ათწლიანი გზა ვიზამდე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-09-2016, 22:03 | პოლიტიკა | ნანახია - 1617

ათწლიანი გზა ვიზამდე 

 

სალომე სამადაშვილი

 

მანქანაში ვიყავი და ევროპის პარლამენტში შეხვედრაზე მიმეჩქარებოდა, როდესაც ჩემმა ტელეფონმა გაუჩერებლად იწყო რეკვა, თითქოს თბილისში ყველა ოფიციალური თანამდებობის პირს ჩემთან საუბარი სურდა. ამჯერად ეს რუსი „მშვიდობისმყოფელების“ მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვას არ ეხებოდა, 2008 წლის ივნისი იყო და ევროკავშირს სულ ახალი დაპირებული ჰქონდა ჩვენთვის „ვიზის ფასილიტაციის შეთანხმება“, რაც ბრიუსელის ენაზე ევროპის მონახულების მსურველი ქართველებისათვის პროცედურების გამარტივებას ნიშნავდა. საქართველომ ამ შეთანხმების გაფორმების სურვილი პირველად 2006 წელს გამოთქვა, ევროკავშირს კი ორი წელი დასჭირდა დადებითი პასუხის გასაცემად და ახლა პრეზიდენტის ჩათვლით ყველას აინტერესებდა, როდის შევიდოდა გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში. საქართველოს მოქალაქეებს, ოფიციალური თანამდებობის პირებისაგან განსხვავებით, ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებოდათ და ამიტომ მთავრობას ძალიან უნდოდა, მალე ენახა რეალური ცვლილებები.

 

პრეზიდენტი, ყოველკვირეული სატელეფონო ზარებით, ცდილობდა ჩემგან შეეტყო შეთანხმების გაფორმების ზუსტი თარიღი. ერთ დღესაც, როცა მივხვდი, რომ არ გაჩერდებოდა, სამსახურის დაკარგვის რისკით ვუთხარი, რომ ზუსტი თარიღის გასაგებად ჯობდა ორ წელიწადში დაერეკა. ეს საკმაოდ ცუდი მოსასმენი იყო იმ კაცისთვის, რომელსაც ორ წელიწადში ახალი ქალაქის აშენების ამბიცია ჰქონდა, თუმცა ჩვენს საუბარს რამდენიმე კვირაში რუსეთის აგრესია მოჰყვა და მისი ყურადღებაც გაცილებით დიდმა პრობლემამ მიიპყრო. სამსახური შევინარჩუნე. წინასწარმეტყველობას არ ვიბრალებ, მაგრამ ამ ავადგასახსენებელი სატელეფონო საუბრიდან ზუსტად ორი წლისთავზე, 2010 წლის 17 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა „ვიზის ფასილიტაციის შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი, რაც უვიზო მიმოსვლისაკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი იყო; კიდევ ორი წლის შემდეგ, 2012 წლის მაისში, ამ ნაბიჯს ახალი ეტაპის _ უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაანონსება მოჰყვა. ფრანგებზე ამბობენ, რომ მათ მოსწონთ, როდესაც სამი შვილი ჰყავთ, ორ-ორი წლის შუალედით. როგორც ჩანს, ევროპის კომისია ამავე ლოგიკას მიჰყვებოდა, როცა მეზობლებთან უვიზო რეჟიმის შეთანხმებისაკენ დგამდა ნაბიჯებს. ვინ იცის, იქნებ მშობიარობის შემდეგ ძალების აღდგენა და ოჯახის ახალი წევრის მიღება ისეთივე მონდომებასთან არის დაკავშირებული, როგორც ევროპის „ველური აღმოსავლეთიდან“ კიდევ ერთი ქვეყნისათვის საზღვრების გახსნაა.

 

იმის გამოცხადებას, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს უახლოვდებოდა, მოჰყვა რამდენიმე კოშმარული წელიწადი, როდესაც თბილისში ჩასვლას ვუფრთხოდი. ჩვეულებრივი მოქალაქეები ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, ზუსტად როდის შეძლებდნენ ევროპაში გაფრენას საკონსულოებთან გრძელ რიგებში დგომის გარეშე. ერთხელ აეროპორტში მანქანის გადამყიდველები შემომეხვივნენ, რომელთაც მცირე მოგების ფასად ევროპიდან ნახმარი მანქანები ჩამოჰყავთ საქართველოში გასაყიდად და ოჯახის სარჩენად ბიუროკრატიული ჯოჯოხეთის გავლა უწევთ. აინტერესებდათ, თუ როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ამის საპასუხოდ კი ვცდილობდი ამეხსნა, თუ რა იყო VLAPP-ი ანუ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის იმპლემენტაციაც საქართველოს უნდა მოეხდინა. როცა მათ დაბნეულ და ოდნავ გაბრაზებულ სახეებს ვუყურებდი, ვხვდებოდი, რომ VLAPP-ი მათთვის ისევე ჟღერდა, როგორც ცუდი ხუმრობა, ანდა შეურაცხყოფა და არც ის იცოდნენ, უნდა ეცინათ თუ ტირილი დაეწყოთ. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ბრიუსელში უფრო მნიშვნელოვან საქმეებთან მქონდა შეხება, მაგალითად, ჩვენს კონფლიქტის რეგიონებში ევროკავშირის წარმომადგენლობის გაზრდასთან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ოკუპირებული სტატუსის“ უზრუნველყოფასთან, „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა“ და „ასოციაციის შეთანხმების“ შესახებ მოლაპარაკებებთან. და მაინც, იმ ხალხს, რომელთა ბრიუსელში წარმოდგენისთვისაც ფულს მიხდიდნენ, მხოლოდ ვიზის საკითხები ადარდებდათ. ჩემთვის, ფაქტობრივად, შვება იყო, რომ 2013 წლის აპრილში მე აღარ მიწევდა ევროპაში უვიზოდ მგზავრობის თარიღის გამოცხადება.

 

დღესაც, საქართველოს დიპლომატიური სამსახურიდან ჩემი წასვლის სამი წლის თავზე, სულაც არ მშურს ბრიუსელში ჩემი „მემკვიდრის“, ვინაიდან საქართველო კვლავ ელის იმას, თუ როდის დაადასტურებენ საბოლოოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმით მიმოსვლას _ ქართველები მოუთმენლად ელიან იმ თარიღის გაგებას, როცა უვიზოდ, მხოლოდ პასპორტით შეეძლებათ პარიზში, მილანსა თუ ბარსელონაში გაფრენა. როცა, ბოლოს და ბოლოს, თარიღს გავიგებთ, აუცილებლად უნდა ჩავიდე ბრიუსელში და ეს დღე ჩემს „მემკვიდრესთან“ ერთად მთელი ულუფა moules frites-ით და coup de champagne-ით უნდა აღვნიშნო. თანაც ალბათ ახალ პასპორტს ავიღებ, ისეთს, შიგნით შენგენის ვიზა რომ არ ექნება ჩაკრული, რათა ბოლომდე ვისიამოვნო ბელგიის საზღვრის მხოლოდ ქართული პასპორტით გადაკვეთისას.

 

ბევრი ევროპელი მოქალაქე გაუაზრებლად მიეჩვია ევროკავშირის წევრობით მიღებულ სარგებელს და ბოლოდროინდელი ტერაქტების სერიის შემდგომ იმ წარმოუდგენლად წარმატებული პროექტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დაიწყო, რომელსაც „ევროპა საზღვრების გარეშე“ ჰქვია. მაგრამ ქართველები ყველაზე უფრო ენთუზიასტ ევროპელებს შორის არიან და მიაჩნიათ, რომ მათი ჭეშმარიტი ადგილი ევროპაშია, ხოლო იქ მხოლოდ ეროვნული პასპორტით უვიზოდ მგზავრობა წარმატებულ ქართულ სახელმწიფოზე ახდენილი ოცნების გამოხატულება და იმის ნიშანია, რომ ჩვენ აღარ ვითვლებით „შეუმდგარ სახელმწიფოდ“, როგორადაც 2003 წელს განხორციელებულ დემოკრატიულ „ვარდების რევოლუციამდე“ მიგვიჩნევდნენ. ასევე, იმის დასტური, რომ აღიარებულ იქნა ჩვენი ძალისხმევა, რომელიც კანონმდებლობის, საზღვრის კონტროლისა და დოკუმენტების უსაფრთხოებისათვის საჭირო სახელმწიფო ინსტიტუტების ასაშენებლად გავწიეთ. აღიარება იმისა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

 

ევროპაში მგზავრობის გამარტივება იქნება იმ „რკინის ფარდის“ ბოლო ნარჩენის მოცილება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, ათწლეულების მანძილზე გვაშორებდა თავისუფალ სამყაროს. ეს იქნება იმ უხილავი კედლის დანგრევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და თავისუფლებისაგან ყოფდა. თაობებისათვის ევროპაში ვიზიტი მხოლოდ საბჭოთა ელიტის რჩეულთა პრივილეგიად რჩებოდა და ახალგაზრდებისათვის, რომელთაც უჭირდათ ევროპაში მეგობრის მონახულება ან კონფერენციაზე დასწრება, უვიზოდ მგზავრობა გახდებოდა პოსტსაბჭოთა ეპოქის ნამდვილი დასასრული. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩვენი სუვერენიტეტის აღდენის 25-ე წლისთავი ბრწყინვალე თარიღი იქნებოდა წარსულის საბოლოოდ გარღვევის და ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად.

 

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2006 წელს ხელი მოვაწერე საგარეო საქმეთა მინისტრთან გასაგზავნ წერილს, რომელშიც რეკომენდაციას ვუწევდი ვიზის გამარტივებასთან დაკავშირებით მოთხოვნის შევსებას, რასაც საბოლოოდ ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლა მოჰყვა. ათი წელი დიდი დროა, ფრანგულ ოჯახს უკვე სამი შვილი ეყოლებოდა! ამ გზის გავლას ასობით შეხვედრა, დიპლომატიური მოლაპარაკებების უამრავი რაუნდი და დიდი შრომა დასჭირდა. ვშიშობ, ამ დროის მანძილზე ბრიუსელში ყველაზე „მიმწოლი“ დიპლომატის რეპუტაცია მოვიპოვე და ზოგიერთი ჩემი კოლეგა დიპლომატიურ შეხვედრებზე გამირბოდა კიდეც: „აი საქართველოს ელჩი მოდის, ითხოვს, მისი თანამემამულეები ევროპაში უვიზოდ დავუშვათ“. უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან კანონს გვერდს ვუვლიდი და ამ რთული გზის უფრო სწრაფად გასავლელად იქამდე ვასრულებდით უვიზოდ მიმოსვლისათვის საჭირო კონფიდენციალურ „საშინაო დავალებებს“, ვიდრე მათ ოფიციალურად გადმოგვცემდნენ. ამით ვაკვირვებდით ევროპის კომისიას, ვინაიდან საჭირო რეფორმები უკვე წინასწარვე გვქონდა ხოლმე გატარებული. საქართველო ძალიან მონდომებულად მუშაობდა და მიუხედავად რუსულ-ქართული ომის დამანგრეველი შედეგებისა, 2012 წლისათვის ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ.

 

სამწუხაროდ, საჭირო რეფორმების გატარების ტემპი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ დაეცა და ევროპის მხარდაჭერის მოპოვებისათვის განხორციელებული დიპლომატიური ძალისხმევაც ნაკლებად შთამბეჭდავია, თუმცა, ევროპის კომისიის მიხედვით, დღეს საქართველო მზადაა ევროპასთან უვიზო რეჟიმისათვის. თუკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც იზიარებენ ამ აზრს და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების წინ თავისუფალი მედიის ან ოპოზიციის დაჩაგვრით ევროპარლამენტისათვის შეუძლებელს არ გახდის ჩვენთვის მწვანე შუქის ანთებას, ჩვენი ათწლიანი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდება. საქართველო დაუბრუნდება ისტორიულ, ევროპულ სახლს და ცხადი გახდება, რომ მტკიცე გადაწყვეტილებით, ნებისყოფითა და მძიმე შრომით, ასევე, დროზე ადრე ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი და რისკიანი „საშინაო დავალებების“ შესრულებით, შეუძლებელი არაფერია.

 

P. S. იმედი მაქვს, რომ კიდევ ათი წლის შემდეგ ქართულ დიპლომატიურ სამსახურში მყოფი ჩემი კოლეგები ამავე ჟურნალში დაწერენ სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორი საეჭვო „მოგზაურობა“ დაიწყეს ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის შევსებით და თუ რამხელა წარმატებით დასრულდა ეს ყოველივე. ასევე, ვისურვებდი, რომ ამ მიზნისაკენ მიმავალთ, მათ უფრო ნაკლები დრო დაეხარჯათ ბიუროკრატიული სირთულეების გადასალახად. მე კი ბრუსელში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ მხოლოდ ამასღა ვიტყვი: „Bonne chance et bon courage!“

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია