სპეცოპერაცია და ფარსი სახელად “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-11-2016, 23:55 | პოლიტიკა | ნანახია - 3035

სპეცოპერაცია და ფარსი სახელად “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოში

ნიკა რურუა

 

სულ ახლახანს ახლადარჩეული პარლამენტი შეიკრიბა ქუთაისში. რადგან პირველი სხდომა გაშუქდა მედიის მიერ ახლა საუბარი სხვა თემაზე გვექნება - საპარლამენტო არჩევნებზე, რაც წინ უძღოდა ამ ახალ, და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ეკლექტურ საპარლამენტო შემადგენლობას.

 

მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი.

 

არჩევნები ეს სინამდვილეში არ ყოფილა - ეს იყო არჩევნების სიმულაცია; ფარსი, რომლის არსი მხოლოდ მათთვისაა ცნობილი, ვინც მასში მონაწილეობდა - ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მასში მონაწილეობა არ მიიღო.

 

მე შემიძლია მოკლედ მთაწმინდის მაჟორიტარული არჩევნების შესახებ გესაუბროთ, რადგან ყველაზე მეტი ამ პროცესზე ვიცი, როგორც ერთ-ერთმა კანდიდატმა.

 

მაშ ასე, მივყვეთ მოვლენებს.

 

თავიდანვე ძალიან საეჭვო იყო ფაქტი, რომ მმართველომა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” მთაწმინდის რაიონში საკუთარი კანდიდატის დაყენებაზე უარი განაცხადა. მან მხარდაჭერა “დამოუკიდებელ” კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

 

ამან, ცხადია, გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია პოლიტიკურ წრეებში, რადგანაც ბევრს ეგონა, რომ ორიდან ერთთან გვქონდა საქმე: ან “ოცნებას” უკეთესი კანდიდატი არ ჰყავდა, ვიდრე “დამოუკიდებელი” ზურაბიშვილი, ან ის ეგუებოდა მთაწმინდის რაიონის წაგებას და დამარცხების ჩრდილის ასაცილებლად საკუთარი პარტიის წევრს არ იყენებდა. აქ იყო რაღაც ლოგიკისმაგვარი.

 

თურმე ცდებოდა ყველა, ჩემი ჩათვლით, ვისაც ასე ეგონა და აი რატომ.

 

მმართველმა პარტიამ თავიდანვე ეშმაკობას მიმართა. მან შექმნა ილუზია, თითქოს ხარისხიან კამპანიას უბრალოდ ვერ აწარმოებდა და ამისთვის პასუხისმგებლობას ზურაბიშვილს აკისრებდა. დაიყარა ჭორები, რომ “მთაწმინდა ოპოზიციას მოგებული აქვს” და რომ “ხელისუფლებამ არ იცის, რა ქნას”, და ა.შ. სამწუხაროდ, ამგვარმა ხრიკებმა ერთგვარი ეფექტი იქონიეს როგორც ჩემზე, ისე სხვებზე და ჩვენ დავიჯერეთ, რომ ხელისუფლება მართლაც აპირებდა ჩვეულებრივი, შეჯიბრებითობის წესით წარმოებული არჩევნების ჩატარებას, რაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამოცანას სულაც არ აიოლებდა ჩვენთვის, მაინც იძლეოდა ოპოზიციონერის გამარჯვების შანსს.

 

ასე სულაც არ აღმოჩნდა.

 

ხელისუფლების რეალური ჩანაფიქრი არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გამჟღავნდა.

 

პირველ რიგში, ის რაც აშკარად უწესო თამაშის გამართვას მოასწავებდა, იყო ჩემი საარჩევნო შტაბის უფროსის მოულოდნელი დაპატიმრება: მას ღამის ორ საათზე, სუპერმარკეტში საკვები პროდუქტების ყიდვისას ათიოდ პოლიციელმა იარაღი ჩაუდო და იმ წამსვე “აღმოუჩინა” იგი, რისთვისაც იგი დღემდე პატიმრობაში რჩება.

სპეცოპერაცია და ფარსი სახელად “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოში


ასეთი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ მომხდარა: ეს იყო პირველი და უტყუარი ნიშანი ჩვენს წინააღმდეგ ღიად სახელმწიფო რესურსების უკანონოდ და უტიფრად გამოყენებისა.

 

მეორე, რაც სულ მალე აღმოვაჩინეთ, იყო თავზარდამცემად გაყალბებული საარჩევნო სიები, სადაც ჩაწერილი იყვნენ უცხოეთში წასული ხალხიდან დაწყებული, მიცვალებულებითა და არასებულ მისამართებზე მცხოვრები ადამიანებით დამთავრებული ამომრჩევლები.

 

ჩვენს უსიამოვნო სიურპრიზებს დაემატა ე.წ. მთაწმინდის რაიონის მისამართებზე “კანონიერად მიწერილი” პირები, ვინც სინამდვილეში იქ არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ აბსურდული წესის თანამხად რომელიც ისევ ძალაშია, უფლებამოსილი იყვნენ არჩევნებში ხმა მთაწმინდაზე მიეცათ. მარტო 2016 წლის ივლისიდან სექტემბრამდე მთაწმინდის რაიონში 2400-ზე მეტი ადამიანია “მიწერილი” იუსტიციის სამინისტროს მიერ; თუ ამას წინა ორი წლის “მიწერილებს” დავუმატებთ, რიცხვი სამმაგდება.

 

ადვილი წარმოსადგენია ვისი “ამომრჩევლები” იყო ეს ხალხი.

ანუ, ეს იყო როგორც მინიმუმ 6000 ხმიანი წინასწარი უპირატესობა სამთავრობო კანდიდატისთვის. დაიმახსოვრეთ ეს ციფრი.

სპეცოპერაცია და ფარსი სახელად “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოში

მაგრამ სულ ეს არაა. ამ ყველაფერს დაემატა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები: ბაღების მასწავლებლები, სკოლების პედაგოგები, პოლიცია, გამგეობისა და მერიის თანამშრომლები, სამინისტროების, მათი აიპ-ებისა და დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები წარმომადგენლები და ა.შ. ვისაც პირდაპირ დაევალათ სამთავრობო კანდიდატისთვის ხმის მიცემა სამსახურების დაკარგვის საფრთხის ქვეშ, თუ ისინი ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდნენ.

 

კიდევ სულ მთლად ესეც არაა. საქმეში არჩევნების დღეს ამ ყველა მეთოდთან ერთად ბანალური გაყალბების ყველა სხვა არსებული ხრიკიც ჩართო ხელისუფლებამ: ე.წ. სომხური კარუსელები, სადაც ამომრჩეველს აიძულებენ უკვე შემოხაზული ბიულეტენი შეიტანოს და ცარიელი გამოიტანოს გარეთ, რომელსაც ისევ სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ შემოხაზავენ და ისევ შეატანინებენ მორიგ მონაწილეს კარუსელისა; ორმაგი და სამმაგი პირადობის მოწმობების მქონე პირები, ვინც ხმას ორ და შესაძლოა მეტ ადგილას აძლევდნენ; მარკირებაგავლილი პირები, რომლებიც უბნების მზადყოფნას ამოწმებდნენ და დამკვირვებლების უყურადღებობის შემთხვევაში სასწრაფოთ სარგებლობდნენ ამ უბანზე ასობით ყალბი ამომრჩევლის მოყვანით; და ბოლოს, სრულიად მობილიზებული ე.წ. ქუჩის მოკრიმინალო ელემენტების გამოყენება, ვინც საკუთარ უბნებში საარჩევნო უბნებთან ჯგუფებად იდგნენ, და ადგილობრივ მოსახლეობას (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) მუქარითა და დაპირებებით აიძულებდნენ სამთავრობო კანდიდატის მხარდაჭერას.

 

ოქროყანაში იყო ასეთი შემთხვევაც: ვიღაც პატიმრის დედა, რომლის გათავისუფლებასაც მას ხელისუფლების წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ თანასოფლელებთან დახმარების შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში იდგა საარჩევნო უბანზე (ოქროყანის ერთადერთ საარჩევნო უბანზე) და ყველას ევედრებოდა რომ “არ დაეღუპათ მისი შვილი”, და რომ მხარი სამთავრობო კანდიდატისთვის დაეჭირათ, რადგან ამ შემთხვევაში მისი შვილი “განთავისუფლდებოდა”. ცხადია, ამან თანასოფლელებზე გარკვეული ეფექტი იქონია და მუხლებზე დაჩოქილ დედას უამრავმა თანასოფლელმა ამომრჩეველმა “უთანაგრძნო”.

 

ამავე დროს, სავარაუდოდ ხელისუფლებასა და მის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ე.წ. “სუს”-ს საკუთარი შემოგზავნილი ჯაშუშების დახმარებით გააჩნდათ ჩვენი პარტიის კვლევები მონაცემები, ე.წ. კარდაკარის მონაცემები - ანუ, ზუსტი ინფორმაცია ჩვენი სავარაუდო ამომრჩევნლის რაოდენობის შესახებ მთელი ქვეყნის მაშტაბით. ამან მმართველ პარტიას მისცა ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანის მოყვანით იგებდნენ ისინი არჩევნებს.

 

ამ ყველაფერმა, საამომრჩევლო პასიურობის ფონზე, სადაც ნახევარ ამომრჩეველზე მეტი არჩევნებზე არ მოვიდა, შექმნა საშუალება სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ერთი დიდი სპეცოპერაციის დაგეგმვისა, რომელიც არჩევნების ორივე ტურში წარმატებულად განხორციელდა.

 

ყველა უბანზე მოიყვანეს იმდენი ამომრჩეველი, რამდენიც უეჭველ გამარჯვებას უზრუნველყოფდა. თითოზე ასი, ასოცი, ზოგან ასორმოცით მეტი ამომრჩეველი. ყველგან ერთნაირად. ყველა 31-ვე უბანზე.

სპეცოპერაცია და ფარსი სახელად “საპარლამენტო არჩევნები” საქართველოში 

წინასწარ შერჩეულ და (მათ შორის) თანხაგადახდილ ხალხს, ისევე როგორც საჯარო სექტორის თანამშრომლებსა და ორმაგი პირადობების მქონეებს პოლიციის, გამგეობის, მერიისა და სუსის მანქანები მთელი დღის განმავლობაში დაატარებდნენ მათ უბნიდან საარჩევნო უბნამდე.

 

შედეგმაც არ დააყოვნა.

 

პირველ ტურში ქ-მა ზურაბიშვილმა ამ მეთოდების გამოყენების წყალობით 3000-ზე მეტი ხმით “გამასწრო”, თუმცა საჭირო 50% ბარიერი მაინც ვერ გადალახა და არჩევნების მეორე ტური გახდა აუცილებელი.

 

ანუ, სპეცოპერაციამ სახელად “არჩევნები” პირველივე ტურში გამარჯვება მაინც ვერ შეძლო, იმდენად წარმატებული კამპანია ვაწარმოეთ მთელი 3 თვის განმავლობაში.

 

თავს აღარ შეგაწყენთ იმის შეხსენებით, თუ რა პერიპეტიები მოჰყვა მეორე ტურში მონაწილეობა/ბოიკოტირების დისკუსიებს. საბოლოოდ გაიმარჯვა აზრმა, რომ საჭირო იყო მეორე ტურში მონაწილეობა თუნდაც იმიტომ, რომ უკეთ გამოაშკარავებულიყო და დაფიქსირებულიყო ის კანონდარღვევები, რომელთა გამოყენებითაც ხელისუფლებამ პირველი ტურები “მოიგო”.

 

მეორე ტურებშიც ზუსტად იგივე განმეორდა, ოღონდ კიდევ უფრო უტიფრად და ღიად: ისევ კარუსელები, ყალბი სიები, მიწერილი ხალხი, ორმაგი პირადობები, ფულით მოყვანილი, მერიის, პოლიციისა და გამგეობების მანქანებში მოკალათებული ხალხი, და ქუჩის ელემენტების ამჟამად უკვე ღია და ძალიან ხეპრული, დაუსჯელობით წაქეზებული ზეწოლა ამომრჩეველზე.

 

მეორე ტურში სამთავრობო კანდიდატმა ჩამოთვლილი მეთოდების წყალობით უკვე 6000 ხმით მეტი “მიიღო” და მთაწმინდის მაჟორიტარი “გახდა”. ამ 6000 ხმიდან რაღაც რაოდენობა აშკარად იმ 6000 მიწერილი ხმის ნაწილია, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, რასაც დანარჩენი მანიპულაციებით მოპოვებული ხმებიც დაემატა.

 

ასე ჩატარდა მთაწმინდის რაიონში სპეცოპერაცია სახელად “არჩევნები”.

 

მოკლედ, მორალი ამ ამბისა ასეთია: თუ ეს მანკიერი პრაქტიკა ძირფესვიანად არ აღმოიფხვრა, ხელისუფლება ასე ყოველთვის “მოიგებს” არჩევნებს და ხალხს, ვისაც ცვლილება სწადია, სხვა არაფერი დარჩება, თუარა მცდელობა ქუჩის აქციებით ძალაუფლების უზურპატორთა დამხობისა.

 

მკითხველი აქ იკითხავს: როგორ, თქვენ რევოლუციას აანონსებთ?

 

ჩემი პასუხი ასეთი იქნება: არა, მე სულაც არ მსურს ახალი რევოლუცია, მაგრამ არსებული მახინჯი მოდელი ცრუ-დემოკრატიისა მას ადრე თუ გვიან გარდაუვალს ხდის.

 

ვიქტორ ჰიუგოსი არ იყოს: “… და ნუ დააბრალებთ ამას (ყველაფრის მნგრეველ, უეცრად თავსდამტყდარ ცვლილებებს) მიწისძვრასა და ქარიშხალს - თქვენ მას დიდი ხანი საკუთარი ხელით ამზადებდით.”

 

P.S. ამ “არჩევნებს” კიდევ არაერთხელ დაუბრუნდები, და იმ გამოცდილების გაზიარებას შევეცდები, რომელიც კამპანიის წარმოებისას შევიძინე, იქნებოდა ეს ე.წ. კარდაკარის კამპანიისას, მოქალაქეებთან შეხვედრებისას, არსებულ პრობლემათა შესწავლისას შეძენელი გამოცდილება. დანარჩენ თემებზე, და რაც მთავარია, ვერის, სოლოლაკის, ოქროყანის და მთაწმინდის უმძიმეს სოციალურ თუ ინფრასტუქტურულ პრობლემებზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. აუცილებლად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია