მკაცრი პასუხი ბიძინა ივანიშვილს განრისხებული მოქალაქისგან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
6-09-2016, 23:30 | პოლიტიკა | ნანახია - 4746

მკაცრი პასუხი ბიძინა ივანიშვილს განრისხებული მოქალაქისგან
დავით ნებიერიძე

 

ბიძინა ივანიშვილის ტელეკარიერა უაღრესად მძიმედ დაიწყო და მგონია, რომ გაცილებით მძიმედ დამთავრდება. უპასუხოდ ვერ დავტოვებ ყოფილ პრემიერს. მაქსიმალურად დავიოკებ მოქალაქეობრივ რისხვას და ანალიტიკურ ჟანრში უპასუხებ.

 

ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ ვართ ლიდერები ზრდის ტემპით“. - ამას მეუბნება მე, საქართველოს მოქალაქეს მილიარდერი, რომელსაც შავ-ბნელ წლებში დიდი ხანია, იმხელა ქონება აქვს დაგროვებული, რომ საერთოდ აღარ სჭირდება ამ კაპიტალის გამრავლებაზე ზრუნვა. საკმარისია ეს ფულადი სახსრები გადაანაწილოს სხვადასხვა წამყვან ბანკებში და დეპოზიტებიდან მიღებული შემოსავლები უზრუნველყოფს მის შთამომავლებს.

 

მასვე ეკუთვნის ფრაზა: „მე საქართველოში არა მაქვს ბიზნესი“. რაში სჭირდება ზედმეტი რისკები? ზუსტად ქართული ეკონომიკსთვის დამახასიათებელი უზარმაზარი რისკების გამო ის არ აბანდებს საკუთარ კაპიტალს ქართულ ეკონომიკაში. რათა რისკის ქვეშ არ დააყენოს საკუთარი ქონება და ეს ადამიანი მელაპარაკება მე გაუმჯობესებულ ბიზნეს გარემოზე და ეკონომიკურ ზრდაზე.

 

ბიძინა ივანიშვილი: „ლარმა ჯანსაღად აჩვენა თავისი თავი“. თქვენმა ხელისუფლებამ რამდენად ჯანსაღად აჩვენა თავისი თავი, ბატონო ბიძინა? უკვე მეორე წელია ლარის კურსი ისეთ ყირამალას გადადის, რომ ბრეიკ-დანსის კარგ მოცეკვავეს შეშურდება. შედეგად კატასტროფულად დამძიმდა მოსახლეობის კრედიტუნარიანობა და უპრეცენდენტოდ გაიზარდა გაკოტრებული მოქალაქეების რიცხვი. გადახდისუნარიანობის ტოტალური დაქვეითებისა და საკრედიტო დაწესებულებებში მოქალაქეთა მასიურად „გაშავების“ გამო, მათი უზარმაზარი მასა მთლიანად მოწყვეტილია საკრედიტო რესურსებთან წვდომას, რაც მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს ქართული ეკონომიკის ზრდას. ბატონო ბიძინა, თქვენმა ხელისუფლებამ საქართველო გაკოტრებული მოქალაქეების სახელმწიფოდ გადააქცია.

 

ბიძინა ივანიშვილი: „აღმოიფხვრა კორუფცია“. ბატონო ბიძინა, საქმე იქამდე მიიყვანეთ, რომ ხალხი უკვე იმაზე კამათობს, თუ რომელ სამინისტროში უფრო დიდი ფული კეთდება. სახელმწიფო სამსახურში მოსაწყობად მოქალაქეები ქრთამს იხდიან და დანიშვნის შემდეგ ათმაგს იბრუნებენ უკან. ნუთუ თქვენს ყურამდე ჯერაც არ მოსულა მანანა კობახიძის ძმის ირგვლივ ატეხილი ბოლო დროინდელი სკანდალის ისტორია? არაფერი გსმენიათ ჯოტია ბოდოკიაზე? თქვენი მთავრობის მოხელეები აშკარად მოსწრებაზე არიან გადასული და უკვე დაუფარავად ღლიტავენ ხალხს. გრძნობენ, რომ 8 ოქტომბრის შემდეგ საშაქარლამო სახხელწოდებით „ბიძინას ტკბილეული“ აუცილებლად დაიხურება.

 

ბიძინა ივანიშვილი: „გაიზარდა ინვესტიციები და შემცირდა ვალების აღება“. ბატონო ბიძინა, სხვამ თუ არა თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მათი ხარისხის ცვლილების ხარჯზეა მომხდარი. ანუ, თქვენი ხელისუფლების პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით საქართველოში ძირითადად „გასათეთრებელი“ ბინძური ფული შემოდის. რომელიც არ მონაწილეობს რეალურ ეკონომიკურ პროცესებში. ეს კაპიტალი თეთრდება და დაუყოვნებლივ ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს. ზუსტად ამითაა განპირობებული ის მოცემულობა, რომ მიუხედავად ინვესტიციების ზრდისა, მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 2,6%-ით გაიზარდა 2015 წელს. მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების მოკრძალებული შესაძლებლობების პირობებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა. ბოლოს და ბოლოს ქალაქები შენდებოდა თავიდან. თქვენ კი 3%-იანი ზრდაც კი სანატრელად გვიქციეთ. ვალების აღება შემცირდაო... არაეფექტურ და კორუფციის ბუდედ ქცეული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ვინ ასესხებს ფულს? ზუსტად ამიტომ არის, რომ შიდა ვალების აღებაზე ხართ გადასული, რომელიც უაღრესად ძვირია და საკრედიტო ბაზარზე სახელმწიფო გადააქციეთ ბიზნესის კონკურენტად. რატომ ასესხებს ბანკი ფულს ბიზნესმენს, როდესაც „ბულკივით“ სახელმწიფო გაიჩინა კლიენტად. რომელიც გარანტირებულად დაუფარავს უზარმაზარ პროცენტებსაც და კრედიტის თანხასაც.

 

ბიძინა ივანიშვილი: „ვისაც ეკონომიკა ოდნავ მაინც ესმის, დაინახავს, რომ ვართ ლიდერები“. ბატონო ბიძინა, მინდა გითხრათ, რომ თქვენს მენეჯერებთან შედარებით გაცილებით უფრო კარგად მესმის ეკონომიკა და როგორც განრისხებულმა მოქალაქემ მინდა გითხრათ: თქვენ ქართულ ეკონომიკას მთლიანად მოუსპეთ განვითარების პერსპექტივა. სულ რაღაც ოთხ წელიწადში საქართველო კვლავ გადააქციეთ არშემდგარ სახელმწიფოდ. ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ, თუ რას ნიშნავს ქართულ ეკონომიკურ რეალობაში 3%-იანი ეკონომიკური ზრდა და რატომ ნიშნავს „ქოცური ლიდერობა“, ლიდერობას ეკონომიკური კრახის გზაზე:

 

შევეცდები ძალიან მარტივად აგიხსნათ - მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპები მოსახლეობის შემოსავლების ზრდის მთავარი მაჩვენებელია. ხოლო, ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 5,6%-ს მიაღწია არის მოსახლეობის ხარჯების ზრდის ფუნდამენტური მაჩვენებელი. ახლა კი ელემენტარულად შევადაროთ ერთმანეთს მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი - 2,8% და ინფლაციის მაჩვენებელი - 5,6%-ი - თქვენი ხელისუფლების პირობებში, ყოველ წელს ხარჯების ზრდა ასწრებს შემოსავლების ზრდას. აღარაფერს ვამბობ სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებლებზე. მოსახლეობის კეთილდღეობა რომ გაიზარდოს მშპ-ს ზრდის ტემპი უნდა აღემატებოდეს ინფლაციის მაჩვენებელს. ანუ, შემოსავლები უფრო სწრაფად უნდა იზრდებოდეს ვიდრე ხარჯები. ისე როგორც ეს ხდებოდა „სისხლიანი ცხრა წლის მანძილზე“. ნუ ტრაბახობთ 3%-იანიზრდის ტემპებით. ან არ გესმით რა მონაცემებით ოპერირებთ, ან უბრალოდ გაბრიყვებთ თქვენი ეკონომიკური გუნდი. მაკროეკონომიკური პარამეტრების ამგვარი თანაფარდობით თქვენ საქართველოს მოქალაქეები მეთოდურად და განუხრელად მიგყავთ სრული გაკოტრებისკენ. დამიჯერეთ ბატონო ბიძინა, თორემ, “ჭყინტი ყველივით” შემოგეჭმევათ ეს ჩვენი პატარა საქართველო!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია