არჩევნები და რუსული სპეც-სამსახურების ტერორი საქართველოში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-10-2016, 21:56 | პოლიტიკა | ნანახია - 1759

არჩევნები და რუსული სპეც-სამსახურების ტერორი საქართველოში

გიორგი იმედაშვილი

 

საპარლამენტო არჩევნებამდე საათებიღა რჩება, გუშინ დასრულებული წინასაარჩევნო კამპანია კი არცთუ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა: ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერები რეგულარუდ აცხადებდნენ, რომ მათ სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ; გორის მაჟორიტარული არჩევნების ერთ-ერთ ოპოზიციონერ ფავორიტს პირდაპირ ამომრჩეველთან შეხვედრაზე ესროლეს; არჩევნებამდე 5 დღით ადრე, თბილისის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარული არჩევნების უმთავრესი ოპოზიციური კანდიდატის შტაბის უფროსი იარაღის უკანონო ჩადებით დააკავეს; მომდევნო დღეს კი, ასევეოპოზიციონერი პარლამენტარის- გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. საბედნიეროდ, ის და მისი მძღოლი მცირე დაზიანებებით გადარჩნენ, მაგრამ მძიმედ დაშავდა ახლოს მდგარი რამდენიმე პიროვნება, მათ შორის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც დღესაც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში.

 

იმავე ღამიდან ქართულ საზოგადოებაში დაიწყო გადაბრალებების სერია- ხელისუფლება და მისი მომხრეები თავად გივი თარგამაძესა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებდნენ „პროვოკაციის“ მოწყობაში და საარჩევნოდ „გრადუსის აწევის“ მცდელობაში. ისიც სათქმელია, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ხელისუფლება და მმართველი პარტიის მთავარი სპიკერი ირაკლი კობახიძე გულმოდგინედ ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ ოპოზიცია საარჩევნო არეულობის მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, თუმცა ამასთან დაკავშირებული გასაჯაროვებული ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით საეჭვოდ არ დგინდება.

 

ავტომობილის აფეთქებები და აფეთქების მცდელობები ქართული საზოგადოებისათვის უკვე კარგად მივიწყებული პოლიტიკური ბრძოლის ხერხია, თუმცა 15-20 წლის წინ იყო დრო, როდესაც ამგვარი ფაქტები (პრეზიდენტის აფეთქების მცდელობაც კი) არავის უკვირდა. ოპოზიცია ამ შემთხვევისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მიცემას ითხოვს, გამოძიება კი მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრაც მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოდით ვიმსჯელოთ, რამდენად სამართლიანია გამოძიების მიდგომა ამ საკითხთან.

 

თუკი 70-იანი წლების კლივლენდში განსგტერულ დაპირისპირებაში აფეთქებულ 40-მდე მანქანაში დამონტაჟებულ ბომბს არ ჩავთვლით, „საავტომობილი ტერაქტების“ ყველაზე ცნობილი სერია ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“. მოგეხსენებათ, თავად ეს დაჯგუფება თავს არ მიიჩნევს ტერორისტულად, ვინაიდან ძირითადად ლიბანში განალგებული ებრაული ძალების გასაძევებლად ბრძოლით გაითქვა სახელი 1982-2000 წლებში. თუმცა, ტერორიზმი უფრო მშვიდობიანი მოსახლეობისა და მოწინააღმდეგეების დაშინების გზით პოლიტიკური ბრძოლის ტაქტიკაა და არა რაიმე ფრენჩაიზი- ჰერბოლას მებრძოლები კი ამ ბრძოლაში არამხოლოდ ებრაულ შეიარაღებულ ძალებს უპირისპირდებოდნენ, არამედ სამოქალაქო პირებსაც: იტაცებდნენ ბიზნესმენებსა, რაკეტებს უშენდნენ ებრაულ დასახლებებს და ასე ცდილობდნენ პოლიტიკური მიზნის მიღწევას. თუმცა, ებრაული ჯარების გასვლის შემდეგ ლიბანის მთელი რეგიონები არა ლეგიტიმური მთავრობის, არამედ ამ ორგანზიაციის მებრძოლთა კონტროლის ქვეშ გადავიდა და „ჰეზბოლამ“ უშუალოდ ლიბანის პოლიტიკურ წრეებში დომინაციისათვის ბრძოლა დაიწყო. ამისათვის კი არაერთხელ მიმართა ტერორს- რას გულისხმობს პოლიტიკური ტერორი?- სწორედ ამ კითხვაზე შევეცდები გავცე პასუხი და შემდეგ უშუალოდ მოგითხრობთ, რუსული დაზვერვის მოქმედებების შესახებ ჩვენს ტერიტორიაზე.

 

„ჰეზბოლა“ (ანუ „ჰიზბ ალაჰ“- ალაჰის პარტია) შეიქმნა 1982 წელს ებრაული ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად- ის შეიქმნა ირანული „რევოლუციის მცველთა კორპუსის“ პირდაპირი ხელმძღვანელობით შიიტი ლიბანელების მიერ, მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამხრეთ ლიბანში შეიარაღებული ძალები შეიყვანა, იმისათვის, რათა იქ პალესტინის განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტერორისტული და თანაც ისრაელის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები აღეკვეთა. გარდა ამისა, იმ დროს, ლიბანში განლაგებული იყო სირიული ძალები, რომლებიც, ვითომდა იქ 1975 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის შესაჩერებლად შევიდნენ და ათწლეულებით დარჩნენ მაშინდელი სირიელი პრეზიდენტის ჰაფეზ ასადის რეგიონული გავლენის გასაძლიერებლად. ლიბანელი შიიტები და სირიის ალავიტი პრეზიდენტი დროთა განმავლობაში მოკავშირეები გახდნენ (დღესაც ასეა- „ჰეზბოლას“ ძალები სირიაში ლიბანის საზღვრის გასწვრივ არიან შესულები და იქ ჰაფეზის შვილის- ბაშარ ასადის რეჟიმს ეხმარებიან სამოქალაქო ომში, რუსებთან და ირანელებთან ერთად). ლიბანში კი ათლწეულობის მანძილზე ომიანობამ დაისადგურა. მიუხედავად ამისა, ლიბანელი პოლიტიკოსების ნაწილი ცდილობდა ქვეყნის გათავისუფლებას როგორც ებრაული ისე, ისე სირიული და „ჰეზბოლას“ გავლენისაგან გათავისუფლებას- თუმცა მათ უდიდესი ნაწილი მოკლეს, ძირითადად აფეთქებებით. მხოლოდ 21-ე საუკუნეში განხორციელებული ტერაქტებიდან ორი ყველაზე ცნობილი რომ ვახსენოთ- 2005 წლის 14 თებერვალს მოკლეს რაფიკ ჰარირი, ლიბანის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სირიულ ოკუპაციას და რომელმაც თავიდან ააშენა ბეირუთის ცენტრი სამოქალაქო ომის დამანგრეველი შედეგების შემდეგ- ბომბი აფეთქდა მაშინ, როდესაც ჰარირის ესკორტმა „წმინდა გიორგის“ სასტუმროს ჩაუარა, აფეთქების ძალა იყო დაახლოებით ათასი კოლოგრამი, მის გარდა დაიღუპა 21 ადამიანი, მისი დაცვის წევრები და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ბასელ ფლეიჰანი. ჰარირის მკვლელობას მოჰყვა მასობრივი პროტესტები, რომელთა მსვლელობის დროსაც, 2 ივნისს მანქანაში ააფეთქეს სამირ კასირი, ძალიან ცნობილი და ბრწყინვალე ჟურნალისტი, რომელიც სირიული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდიოდა და რომელმაც, ფაქტობრივად, იწინასწარმეტყველა არაბული გაზაფხული. რატომ მიიჩნევა ამ ორი ადამიანის მკვლელობა ტერაქტად?- იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, არამედ იყო დასჯის აქტი, რაც არამხოლოდ კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური საქმიანობისათვის დასჯას, არამედ ამის სახალხოდ გაკეთებას, სხვათა გაფრთხილებასა და დაშინებას ისახავდა მიზნად- „თუკი შეგვეწინააღმდეგებით, იგივე გელით, დაცული არავინაა“. ეს დაახლოებით იგივეა, რაც უილიამ უოლასის დანაწევრებული სხეულის ნაწილების ინგლისის ყველა ქალაქში გაგზავნა, ანდაც ტიგლათფილესერის მოწინააღმდეგეთა გატყავების ამსახველი ძველი ასურული სტელები- „მოწინააღმდეგეებს ასე ვექცევით“- ეს წარწერა იმ სტელებზე არ არის, მაგრამ იგულისხმება.

 

დღევანდელ ვითარებაში კიდევ ერთი ქვეყანა არსებობს ჩვენს მეზობლად, რომელიც ტერორიზმს პოლიტიკური ცხოვრების წესად უკვე წლებია ნერგავს- რუსეთი. იქ სამთავრობო რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების გამოგონილი ბრალდებებით დაკავება, მკვლელობა და გატაცება არავის უკვირს. პუტინმა რუსეთი კიდევ ერთხელ აქცია ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც არამხოლოდ საკუთარი მოსახლეობის დაშინებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას, არამედ სხვა სახლმწიფოთა მოსახლეობისა დაპოლიტიკური ლიდერების დატერორებით. ასე მაგალითად, რუსეთი დღეისათვის არის სახელწმიფო, რომელშიც „სამართალდამცავებს“ იარაღის გამოყენების უფლება აქვთ სულ პატარა დაუმოირჩილებლობის გულისთვის ქალების წინააღმდეგაც (თუკი მათ კარგად გამოკვეთილი ფეხმძიმობის ნიშნები არ აღენიშნებათ), რომელშიც სანქცირებულია ოპოზიციური მიტინგების დარბევა, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით კვდებიან ოპოზიციონერები და ჟურნალისტები, რომელშიც არჩევნები ფორმალურად იქცა და რომლის შეიარაღებული ძალებიც იკავებენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე „სეპარატისტულ“ რაიონებს, ატერორებენ და აწამებენ ადგილობრივ მოსახლეობას, უკრძალავენ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას და ახლობლების მონახულებას, ბომბავენ საავადმყოფოებს ალეპოში, ხოცავენ უდანაშაულო ბავშვებს და იმ რამდენიმე გადარჩენილ პედიატრს, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩენიათ ძალა უმკურნალონ დასახიჩრებულ პატარებს. როდესაც ხვალ, ამომრჩეველი ურნებთან მივა და პრორუსულ პარტიას შემოხაზავს, მან უნდა იცოდეს, რომ ხმას სწორედ ამ ქმედებებს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ოკუპაციას, ათასობით დაობლებულ, დასახიჩრებულ ბავშვსა და დაშინებულ მოსახლეობას აძლევს.

 

ეხლა, უშუალოდ საქართველოში რუსული სპეც-სამსახურების ქმედებებზე გადავიდეთ და მოკლედ მიმოვიხილოთ ისინი. ჯერ „კოდორი 2007“-ის მონაწილე ქართული ანტი-ტერორისტული ძალების წევრების მკვლელობები და უკანონო დაკავებები განვიხილოთ. ეს ყველაფერი ნათელსმოჰფენს იმას, რომ ქართულ სპეც-სამსახურებში ბოლო პერიოდია რუსული გავლენა იგრძნობა და აშკარაა, რომ გაჩნდა სფეროები, რომლებსაც უკვე არა ქართული, არამედ რუსული მხარე კურირებს, მაგრამ ქართული სპეციალური სამსახურების სახელით.

 

ასე მაგალითად, ამ ოპერაციის მონაწილე დიმიტრი კორძაძე 2010 წელს ააფეთქეს მანქანაში (ისევ მანქანის აფეთქება) ქალაქ ბათუმში. მაშნდელმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნა და ამ შემთხვევასთან რუსული სამსახურების კავშირი გამოავლინეს, დააკავეს თემურ ბუთბაია და ოთარ როგავა, რომელთაც დავალებები აფხაზი კრიმინალის ვალმერ ბუთბასა და აფხაზეთის არაეღიარებული პარლამენტის წევრის- სლავიკ ვარდანიასგან მიიღეს, ამ ორმა პირმა ისინი ორ რუს ოფიცერს შეახვედრეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

ალექსანდრე დანელია, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე 2012 წლის 13 ნოემბერს გაიტაცეს შშს-ს გენრალური ინსპექციის წარმომადგენლებმა და მხოლოდ 22 დღის შემდეგ დაადასტურეს მისი დაკავება. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა 2013 წლის 24 ნოემბერს, თუმცა განხორციელებული იყო ორი გასროლა, რაც მკვლელობის ჭვს აღძრავს. მასთან ერთად 2012 წლის 13 ნოემბერს გაიტაცეს სერგო უბილავა, რომელიც ასევე „კოდორი 2007“-ის მონაწილეა. მას მიაცემინეს ჩვენება რომან შამათავას წინააღმდეგ და 2014 წლის თებერვლიდან ამუშავებდნენ კოდორის ოპერაციაზე ჩვენების დასაწერად, რაც მან არ გააკეთა. რის გამოც ხელისუფლება გადავიდა მედიკამენტოზურ ზემოქმედებაზე და მალევე 17 მარტს უბილავა გარდაიცვალა, ოფიციალურ მიზეზად ციროზი დაასახელეს. ამავე საქმეზე, ამავე ხერხებით კითხავდნენ შალვა თათუხაშვილსაც, რომელიც ასევე სამხედრო ძალების ვეტერანი და ამ ოპერაციის მონაწილე იყო . მის დაკითხვას წამების ფონზე ესწრებოდნენ რუსი სპეცსამსახურების თანამშრომლები, მის მიმართებითაც გამოიყენეს მედიკამენტოზური ზემოქმედება, ის 2014 წლის 23 მარტს, 22 დღიანი გატაცების შემდეგ გარდაიცვალა. პროკურატურაში განხორციელებული ფიზიკური, მედიკამენტოზური და ფსიქოლოგიური ძეწოლა დაასახელა გარდაცვალების მიზეზად როგორც მისმა ოჯახმა, ისე დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ოპერაციის კიდევ ერთი მონაწილე, ივანე ივანიძე (რომელიც თათუხაშვილის მძღოლი იყო) დაიღუპა თათუხაშვილის სიკვდილიდან ერთ თვეში, ავტოკატასტროფაში. 2014 წლის 28 ოქტომბერს, ზუგდიდში, საკუთარ კაბინეტში აფეთქებას ემსხვერპლა სუს-ის აფხაზეთის მეორე გამყოფილების უფროსი ზვიად ლაგვილავა, რომელიც ასევე იყო კოდორის ოპერაციის ვეტერანი. ოფიციალური ვერსიით აფეთქება გამოიწვია წყლის გამაცხელებელმა, რის შემდეგაც გაიცა შენობის დემონტაჟის ბრძანება, რაც უპრეცენდენტოდ მალე - 1 დღეში განხორციელდა. იქამდე, 2008 წელს ლაგვილავა გადაურჩა ტერაქტს წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, მაგრამ მაშინ გარდაიცვალა წალენჯიხის რაიონის გამგებელი გია მებონია. დღეისათვის დაპატიმრებულია ამ ოპერაციის კიდევ ერთ მონაწილე ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაშ იმყოფებოდა, მაგრამ ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მის 20 წლის შვილს ნარკოტიკი ჩაუდეს და ამიტომ დააპატიმრეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლატარიაც დააკავეს. გარდა ამისა, ტერაქტის მოწყობის ბრალდებით არის დაკავებული აფხაზეთის კუდ-ის ყოფილი უფროსი რომან შამათავა, რომელიც ხელმძღვანელობდა კოდორის ოპერაციას. შეგახსენებთ, რომ ამ ოპერაციისას მოხდა იმ ორი რუსი დივერსანტის ლიკვიდაცია, რომლებიც წვრთნიდნენ აფხაზ ბოევიკებს. მაშინ, რუსეთმა გაეროში იჩივლა და ამტკიცებდა, ეს ფაქტი ტყვარჩელის რაიონში მოხდაო, რაც საერთაშორისო აღიარებული საზღვრებით საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს მაშინაც და ეხლაც- „საინტერესოა, რა უნდოდათ რუს სამხედროებს კოდორში?“- ეს კითხვა მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან დასვა.

 

მართლაც საინტერესოა, რატომ ემსახურება საქართველოს სამართლადმაცავი სტრუქტურა რუსული შურისძიების განხორციელებას?- ეს ფაქტი დღევანდელი ხელისუფლების წიაღში კოლაბორაციონისტული ელემენტების არსებობას ადასტურებს. კიდევ არსებობს რამდენიმე საქმე, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის ამ ფაქტის უტყუარობას.

 

მაგალითად, ლაფანყურის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ საქართველოს მოქალაქეს საიხან მუზაევს, რომელსაც ემუქრებოდნენ რუსული მხარისთვის გადაცემით და არ უშვებდნენ ლონდონში სასწავლებლად (12 ჯერ გამოაბრუნეს აეროპორტიდან). ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე 2012 წლის 6 დეკემბერს ამავე ოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევი გაათავისუფლეს, ჯერ გირაოთი, შემდეგ საერთოდ მოუხსნეს ბრალდება. არადა, ის ტერორისტებთან თანამშრომლობაში მყოფი პირია, რომელსაც ამა წლის ივნისში სტამბოლის აეროპორტში მასშტაბური ტერორისტული აქტის ორგანზიატორობა ბრალდება. ასეთია ხელისუფლების სამართალი- ტერორისტები გარეთ, ჯარისკაცები ციხეში. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩატაევის უფლებებს უჩა ნანუაშვილის ორგანიზაცია იცავდა- „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

 

სწორედ რუსული სპეციალური სამსახურების მიერ იყო შემოგზავნილი ბოევიკების ის ჯგუფი, რომელთაც ჩატაევი შეუეერთდა. სწორედ რუსეთთან დაძაბულ ვითარებას დაემთხვა თურქეთში ტერორისტების გააქტიურება, ხოლო ურთიერთობის დათბობას- დაშოშმინება. მათი ერთ-ერთი ორგანიზატორი კი სწორედ რუსეთის დაზვერვასთან დაახლოებული ჩატაევია, რომელიც ქართულმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა.

 

ასევე ცნობილია ტრისტან წითალეშვილთან დაკავშირებული ინციდენტი, როდესაც გარეშე პირმა (ღალატისთვის ნასამართლევმა) თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ობიექტიდან ინფორმაცია გამოიტანა. ეს უკვე სასაცილოა იმ ფაქტებთან შედარებით რაც უკვე ვახსენე. სინამდვილეში ბოლო 4 წლის მანძილზე თავდაცვის სტრუქტურებში დააბრუნეს იქიდან ადრე გაშვებულთა დაახლოებით 40% დააბრუნეს, წლების შემდეგ კვლავ გაჩნდნენ რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი თანამდებობის პირები. კონფიდენციალური ინფორმაციით, ისიც კი გაირკვა, რომ ბოლო წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის ძმა რუსული გრუ-ს თანამშრომელია- ღმერთმანი საინტერესო ფაქტია.

 

ამ ყველაფრის შემდეგ რაღა გვიკვირს, თუკი პარლამენტის წევრს (თანაც იმას, რუსული ტელეარხების მეშვეობით არაერთხელ რომ გამოუცხადეს ომი) არჩევნების წინ აფეთქებენ მანქანაში. დამერწმუნეთ ეს ნამდვილი ტერორისტული აქტია- მიმართული იმათ წინააღმდეგ, ვინც გაბედავს და შეებრძოლება რუსულ გავლენას საქართველოში. როგორც ვხედავთ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე პუტინის სპეციალური სამსახურებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ქართულ საზოგადოებას სრულიად პარტიზანულ რეჟიმში უწევს და ეს შემთხვევაც სწორედ მის დასასუსტებლად არის მიმართული. ხელისუფლება კი, ამ შემთხვევაში, არათუ, მხოლოდ ვერ იცავს მის მოსახლეობას, არამედ ხელს უწყობს კიდეც ოკუპანტის ქმედებებს.

 

სწორედ ამიტომ ხვალ, როდესაც ურნებთ მივალთ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, კარგად დავუკვირდეთ ჩვენი არჩევანით რუსულ პროპაგანდას, ტერორსა და შიშს ვაძლევთ ხმას, თუ დამოუკიდებელ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს- ტერორმა ვერ გამოიღო შედეგი ლიბანში, ჩვენ მიერ ნახსენები რაფიკ ჰარირისა და სამირ კასირის მკვლელობების შემდეგ კედარის მშვიდობიანი რევოლუცია დაიწყო და ლიბანის მოსახლეობა ცოტა ხნით მაინც გაერთიანდა ტერორის წინააღმდეგ. მივბაძოთ მათ, არ შემოვხაზოთ პრორუსული ძალები!

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია