კონკრეტული კითხვები საქართველოს ხელისუფლებას

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-11-2016, 22:18 | ეკონომიკა | ნანახია - 2205

კონკრეტული კითხვები საქართველოს ხელისუფლებას

 

დავით ნებიერიძე

 

სანამ კითხვების დასმაზე გადავალ მცირედი შესავალი მინდა გავაკეთო:

 

«უკრაინული მაიდანი» იანუკოვიჩის ანტისახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე და ქვეყნის საგარეო კურსის ევრაზიული კავშირისკენ შეაბრუნება სცადა - «უკან საბჭოთა კავშირში». უკრაინელ ხალხს მაღალი დონის სახელმწიფოებრივი თვითშეგნება აღმოაჩნდა და კონსოლიდაციით, სამოქალაქო პროტესტის გზით დაამხო კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რითიც პირუთვნელად დაიცვა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და თავისუფლების იდეა. ზუსტად ამას ქვია მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნების მოქალაქეთა პრევენციული ქმედება. მაგრამ, როდესაც მოქალაქეებს არ გააჩნიათ ამგვარი თვითშეგნება, ისინი სამწუხაროდ ინსტიქტებით ცხოვრობენ. ანუ, ყველა მოვლენაზე პოსტფაქტუმ რეაგირებენ და მოკლებულნი არიან პრევენციული ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებას. შესაბამისად, ასეთ საზოგადოებაში ცვლილებები ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი საბოლოოდ დალპება და ჩამოიშლება. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს საქართველოში ზუსტად ასეთი რეალობაა. რაც წლევანდელმა საპარლამენტო არჩევნებმაც დაამტკიცა. მიუხედავად უამრავი კანონდარღვევისა და პრაქტიკულად არჩევნების ფალსიფიცირებისა, პირადად მე მაინც ვერ დავინახე საზოგადოების კონსოლიდირებული სურვილი ხელისუფლების შეცვლის გზით უკეთესი მომავალი აერჩიათ. რაც საზოგადოების პრევენციული ქმედება იქნებოდა ყველა იმ ნეგატიური და ტრაგიკული პროცესების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც აქტიურ რეჟიმში განვითარდა არჩევნების შემდეგ.

 

უკვე გარდაუვალი ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომლის ძალაუფლების წყარო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია და მთლიანად არღვევს დემოკრატიის პრინციპებს, აქტიური ლპობის რეჟიმში გადავიდა. ეს კი იმ მოცემულობის გვერდითი მოვლენაა, რასაც ქვია ქვეყნის მიზანმიმართული ნგრევა და საზოგადოების კეთილდღეობის მიზანმიმართული და მეთოდური ჩამოშლა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ დღევანდელი მოცემულობა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. ისინი სულაც არ არიან უნიათოები. მოქალაქეთა დაჩაჩანაკება, მათი კეთილდღეობისთვის ფუნდამენტის მორღვევა ივანიშვილის ხელისუფლების უპირველესი მიზანია. რომლის საბოლოო პროდუქტი იქნება მორჩილი ამომრჩეველი. რომელსაც მათივე ვარაუდით იაფად და მარტივად იყიდის ყოველ ჯერზე, იმიტომ, რომ ძლიერი, წარმატებული, თვითკმაყოფადი მოქალაქე მთლიანად ანგრევს ივანიშვილის ძალაუფლების კონცეფციას. ხოლო თუ საქრთველოს არ ეყოლება წარმატებული საზოგადოება ის ვერ იქნება წარმატებული სახელმწიფო. რაც მთლიანად ჯდება კრემლის «რუსული სამყაროს» იმპერიულ კონცეფციაში.

 

ის პროცესები რომლებიც გააქტიურა ივანიშვილის ხელისუფლებამ თავისი პირველივე გადაწყვეტილებებით პირველ რიგში ემსახურება სახელმწიფოებრივი ფორმაციის შეცვლას. ანუ, ამ გადაწყვეტილებების კასკადით ხელისუფლებას ქვეყანა თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გადაყავს რეგულირებად, სოციალისტურ ფორმაციაზე. რაც ფაქტიურად შეფარული კონსტიტუციური გადატრიალებაა. ფორმაციის ამგვარი ცვლილება კი შეუქცევადად შეცვლის საქართველოს საგარეო ვექტორს და ევროინტეგრაციის ნაცვლად გადაგვაქცევს «რუსული სამყაროს» ნაწილად. რაც გარანტირებულად მოგვისპობს წარმატებული მომავლის ყველანაირ შანსს. რამეთუ, «რუსული სამყარო» ეს არის აგონიაში მყოფი წარმონაქმნი. რომელიც უკვე ყარს უკიდურესი ლპობის გამო და მალე ტრაგიკული შედეგებით დასრულდება ყველა მისი აქტორისთვის. ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მოკლე რეზიუმე რომ გაუკეთოთ და არ მოვერიდოთ მკაცრ შეფასებებს, სახეზე გვაქვს ხელისუფლების სრული უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება.

 

ყველაზე დიდი რისკები მაშინ წარმოიქმნება როდესაც ხელისუფლება ბოროტებას ხალხზე ზრუნვის მოტივით ნიღბავს. სიმახინჯეა როდესაც პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ისინი ღარიბი ხალხის ხელისუფლებაა. ანუ, აპრიორი ემიჯნებიან წარმატებულ მოქალაქეებს. არა და ზუსტად წარმატებულ ადამიანებზე დგას ძლიერი სახელმწიფო და ამ ფაქტის უგულებელყოფა ყველაზე დიდი მავნებლობაა. ივანიშვილის ხელისუფლების პირველივე მოქმედებები ზუსტად ამ კონცეფციას ეწინააღმდეგება და პოპულიზმის მეტი არაფრით აიხსნება. კრიზისული მენეჯმენტისთვის კი პოპულიზმი უპირველესი მტერია.

 

ამ შესავლის შემდეგ მოდით თანმიმდევრულად გავყვეთ ხელისუფლების ვოლუნტარისტული და საგანგაშო გადაწყვეტილებების ანალიზს:

 

შეკითხვა N1:

 

- ბატონო პრემიერმინისტრო, რა სარგებელი მოაქვს დედოლარიზაციის თქვენებურ ხედვებს?

 

ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის ნეგატიური ასპექტები ქვეყნის ეკონომიკური სისუსტის ანარეკლია. სუსტი ეკონომიკა კი სუსტი და არასტაბილური ეროვნული ვალუტის წინაპირობაა. სუსტი და არასტაბილური ლარი კი აქვეითებს მისდამი ნდობას და როგორც მინიმუმ დაგროვებით თვისებას იძენს სხვა, გაცილებით უფრო ძლიერი ვალუტა. შესაბამისად, ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი მეწარმე ირჩევს სამეურნეო საქმიანობის სტაბილურ ვალუტაში წარმოებას. ლოგიკური ანალიზის ჯაჭვი, მიზან-შედეგობრივი კავშირები ზუსტად ამ თანმიმდევრობით ყალიბდება და არა ნებისმიერი სხვა თანმიმდევრობით.

 

ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობის «ნათელი თავების» ფუნდამენტური შეცდომა ზუსტად ამ მიზან-შედეგობრივი კავშირების თანმიმდევრობის აღრევაშია. ანუ, თქვენ გვეუბნებით, რომ ქარი იმიტომ უბერავს, რომ ხეები ირხევიან. არა და სკოლამდელი ასაკის ბავშმაც კი უკვე იცის, რომ ხეები იმიტომ ირხევიან, რომ ქარი უბერავს. ნუ გამკიცხავთ ბატონო პრემიერო ესოდენ მარტივი მაგალითისთვის. მაგრამ, თქვენი გუნდისთვისვე ჯობია ამ დონიდან დაიწყოთ ლოგიკური ვარჯიშები. ამას თქვენივე გადაწყვეტილებები ამტკიცებენ. ლარში კრედიტების გაცემის აკრძალვით კი არ უნდა ებრძოლოთ დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს, არამედ საპირისპირო მხრიდან უნდა დაიწყოთ – ეკონომიკის გაჯანსაღებიდან და მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფულ შედეგებს ვერ ასცდებით. ვერც თქვენ და ვერც მთელი ქვეყანა. თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ, რომ ეკონომიკის ფინანსური სეგმენტი, საბანკო სისტემა ეკონომიკის გულსისხძარღვთა სისტემაა და მისთვის სირთულეების შექმნა როგორც წესი ინფარქტით მთავრდება. შეგიძლიათ სამედიცინო ცოდნაში შემედავოთ, მაგრამ ეკონომიკურ ცოდნაში შედავებას ნუ გამიბედავთ. ასე, რომ თქვენი გადაწყვეტილებების ამ ნაწილში თქვენ პირველ რიგში ურტყავთ საბანკო სექტორის ლიკვიდურობას, ართულებთ საკრედიტო რესურსებზე წვდომის პროცესს და აძვირებთ საბოლოო პროდუქტს – კრედიტს. ეს კი მთლიანად მოსპობს ისედაც გავერანებულ ეკონომიკას და განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებას. რაც დაუყოვნებლივ აისახება ექსპორტის კიდევ უფრო შემცირებაზე და ლარის კურსის ეს ფუნდამენტური მაყალიბებელი საბოლოოდ დაასამარებს ლარს და თქვენი დედოლარიზაციის პოლიტიკასაც.

 

შეკითხვა N2:

 

- ბატონო პრემიერმინისტრო, დედოლარიზაცია უაპელაციოდ ნიშნავს ნაკლებ დოლარს და მეტ ლარს ეკონომიკაში. ძალიან მაინტერესებს თქვენი ხედვა ამ ამოცანის გადაჭრაში მაკროეკონომიკურ ჭრილში. რომ არ გაწვალოთ მე ვარიანტებს ჩამოგითვლით და თქვენ უბრალოდ აირჩიეთ. მარტივ ტესტირებას ჩაგიტარებთ:

 

1. ეროვნული ბანკი შეისყიდის დოლარის მასას და ეკონომიკაში შემოუშვებს შესაბამისი რაოდენობის ლარის მასას. რითიც ბუნებრივად ზრდის მონეტიზაციის მაჩვენებელს და იზრდება M2-ის მასა.

 

2. მთავრობა უბრალოდ ბეჭდავს ლარს და მასიურად უშვებს ბრუნვაში. შესაბამისად დოლარის მასის შემცირების გარეშე ზრდის ლარის მასას ეკონომიკაში.

 

არის სხვა მეთოდი ლარის მასის გასაზრდელად? ანუ დედოლარიზაციის ამოცანების გადასაჭრელად? აი ამ კითხვაზე გამეცით პასუხი. ოღონდ ისეთი, რომ ჭკუასთან ახლოს იყოს. პირველი ვარიანტი პრაქტიკულად შეუძლებელია. იმიტომ, რომ ამის მოცემულობა არ არის უცხოური ვალუტის შემოსული ნაკადების სიმცირის გამო. ხოლო მეორე ვარიანტი უბრალოდ ჰიპერინფლაციას გამოიწვევს. პრინციპში თქვენი ლოგიკით ალბათ მეორე ვარიანტს აირჩევთ. იმიტომ, რომ ასეთი გზით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთბაშად მილიონერი გახდება. მიუხედავად იმისა რომ ასანთიც კი რამოდენიმე მილიონი ლარი ეღირება.

 

ამიტომ პირველ ვარიანტს გირჩევთ. ამისთვის კი სწრაფი ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოთ:

 

1. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი აიყვანოთ 7-8%-მდე.

 

2. მაქსიმალურად შეამციროთ საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო.

 

3. გააუმჯობესოთ ქვეყნის საინვესტიციო მომხიბვლელობის კლიმატი, რომ გაიზარდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მცირე მითითება ამ კომპონენტისთვის: ნუ გადააქციეთ საქართველო ფუის გათეთრების ცენტრად. ვალუტა იმისთვის კი არ უნდა შემოდიოდეს, რომ გაირეცხოს და გავიდეს. არამედ რეალურად უნდა მიიღოს ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობა. შეეცადეთ აუხსნათ ეს თქვენს ბატონს. რამენაირად იკმაროს ოფშორული ზონები.

 

4. ტურიზმის ზრდას რეალურად მიხედეთ და ნუ ხართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი. თორემ, თურქეთში და ეგვიპტეში მალე დაწყნარდება ვითარება და ტვირთის გადამზიდავი მძღოლების ამარა დარჩება ქვეყნის ვიზიტორთა სტატისტიკა.

 

5. უცხოური გადმორიცხვების იმედათ ნუ დატოვებთ ლარის კურსს ბატონო პრემიერო. საზღვარგარეთ ძირითადად ხომ წარმატებული ადამიანები გარბიან. არ ჯობია მათ საქართველოში მისცეთ ასპარეზი, რომ აქ ნაშოვი ფულით არჩინონ საკუთარი ოჯახებიც და ქვეყანაც!?

 

შეკითხვა N3:

 

- ბატონო პრემიერო, მკრეხელობად მიმაჩნია თქვენი პეტრე მოციქულთან შედარება, მაგრამ ერთ ღამეში სამჯერ უარყავით თქვენი განცხადებები ინტერნეტ სესხების თაობაზე. აუქმებთ, ახალ რეგულაციებს უწესებთ თუ უცვლელად ტოვებთ ამ სეგმენტს?

 

ისევ და ისევ თქვენი ლოგიკა მაოცებს. პაციენტს თავი ტკივა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავის მოჭრა დაუპირეთ. პირველი კურსის სტუდენტებს ვასწავლით, რომ მოთხოვნა წარმოშობს მიწოდებას.

 

თქვენმა ფინანსთა მინისტრმა უკვე აღიარა, რომ ქვეყნის მოსახლეობას გაუნათლებლად თვლით. მაგრამ, რეალობა სხვანაირია: მოსახლეობა გაუნათლებელი კი არა, გამწარებული და სასოწარკვეთილია. ზუსტად სიდუხჭირის გამო იღებს სესხს კაბალური პირობებით და არა პირიქთ – სესხს რომ იღებს იმიტომ უბედურდებაო. ნუ დასცინით მოქალაქეებს თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებთ.

 

საბანკო სექტორის გახსნისა და იქ კონკურენციის დონის გაზრდის ნაცვლად ქვეყანაში მხოლოდ ორი ბანკი დატოვეთ. ისიც იმ პირობებში როდესაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი უბრალოდ «გაშავებულია» და მთლიანად მოწყვეტილია როგორც ფინანსურ რესურსებთან წვდომას, ასევე ელემენტარული შემოსავლის წყაროს. რაც ფაქტიურად თიშავს მათ ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან.

 

მოკლედ თუ გინდათ რომ მოქალაქეები საკრედიტო კაბალაში არ მოექცნენ, სწრაფად უნდა გაზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა და შესაბამისად ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონე. მიზან-შედეგობრივ კავშირებზე იფიქრეთ ბატონო პრემიერო. არაფერი შეგეშალოთ. თანმიმდევრობაში არ აიჭრათ. ძლიერი ეკონომიკა – მდიდარი მოქალაქე. ძლიერი ეკონომიკა – მდიდარი მოქალაქე. ძლიერი ეკონომიკა – მდიდარი მოქალაქე. პირიქით არ გამოდის. ბიძინა ივანიშვილის მაგალითიც კი ამტკიცებს ამას. იმიტომ რომ მდიდარი მოქალაქეა, მაგრამ ქვეყანაა გაღატაკებული.

 

შეკითხვა N4:

 

- ბატონო პრემიერო იცით თუ არა, რომ აქციზების არამართებული ზრდა და ამ ფისკალური ინსტრუმენტით პარაზიტირება გარდა ადგილობრივი მწარმოებლების განადგურებისა კონტრაბანდის უსაშველო ზრდას, რომ გამოიწვევს? მესმის, რომ არ გცალიათ ჩემი სტატიებისა და ფეისბუქ პოსტების კითხვისთვის. მაგრამ, ამგვარი შეცდომების შედეგები უახლეს ისტორიაშიც მრავლადაა. 2005 წელს ზუსტად ასეთი შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ და კონტრაბანდულმა სიგარეტმა წალეკა ქართული ბაზარი. მადლობა ღმერთს უცბად მიხვდნენ და გამოასწორეს დაშვებული შეცდომა. მაგრამ, რატომღაც გული მიგრძნობს, რომ მოსალოდნელი კონტრაბანდული ნაკადები უკვე გადანაწილებული გაქვთ და კმაყოფილებით აღვსილები მოლოდინით ხელებს იფშვნიტავთ.

 

მომიტევეთ სარკაზმისთვის, მაგრამ იმსახურებთ ბატონო ხელისუფალნო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია