მოქალაქეთა სიღატაკე მორჩილების გარანტიაა? რატომ არ ებრძვის ხელისუფლება ლარის დევალვაციას და მაღალ ინფლაციას?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
14-11-2016, 23:46 | პოლიტიკა | ნანახია - 1546

მოქალაქეთა სიღატაკე მორჩილების გარანტიაა? რატომ არ ებრძვის ხელისუფლება ლარის დევალვაციას და მაღალ ინფლაციას?
დავით ნებიერიძე

 

რაც დღეს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ხდება ბოლო წლების მანძილზე არა ერთხელ გამხდარა ჩემი ანალიტიკური სტატიების თემა. თუმცა დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ პრობლემების წყარო არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ სიბრტყეში დევს და აპელირება სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, არა ერთი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რათა შეცვალონ საკუთარი მიდგომები და ხედვები ეკონომიკურ მენეჯმენტთან დაკავშირებით აბსოლუტურად ფუჭია. ამიტომ, ამჯერად კიდევ ერთხელ შევეცდები მივაქციო თქვენი ყურადღება შექმნილი რეალობის პირველ წყაროს.

 

იმაზე თუ რა იწვევს ლარის კურსის ასეთ ტრაგიკულ დევალვაციას მრავალი ექსპერტის განხილვის საგანია და საკმაოდ კომპეტენტურად არის გაკეთებული შეფასებები. რაღა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით სამთავრობო ექსპერტების აბსოლუტურად ფლიდურ და შეკვეთილ შეფასებებს. ამიტომ, გაცილებით უფრო საინტერესო ანალიზს შემოგთავაზებთ:

 

ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თავი და თავი პოლიტიკურ სიბრტყეში დევს და რამოდენიმე ფუნდამენტური მიზეზითაა მოტივირებული.

 

პირველი და უმთავრესი ქვეყანაში კოლაბორაციონისტული ხელისუფლების არსებობაა, რომელიც თავისი ფორმით ჯამაჰირიის სახით ჩამოყალიბდა. აღნიშნულ რეალობას ორი ძირითადი საფუძველი აქვს:

 

1. გლობალური გეოპოლიტიკური ბრძოლის კონიუნქტურიდან გამომდინარე რუსეთისთვის ეგზისტენციონალურად მნიშვნელოვანია ქართული «სასწაულის» კრახით დასრულება. რაც გააძლიერებს “რუსული სამყაროს” იდეოლოგიურ საფუძვლებს. წარმატებული საქართველო ხომ საფუძველშივე ანგრევდა კრემლის იდეოლოგიას და ხელს უწყობდა თავისუფლების იდეის გავრცელებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. ამიტომ კრემლისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს წარმატების სიმბოლოდ ქცეული საქართველოს დასამარებას და ამ გზით მის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.

 

2. ამ ამოცანების გადასაჭრელად საქართველოში გამოგზავნილი რუსი ოლიგარქის ხელისუფლების ურყეობის და ხანგრძლივობის საკითხების დადებითად გადაჭრა.

 

ოდნავი დაკვირვებაც საკმარისია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსული რეალობის იდენტური ხდება. მხოლოდ ერთი გამონაკლისით: საქართველოში არ არის “პეტროდოლარები”. სამაგიეროდ არის “პეტროდოლარებზე” გამდიდრებული მილიარდერის ფული, რომელიც აბსოლუტურად ბინძური საქმეებისთვის გამოიყენება. მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო აღარ არის ხალხი. ხელისუფლება, მისი ყველა შტოთი აბსოლუტურად უზურპირებულია. მისი წყარო კი რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ხალხი და არჩევნები? ხალხი მხოლოდ ინსტრუმენტია, დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევნების იმიტაციის შექმნის ინსტრუმენტი. ფაქტიურად მივიღეთ ფეოდალური სახელმწიფოს მახინჯი მოდელი. ახლა კი გავარკვიოთ, რაში მდგომარეობს ფეოდალის ძალაუფლების ფუნდამენტი?

 

ამ კითხვას საკმაოდ მარტივი პასუხი აქვს: ფეოდალი არის პატრონი. ზუსტად ამიტომ ფეოდალის უმთავრესი ამოცანაა ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის, მისი საჭიროების გამძაფრება. ბატონი და ფეოდალი ვერ იარსებებს თუ ყმა არ იქნება უქონელი. ნებისმიერი მოძლიერებული ყმა პატრონს ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნის, იმიტომ, რომ ძლიერ და შემდგარ ადამიანს არ სჭირდება პატრონი. ის თავად ხდება საკუთარი თავის პატრონიც, ბატონიც და ფეოდალიც. ზუსტად აქ არის “ძაღლის თავი დამარხული”.

 

საქართველოში 21-ე საუკუნეში შეიცვალა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაცია და ჩვენ მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ხალხი კი ბატონს ჭირდება ისეთი რეალობის იმიტაციისთვის, რომელიც ასე თუ ისე ფონად მაინც შეესაბამება ამ საუკუნის გამოწვევებს და ტრენდებს. არჩევნები ყოველთვის როდის ნიშნავს დემოკრატიის არსებობას. არჩევნები ტარდებოდა სტალინის დროსაც, მაოს ეპოქაშიც და დღევანდელ რუსეთშიც. მაგრამ, რამდენი დამოუკიდებელი, ძლიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეც არ უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, ფეოდალი მაინც ჩაყრის სარჩევნო ყუთში იმდენ ბიულეტენს რამდენიც სჭირდება კომფორტული არსებობისთვის. ხოლო თუ ამ რეალობას საფრთხე დაემუქრება სისხლსაც კი დაღვრის. ოღონდ ყველასას ერთბაშად კი არა, არამედ ცალ-ცალკე მოსპობს ყველა მის წინააღმდეგ მებრძოლს. გათიშე და იბატონე. ეს არის მისი მთავარი დევიზი, რასაც მშვენივრად ახორციელებს. თუმცა ფუნდამენტური ინსტრუმენტი, რომელსაც ფეოდალი იყენებს და კვლავაც გამოიყენებს ეს არის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მეთოდურად და ნელა-ნელა დამძიმება, რათა შეამციროს ის პოლიტიკური რისკები, რაც ვითარების ერთბაშად დამძიმებამ შეიძლება გამოიწვიოს. მხოლოდ ამ მიზეზით იწელება მოქალაქეთა კეთილდღეობის საბოლოო დასამარება.

 

იმპორტდამოკიდებულ და მაქსიმალურად დოლარიზირებული ეკონომიკის პირობებში კი აღნიშნული ამოცანის მიღწევის ორი მთავარი ინსტრუმენტი არსებობს: 1. ეროვნული ვალუტის დევალვაცია და 2. ინფლაციის მაღალი დონის სტაბილურად შენარჩუნება. ორივე ინსტრუმენტი ურთიერთკავშირშია და აძლიერებს ერთმანეთის ეფექტურობას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ხელისუფლებისთვის მიწებებული “უნიათობის” იარლიყიც მხოლოდ ვოალის შემოხვევას ემსახურება იმ დივერსიული და მტრული ქმედებებისთვის რასაც ეს კოლაბორაციონისტები ახორციელებენ. ანუ ხელისუფლებაში ფაქტიურად ცივსისხლიანი “ქილერები” არიან შეკრებილნი, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ბატონის დაკვეთებს. ამ ხელისუფლების პირობებში მეამიტობაა ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღების მოლოდინები. პირიქით, ვითარება უფრო და უფრო დამძიმდება, ნელი ლპობის ფორმატში. ეს ყველაფერი კი ხდება ქვეყანაში ინსტიტუციური მმართველობის სრული დასამარების ფონზე, რათა, ყველაფერი ჩამოკიდებული იყოს ერთ ჰეგემონზე – “პატრონზე”.

 

მეამიტმა მოქალაქემ შეიძლება იკითხოს კიდეც, თუ რაში ჭირდება ეს ხელისუფალს? მოდით მარტივად გეტყვით:

 

მცირედი ექსკურსი უახლეს ისტორიაში ძალიან კონკრეტულ პასუხს მოგვცემს. 2012 წელს ხელისუფლებაში მოსასვლელად ბიძინა ივანიშვილს და მის პატრონს კრემლში უზარმაზარი ფინანსური რესურსების დახარჯვა დასჭირდათ. თუმცა, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაფერი პროცენტებით დაიბრუნეს ჩვენი ჯიბეებიდან. სწორედ ეს იყო ის ერთადერთი დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აგვისრულა და ყველაფერი საკუთარ ჯიბეზე ვიგრძენით. 2016 წლის არჩევნებზე კი საჭირო ხმების საყიდლად კაცზე 10 ლარი დახარჯეს. უარეს შემთხვევაში 15 ლარი. თავი ახალი დაპირებების გაცემითაც კი არ შეიწუხეს. უბრალოდ ძალიან იაფად იყიდეს ყველა, ვინც კი დასჭირდათ. რატომ იაფად? იმიტომ, რომ დაბეჩავებული მოქალაქე იაფი ღირს! ანუ მეთოდმა გაუმართლა ბიძინას და ვოვას. ამიტომ, ის რაც ეფექტურია, იმას არ შეცვლიან. 2020 წელს კიდევ უფრო იაფად იყიდიან ამომრჩეველს, თუ რაღა თქმა უნდა დავაცადეთ ამ მზაკვრული გეგმის განხორციელება. არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გზით არსად წამსვლელი არ არის. ის მიშა სააკაშვილი ნუ გგონიათ, რომელმაც წინ სახელმწიფოებრივი ინტერესები დააყენა და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. ივანიშვილი არ არის სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი. ამიტომ ის სულ სხვა სიბრტყეში ცხოვრობს და აზროვნებს. ნებისმიერ მცდელობას შეამცირონ მისი საკონტროლო პაკეტი სახელმწიფო მენეჯმენტში განიხილება, როგორც რეიდერული ქმედება და საქმეში ერთვება მაფიოზური მენტალიტეტი. მაფიოზების მეთოდებზე ლექციის წაკითხვას კი ნამდვილად არ ვაპირებ. ჩვენ ხომ საქართველო ვართ. სადაც სულ რაღაც 15 წლის წინ საყვარელი ფილმები იყო ნაიარევი სახე, ნათლი მამა და კარლიტოს გზა.

 

ამიტომ, ხელისუფლების კლასიკური გზით ცვლილების შანსები დროთა განმავლობაში სულ უფრო შემცირდება და შეიძლება მრავალი ათწლეულითაც გაქრეს. გაქრობით კი იმ შემთხვევაში გაქრება თუ ივანიშვილის ფეოდალური წყობის პირობებში მოქალაქე ყმად გადაიქცევა. პირველ რიგში კი მენტალურად და შემდეგ უკვე მატერიალური და სოციალური მდგომარეობით.

 

კიდევ ერთხელ ვიტყვი: თავისუფლება ადამიანის თავში იბადება და მხოლოდ ადამიანის თავში შეიძლება მისი მოკვლა. ამიტომ, თავისუფლებისთვის ბრძოლის მთავარი ფრონტის ხაზი ზუსტად მოქალაქეთა აზროვნებაზე, მათ მენტალობაზე და მათ თავებზე გადის. ზუსტად ამ გარემოების გამო ჩამოყალიბდა პუტინი “თავებზე მონადირედ” და იგივე პროფესია აირჩია ბიძინა ივანიშვილმაც. ნებისმიერი სხვა ბრძოლა თავისუფლების წინააღმდეგ მათ უბრალოდ აპრიორი წაგებული აქვთ. ამაზე მეტყველებს ივანიშვილის მხრიდან “რუსთავი 2”-ის განადგურების დაუოკებელი სურვილიც.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია