საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების უკანონო ქმედების შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-10-2016, 18:07 | პოლიტიკა | ნანახია - 1277

სამი ოქტომბრის ღამეს, საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, იარაღის ტარების უსაფუძვლო ბრალდებით დააკავეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ დამფუძნებლისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას წინაასაარჩევნო შტაბის უფროსი დათო ჯაფარიძე. ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან იარაღი მას უკვე დაკავების შემდეგ, უშუალოდ პოლიციის მანქანაში ჩაუდეს. ეს უკანონო ქმედება მიმართულია კონკრეტული წინასაარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად და დასასუსტებლად, რაც იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებაცა და მისი არაფორმალური მმართველიც არჩევნებში გამარჯვებისათვის ბრძოლას სრულიად არასამართლიან გარემოში აპირებენ, ხოლო ძალაუფლების შენარჩუნებისათვის მათი მიზანი არა თავისუფალ გარემოში მოქალაქეთა გულის მოგება, არამედ მათი ხმების გაყალბება, საწინააღმდეგო აზრის დევნა და ოპონენტთა დასუსტებაა, რასაც სრულიად უკანონო, მაგრამ უკვე კარგად შეთვისებული ხერხებით ცდილობენ.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ აქამდეც არაერთხელ გაუპროტესტებია ბოლო წლებში საგანგაშოდ გახშირებული ეგრედწოდებული „ჩადების“ პრაქტიკა. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, უდიდეს ზიანს აყენებს არაერთ უდანაშაული მოქალაქეს, ხოლო, მეორეს მხრივ, ასუსტებს საზოგადოებაში სამართალდამცავი სტრუქტურების პრესტიჟსა და ნდობას. მით უფრო, რომ ეს ყველაფერი ხდება უშუალოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ნიშნითა და სარჩულით. ეს უკანასკნელი შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ჩადების“ მახინჯი პრაქტიკა არათუ მხოლოდ გრძელდება, არამედ ძლიერდება კიდეც.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ სასტიკად გმობს დათო ჯაფარიძის უკანონო დაკავებას, ასევე მთლიანად აღნიშნულ დანაშაულებრივი პრაქტიკას და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არაფორმალური მმართველის ნაცვლად პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას ადამიანის უფლებები, ხელი აიღოს ოპონენტების დევნასა და დაშინებაზე, უზრუნველყოს სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო, რის გარეშეც საპარლამენტო არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან ვითარებაში, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია