ოკუპაცია გრძელდება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-09-2016, 09:43 | პოლიტიკა | ნანახია - 821

იმარჯვებს ის, ვინც მოითმენს ნახევარი საათით მეტს, ვიდრე მისი მეტოქე.

 

იაპონური სიბრძნე

 

გიგი კუბლაშვილი

 

ჩვენი სამშობლოს ნაწილი ოკუპირებულია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პროცენტი, კილომეტრი, მეტრი... ეს საერთო სურათს არ ცვლის. ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად ერთხელ მაინც ჩაფიქრდება იმ მძიმე ხვედრზე, რომელიც დაკავშირებულია ათასობით გმირულად დაღუპულ თანამემამულესთან, ასიათასობით დევნილთან, შეურაცხყოფასთან, ჩვენს დამცირებულ ქვეყანასთან.

 

ეს ყველაფერი 90-იანი წლებიდან დაიწყო და პიკს 2008 წლის აგვისტოში მიაღწია, როდესაც გავეშებული ჩრდილოელი მეზობელი, ომის გამოუცხადებლად, ფინალური აკორდის ასაღებად, შემოვარდა და წერტილის დასმა სცადა ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღისთვის.

 

ოკუპანტის და მისი მარიონეტების მოქმედება სახლში მოსული სტუმრის მოქმედებას წააგავს, რომელსაც წვეულების შემდგომ შინ გაბრუნება აღარ სურს, შენს ოჯახში რამდენიმე ოთახი დაიკავა და იძახის, არ წავალ, რადგან უჩემოდ ცხოვრება გაგიჭირდება და აქ ვრჩები სამუდამოდო.

 

იცით, რა არის კიდევ საინტერესო? ერთია, ჩვენ რომ გვედავება, მაგრამ მეორეა, რომ იმ ოთახებში, რომლებიც დროებით უკავია, მავთულხლართები გაავლო. თუმცა ნელ-ნელა კედლებიც ჩამოინგრა, იატაკიც გახუნდა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, ოკუპანტს კი შინელი გადაუფარებია, ტყავის ჩექმები ამოუცვამს და არაფერი ადარდებს თავისი ბოლომდე გაუცნობიერებელი ინტერესის გარდა. ყველა, შინაურიც და გარეულიც, დამეთანხმება, რომ, რბილად რომ ვთქვათ, ეს უსამართლობაა.

 

ბოლომდე გაუცნობიერებელს როდესაც ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ის, რასაც ოკუპანტი აკეთებს, საბოლოოდ მისი ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან შეუძლებელია ნორმალური ადამიანი შეეგუოს მისი ოჯახის ხელყოფას. გამონაკლისი ვერც საქართველოს მოქალაქეები ვიქნებით.

 

ოკუპირებულ ზონაში რეალობა ასეთია: მთავარი დირიჟორი _ რუსი ჯარისკაცი და ჩინოვნიკია. იგი ყველაფერს განაგებს. მას ამაში ეხმარება ადგილობრივი რენეგატი, რომელსაც საფიქრალი ის აქვს, როგორმე რამე არ ეწყინოს ოკუპანტს და დანარჩენი ყველაფერი ჭირსაც წაუღია. შესაბამისად, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, აქ მეტი სიდუხჭირეა, კორუფცია, განვითარების პერსპექტივების უქონლობა და კრიმინალი.

 

ამასთან, ყველანაირი საერთაშორისო და ადამიანური ნორმების ხელყოფით, ოკუპირებულ ზონაში აიკრძალა იმ დარჩენილი ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ასეთი რამ ფაშისტურ გერმანიასაც კი არ გაუკეთებია. ანალოგია შუასაუკუნეები და ინკვიზიციაა.

 

გამოსავალი: ის, რომ ასეთი ვითარება გაუთავებლად ვერ გაგრძელდება, ერთმნიშვნელოვანი ფაქტია. დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლებამ სცადა ოკუპანტთან მოლაპარაკება. ზოგი მზად იყო მეტი, ზოგი კი ნაკლები კომპრომისისთვის, თუმცა კომპრომისი რუსეთისთვის სისუსტის გამოვლინებაა და ასეთ ქმედებებს მათი მხრიდან მეტი დაწოლა და პრესინგი მოჰყვა.

 

საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილია. ეს გარემოა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ამიტომ მოქმედებაც ისეთი უნდა იყოს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება _ რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს გაძლიერების ყველა ასპექტს და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პრინციპული მოლაპარაკებების საშუალებით, დეოკუპაციის გარდაუვალი პროცესის გეგმაზომიერ განვითარებას.

 

ოკუპანტსაც უნდა ახსოვდეს, რომ უმჯობესია, გყავდეს ლოიალური და პროგნოზირებადი მეზობელი, ვიდრე მტერი, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს თავისი ლეგიტიმური ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

 

ჩვენ შევძლებთ და ამ კვანძსაც ერთად გავხსნით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია