როგორ ეხმარება ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-11-2016, 23:47 | პოლიტიკა | ნანახია - 2693

როგორ ეხმარება ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას

რუსა მაჩაიძე

 

მინის კარებს გააღებთ თუ არა, მარჯვნივ კედელზე დიდი აფიშები კიდია და თანაც ეს აფიშები ელექტრონულია, ანუ გამოსახულება პერიოდულად იცვლება. თითოეულ აბრაზე სხვადასხვა ფილმის რეკლამაა, რომელიც კინოთეატრში გადის. აფიშებს შორის კი ერთი დიდი აფიშაა, სადაც ანონსს აჩვენებენ. ფილმების უმეტესობას ენად რუსული აქვს მითითებული. აბრის მეორე ნაწილი კი საერთოდ რუსულ ენაზეა.

 

საქართველოში სახელმწიფო ენა ქართული და აფხაზურია და, თუკი მეორე ენის დამატებაა საჭირო, ეს ან აფხაზური უნდა იყოს, ან ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა. მიუხედავად იმისა, რიმ კინოთეატრი სახელმწიფო უწყებას არ წარმოადგენს, საზოგადოების თავშეყრის ადგილად ითვლება და რუსულ ენაზე გაკეთებული აფიშა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რომელიმე საერთაშორისო ენა არ არის გამოყენებული, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. თუმცა, ყველაფერი უფრო რთულადაა – ეს შემთხვევა პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს.

 

ფილმი „ანგარიშსწორება“ აშშ-შია გადაღებული. „უიჯიც“ ამერიკულია, ისევე, როგორც ყველა ის ფილმი, რომელიც კინოთეატრში რუსულად გადის. არადა, კანონმდებლობით ეს აკრძალულია. ქართული კანონმდებლობით, კინოთეატრებში ფილმები ქართულად გახმოვანებული უნდა გადიოდეს, ან ორიგინალის ენაზე და ქართული ტიტრებით. ყველა სხვა ენაზე და მათ შორის რუსულად გახმოვანება, თუნდაც ქართული სუბტიტრების დართვით, კანონით აკრძალულია (საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, მუხლი 5, პრიმა).

 

ეს კანონი 2011 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს და ამ მოთხოვნების დარღვევით ფილმის ჩვენებისთვის კანონი ითვალისწინებს კინოთეატრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით, ხოლო მესამედ და მეტჯერ ამ ქმედების ჩადენის შემთხვევაში – 10 000 ლარით დაჯარიმებას.

 

კინოდარბაზში ფილმის ჩვენებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებენ და გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კი სასამართლოს ოქმის გადაგზავნიდან 7 დღის ვადაში გამოაქვს.

როგორ ეხმარება ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას


ეს აფიშები კინოთეატრ „თბილისშია“ გამოკრული, მაგრამ იდენტური ვითარებაა ყველა კინოთეატრში. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველა კინოთეატრს ერთი კომპანია მართავს. ჩვენ ვცადეთ, კომპანიის პიარსამსახურს დავკავშირებოდით განმარტების მოსასმენად, რატომ არღვევენ კანონს ან ვინმე თუ სთხოვთ ამაზე პასუხს, მაგრამ მათ ჩვენთვის პასუხის გაცემაც კი არ ისურვეს, ისევე, როგორც კულტურის სამინისტროში, რომელიც მონიტორინგზეა პასუხისმგებელი.

 

უფრო მეტიც, როგორც იურისტები ჩვენთან საუბრისას განმარტავენ, უნდა არსებობდეს კულტურის სამინისტროს სათანადო ბრძანება, რითაც კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ან პირები იქნებიან კანონით განსაზღვრული, მაგრამ ასეთი ბრძანება სამთავრობო დოკუმენტებში არ იძებნება.

 

„კინოთეატრებში ფილმის ჩვენება, როდესაც ის არ ხორციელდება პირველადი წარმოების ენაზე ქართული სუბტიტრებით ან ქართულ ენაზე დუბლირებით, წარმოადგენს ,,ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. კინოაფიშებით თუ ვიმსჯელებთ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ფილმები არ გადის არც ორიგინალ ენაზე და არც ქართული გახმოვანებით.

 

ფილმის კინოთეატრში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განთავსების საკითხზე მონიტორინგის განხორციელება და გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება – სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირების ვალდებულებაა. გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტი, რომ 2011 წლიდან (როდესაც აღნიშნული კანონი ამოქმედდა) დღემდე ფილმის კინოთეატრში განთავსება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევებით და ეს შესაბამისი რეაგირების გარეშეა დარჩენილი. იკვეთება ის გარემოება, რომ შესაძლოა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დაკისრებული ვალდებულებები ჯეროვნად არ ხორციელდება“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

 

მისი განმარტებით, თუკი არ ხდება კინოთეატრების დაჯარიმება და მათ წინააღმდეგ სათანადო სანქციების გამოყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონს უკვე არა მხოლოდ ისინი არღვევენ, არამედ კონკრეტული სამინისტროც, რაც, მისივე განმარტებით, ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს.

 

კინოთეატრის ფოიეში ფილმის დაწყებამდე მაყურებლებს გავესაუბრეთ და ახალგაზრდები რუსულად ჩვენების გამო უკმაყოფილოები არიან. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ქართულად რაც გადის, თუ გადის რამე, იმდენად ცუდი ნათარგმნია, რომ ურჩევნიათ საერთოდ არ იყოს გახმოვანებული.

 

თავის დროზე, როდესაც ეს კანონი მიიღეს, მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ის, რომ რუსულ პროპაგანდას სახელმწიფო ქმედითი ინსტრუმენტი დაპირისპირებოდა. რუსეთის მხრიდან „რბილი ძალის“ გამოყენება კი დღეს არანაკლებ საშიშია, ვიდრე საომარი მოქმედებები. ამაზე ბოლო პერიოდში დასავლეთი უკვე ღიად საუბრობს, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე დგანან და მათ შორის საქართველოშიც, ქმედით იარაღად სწორედ ამ საშუალებას იყენებს. ეს კი იმდენად სახიფათოდ არის მიჩნეული, რომ ევროკავშირმა დაფინანსებაც კი გამოყო ამ პრობლემასთან დასაპირისპირებლად.

 

განსაკუთრებით სახიფათო ენის გავრცელების გავლენაა, ამაზე მთელი რიგი კვლევებიც არსებობს. თავისთავად რუსული ან რომელიმე სხვა ენის ცოდნა არ შეიძლება, ცუდი იყოს, პირიქით. მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, თუ რა ფორმით ეწოდება საზოგადოებას. ინგლისური ან ფრანგული ფილმი რუსულად რომ ითარგმნება და შემდეგ მოსახლეობა ამ ფილმს უყურებს რუსულად, აქ ქვეცნობიერად მოქმედებს ის, რომ ინგლისური და სხვა ენები არის უცხო ენა და რუსული უკვე „მშობლიური ენის“ ადგილს იკავებს. როდესაც ეს ინტენსიურ ხასიათს იღებს, უკვე ჩნდება განცდა, რომ რუსული არის მშობლიური ენის შემცვლელი და შესაბამისად აღარ არის არც უცხო და არც მტრის ენა. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდი, საზოგადოებაში როგორ უნდა გაავრცელო საკუთარი გავლენა და როგორ მიაღებინო შენი აზრი, როგორც საკუთარი. ამიტომაც იყენებს რუსეთი ამ მეთოდს ასე აქტიურად და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი თავის დროზე, როდესაც ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები დაწესდა.

 

კრემლი რუსულ ენას სწორედ პოლიტიკური მიზნებით რომ იყენებს, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს, რომლის თანახმად, რუსულ ენას ახლო საზღვარგარეთში განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი უნდა მიენიჭოს.

 

ეს განცხადება ორმაგად იყო შოკისმომგვრელი, რადგან ტერმინი „ახლო საზღვარგარეთი“ აღნიშნავდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ბლოკს და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ტერმინი აღარ გამოიყენებოდა. ახლაკი კი ოფიციალური რუსეთისმხრიდან ამ ტერმინის გამოყენება აღქმული იქნა კრემლის სიგნალად. მეორე მიზეზი კი უკვე უშუალოდ ენას უკავშირდება. რუსეთს სურს, ყოფილი სატელიტები აიძულოს, რუსულ ენას განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭონ.

 

ამ ფონზე კი აფიშების ენად რუსულის გამოყენება, ამერიკული ფილმების რუსულად ჩვენება და ა.შ. ცალსახად რუსული გავლენის ხელშეწყობად აღიქმება და ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან კანონდარღვევის ხარჯზე ამ პოლიტიკის ხელშეწყობა ხდება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია