‘საძაგელი’ ტრამპი და ‘საყვარელი’ ჰილარი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-11-2016, 03:16 | პოლიტიკა | ნანახია - 2154

‘საძაგელი’ ტრამპი და ‘საყვარელი’ ჰილარი
ნიკა რურუა

 

ქართველებს უკიდურესობები გვიყვარს. ეს არაა ახალი ამბავი. აშშ-ს არჩევნებიც ცალსახად ამ ჩვეულების ჩარჩოებში განვიხილეთ და განვიცადეთ: თითქმის ყველა ნაცნობს მოწონდა ჰილარი კლინტონი და ძალიან არ მოწონდა დონალდ ტრამპი. ამის მიზეზებიც, ცხადია, ბევრი იყო ჩვენი ეროვნული თავისებურებებისგან დამოუკიდებლად - ტრამპი უხეშობდა, ჰილარი იღიმებოდა; ტრამპი იტყუებოდა - ჰილარი აღარ იტყუებოდა; ტრამპს ქალები სდებდნენ ბრალს მოგვახტა და დაგვჩქმიტაო - ჰილარი თვითონ ადიულტერის მსხვერპლი იყო; ტრამპი კაცია - ჰილარი კი შესაძლო პირველი ქალი-პრეზიდენტი, და ა.შ.

 

თანაც, ჰილარისაგან მეტნაკლებად ყველა პროგნოზირებად ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს ველოდით: ვიცოდით, რომ პუტინის რუსეთთან ურთიერთობების სულელური “გადატვირთვის” ფიასკოს შემდეგ პრეზიდენტი ჰილარი იგივეს არ იზამდა, მაშინ როცა ტრამპმა პუტინს კამპანიის განმავლობაში არაერთხელ მიუძღვნა თბილი კომპლიმენტები და ყველასგან საძულველი რუსეთის პრეზიდენტი ღიად შეაქო.

 

ეს, ბუნებრივია, ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორიც ჩვენ ვართ, ძალიან არ მოგვეწონა: პუტინის რუსეთი ჩვენი მტერია, რაც არ უნდა თქვას ამაზე ვინმე ყოფილმა მინისტრმა პ.ზაქარეიშვილმა. ეს ბავშვმაც კი იცის. ასე რომ, ტრამპმა საკუთარ ხეპრულ გამოხტომებს ჩვენსა და მთელი თავისუფალი სამყაროს დაუძინებელ მტრის ქება-დიდებაც დაამატა და მთალ დაგვზაფრა.

 

“შანსი არაა, რომ ამ გიჟმა გაიმარჯვოს”. “ამას ამერიკა არ დაუშვებს”. “ეს ამერიკაა, ძმაო - აქ იდიოტები კი არ არიან” - მესმოდა მარცხნიდან და მარჯვიდან და უნდა გამოგიტყდეთ, გულს უხაროდა, იმიტომ რომ მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი - ტრამპს ვერანაირი “ლოგიკით” ვერ უნდა გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამაზე, მისი უცნაური ვარცხნილობიდან დაწყებული, და მისი მეუღლის პლაგიატური მიმართვები თუ ტრამპის კამპანიის უუცნაურესი მხარდამჭერებით დამთავრებული, ყველაფერი ერთად ღაღადებდა.

 

თურმე, როგორ ვცდებოდით.

 

თან ყველანი ერთად - ქართველებიც, ამერიკელებიც და ყველა დანარჩენიც.

 

მიზეზი ამას, ცხადია, აქვს და ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება. განსაკუთრებით ახლა, როცა მომხდარის გაანალიზების უპირატესობა ჩვენს ხელთაა.


მაშ ასე, დავიწყოთ.

 

მიზეზი პირველი: ტრამპი პოლიტკორექტულობით დაღლილ ამერიკელებს ღიათ, ტლანქად და მოურიდებლად მიმართავდა და სწორედ იმას ამბობდა, რის თქმასაც ვერავინ ბედავდა, მაშინ როცა კლინტონი თავს იკლავდა, რომ სწორედ პოლიტკორექტული, ცივილიზებული და პროგნოზირებადი გამოჩენილიყო აწყვეტილი ოპონენტის ფონზე. ამან სწორედ საპირისპირო შედეგი გამოიღო, რადგანაც კლინტონი ტრამპს სწორედ იმაში ეჯიბრებოდა, რაც ტრამპმა პრობლემების უმთავრეს მიზეზად გამოაცხადა - პოლიტკორექტულობაში. შესაბამისად, ჰილარი იმაში ტრამპს ვერანაირად ვერ აჯობებდა, რაშიც ეს უკანასკნელი მას, უბრალოდ, არც ეპაექრებოდა; მეტიც, რაშიც მას ბრალს სდებდა. ასე რომ, რაც უფრო “დაუთავებული”, “მეინსტრიმული” და ზრდილობიანი იქნებოდა ჰილარი, უფრო მეტად ხეირობდა ტრამპი, ვინც ამ ყველაფერს ჰილარის სიცრუედ, არაგულწრფელობად და სიყალბედ აცხადებდა.

 

მიზეზი მეორე: ტრამპმა ყველაფერი “პირიქით” გააკეთა, ვიდრე მას ამას ურჩევდა როგორც სოციოლოგია, ისე საზოგადოებრივი აზრი, რესპუბლიკური პარტიისა თუ მის გარეთ. “არ მოგწონთ როგორ ვიხსენებ ქალებს? - უფრო მეტად აგდებულად მოვიხსენიებ მათ (მაგალითად, “როზი ო’დონელი ღორია”)”; “არ მოგწონთ პუტინი? - მე კიდევ მას შევაქებ და ბრწყინვალე ლიდერს ვუწოდებ”; “ვერავინ აგინებს მექსიკელ უკანონო ემიგრანტებს? - მე მათ უზარმაზარ კედელს ავუშენებ, რომ აქ ყველა ჯურის კრიმინალი და გამაუპატიურებელი ვეღარ გადმოძვრეს”; “მოგწონთ თაღლითი ჰილარი კლინტონი? - მე მას ციხეში ამოვაყოფინებ თავს” და ა.შ და ა.შ.

 

მიზეზი მესამე: ტრამპმა, როგორც პოლიტიკური ელიტის არაწევრმა, თავიდანვე გააჩინა იმედი, რომ ის “რაღაცას შეცვლიდა ვაშინგტონში”, მაშინ როცა ჰილარი კლინტონის კამპანიის მწვერვალი პრეზიდენტ ობამასა და პირველი ლედის, მიშელის მონაწილეობა გახდა, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებდა - ჰილარი კლინტონი ამათი (ობამების, დემოკრატიული პარტიის, და ზოგადად, ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტის) წარმომადგენელი და მათი საქმეების გამგრძელებელი იქნებოდა; ანუ, ვიღაც, ვინც სტატუს ქვოს დაუჭერდა მხარს, და არა რადიკალურ ცვლილებებს.

 

მიზეზი მეოთხე: ტრამპი, გულწრფელად თუ არაგულწრფელად, მაგრამ მაინც რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა, დემოკრატი ობამას რვაწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ, მაშინ როცა ჰილარიც, მოგეხსენებათ, დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა. ძალიან იშვიათია, რომ ორი ვადით არჩეული პრეზიდენტის შემდეგ ახალი პრეზიდენტიც იგივე პარტიიდან აირჩიონ.

 

და მიზეზი მეხუთე: ტრამპი ბევრად ქარიზმატული კანდიდატი აღმოჩნდა, ვიდრე ჩამქრალი, ფერმკრთალი და საკმაოდ გაუბედავი კლინტონი: ტრამპი ყველა დებატში ბევრად ბუნებრივი, თავისუფალი და გულწრფელი ჩანდა (უზრდელობის შემთხვევაშიც კი), ვიდრე დატრეინინგებული და დაყენებული მანერების პატრონი ჰილარი.

 

ამ, და სავარაუდოდ, სხვა მიზეზების გამო პოლიტიკაში ახალბედა დონალდ ტრამპმა გამოცდილ პოლიტიკოსს, ჰილარი კლინტონს საპრეზიდენტო არჩევნები მოუგო და აშშ-ს ორმოცდამეხუთე პრეზიდენტი გახდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პროგნოზირება რთულია, ჩემი აზრით ამ კანდიდატის წინასაარჩევნო სტერეოტიპის ტყვეობაში დარჩენა არ ღირს. ადვილადაა შესაძლებელი, რომ ტრამპმა დალაგებულ და წინასწარგანჭვრეტად ჰილარი კლინტონს არათუ არ დაუთმოს, არამედ მასზე ბევრად უკეთესი პრეზიდენტიც აღმოჩნდეს.

 

ეს, შესაძლოა, ჩვენი მხრიდან სასურველის რეალობად მიჩნევასაც ჰგავდეს, მაგრამ, ამ კანდიდატს არსებულ მოცემულობაში ჰილარი კლინტონთან შედარებით მართლაც აქვს ნაკლები შემბოჭავი ფაქტორები და ნაკლები ტვირთი, რაც მას მეტი თავისუფლებისა და მანევრირების საშუალებას აძლევს.

 

როგორც ამბობენ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ძალიან ბევრ მოულოდნელობას პირდება მსოფლიოს. და მათ შორის, ჩვენც, საქართველოს.

 

ამას სულ მალე არა მარტო გავიგებთ, არამედ ვიგრძნობთ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია