რუსეთის ეკონომიკური კრახის გაკვეთილები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-09-2016, 22:31 | ეკონომიკა | ნანახია - 2577

რუსეთის ეკონომიკური კრახის გაკვეთილები  საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ

დავით ნებიერიძე

 

”ქართული ოცნების” ოთხწლიანი მმართველობა დასასრულს მიუახლოვდა და რვა ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. უაღრესად დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ახალი ”ცივი ომი” ფაქტიურად უკვე ძირითად ფაზაშია შესული, ეს საპარლამენტო არჩევნები დიდი ალბათობით ისტორიული მნიშვნელობის იქნება. მარტივად, რომ ვთქვათ საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის რომლის გვერდით დადგება ჩვენი პატარა ქვეყანა? სად უფრო დაცულად იგრძნობს თავს და რომელ ბანაკში ექნება მას წარმატებული განვითარების უპირობო შანსი? აქვე მინდა დავძინო, რომ გვერდზე გადგომა და ეგრეთწოდებული ”პროქართული” პოზიცია უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. ეს ჩვენი ქვეყნის მტრის შეთხზული გზავნილია. არ არის საჭირო იყო კისინჯერი ან ჩერჩილი, რათა მიხვდე, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს იმ ფუფუნების უფლებას, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ამ ტექტონიკურ ძვრებს გვერდიდან ვადევნოთ თვალი. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან ცხელ რეგიონში და ძლიერი მოკავშირის გარეშე უბრალოდ ვერ გადავრჩებით. ამას გვასწავლის თუნდაც ჩვენი უახლესი ისტორია. განსაკუთრებით კი პირველი რესპუბლიკის ტრაგიკული დაცემის მიზეზები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ახალი რეალობებიც, რომელთაგან უმთავრესია გლობალიზირებული სამყარო.

 

დღევანდელი ჩემი სათქმელი მთლიანად მინდა მიუძღვნა რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობას და ჩამოუყალიბებელ მოქალაქეს გაუმარტივო ”რუსული სამყაროს” აღქმა და ანალიზი.

 

18 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომლის წინასწარმა შედეგებმა ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ამ უზარმაზარ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება უბრალოდ არ არსებობს. ეს ფაქტი და არჩევნების უტყუარი პროგნოზი ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ მკაფიოდ დააფიქსირა ბატონმა ნიკა რურუამ, პირველი რადიოს ეთერში. ამ არჩევნებით უბრალოდ არაფერი შეცვლილა. ხოლო, ეს უცვლელობა მეორდება არჩევნებიდან არჩევნებამდე. ჩემი შვილები დაბადებულები არ იყვნენ, როდესაც რუსეთში ამგვარი პოლიტიკური მოცემულობა ჩამოყალიბდა. იგივე პარტიები სახელმწიფო სათათბიროში და იგივე შედეგებით. წამყვანი პოლიტიკური ძალის იმიტაცია - პუტინის პარტია ”ედინაია როსია”; ჟირინოვსკის პარტია ”ელ-დე-პე-ერი”; ”კომუნისტური პარტია” და ”სპრავედლივაია როსია”. პრაქტიკულად რუსული პოლიტიკა მხატრული ფილმის ”თახვის დღე(День сурка)”-ს სიუჟეტს დაემგვანა. ეს კი მხოლოდ ერთ ფაქტზე მეტყველებს: რუსეთში პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია. ამას კი მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს. ამ ქვეყანაში ფუნდამენტურად ჩამოყალიბდა ტოტალიტარული რეჟიმი. ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური მოცემულობა რომლის პირობებშიც ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით პრაქტიკულად შეუძლებელია. ხელისუფლება მთლიანად უზურპირებულია და ფეხქვეშაა გათელილი არა მარტო საერთაშორისო, ცივილიზებული სამყაროს კანონები, არამედ თავად რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაც. აღარაფერს ვამბობ ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებზე. შესაბამისად, ცვლილებები მხოლოდ საყოველთაო სახალხო აჯანყების გზით შეიძლება მოხდეს. რასაც რუსეთის მოქალაქეთა ურყევი ნება ჭირდება. ეს ნება კი მხოლოდ შეუპოვარ, თავისუფალ მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს. სამწუხაროდ ზუსტად ასეთი პიროვნებების უმწვავეს დეფიციტს განიცდის დღევანდელი რუსეთი და შედეგეიც სახეზეა - ტოტალიტარული რეჟიმი და საზოგადოების უკიდურესად გარყვნა. პრაქტიკულად ყველა პროგრესულად მოაზროვნე რუსეთის მოქალაქეებმა, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა რუსეთი უკვე დატოვა. ბორის ნემცოვი და მრავალი სხვა ნამდვილად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოკლეს.

 

მკაფიოდ მინდა ვთქვა: თავისუფლება ადამიანის გონებაში იბადება და მხოლოდ ადამიანის გონებაში კვდება. ზუსტად ამიტომ ჩამოყალიბდა პუტინი ”თავებზე მონადირედ”. მისი ხელისუფლება დგას მხოლოდ სააგიტაციო, პროპაგანდისტულ მანქანაზე. იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი ბრძოლა, ობიექტური პირობების გამო მას აპრიორი წაგებული აქვს. ყველაფერი ზუსტად იგივე სცენარით ვითარდება, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა და როგორც ეს ხდება ჩრდილოეთ კორეაში. შესაბამისად დასასრულიც იგივე იქნება. ოღონდ უფრო მალე და უფრო ტრაგიკული ფორმით. როდესაც ვამბობ ტრაგიკულს, პირველ რიგში თავად ვლადიმერ პუტინს ვგულისხმობ. თუმცა, რუსეთის მოქალაქეებსაც მოუწევთ საკმაოდ მძიმე საფასურის გადახდა. ნურავის მოგეჩვენებათ ძალაიან თამამად განცხადება, რომ რუსეთის ფედერაცია როგორც სახელმწიფო დიდი ალბათობით შეწყვეტს თავის არსებობას და გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს ოპტიმისტებს დღეს გონიათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, გლობალიზირებული სამყაროს პირობებში ეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ეწინააღმდეგება ამ სამყაროს ფუნდამენტურ კანონებს. ჩრდილოეთ კორეამაც კი შეიძლება უფრო მეტ ხანს გაძლოს და ნაკლებად ტრაგიკულად დაასრულოს თავისი არსებობა, ვიდრე რუსეთის ფედერაციამ. ამ შედარებაში მთავარი როლს თამაშობს რუსეთის ფიზიკური სიდიდე და მისი არა ადექვატური ამბიციები მსოფლიოში საკუთარ როლთან დაკავშირებით. რეალურად ეს არის სახელმწიფო ”Down shifter”-ი. ამ დასკვნის ავტორი მე არ გახლავართ. ეს დასკვნა ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა თავად გერმან გრეფმა (იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=XSQpw7EJSc0). მე კი სრულად ვეთანხმები ამ აქსიომას. აღნიშნული ეკონომიკური ფორუმი იყო რუსეთის ეკონომიკური კრახის ფაქტიური აღიარება. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება იმდენად ჩალპა, რომ მოკლებულია ადექვატური რეაგირების უნარს და პრობლემებს კვლავ ”პუტინის ტელევიზია” დაუპირისპირა. ხელისუფლება კვლავ წავიდა ”თავებზე ნადირობისა” და ვირტუალური რეალობის შექმნის გზით. ზუსტად ამ გზამ მიიყვანა საბჭოთა კავშირი მსოფლიო რუქიდან გაქრობამდე. ალბათ არავინ შემეკამათება, რომ დღევანდელი რუსეთი საბჭოთა კავშირის მხოლოდ აჩრდილია და მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური პოტენციალი ვერც კი შეედრება იმ ”ბოროტების იმპერიის” შესაძლებლობებს. ასე, რომ რუსეთს უაღრესად მძიმე და ტრაგიკული მომავალი აქვს.

 

ახლა კი, შევეცდები წარმოდგენილ პოლიტიკურ სურათს ძალიან მოკლედ და მარტივად მოვაშველო ეკონომიკური დასაბუთება:

 

დასაწყისშივე არ შემიძლია არ ვისარგებლო საქართველოს პრეზიდენტის - მიოხეილ სააკაშვილის შეფასებებით: ”რუსეთის ეკონომიკა პრაქტიკულად ერთი დიდი ბენზინგასამართი სადგურია”. დღევანდელი მოცემულობით კი ეს გაკოტრების პირას მდგომი ”ბენზინგასამართი სადგურია”. რომელიც ამ კრიტიკულ ვითარებამდე არა მარტო ენერგო რესურსებზე ფასების კრიტიკულმა ვარდნამ მიიყვანა. არამდე, ენერგეტიკული ბაზრების გადანაწილების ურთულესმა და გლობალურმა პროცესმა. სანამ გლობალური ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაზე გადავალ მინდა მოგახსენოთ, რომ ნავთობზე ფასების ფუნდამენტური ვარდნამდე რუსეთის ბიუჯეტის 80%-მდე ენერგორესურსებით ვაჭრობით მიღებული შემოსავლებით ივსებოდა. ეს არის სახელმწიფო რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად დივერსიფიცირებული ეკონომიკა აქვს. მისი ეკონომიკა მთლიანად ენერგო სექტორზეა ჩამოკიდებული. ხოლო, მოქალაქეების კეთილდღეობა, განსაკუთრებით კი ”ელიტის” ფინანსური კეთილდღეობა, მთლიანად ”პეტრო დოლარებზეა” დამოკიდებული. შესაბამისად რუსეთი და მისი ეკონომიკა არსებობდა მანამ სანამ ნავთობის ფასები საგრძნობლად მაღალი იყო და დასრულდა, როდესაც ბარელი ნავთობის ღირებულება ჩამოსცდა 50 დოლარს. იმიტომ, რომ რუსეთის ბიუჯეტი, მისი სოციალური ვალდებულებები აღარ არის ადაპტირებული დრევანდელ რეალობასთან და პრობლემების დინამიკა ზვავის პრინციპით ვითარდება. ამას ემატება რუსეთის იზოლაციონისტური პოლიტიკა და ცივილიზებური სამყაროსგან გარიყვა. რაც გაცილებით უფრო დამანგრეველია რუსეთის ეკონომიკისთვის, ვიდრე ნავთობის ფასების ვარდნა და ბიუჯეტის დეფიციტის კატასტროფული ზრდა. ზუსტად ამ პოსტულატთან ერთად მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ იმ არჩევანის შესახებ რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაგვიდგება 8 ოქტომბერს. როდესაც ფაქტიურად არჩევანი უნდა გავაკეთოთ ”რუსეთუმეობასა” და ცივილიზებულ სამყაროს შორის. რუსეთუმეობაში კი ვგულისხმობ ”რუსული სამყაროს” ნაწილად გადაქცევას. საქართველოსთვის კი არა, თავად რუსეთისთვისაც ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გადაქცევა და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. რამე თუ, რუსეთის გადარჩენის ერთად-ერთი გზა არის სრული ტრანსფორმირება და ევრო-ატლანტიკური სამყაროს ღირსეულ წევრად ჩამოყალიბება. რაც საბოლოო მშვიდობას დაუმკვიდრებს მთელ მსოფლიოს. იმიტომ, რომ ზუსტად ეს სამყარო არის დღეს ნებისმიერი პრობლემების ცივილიზებულად მოგვარებისთვის ფუნდამენტური გარანტია. ხოლო, მისგან განდგომა და მის მიმართ მინიმუმ ანტაგონისტური დამოკიდებულება ცივილიზაციური ჩიხია.

 

ახლა კი მიუბრუნდეთ ენერგეტიკულ სივრცეს. ჩვენს მკითხველს ნუ ეგონება, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა ეს აშშ-ს მიერ ხელოვნურად ინსპირირებული პროცესებია, რათა ახალ ცივ ომში რუსეთი დაემარცხებინა. მინდა გავაწბილო ყველა ”რუსეთუმე”: მიმდინარე მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესები ცივილიზაციური კანონზომიერებაა. რაც შეეხება ენერგეტიკულ სექტორს, აქ კონკრეტული, რევოლუციური ცვლილებები მოხდა. რომლის ავტორი მართლაც შეერთებული შტატებია. ოღონდ ეს ცვლილებები მეცნიერულ და ტექნოლოგიურ სივრცეში ჩაისახა. საქმე ეხება ფიქალური ნავთობის მოპოვების რევოლუციურ ტექნოლოგიებს. რაც განპირობებული იყო შეერთებული შტატების უდიდესი მეცნიერული გარღვევით და ობამას ადმინისტრაციის ერთად-ერთ მკაფიო წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნავთობზე ფასები აღარასოდეს დაუბრუნდება რუსეთისთვის კომფორტულ ნიშნულს. პუტინის კისერზე ენერგეტიკული მარყუჟია. რომილდან თავის დაღწევა უკვე შეუძლებელია. უკან დაბრუნების წერტილი რუსეთმა გადაკვეთა. რა გვაძლევს ამ დასკვნის გაკეთების უფლებას?

 

”ფიქალური” რევილუციის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა ენერგეტიკული ბაზრის კონიუნქტურა. დღევანდელი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე ერთ ბარელ ნავთობზე ფასის 50 დოლარზე ზემოთ აწევა იმდენად რენტაბელურს ხდის ფიქალური ნავთობის მოპოვებას, რომ მსოფლიო ბაზარზე იქმნება ჭარბი მიწოდება. რაც უაპელაციოდ ამცირებს ნავთობის ღირებულებას. თავად ფიქალური ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიების მთავარი კატალიზატორი იყო ნავთობზე მაღალი ფასები. შეერთებული შტატები წავიდა ტექნოლოგიური გარღვევის გზით. ხოლო, იგივე მოცემულობაში რუსეთი წავიდა არქტიკული შელფის ოკუპაციის გზით. ანუ, რუსეთში იმძლავრა მე-18 საუკუნის, ახალი ტერიტორიების დაპყრობის იმპერიულმა სტრატეგიამ. ზუსტად აქ გამოვლინდა ცივილიაზაციური სხვაობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. რომელიც აშკარად შტატების სასარგებლოდ განვითარდა. იმიტომ, რომ მუდმივი მყინვარების პირობებში ნავთობის მოპოვება შეიძლება გაიაფდეს თუ, გლობალური დათბობის, ან სხვა გლობალური კატაკლიზმების გამო ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე კომფორტული გახდება შელფის ინტენსიურად ასათვისებლად. ხოლო, ტექნოლოგიური რევოლუციის გზით წასული შტატები წლიდან წლამდე აიაფებს ფიქალური ნავთობის მოპოვების თვითღირებულებას, ტექნოლოგიური გარღვევების ხარჯზე.

 

ფიქალური ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის მოსპობა ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ასევე საუდიტებისთვის. ამ ამოცანაში მათი ინტერესები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ, ზუსტად აქ ითამაშა პროგრესმა გადამწყვეტი როლი რუსეთის საწინააღმდეგოდ. ის მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდა. აღნიშნული ტექნოლოგიის კრახი შესაძლებელია მხოლოდ ნავთობზე ფასების კრიტიკული ვარდნის გზით, რომ ”ფიქალური” ტექნოლოგიები არარენტაბელური გახდეს და ენერგეტიკულ ბაზარზე აღარ შემოდიოდეს ფიქალური ნავთობი და ფიქალური გაზი. დრევანდელი ”ფიქალური” ტექნოლოგიების დონის გათვალისწინებით ნავთობის ფასების ამგვარი კრიტიკული ზღვარია დაახლოებით 45 აშშ დოლარი. მაგრამ, ამ ფასის შენარჩუნება და მისი კიდევ უფრო შემცირება არარენტაბელურს ხდის თავად რუსეთის ტრადიციული ნავთობმომპოვებელ ინდუსტრიას. განსხვავებით საუდიტებისგან. რომელთა ნავთობის თვითღირებულება ჭაბურღილების მიხედვით 4-დან 11 აშშ დოლარამდე მერყეობს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ენერგეტიკულ ომებში გადამწყვეტი გახდა არა ენერგო რესურსების ფასი, არამედ გასაღების ბაზრებისთვის ბრძოლა. ანუ, ფასის შემცირების დაბალანსება ახალი ბაზრების ანუ, რეალიზაციის მოცულობების ზრდით. ზუსტად აი აქ და ამ დროს რუსეთი მოექცა როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ იზოლაციაში და ბოლო ორი წლის მანძილზე კატასტროფულად კარგავს გასაღების ბაზრებს. რაც გარდაუვალი კანონზომიერებაა. რად ღირს თუნდაც რუსეთისთვის ევროპული გაზის ბაზრის 30%-მდე შემცირების ფაქტი. ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის სიდიდე და მისი შემცირების დინამიკა. ანუ, სახელმწიფო ფინანსური რეზერვები. ლაპარაკია რუსეთისა და საუდიტების სარეზერვო ფონდების სიდიდეზე. თუ საუდიტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 700 მილიარდზე მეტი იყო, რუსეთის შემთხვევაში იგივე პარამეტრი მაღალი ფასების ეპოქაში მხოლოდ 200 მილიარდამდე ფიქსირდებოდა. მაგრამ, პოლიტიკური კონიუნქტურის და ეკონომიკური სანქციების გამო, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის გამო რუსეთის სარეზერვო ფონდი 2017 წლის თებერვლის ბოლომდე პრაქტიკულად ამოიწურება. ასე, რომ რუსეთს ეს ომიც კატასტროფული შედეგებით აქვს წაგებული. არა მარტო ამერიკასთან მიმართებაში, არამედ ისეთ პეტროკრატიულ სახელმწიფოსთან როგორიცაა საუდის არაბეთი. რაც რუსეთის არადივერსიფიცირებული ეკონომიკის პირობებში გარდაუვლად გამოიწვევს მისი ეკონომიკის კრახს. რისი ნიშნებიც უკვე აშკარად შეიმჩნევა. რად ღირს თუნდაც პრემიერ მინისტრ დიმიტრი მედვედევის ბოლო დროინდელი ფრთოსანი ფრაზა, რომელიც მან მოქალაქეებთან შეხვედრისას გააჟღერა: ”ფული აღარ არის, მაგრამ თქვენ უნდა გაუძლოთ”!

 

ყოველივე ზემოთ თქმულს რეზიუმეს სახით დაურთავ რუსეთის ეკონომიკის ბოლო ათწლეულის მოკლე და მარტივი დინამიკის სურათს:

 

2006 წლის მონაცემებით, როდესაც ნავთობის ფასები ზენიტს უახლოვდებოდა და რუსეთისთვის ყველაზე კომფორტული ათწლეული ძალას იკრეფდა, მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ათეულში ლიდერობდა ამერიკული ”ექსონ მობილი”, რომლის კაპიტალიზაცია შეადგენდა 371 მილიარდ დოლარს. ხოლო, მესამე ადგილს იკავებდა რუსული ”გაზპრომი”. რომლის უდიდესი კერძო აქციონერია ჩვენი არაფორმალური მმართველი - ბიძინა ივანიშვილია. 2006 წელს ”გაზპრომის” კაპიტალიზაციის მაჩვენებელი შეადგენდა 250 მილიარდ დოლარს.

 

გავიდა 10 წელი და პოზიციები მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველ ადგილზეა ამერიკული ”ეფლი”, კაპიტალიზაციის მაჩვენებლით - 577 მილიარდი დოლარი. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ ახალმა ლიდერებმა წარმატებებს მიაღწიეს მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისების რამოდენიმე ტალღისა. მეორე ადგილს იკავებს ამერიკული კომპანია ”გუგლი”, კაპიტალიზაციის მაჩვენებლით - 547 მილიარდი აშშ დოლარი. მესამე ადგილზეა ასევე ამერიკული კომპანია ”მაიკროსოფტი”, კაპიტალიზაციის მაჩვენებელი - 452 მილიარდი აშშ დოლარი. ხოლო, მეოთხე ადგილი უკავია ”ამაზონს”, კაპიტალიზაცია - 365 მილიარდი აშშ დოლარი. აი, რაც შეეხება რუსული ეკონომიკის ორ ფლაგმან კომპანიას ”გაზპრომსა” და ”როსნეფტს”, ისინი მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების ასეულშიც კი აღარ შედიან. ერთის კაპიტალიზაციის მაჩვენებელია 50 მილიარდი აშშ დოლარი. ხოლო მეორის - 54 მილიარდი აშშ დოლარი, შესაბამისად. მოდით ეხლა თავი დავანებოთ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს და ”რუსეთუმეებისთვის” უფრო გასაგებ ენაზე გადავიდეთ. მაგალითად: კომპანია ”ეფლის” თავისუფალი, მის ანგარიშებზე ”ქეშად” არსებული ფულადი სახსრების მოცულობა შეადგენს ”+-” 231 მილიარდ აშშ დოლარს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ კომპანიას დღესვე შეუძლია რამოდენიმეჯერ იყიდოს ”როსნეფტი” და ”გაზპრომი” ერთად აღებული, ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის კუთვნილი აქტივებიანად.

 

მოდით ამ ნაწილსაც გაუკეთოთ მოკლე რეზუმე: მოსფლიოს უმდიდრესი კომპანიების პირველ ასეულში ლიდერობენ 54 ამერიკული კომპანია. რომლებსაც მოჰყვება 11 ჩინური კომპანია. დანარჩენები კი გერმანიის, საფრანგეთისა და იაპონიის წარმომადგენლები არიან. აი ეს არის რუსეთში პუტინის მმართველობის ბოლო ათი წლის შედეგი. ძნელია არ დამეთანხმოთ, რომ დღეს რუსეთს ვერავინ განიხილავს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ სახელმწიფოს. ის ცალსახად გადაიქცა ქვეყანა ”Down shifter”-ად და გადაშვებულია პოლიტიკურ და ეკონომიკურ უფრსკულში. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ახალი ”ცივი ომის” გადამწყვეტ ფაზაში შესვლას.

 

ბოლოს კი, ერთ წინადადებაში ჩავტევ მთელი ახალი ”ცივი ომის” მოსალოდნელი შედეგების ანალიზს: ამერიკული კომპანია ”ეფლი” რამოდენიმეჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ყველა რუსული კომპანია ერთად აღებული. დაწყებული იმ კომპანიიდან, რომლის უმსხვილესი კერძო აქციონერია ბატონი ბიძინა ივანიშვილი და დამთავრებული იმ ერთი პირის მიკრო საწარმოთი, რომელიც რუსეთის საგადასახადო ინსპექციის მონაცემებშიც კი არა ჩანს, მიზერული ბრუნვის გამო.

 

კიდევ ერთხელ ვითყვი: რუსეთის ეკონომიკა განსაკუთრებულია იმ გარემოებით, რომ ბიზნესის ფინანსური შემოსავლების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, მისი განაწილების გზით. მომიტევეთ სლენგისთვის - მისი ”გაწეწვის” გზით. ამას ვერვ გაუძლო საბჭოთა კავშირმა და მითუმეტეს ვერ გაუძლებს რუსეთის სახელმწიფო. ამიტომ, 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ახალი ხელისუფლების სახით უნდა აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ დაიხსნის ”რუსული სამყაროს” შხამიანი მარწუხებიდან და საბოლოოდ დაგვაბრუნებს ევროპულ ოჯახში. ზუსტად ევრო-ატლანტიკურ სივრცეშია საქართველოს ეკონომიკური ზრდაც და სოციალური კეთილდღეობაც.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია