და ამავდროულად ბედნიერებაა წარმოადგენდე შენს ქვეყანას უცხოეთში. დიდი პასუხისმგებლობაა ემსახურო ქვეყნის აღმშენებლობას, ამაში მონაწილეობდე ყოველდღიურად, ყოველწუთიერად და ხედავდე შედეგებს.

 

მჯერა და დანამდვილებით ვგრძნობ, რომ ეს 4 წლიანი უკუსვლის პერიოდი საქართველოში, უახლოეს პერიოდში დამთავრდება და ჩვენ ყველანი ერთად უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია