პროპაგანდა-ინდუსტრიული დარგი რუსეთში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-12-2016, 16:25 | პოლიტიკა | ნანახია - 2323

პროპაგანდა-ინდუსტრიული დარგი რუსეთში
ლაშა ქუსიკაშვილი

 

როდესაც პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ ლიმონათის რეკლამას, ან რომელიმე მომღერლის პრომოუშენს, აქ იგულისხმება ადამიანებზე საკუთარი გავლენის თავზე მოხვევა და ტვინების გამორეცხვა. რუსული პროპაგანდის შემთხვევაში ეს დარგი ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას. დღევანდელ რუსეთს შერწყმული და განვითარებული აქვს კომუნისტების, ჰიტლერისა და გებელსის პროპაგანდისტური ილეთები და ამ ცოდნას წარმატებით იყენებს კიდეც. პუტინის რეჟიმისაგან წახალისებული და უხვად დაფინანსებული პროპაგანდისტური მანქანა, არა მხოლოდ რუსეთის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აქტიურად მუშაობს. კრემლის მიერ ფართოდ გაშლილი პროპაგანდა და ინფორმაციული ომი პრობლემებს უქმნის მთელს მსოფლიოს, რის საპასუხოდაც ზომების მიღება ახლახანს, დიდი დაგვიანებით დაიწყო ცივილიზებულმა სამყარომ, თუმცა ჩემი აზრით, არასაკმარისად აქტიურად და გააზრებულად. ალბათ საინფორმაციო (და არა მხოლოდ საინფორმაციო) ომის წინა ხაზზე მდგარი ქვეყნიდან უფრო მძაფრად აღვიქვამთ მოვლენებს, ან სულაც უფრო რეალისტური ხედვა გვაქვს. შევეცდები ნაწილობრივ მაინც ავხსნა თუ რას წარმოადგენს რუსული პროპაგანდა, რა მასშტაბებსა და რესურსებს ფლობს, რა საშუალებებსა თუ მეთოდებს იყენებს მიზნის მისაღწევად.

 

დავიწყოთ იქიდან, რომ ქვეყნებს შორის რუსეთი დღესდღეობით პირველ ადგილზეა პროპაგანდისათვის სახელმწიფო დანახარჯებით (მეორე ადგილზე ჩინეთია). რუსეთის სახელმწიფო დახმარებამ პროსახელისუფლო მედიისათვის 2012 წელს 48,65 მილიარდი რუბლი ($1,6 მილიარდი) შეადგინა. ეს რეკორდული ციფრი 2014 წლისთვის თითქმის გასამმაგებული იქნა. ცნობისათვის ა.შ.შ-ს 2012 წელს იგივე მიზნებისთვის მხოლოდ 752 მილიონი დოლარი ქონდა დახარჯული და 2014 წელს ამ ციფრმა უფრო ნაკლები, 731 მილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წლისთვის რუსული პროპაგანდის დაფინანსება 14 %-ით მოიმატებს, რაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებითაა განპირობებული.

 

რუსეთის ბიუჯეტიდან პროპაგანდისათვის ყველაზე მსუყედ დაფინანსებულ მედიასაშუალებებში მოხვდნენ Всероссийская государственная телевизионная и радиовещательная компания ВГТРК (19,1 მილიარდი რუბლი), Russia Today (11 მილიარდი რუბლი), Голос России (4,4 მილიარდი რუბლი), Российская газета (3,95 მილიარდი რუბლი), РИА Новости (2,9 მილიარდი რუბლი), 1 Канал, НТВ, ТК "Петербург" (5 მილიარდი რუბლი). განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტელეარხი Russia Today. არხმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა სახელმწიფო დანახარჯების გადაანგარიშებით თანამშრომელზე და შეადგინა 183 ათასი დოლარი კაცზე. ამ მაჩვენებლით Russia Today მსოფლიოს ყველა მსხვილ მასმედიას ასწრებს. არხი სამ ენაზე მაუწყებლობს, რისთვისაც კრემლი წელიწადში 275 მილიონ ევროს გამოყოფს. შედარებისთვის 12 ენოვანი Euronews-ის დაფინანსება მხოლოდ 15 მილიონი ევროა წელიწადში. ეს აგიტაციისათვის გამოყოფილი თანხების მხოლოდ ნაწილია.

პროპაგანდა-ინდუსტრიული დარგი რუსეთში


მასმედია ამ შემთხვევაში აგიტაციის ინსტრუმენტია, საჭიროა ინსტიტუცია, რომელიც მიმართულებებსა და დავალებებს მისცემს მასმედიას და არა მარტო მას. სისტემის მართვა სუკის მემკვიდრეების კანტორიდან ხდება, ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზისთვის კი ჩამოყალიბებული აქვთ სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები. რომელთა მთავარი დავალება და სამუშაო არის საზოგადოებრივი აზრის კონტროლი, მათთვის არასასურველი ტენდენციის, აზრის თუ სხვა აქტივობის აღმოჩენა და საწინააღმდეგო ზომების მიღება. ასეთ ორგანიზაციებს შორის ერთერთი მთავარი ადგილი უჭირავს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსულ ცენტრს (Всероссийский центр изучения общественного мнения (ВЦИОМ) რომელიც სამთავრობო სტრუქტურაა და მოწოდებულია ღრმად შეისწავლოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესები რუსეთში და რეგიონებში. ВЦИОМ გვევლინება საინფორმაციო-ანალიტიკურ და მენეჯერულ ცენტრად, რომელიც მართავს მასთან გადაჯაჭვულ რიგ „დამოუკიდებელ“ კვლევით ორგანიზაციებს. მაგალითად ВЦИОМ-ის მიერ დაარსებული საერთაშორისო კვლევითი სააგენტო „ევრაზიული მონიტორი“ ( Международное исследовательское агентство “Евразийский монитор” ) რომლის მოვალეობაცაა საზოგადოებრივი აზრის შესწავლა პოსტსაბჭოთა სივრცეში. სააგენტო წარმოდგენილია ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში და შედგება 16 კვლევითი კომპანიისაგან. ფონდი „საზოგადოებრივი აზრი“ (Фонд «Общественное мнение» (ФОМ) დამოუკიდიებელი სოციოლოგიური სამსახურია, თუმცა შექმნილია იგივე ცენტრის (ВЦИОМ) მიერ. მათი საქმიანობა, როგორც თვითონ აცხადებენ არის ისეთი ძირითადი მაჩვენებლების კვლევა, როგორიცაა წამყვანი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ელექტორატი, საზოგადოებრივი აზრი და განწყობა, მთავრობისადმი ნდობის ხარისხი. ასევე თვალს ადევნებს საზოგადოებაში ყველაზე განხილვად თემებს და სხვა ინდიკატორებს. ამ ფონდის პრეზიდენტს ა.ოსლონს საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ საზოგადოებრივი აზრი განიხილება არა მხოლოდ, როგორც საზოგადოების სარკე, არამედ, როგორც აუდიტორიაზე გავლენის მოსახდენი ინსტრუმენტი. ასევე ВЦИОМ-დან არის წამოსული იური ლევადას ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია, ანალიტიკური ცენტრი ( Автономная некоммерческая организация Аналитический Центр Юрия Левада (АНО «Левада-Центр»), რომელსაც თავის მხრივ 67 საპარტნიორო ცენტრი გააჩნია, მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბალტიისპირეთის ჩათვლით.

 

ოპერატიული ინფორმაციის შესაგროვებლად ასევე შექმნილია და მუშაობს სხვადასხვა შედარებით მცირე ორგანიზაციები, რომელთა ჩამოთვლაც უსასრულოდ შეიძლება. ყველა ეს ორგანიზაცია კრემლიდან და კრემლის დავალებით არის დაფინანსებული. ეს ორგანიზაციები ტაქტიკური ელემენტებია, რომელთაგანაც ოპერატიულად გროვდება ინფორმაცია, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, რელიგიის, ბიზნესის შესახებ. დამატებით გატარებული სხვადსხვა ღონისძიებებითა და ამ ინფორმაციის შეჯერებით ხდება საზოგადოებრივ აზრზე კრემლის გავლენის რეზულტატების შეფასება. ეს საკმაოდ ოპერატიული პროცესებია და საშუალებას იძლევა უმოკლეს დროში მიიღონ სურათი საინფორმაციო-პროპაგანდის შესახებ ამათუიმ რეგიონში ან ქვეყანაში. მიღებული და გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე, საკმაოდ ოპერატიულად ხდება წინადადებებისა და რეკომენდაციების ფორმირება პროპაგანდის გაძლიერების, მიმართულებისა თუ კორექტირების შესახებ.

 

რუსეთი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერნეტს. ამ მიმართულებით შექმნილი აქვს საკმაოდ დიდი ქსელი. რუსულ სინამდვილეში ჩვეულებრივი და კარგად ანაზღაურებადი სამსახურია ეგრეთწოდებული ინტერნეტ „ტროლი“, იგივე „ბოტი“. მაგალითისთვის საეთაშორისო ორგანიზაციის GlobalVoices მკვლევარმა ლორენს ალექსანდერმა, ამ დარგის აღიარებულმა ექსპერტმა, 2015 წლის 2 აპრილს გამოაქვეყნა თავისი კვლევა, რომლის თანახმადაც მან Twitter-ში აღმოაჩინა 20500 „მომხმარებელი“, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ კრემლის „ტროლებს“. ლორენს ალექსანდერმა გამოიყენა კვლევის სხვადასხვა მეთოდი, მაგალითად: ბორის ნემცოვის მკვლელობიდან რამდენიმე საათში „ბოტებმა“ სოციალურ ქსელში განათავსეს იდენტური მესიჯები, რომ ნემცოვი მოკლული იქნა უკრაინელების მიერ და ეს იყო ვიღაცის შურისძიება „წართმეული“ შეყვარებულის გამო (იგულისხმებოდა უკრაინელი ქალბატონი, რომელიც ახლდა მკვლელობისას ნემცოვს). ასეთი მესიჯიები, რომელთა ტექსტი იყო სრულიად ერთნაირი (copy-paste პრინციპით) ერთდროულად 2900-მა ადამიანმა დაწერა.

 პროპაგანდა-ინდუსტრიული დარგი რუსეთში

ლორენს ალექსანდერის კვლევის მეთოდებით თავს აღარ შეგაწყენთ და განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს „ტროლების“ სისტემა. თვითონ „ტროლების“ თქმით, ისინი ოფიციალურად დასაქმებულნი არ არიან და ხელფასს ნაღდი ანგარიშსწორებით ღებულობენ. ყველაზე კარგი ანაზღაურება აქვთ მათ ვინც კომენტარებს ინგლისურ ენაზე წერს (65 ათასი რუბლი). „ტროლებს“ აქვთ კომენტარების დაწერის დღიური ნორმა, მაგალითისთვის: თითოეული ბლოგერის (ძირითადად იყენებენ livejournal-ს) განკარგულებაშია 3 პროფილი, რომლებითაც უნდა დაწეროს 10 პოსტი, მინიმუმ 750 სიმბოლოთი. კომენტატორის დღიური ნორმაა-126 კომენტარი და 2 პოსტი. დღიური ნორმის შეუსრულებლობისას, კომენტარების პლაგიატის, ან იდეოლოგიური ხაზიდან გადახვევისას ისინი საკმაოდ მძიმედ დაჯარიმდებიან. თუმცა პრემიებიც აქვთ, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამუშავებისას პრემიები ეძლეოდათ აიფონის რუსული შემცვლელის-იოტაფონის შესახებ კარგი რამის დაწერის, ან ა.შ.შ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენიფერ პსაკის შეურაცხყოფისთვის, რადგანაც ჯენიფერ პსაკი ღიად აკრიტიკებდა რუსეთის როლს უკრაინასთან მიმართებაში.

 

პოლიტიკური კომენტარების შესახებ ინსტრუქციას „ტროლები“ სამუშაო საათების დაწყებისთანავე, ყოველ დილით იღებენ. ამ ინსტრუქციას „ტექნიკური დავალება“ ქვია. „ტექნიკური დავალება“ შედგება თეზისისაგან, რომელიც უმეტესწილად სიახლეს, ახალ ამბავს წარმოადგენს და დასკვნისაგან, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს კომენტარებიდან. დავალება შეიცავს საკვანძო ფრაზებსაც (მაგალითად: კრიმ ნაშ, ობამა ჩმო, პუტინი მსოფლიო ლიდერია, პოროშენკო გიტლერია და ა.შ.), „ტროლები“ ძირითადად მუშაობენ სამკაციან ჯგუფებად, ერთერთი მათგანი, რომელიმე თემის ირგვლივ იწყებს აქტიურობას, დანარჩენი ორი კი ჩაებმება დისკუსიაში, ყოველი ასეთი დისკუსიის შედეგად მისი მონაწილეები უნდა მივიდნენ „ტექნიკურ დავალებაში“ განსაზღვრულ შედეგამდე თუ დასკვნამდე.

 

ეს ყველაფერი ცნობილი გახდა რუსეთში თუ მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა მედიასაშუალებებზე ტროლების მიერ მიტანილი იერიშების კვლევებისა და ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად, (ბრიტანული The Guardian, რუსული Новая газета) ასევე უკმაყოფილო „ტროლების“ (რომელთა ხელფასიც ბრიგადირმა მიითვისა ან გაფლანგა) მიერ მიცემული ინტერვიუებიდან.

 

ამ სტატიაში მოყვანილი ორგანიზაციები რუსული აგიტაციის წარმოების მხოლოდ ნაწილია და თავისთავად ყველა მათგანზე სასაუბროდ ერთი სტატია არასაკმარისია, თუმცა ესეც გვიქმნის სურათს ამ პროპაგანდისტული ინდუსტრიის მასშტაბებისა და შესაძლებლობების დასანახად. ასევე ცალკე ყურადღების ღირსია, აგიტაციის მეთოდები და ხრიკები, რომლებსაც ეფექტურად იყენებენ საქართველოში, როგორც კრემლის პროპაგანდისტები, ისე ჩვენი პოლიტიკოსები. ამ თემაზე სტატიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია