წინ უმნიშვნელოვანესი არჩევანია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-09-2016, 21:54 | პოლიტიკა | ნანახია - 1022

წინ უმნიშვნელოვანესი არჩევანია

 

ლადო ჩალათაშვილი

 

დიდი შესავალი და ახსნა არ უნდა იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შექმნილი და რომლის შესახებაც, უამრავი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა წესისამებრ, როგორც ხდება ხოლმე არჩევნების წინ. ჩემი (და ჩემი თაობის) ცნობიერი ცხოვრების განმავლობაში, მრავალი არჩევნები იყო, თუმცა ასეთი მნიშვნელობის, როგორიც ეხლა გვიდგას წინ, არასოდეს! შესაძლოა ასეთი შეფასება ვინმეს სუბიექტური ან უტრირებული მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც უნდა ვთქვა. ეს არჩევნები, უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში გამომდინარე იქიდან, რომ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყოველგვარი რევოლუციებისა და კატაკლიზმების გარეშე ვხვდებით (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში). პირველი პრეცედენტი, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების, 2012 წელს უკვე გვქონდა და ეხლა ამ შედეგს განმტკიცება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩემთვის პირველი ფაქტორი წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობის შეფასებაში. ახლა არის რეალური არჩევანი, როდესაც გაკეთებული საქმეებით უნდა ვიმსჯელოთ და არა ემოციებით. თუმცა, ამ ფონზე შემაშფოთებელია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ნილიჰილისტური დამოკიდებულება არჩევნებისადმი და ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალების მიმართ. სრული აბსურდია იმის მტკიცება, რომ არცერთი ძალა არ არის მისაღები. სხვა ამ ქვეყანას არ ჰყავს და ამიტომ, საკუთარი მოქალაქეობრივი უფლების/ვალდებულების გამოუყენებელი ადამიანებისგან შემდგომში, ხელისუფლებისა და ქვეყანაში ცხოვრების დონით უკმაყოფილების შესახებ გოდების სმენა, პირადად ჩემთვის არ არის მისაღები.

 

ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული ასევე ევროპასთან და ზოგადად, დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა სამომავლოდ. ის რომ პოლიტიკური ნება გამოხატულად და დადასტურებად არსებობს ვიზალიბერალიზაცისთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი იმისთვის რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მისი საბოლოო შედეგის დადგომა, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. დარწმუნებული ვარ ყველა ის ძალა, რომელიც რუსეთისკენ იმზირება, მოწადინებულია ამ არჩევნებზე მაქსიმალურად უარყოფითი შეფასებები გაკეთდეს და ყველა გზით შეეცდებიან მის საბოტირებას.

 

არჩევნების დღე, ეს არის დღე, როდესაც მთელი ძალაუფლება ხალხის ხელშია და ძალიან მიკვირს იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობით იმუქრებიან. ეს პოლიტიკოსებისთვის არ არის პრობლემა, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის პრობლემა, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენი ცხოვრების რამდენიმე წელს განსაზღვრავს და თუკი ჩვენ მის მნიშვნელობას დავაკნინებთ, მაშინ აღარც უკუღმართი მმართველობის მიმართ უნდა გვქონდეს პრეტენზია.

 

წინამდებარე არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოქალაქეთა აქტივობა და მიღებული გადაწყვეტილება. ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ისიც, დავრჩებით თუ არა რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა და რაც ყველაზე მთავარია, რეგიონული მაშტაბით, სამეზობლოს უნდა შეუქმნათ რწმენა რომ მშვიდობიანი, არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლილება არის შესაძლებელი, რომელიც აუმჯობესებს ადამიანთა ცხოვრებასაც.

 

საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი, ასევე პრობლემაა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის და ყველა, ვინც კი მომხრეა რომ რუსეთის გავლენისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ასევე უნდა აცნობიერებდეს რომ სწორედ ამ დღეს, საარჩევნო უბნებზე გადის საქართველო-რუსეთის დაპირისპირების ფრონტის ხაზიც.

 

ის რომ ქვეყნის მოსახლეობიდან, საარჩევნო უფლების მქონეთა საკმაოდ დიდი ნაწილი, არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ არჩევანში და არც აპირებს ამ საკითხში ჩამოყალიბებას, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც არის ქვეყანაში, მიუთითებს ისევ და ისევ იმაზე რომ ჩვენ, ჯერ კიდევ არ ვართ საარჩევნო კულტურის მქონე ხალხი, რომელიც არც გვექნება თუკი ნებისმიერ მოცემულობაში არჩევანის გაკეთება არ ვისწავლეთ, თუნდაც ცუდსა და უარესს შორის. ამიტომაც არის რომ არ გვაქვს გავლენა პოლიტოკოსებზე. ამიტომ, ახლა ამ მოცემულობაში, გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა ავიღოთ ხელში ძალაუფლება და გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. უნდა ვძლიოთ ნიჰილიზმს და უიმედობას პოლიტიკოსებთან დაკავშირებით და უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ამ ადმიანებმა უნდა გაითვალისწინონ რომ მიუხედავად მათი გადაწყვეტილებისა არჩევნებში მოანწილეობა არ მონაწილეობის შესახებ, პოლიტიკოსები საკუთარ შედეგს მიიღებენ რადგან შეძლებენ ამომრჩევლის იმ რაოდენობის მობილიზებას, რომელიც საკმარისი იქნება არჩევნების შედეგების აღიარებისთვის და მაინც დაიკავებენ იმ თანამდებობებს, რომლისთვისაც იბრძვიან. ჩვენი აქტივობა კი განაპირობებს იმას თუ ვინ იქნება ეს პოლიტიკოსი და დარწმუნებული იყავით, რომ რაც უფრო მაღალია აქტივობა და ნდობა პოლიტიკოსისადმი, მით უფრ მეტია პასუხისმგებლობაც. ამ პასუხისმგებლობის გაცნოებიერება კი ისევ ჩვენ უნდა ვაიძულოთ და ნელნელა, დაიწყებენ პოლიტიკოსები ისეთ მუშაობას, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს.

 

მნიშვნელოვანია ის რომ მოქალაქეთა მაქსიმალურმა რაოდენობამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, თუნდაც იმიტომ რომ არ მოხდეს გაყალბება და გამოუყენებელი ხმების მითვისება ისეთი პოლიტიკური ძალის მიერ რომელსაც ეს ხელეწიფება.

 

ნიჰილიზმი და მტკიცებულება რომ "არავინ ხალხისთვის არ არის" ვერ განავითარებს ვერც ქვეყანას და ვერც საზოგადოებას. ყველას, თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს პასუხისმგებლობა, ჩვენი მომავლის წინაშე და ამ მომავალს, ვქმნით სწორედ ასეთი მოვლენებით, როგორც არის არჩევნები, შემდეგ კი არჩევნებს შორის ჩვენი შრომისმოყვარეობითა და მოქალაქეობრივი აზროვნების ხარისხით. ეს უკანსკენლი კი იწყება საარჩევნო ურნასთან და ისე ნუ ვიზავთ რომ ეს ურნა, ისტორიული გარდატეხის ნაცვლად, ისტორიულ სანაგვედ ვაქციოთ!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია