ალეპო, ტერაქტები და ელჩის მკვლელობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-12-2016, 15:06 | პოლიტიკა | ნანახია - 3688

ალეპო, ტერაქტები და ელჩის მკვლელობა
გიორგი იმედაშვილი


გასული კვირა განსაკუთრებით მძიმე და სისხლიანი გამოგდგა. პუტინისა და ასადის სისხლიანი ხელებით ალეპოში დატრიალებული ჰუმანიტარული კატასტროფის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა, თურქეთის დედაქალაქში რუსეთის ელჩი მოკლეს, ხოლო მოკსოვში რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს სირიის კონფლიქტის თაობაზე სამსჯელოდ. ყველა ამ ფაქტს ძალიან დიდი გავლენა ექნება, როგორც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ისე გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენც ძირითადად სწორედ ამ გავლენის სავარაუდო შედეგებზე ვისაუბრებთ და ასევე იმაზე, თუ რამ გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობის ფორმირება. მაგრამ, გარდა ამისა, ასევე მინდა მიმოვიხილო ქართული მედია სივრცისათვის თითქმის სრულიად უცნობი ფაქტები, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიები, რომლებსაც ასევე დიდი გავლენა ექნებათ რეგიონის მომავალზე. ამათგან, ყველაზე ცნობილი შემთხვევა ბერლინში მოხდა, სადაც საშობაო ბაზრობას ტრაილერით გადაუარა ისლამისტმა ტერორისტმა; გარდაიცვალა 12 ადამიანი, 49 კი მძიმედ დაშავდა. ამას დაემატა იორდანიაში კერაკის ციხესიმაგრეში მომხდარი აფეთქების გამო დაღუპული 10 ადამიანი და 34 დაშავებული და ასევე იემენში, ქალაქ ადენში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ 52 მოკლული და 34 დაშავებული ადამიანი (სროლა იყო ციურიხის ერთ-ერთ მეჩეთშიც, სადაც, საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა, სამი პირი დაიჭრა). ბერლინის გარდა, ფაქტობრივად, ყველა ამ შეთხვევამ სრულიად გაუშუქებლად ჩაიარა საქართველოში. თავიდან ალეპოთი დავიწყოთ და თანმდიმდევრობით მივყვეთ.

 

სამოქალაქო ომის დაწყებამდე ალეპო 2.3 მილიონი მაცხოვრებლით სირიის უდიდესი ქალაქი, მთავარი ეკონომიკური ჰაბი და უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი იყო. გარდა ამისა, მისი ძველი უბნები კაცობრიობის უნიკალურ საგანძურს წარმოადგენდა -დღემდე მსოფლიოს ისტორიაში ალეპო დამასკოსთან ერთად ითვლება ერთ-ერთ უძველეს მუდმივად დასახლებულ პუნქტად. როცა 2011 წელს სირიაში ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ალეპოში დიდი არეულობა არ ყოფილა. სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლმა ქალაქს 2012 წლის ივლისში მიაღწია. საბოლოო გამარჯვების მოპოვება ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა და ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის ქალაქი ორ ნაწილად გაიყო. ქალაქის დასავლეთ უბნებს, მთავრობის ერთგული მხარე აკონტროლებდა, აღმოსავლეთ ნაწილს კი ამბოხებულები. ჩრდილოეთით, ქალაქის ერთი ქურთული უბანი, ქურთულმა ძალებმა დაიკავეს და აქ დანარჩენ აღმოსავლეთ მხარესთან შედარებით სიმშვიდე სუფევდა ბოლო დრომდე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამბოხებულები რაიმე ერთი კონკრეტული ძალაა, პირიქით, აქ კონცენტრირებული იყვნენ როგორც სეკულარული, ისე ისლამისტური ოპოზიციური ძალები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ქალაქსა და მის შემოგარენში შეტაკებები სამთავრობო ნაწილებსა და ამბოხებულებს, ასევე ამბოხებულებსა და ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ შორის მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით და დროთა განმავლობაში სეკულარული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი უბრალოდ განადგურდა, ან ქვეყნიდან გაიქცა და როგორც ალეპოში, ისე იდლიბის პროვიცნიაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად დარჩა „ჯაბჰათ ფათაჰ აშ-შამ“ („სირიის დაპყრობის ფრონტი“), რომელიც ამა წლის 16 ივლისამდე ცნობილი იყო როგორც „ჯაბჰათ ან-ნუსრა ლი-აჰლი აშ-შამ“ (შემოკლებით „ჯაბჰათ ან-ნუსრა“, მისი სრული სახელი „სირიელი ხალხის გამარჯვების ფრონტს“ ნიშნავდა). სახელი ამ ორგანიზაციამ იმისათვის შეიცვალა, რომ აღარ ყოფილიყო ასოცირებული და დაკავშირებული „ალ-კაიდასთან“, რომელმაც შექმნა კიდეც ეს ორგანიზაცია, როგორც სირიაში საკუთარი ერთგვარი ფილიალი. ეს ორგანიზაცია სხვა პატარ-პატარა ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად ებრძვის ბაშარ ასადის ხელისუფლებას (2015 წლის მარტში ჯერ კიდევ „ნუსრად ფრონტმა“ მოკავშირეებთან ერთად შექმნა „ჯაიშ ალ-ფათაჰ“-ი, ერთგვარი გაერთიანებული ოპოზიციური ძალები, რომლებიც მაშინ იდლიბს და ალეპოს მისადგომებს აკონტროლებდნენ). ამ ორგანზიაციაზე უფრო ვრცლად მოგვიანებით, ეხლა კი ისიც ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ ალეპოს უბნები მთელი ეს წლები დანაწევრებული იყო როგორც სეკულარულ ისე ისლამისტურ ძალებს შორის და „ჯაბჰათ ნუსრა“ უბრლოდ ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია იყო, მას შემდეგ რაც 2012 წლის მიწურულიდან მოყოლებული ერთი მხრივ ასადის ჯარებმა, მეორეს მხრივ კი „ისლამურმა სახელმწიფომ“ საგრძნობლად დაასუსტეს სეკულარული ოპოზიცია.

 

ასადის მხარეს კონფლიქტის დაწყების დღიდან დგას ირანი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ლიბანური „ჰეზბოლა“, რომელიც თავის დროს ირანული ხელშეწყობით შეიქმნა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მოდელზე. ასადს ასევე უჭერს მხარს რუსეთი, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან მოყოლებული უშუალოდ ჩაერთო კონფლიქტში და განსაკუთრებით ალეპოს აღებისას თავი გამოიჩინა უსასტიკესი დაბომბვებით. რიგ-რიგობით განვიხილოთ ირანისა და რუსეთის მოტივები.

 

ირანი: ყველამ ვიცით, რომ ირანი ისტორიულად პრაქტიკულად ყოველთვის იყო რეგიონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე, რომელიც დღესაც საგრძნობლად გაძლიერებულია როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით. ირანელებს სურთ აღიდგინონ რეგიონში უმძლავრესი სახელმწიფოს სტატუსი და ამას საკუთარი უშუალო პოლიტიკური გავლენის გაზრდით ცდილობენ. ისიც კარგად ვიცით, რომ ირანალებს რეგიონში ეთნიკური „მოძმე“ ერი არ ჰყავთ, ამიტომ მოკავშირეების ძიება რელიგიური ნიშნით უფრო უადვილდებათ. მათი შიიტური რწმენა რეგიონში დომინანტური სუნიტური ისლამისაგან „დაჩაგრულ“ სხვა შიიტებთან ადვილად აახლოებს და ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაჩენას, მით უფრო, რომ ირანელები პარტნიორებს ხშირად სთავაზობენ ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ამგვარი ქმედებების შედეგად, მაგალითად ბაღდადის შიიტური მთავრობა ირანის პირდაპირ გავლენას განიცდის. იგივე შეიძლება ითქვას ლიბანის შიიტების მიერ დასახლებულ და „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ირანი მფარველობს იემენის სამოქალაქო ომის ერთ-ერთ მხარეს - ჰუსიტებს, რომელთაც ასევე შიიტური რწმენა აკავშირებთ ირანელებთან და ეს ფაქტორივე ანსხვავებთ მოწინააღმდეგე სუნიტურ კოალიციასთან. რაც შეეხება ბაშარ ასადის რეჟიმთან ირანელების კავშირს, ესეც უპირველესად რწმენაზე დგას. ასადის ოჯახი და სირიის მმართველი კლასის დიდი ნაწილი ალავიტური აღმსარებლობის არიან, ალავიტებს და შიიტებს ერთმანეთთან დალაგებული აქვთ ურთიერთობა, მაშინ როცა ორივენი რელიგიურ და პოლიტიკურ კონფრონტაციაში არიან სუნიტებთან. ამგვარად, არ ვამტკიცებ, რომ ირანელებს მხოლოდ რელიგიური გრძნობები ამოძრავებთ, მაგრამ ისინი კარგად იყენებენ იმ ფაქტს, რომ რეგიონში რელიგიურ კონფლიქტებს საუკუნეების მანძილზე აქვს ფესვები გადგმული და მათი უდიდესი ნაწილი სრულად არის ჩამოყაიბებული პოლიტიკურ კონფლიქტად. ეს კი ძალიან კარგ შანს აძლევთ გაავრცელონ თავიანთი გავლენა რელიგიური ნიშნით შერჩეულ მოკავშირეებზე, რომელთაც სუნიტ თანამემამულეებთან სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლა აქვთ გამართული. ამ გზით ირანს უკვე სერიოზული გავლენა აქვს სირიაში, ლიბანში, ერაყსა და იემენში და დარწმუნებული ვარ დიდი ინტერესით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას ბაჰრეინშიც, სადაც ძირითადად შიიტურ მოსახლეობას სუნიტური ოჯახი მართავს. მაგრამ ბაჰრეინში რაიმე ანტისამთავრობო ქმედება გაუჭირდება ირანს, ყოველ შეთმხვევაში ამ ეტაპზე. ბევრი რომ აღარ ვისაუბროთ, მგონი ცხადია, ირანი სირიაში ხელების ფათურით პირდაპირ ზრდის რეგიონში საკუთარ გავლენას, ამით ზრდის საერთაშორისო არენაზე საკუთარ წონას და დასავლეთთან ატომური შეთანხმების სამომავლო მოლაპარაკებისათვის ახალ კოზირებს იძენს, რომლებითაც ვაჭრობა შეეძლება.

 

რუსეთი: ყველაზე საინტერესოს მივადექით. რუსეთი კონფლიქტის დასაწყისიდან მოყოლებული ეხმარებოდა სირიის დიქტატორს, მაგრამ უშუალო ინტერვენცია 2015 წლის სექტემბერში დაიწყო. რუსეთს ბოლო წლებში სამი დიდი პრობლემა აქვს: უკრაინული ავანტიურის გამო დაკისრებული სანქციები, ნავთობის დაბალი ფასი და საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც ისევ და ისევ უკრაინის გამო მოექცა. სირიაში ჩართვა მან მოახდინა ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით, რაც მას როგორც ტერორიზმთან მებრძოლ სახელმწიფოს წარმოაჩენდა. ამასთან ერთად დაიწყო მასობრივი კამპანია რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო ჰოლდინგებიდან და საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ კიდევ უფრო ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ, მკვლევარმა, თუ პოლიტიკოსმა დაიწყო რუსეთთან ერთობლივი მუშაობისაკენ მოწოდება. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისა და მისთვის სანქციების გაუქმების მოთხოვნამდე მიდიოდა. სწორედ ეს იყო პუტინის ერთ-ერთი მიზანი ომში ჩართვის დროს. ამას ნაწილობრივ მიაღწია, კერისა და ლავროვს შორის მოლაპარაკებების მთელი რაუნდი გაიმართა ჟენევაში, მაგრამ უშედეგოდ (როგორც მოსალოდნელი იყო). რუსეთმა ასევე რეგიონში, საიდანაც ანვარ სადათის მიერ საბჭოთა კავშირისაკენ ზურგის შებრუნების შემდეგ ასე მძლავრად აღარ იყო წამროდგენილი, დაიბრუნა ერთ-ერთი გადამწყვეტი აქტორის როლი. სირია, რომელიც ბოლო ათწლეულებში ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ერთადერთ დასაყრდენად რჩებოდა, ეხლა უკვე თითქმის პირდაპირ არის დაქვემდებარებული მოსკოვს. ტარტუსში ხმელთაშუა ზღვაზე არსებული ერთადერთი რუსული საზღვაო ბაზა კიდევ უფრო გაძლიერდება, ხოლო ლატაკიაშივე რუსეთს ამა წლის ოქტომებრში გაფორმებული ხელშეკრულებით სირიამ გადასცა ჰმეიმიმის საჰაერო ბაზა, რომელიც ერთადერთი რუსული საჰაერო ბაზა იქნება რეგიონში.

 

გარდა ამისა, რუსეთს ძალიან სჭირდება დაირღვეს ერთიანობა ევროკავშირში, რათა ვეღარ მოხერხდეს საერთო პოზიციის შემუშავება სანქციებთან დაკავშირებით. ამისათვის რუსეთი უმოწყალოდ მომბავს უდანაშაულო მოსახლეობას, რათა გაიზარდოს დევნილების ნაკადი ევროპაში, რაც ყველაზე უფრო ეფექტური იარაღია ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ. სწორედ დევნილებთან დაკავშირებით ვერ მოახერხეს ევროპულმა სახელწმიფოებმა საერთო პოლიტიკის შემუშავება. გარდა ამისა, სირიის ავანტიურა რუსეთს აძლევს საშუალებას მეტი სავაჭრო საკითხი გაიჩინოს დასავლეთთან და ასევე ხელი შეუშალოს ნატოს შიგნით ერთიანი პოზიციის არსებობას. პუტინისა და ერდოღანის ფლირტი სწორედ ამის მცდელობაც არის სხვა ყველაფერთან ერთად. უშუალო მიზანი, პუტინისათვის არის სეკულარული ოპოზიციის უსწრაფესი განადგურება, რაც სირიაში მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას დატოვებს - ბაშარ ასადის ხელისუფლებასა და ისლამისტებს. ამის შემდეგ მსოფლიოს მოუწევს ასადის ხელისუფლებასთან შეგუება და რუსეთი კიდევ ერთხელ გაიტანს თავისას საერთაშორისო არენაზე. ყოველი ასეთი ფაქტი კი აძლიერებს ევროსკეპტიკოსებს საქართველოსნაირ ქვეყნებში და ასევე ზრდის პუტინის რეიტინგს საკუთარ ქვეყანაში. ამგვარად პუტინს საერთოდ არ სჭირდება დასუსტებული „ისლამური სახელმწიფო“, არამედ სჭირდება დასუსტებული სეკულარული ოპოზიცია, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რაკას კი არა ალეპოს ბომბავს და გასული წელიწადნახევრის მანძილზეც ძირითადად ოპოზიციის მიერ დაკავებულ არეალებს აყენებდა დარტყმებს, ხოლო „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებთან რუსული ყუმბარები იშვიათად და კანტი-კუნტად ეცემოდა. ამის შესახებ „ივერიას“ არაერთხელ დაუწერია წარსულშიც.

 

რასაკვირველია, ამ გეგმების განსახორციელებლად რუსეთმა ძალიან კარგი დროც შეარჩია. ევროპაში მიგრანტებისა და ტერორისტული საფრთხის მოზღვავების ფონზე კიდევ ერთი მთავარი პრობლემა გამოიკვეთა - ლიდერის არარსებობა. მერკელმა სცადა თავის თავზე აეღო მიგრანტების კრიზისის მოგვარება გასულ წელს, თუმცა რბილად რომ ვთვქათ, არ გამოუვიდა. საკუთარ ქვეყანაშიც სერიოზულ პრობლემებს აწყდება ამ თვალსაზრისით (ამაზე მოგვიანებით კიდევ ვიტყვით). კამერონს თანამდებობიდან წასვლა მოუწია ბრექსიტის გამო, რამაც კიდევ ერთი ვაკუუმი შექმნა ევროპულ ლიდერშიპში. საფრანგეთში ხომ საერთოდ პოლიტიკური აზრის ისეთი კრიზისია, რომ პუტინის მადიდებელი რომელიმე მოძრაობის სათავეში მოსვლა სულ უფრო და უფრო საშიშ სამომავლო პერსპექტივად იკვეთება (რომელიც, იმედია არ ახდება). ამ ფოზნე აშშ-ში ძლიერი პრეზიდენტის არსებობა შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის ყოფილიყო, მაგრამ ბარაკ ობამა ნამდვილად არ აღმოჩნდა ასეთი. მან იზოლაციონისტური მიდგომა არჩია, ჯარები გაიყვანა ერაყიდან (რასაც ერაყში კატასტროფა, სამაგიეროდ ამერიკაში ობამას მიერ მოგებული არჩევნები მოჰყვა), უარი განაცხადა სირიაში დიდი ინტერვენციის განხორციელებაზე (მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლა). რასაკვირველია, ეს ორთავე უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იყო, რაც დრომ კარგად წარმოაჩინა. ერაყიდან ჯარების გასვლას ამ სახელმწიფოს სრული დესტაბილიზაცია მოჰყვა, ხოლო სირიაში თავის დროზე არ ჩარევას, ჰუმანიტარული კატასტროფა, რამაც ტერორიზმის აღზევება და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი დევნილთა კრიზისი გამოიწვია. მთელი ამ პერიოდის მანძილზე რუსეთი და ასადის ხელისუფლება უშუალოდ უწყობდნენ ხელს „ისლამური სახელმწიფოს“ არსებობას და ამის შესახებ „ივერიას“ არაერთხელ დაუწერია, ამ ორგანიზაციის სტრუქტურის და საქმიანობის აღწერისადმი მიძღვნილ სტატიებში (ივერიის არქივში სულ ადვილი საპოვნელია საძიებო სიტყვების მითითებით). მაგრამ რუსული ქმედებების ეფექტურობას დასავლური პოლიტიკის არაეფექტურობამ შეუწყო ხელი.

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც ობამას უნდა მიეღო 2011-12 წლების ზამთარში (ვგულისხმობ, სირიაში ინტერვენციას) საკმაოდ რთული იყო. დღეს, ნათელია, რომ ამერიკული ჯარები ერაყში სრული დესტაბილიზაციის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო და რომ სწორედ დასავლურ ინტერვენციას შეეძლო ეხსნა სირიელი ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფისაგან, რაც ბოლო წლებში დატრიალდა. მაგრამ ობამას გაუჭირდებოდა საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა ამერიკელი ამომრჩევლისათვის. იმიტომ, რომ მთელი ეს ტრაგედია არ მოხდებოდა და სამაგიეროდ დაიღუპებოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები, საკმაოდ ბუნდოვანი მიზეზით, სამშობლოდან ძალიან შორს და ის ადამიანები, რომლებიც დღეს სოციალურ ქსელებში ალეპოში დასახიჩრებული და დახოცილი ბავშვებოს ფოტოებს აზიარებენ და კითხულობენ სად არის მსოფლიო ამ დროსო, იმ ალტერნატიულ რეალობაში ამერიკელი ჯარისკაცების ფოტოებს გააზიარებდნენ და იკითხავნდენ, რატომ ეწირებიანო ჩვენი მოქალაქეები გადამთიელების პოლიტიკურ დაპირისპირებასო. ასეთ დროს დიდი პოლიტიკოსია საჭირო, რომელიც ამგვარ მტკივნეულ გადაწყვეტილიბებს არ შეუშინდება და საკუთარ მოსახლეობასაც ღიად აუხსნის ქმედებების საჭიროებას. ობამა ასეთი არ აღმოჩნდა, თანაც აშშ-მ არაერთი შეცდომა დაუშვა კონფლიქტის მიმდინარეობისას, რაც ისევ და ისევ ცუდი ლიდერშიპის ბრალი იყო. მე ვემხრობოდი ირანათან დადებულ შეთნამხებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ძველი ახლო აღმოსავლური მოზაიკა შიეცვალა და თუ გვინდა ახალი სახარბიელოდ გამოიყურებოდეს, მაშინ ის რეგიონულ ძალებთან ერთად უნდა შექმნას დასავლეთმა, ირანი კი მართლაც რომ ძლიერი რეგიონული აქტორია, თანაც ძალიან რაციონალური და მასთან ურთიერთობა ნამდვილად შეიძლება, უბრალოდ აშშ-ს უნდა ჰყავდეს სერიოზული ადმინისტრაცია, რომელიც არ დაუშვებს საკუთარი შეთანხმების დარღვევას და მკაცრად გააკონტროლებს ამას. ობამა ჯერჯერობით ამასაც ვერ ახერხებდა.

 

ყველა ამ ფაქტორით რუსეთმა ისარგებლა და მაშინ როდესაც ისედაც სუსტი ობამას ადმინისტრაცია ხელისუფლების გადასაბარებლად ემზადებოდა დაიწყო მთავარი შეტევა ალეპოზე. ამ წლის დასაწყისში, ალეპოს ოპოზიციურ ნაწილს შეეძლო გარე სამყაროს ჩრდილოეთიდან დაკავშირებოდა, საიდანაც გზა ასევე ოპოზიციურ იდლიბთან მიდის, იქიდან კი თურქეთში. სწორედ თურქეთიდან იღებდნენ ოპოზიციონერები მთელი ამ წლების მანძილზე უმნიშვნელოვანეს დახმარებას (მათ შორის ისლამისტებიც, დავითოღლუ ამ თვალსაზრისით გამორჩეული პრემიერი იყო. მისი სიმპატიები სირიელი ოპოზიციონერიების მიმართ ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა. რასაკვირველია, ამ ჯგუფების ნაწილი აშშ-სგანაც იღებდა დახმარებას, ომის დასაწყისში რამდნჯერმე ამერიკელებმა სრული უცოდინრობის გამო ჯიჰადისტებსაც კი გაუმართეს ხელი. მაგრამ ეს მალევე გამოირკვა და დახმარებაც უფრო აზრიანად გადანაწილდა). 27 ივლისს სამთავრობო ძალებმა რუსეთის მხარდაჭერით ამბოხებულებს მოუჭრა ჩრდილოეთის გზა და დაახლოებით 275 000 ადამიანი სრულ ალყაში მოაქცია, აგვისტოს დასაწყისში ალყა ამბოხებულებმა ცოტა ხნით გაარღვიეს და ადამიანების ძალიან მცირე ნაწილმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ 4 სექტემბერს სამთავრობო ძალებმა კვლავ მოახერხეს რკალის შეკვრა და ნელ-ნელა დაიწყო შეტევა აღმოსავლეთ ალეპოზე, სადაც ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქეც იყო ჩარჩენილი. ამის შემდეგ, ჰუმანიტარული ტვირთი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში თითქმის აღარ შესულა. 28 ნოემბერს ასადის არმიამ უკვე ალყაში მოქცეული ტერიტორიის ერთი მესამედი აიღო და იქიდან მოყოლებული 25 დეკემბრამდე მასირებული, უმოწყალო რუსული დაბომბვების და ირანული ქვედანაყოფების (ასევე ირანელების მიერ შეკრებილი „შიიტური მილიციის“) დახმარებით თითქმის სრულად „გაათავისუფლა“ ალეპო. 15 დეკემბერს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოსახლეობის ერთგვარ „ევაკუაციას“ იდლიბისაკენ, რომლისკენ მსვლელობისასაც გრძელდებოდა დაბომბვები. დღეისათვის სირიის მთავრობა აცხადებს, რომ მან სრულად აღადგინა კონტროლი ქალაქის ყველა ნაწილზე. ეს ბაშარ ასადის ყველაზე დიდი გამარჯვებაა სამოქალაქო ომის დაწყებიდან.

 ალეპო, ტერაქტები და ელჩის მკვლელობა

მთელი ამ თვეების მანძილზე ქალაქში დატრიალდა საზარელი ტრაგედია. ხალხი ფაქტობრივად შიმშილობდა, 6 ოქტომბერს BBC-ის ინფორმაციით ქალაქის აღმსოავლეთ ნაწილში დარჩენილი იყო მხოლოდ 30 ექიმი, დაახლოებით 270 ათას ადამიანზე, ქალაქში, რომელიც ყოველ დღე იბომბებოდა. აქედან მოყოლებული, შეუძლებელია ზუსტი მსხვერპლის დადგენა. როგორც მინიმუმ 376 ადამიანი სამთავრობო შეტევის პირველ კვირებშივე დაიღუპა (ესეც იმავე მონაცემებით), ხოლო 1266 დაიჭრა. ბოლო დღეებში ეს ციფრი საგრძნობლად უნდა გაზრიდლიყო, მაგრამ მონაცემები ჯერჯერობით არ გვაქვს. სექტემბრის ბოლოს, გაეროს ცნობით, 6 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, აქედან ორი ოქტომბრის დადგომისთვის რუსებს უკვე დამბომბილი ჰქონდათ, სხვებთან ერთად ამას სამი ექიმი და ორი მედდა შეეწირა. ამ დროისთვის უკვე 600 პაციენტს სჭირდებოდა ისეთი მომსახურება, რასაც ვეღარ გაუწევდნენ, კიდევ ორასს კი სასწრაფო ევაკუაცია. გადარჩენილი ექიმები თავიანთი სპეციალიზაციისაგან დამოუკიდებლად ცდილობდნენ ოპერაციების გაკეთებას იმ სფეროებშიც კი, რომელზაც არასდროს უმუშავიათ (მათ შორის, ინტერნეტის დახმარებითაც ცდილობდნენ), ძალიან ხშირად ანესთეზიის გარეშე, თითქმის არანაირი სამედიცინო ინვენტარით. ეს ჯერ კიდევ ოქტომბრის ინფორმაციაა, მას შემდეგ დაზუსტებული ციფრები არ არსებობს, ხოლო რა სახის ფოტო და ვიფეო მასალაც ვრცელდებოდა, ეს ყველამ ვნახეთ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ რუსებმა პედიატრიული საავადმყოფოც არ დაინდეს, აპრილის ბოლოს, სააღდგომოდ, დაბომბეს ალ-კუდსის საავადმყოფო და სხვებთან ერთად მოკლეს ქალაქის ბოლო პედიატრიც.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ნარატივს „ტერორიზმის წინააღმდეგ“ წარმოებულ ომზე, ხოლო რუსეთის ელჩმა გაეროში, ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ „ბავშვებს მტვერს აყრიან, რათა დაბომბვების მსხვერპლად წარმოაჩინონ“. ჩურკის ნამუსზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ შეგახსენებთ, ჩვენ, ქართველებმა, პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ამტკიცებდა ვიტალი ჩურკინი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 2008 წლის ომის შესახებ იმას, რომ ქართველებმა „სამხრეთ ოსეთში“ ეთნიკური წმენდა მოაწყვეს და როგორ არ უარყო მან, რომ რუსეთი საქართველოში რეჟიმის ცვლილებას ცდილობდა - „ხანდახან დემოკრატიულად, ან ნახევრად დემოკრატიულად არჩეული ლიდერები აკეთებენ საქმეებს, რომლებითაც პრობლემებს უჩენენ თავის ხალხს... ასე რომ, ზოგჯერ ეს ლიდერები უნდა ხვდებოდნენ, თუ რამდენად გამოსადეგები გახდნენ საკუთარი ხალხისთვის.“ ეს სიტყვები, მაშინ, ჩურკინმა გაეროში ამერიკის წარმომადგენლის ბრალდებაზე პასუხად განაცხადა, რითიც ფაქტობრივად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მაშინდელი მცდელობა, შეეცვალა საქართველოს მთავრობა. ამის მეტს არაფერს ვიტყვი ამ პიროვნებაზე, ხოლო მისი მორალური პლატოფრმა, ვფიქრობ მკითხველისათვის ისედაც ნათელია. ის კი აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი განცხადებებით, მან რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესია და უსამართლობის განცდა პირდაპირ მიმართა დიპლომატიურ კორპუსზე, რომელიც რუსული სასტიკი პოლიტიკის პირდაპირ გამოვლინებად იქცია უკვე ნაკლებად დაკვირვებული ადამიანების თვალშიც. სწორედ ამას მოჰყვა ძალიან უსიამოვნო და სასტიკი ფაქტი თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობისა, რომელიც, რასაკვირველია დასაგმობი ფაქტია, ჩვენდამი როგორ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსაც არ უნდა შემთხვეოდა.

 

ანდრეი კარლოვის მკვლელობა ძალიან ცუდი იქნება პოლიტიკური ვითარებისთვის. იმიტომ, რომ რუსეთი კვლავ ეცდება ამ ფაქტის გამოყენებას საკუთარი მიზნებისათვის და თავს ტერორიზმის მსხვეპლად წარმოაჩენს. ეს „ფანდი“ მას უკვე გაუვიდა ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, როდესაც ქალაქების მიწასთან გასწორება სწორედ ტერორიზმთან ბრძოლის დროშით მოახერხა. ასევე, ცუდია იმიტომ, რომ რუსეთს მეტი სავაჭრო ექნება თურქეთთანაც, რომელიც ნატოს წევრი სახელმწფოა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ასევე ცუდი იქნება იმიტომ, რომ პუტინი საკუთარ სახელმწიფოში ამ ფაქტის მიერ გამოწვეულ აღშფოთებას საკუთარი მიზნებისათვის და საკუთარი პოზიციის კიდევ უფრო გასამყარებლად გამოიყენებს და უნდა ველოდეთ რუსული აგრესიის საგარეო გამოვლინებასაც, როგორც ესეთ დროს ხდება ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, ცუდია იმიტომ, რომ დიპლომატები არ უნდა ზარალდებოდნენ პოლიტიკური ვითარებით, ეს საერთო ფონს ძაბავს და ართულებს. თუმცა სოციალურ ქსელში მოყვანილი ვაი- პარალელები ფრანც ფერდინანდის მკვლელობასთან სასაცილოა. ელჩი არ არის სამეფო ოჯახის წევრი და არც მდგომარეობაა იგივე. უფრო კარგი პარალელი იქნებოდა გრიბოედოვის მკვლელობა 1829 წლის ზამთარში, როდესაც თეირანში რუსეთის საელჩო ბრბომ დაარბია. კაცმა რომ თქვას, ის ბრბოც რუსული სახელმწიფოს პოლიტიკით იყო გამწარებული (გრიბოედოვი 1828 წლის დამამცირებელი თურქმანჩაის ზავის შემდეგ ჩავიდა სპარსეთში) და ასევე იმით, რომ საელჩოში სომხებს იფარებდნენ. ელჩები დარტყმას ყოველთვის ხალხის მხრიდან მათი სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების გამო იღებენ, სამწუხაროდ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ვერც იმას დავეთანხმები, რასაც ზოგიერთი ქართველი ამბობდა - თითქოს, ამ კაცმა მხოლოდ ის დააშავა, რომ რუსეთში დაიბადაო. დიპლომატობა ჯარისკაცობას ჰგავს, სახელწმიფოს სამსახურში მიდიხარ, იქ სადაც მას სჭირდები, მაგრამ თუკი ბავშვების მკვლელობას გავალებენ, მორალური არჩევანის დრო დგება, რაშიც მე პირადად რუს დიპლომატებსა და ჯარისკაცებს ვერ გავამართლებ. არ შეიძლება ამგვარ სისხლისღვრას ემსახურო და დამნაშავედ არ მიიჩნეოდე. ბავშვების მკვლელობით დაცული სახელმწიფო ინტერესების არ მწამს.

 

მდგომარეობა კიდევ უფრო იძაბება. თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო მინსიტრების შეხვედრაც ძალიან საინტერესოა. ეს სამი სახელმწიფო საკმარისად დიდხანს და კარგად იცნობს ერთმანეთს იმისათვის, რათა ერთმანეთს არ ენდონ, ამიტომ ეს შეხვედრაც უფრო ფორმალობა და დასავლელებისათვის ნერვების მოშლის მცდელობა მგონია. მით უმეტეს, ერდოღანი ერთ ხელს რუსეთს ართმევს მეორეს კი სირიელ ამბოხებულებს. ისიც ეცდება ელჩის მკვლელობის უსიამოვნო ფაქტიდან მაქსიმალური სარგებელი გამოიღოს და კიდევ უფრო გაამკაცრებს რეჟიმს ქვეყნის შიგნით. არ არის გამორიცხული ეს ფაქტიც გიულენისტებს დაბრალდეთ. რაც შეეხება, სირიაში თურქულ ჩარევას, ის ჯერჯერობით გაგრძელდება, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე შეტევა თურქეთმა უკვე მიიტანა. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ თურქეთს აშფოთებს ქურთების მიერ სირიასა და ერაყში მოპოვებული ავტონომია, არადა ქურთები ჯერჯერობით ყველაზე ქმედითი ძალაა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და მათ აშშ-ც ღიად ეხმარება. ობამას სისუსტის გამოვლინებაა ისიც, რომ ამ სამი სახელმწიფოს შეხვედრა რეგიონში დომინანტური ძალების შეხვედრასავით გამოიყურება, მას კი არ ესწრება აშშ-ს წარმომადგენელი. ლავროვმა ღიად განაცხადა, რომ კერისთან სირიასთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებების ფორმატმა თავი ამოწურა. ირანის, თურქეთისა და რუსეთის თბილი ურთიერთობა მხოლოდ დროებითია, თურქეთსა და რუსეთს ისტორიულად ერთმანეთის საწინააღმდეგო გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ, ამიტომ მათ დაახლოებას ძალიან დროებითი ხასიათი ექნება, მალე თურქეთი დაუბრუნდება პროდასავლურ კურსს და ურთიერთობებიც დათბება. ეს ასევე მოხდა კვიპროსის კრიზისის შემდეგ, მაშინ აშშ-მ მოკლევადიანი ემბარგოც კი დაუწესა თურქეთს, მაგრამ ურთიერთობა მალევე დათბა. დასავლეთსა და თურქეთს ძალიან სჭირდებათ ერთმანეთი, ამიტომ ცალ-ცალკე დიდხანს ვერ გაძლებენ.

 ალეპო, ტერაქტები და ელჩის მკვლელობა

თურქეთში სირიელი დევნილების რაოდენობა ურჩად უახლოვდება სამ მილიონს, ერდოღანის მდგოამრეობა საკმაოდ მძიმეა, საკუთარი 51%-იანი მხარდაჭერა (სწორედ ამდენი მიიღო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე) მან ჯერჯერობით თავისი პოლიტიკური ოპონენტების დასაჩაგრად გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ვერშემდგარმა პუჩმა მას კიდევ უფრო ხისტი ქმედებების განხორციელების საშუალება მისცა, მაგრამ დესტაბილიზაცია სახეზეა. ტერაქტები უკვე ყოველკვირეულ მოვლენად იქცა, მის მიერ სირიაში განხორციელებული სტრატეგიაც ვერ ამართლებს. რუსეთთან შეთანხმებით თურქეთი, ფაქტობრივად, ეგუება ასადის დარჩენას, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ერდოღანი ასევე ხვდება სირიიდან დევნილებს და აქტიურ მხარდაჭერას პირდება. რუსეთსაც, თურქეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის საფასურად, უხდება დაუთმოს ერთი პატარა ნაბიჯი და არ შეუშალოს ხელი თურქების მცირემასშტაბიან ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. მაგრამ, თავად რუსები, დარწმუნებული ვარ, იქამდე არ ჩაებმებიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირებაში, ვიდრე სხვა ოპოზიციის ნასახი არ დარჩება.

 

ქართველებმა კარგად ვიცით როგორი სასტიკი შეიძლება იყოს სამოქალაქო ომი. ბევრი მკვლევარი პუტინისა და ასადის სისასტიკეს ალეპოში ამართლებს იქამდე ამბოხებულების მხრიდან ჩადენილ სისასტიკეებით (რომელთაგანაც ზოგიერთ არც დასტურდება). ამაზე საუბარი არ მინდა, ამ ქმედებებს გამართლება არ აქვს და მოწინააღმდეგის მიერ წარსულში ჩადენილი თუნდაც მართალი დანაშაულები ვერ ჩამოწმინდავს სისხლს პუტინს. ვისაც იმის სჯერა, რომ ბავშვებს მტვერს აყრიან, გაიხსენოს დაბომბილი გორი და საკუთარი ნათესავების სისხლში მოთხვრილი ადამიანები, რომელთაც რუსული არხები მთელს ევროპაში გადასცემდნენ და ქართველების მიერ დაბომბილ ცხინვალად ასაღებნდენ. იმ კადრებზე გორის ციხეც კარგად ჩანდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, 2008 წლისათვის ცოტა ევროპელი თუ იყო ნამყოფი გორში, ან ცხინვალში, ერთმანეთისგან რომ გაერჩია. ამიტომ ნუ გვექნება ახალი თაობის ტელევიზიებზე მოკლე მეხსიერება. 2008 წელი არც ისე შორია, კიდევ უფრო სასტიკი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსული კამპანიები რომც არ გავიხსენოთ. არადა, იმ ომში რუსეთი სწორედ თავის მიერ გამოზრდილ „ტერორისტებს“ იყენებდა, ლესელიძის ტრაგედია გავიხსენოთ, გუდაუთას ბაზაზე დატრენინგებულმა შამილ ბასაევმა იქ დატრიალებული სასაკლაოსთვის ჯილდო მიიღო და რამდენიმე წელიწადში „ტერორისტად“ იქცა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა „ანტიტერორისტული“ კამპანია აწარმოა. სწორედ გახსოვთ, ამ კამპანიამ უამრავი მშვიდობიანი მოსახლე, ბავშვი და ქალი შეიწირა ჩეჩნეთში. დღეს კი პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობიდან „სწორ სიგნალებს“ იღებს და ამიტომ ჩვენთან სავიზო რეჟიმის გაუქმება სავსებით შესაძლებელია, „მაესტროს“ ჟურნალისტმა კი მეტი კითხვა ვერ გამონახა და სწორედ სავიზო რეჟიმზე კითხა ადმაიანს, რომელსაც მეოთხედი საქართველო, უკრაინის მთელი აღმოსავლეთი და ნახევარი სირია აქვს დაპრყობილი. სირიაში, რელიგიურადაც და პოლიტიკურადაც ისე გადაიმტერა რეჟიმმა საკუთარი მოსახლეობა, რომ ძალიან გამიჭირდება ამ ქვეყნისათვის რაიმე სახერბიალო პროგნოზის გაკეთება, არ შეიძლება ასადი ხელისუფლებაში დარჩეს, ყოველივე იმის მერე, რაც ჩაიდინა და თანაც, უკვე კლასიკურ „ნამესტნიკად“ აქცია საკუთარი თავი.

 

ბერლინში მოხდარი საზარელი ტრაგედია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მერკელს ძალიან გაუჭირდება სტაბილურობისა და ლიდერობის შენარჩუნება. ანტიემიგრაციული AfD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) უფრო და უფრო იკრებს ძალებს და პირდაპირ კანცლერს ადანაშაულებს გერმანიის პრობლემებში, ისევე როგორც მთელს ევროპაში მომატებული ტერორისტული საფრთხის გამო. ნიცას შემდეგ უკვე მეორედ, ტერორისტმა ტრაილერით გაიტანა უდანაშაულო ადამიანები. 12 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის იყო ტრაილერის მძღოლიც, რომელიც თავდამსხმელს შეებრძოლა და არ მისცა საშუალება კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი გამოეწვია. თურმე უფრო დიდ ბრბოს ამცდარა ტრაილერი, რის გამოც მძღოლმა თავდამსხმელისაგან ტყვია მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროპაში არსებულ ძალიან მყიფე და არასტაბილურ ვითარებას.

 

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ჰილარი კლინტონის პოზიციების წიანსწარმეტყველება შესაძლებელი იყო, ტრამპისა კი ურთულესია. ერთი კარგი გადაწყვეტილება უკვე ვიცით - „mad dog” მატისი თავდაცვის მდივნად დაინიშნება, ის ირანს რეგიონალურ მტრად, ხოლო რუსეთს გლობალურ მოწინააღმდეგედ აღიქვამს და მისი ინიციატივით სამხედრო სასწავლებლებში თეორიულ მტრად სწორეს რუსეთის სიმულაცია მოხდება, რაც აშშ-ს სამხედრო წრეებში დიდი ხნით მოახდენს ანტირუსული განწყობების ფორმირებას. იმედია, ტრამპის სამთავრობო სელექცია ასე გააგრძელებს და რექს ტილერსონის მსგავს ადამიანებს გვერდს აუვლის. პუტინის განცხადებაზე, რომ თითქოს რუსეთი ძლიერია ყველა პოტენციურ მოწინააღმდეგეზე (რაც შოიგუმ იმით დაადასტურა, რომ სირიაში 160-ზე მეტი სხვადასხვანაირი იარაღი გამოვცადეთო), ტრამპა უპასუხა იმით, რომ აშშ-ს ბირთვული პოტენციალის გაძლიერებაზე გააკეთა განცხადება. მე იმედი მაქვს, რომ ინაუგურაციიდან დაახლოებით 6 თვეში, ტრამპის ადმინსიტრაცია საბოლოოდ დაუპირისპირდება რუსეთს, რასაც აუცილებლად მოჰყვება დადებითი შედეგები. რუსეთს სადღეისოდ მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 3%-იანი წილი უკავია და ამ ქვეყანაში ბოლო კვირის მთავარი თემა არა სირია ან უკრაინა, არამედ ირკუტსკში სპირტის შემცველი სააბაზანო კონცენტრატი „ბოიარშნიკის“ დალევის გამო დაღუპული 74 ადამიანი და ამგვარი საშუალებების სავარაუდო აკრძალვაა. ტრამპა უნდა გაანალიზოს, რომ რუსეთს აქვს სირთულეები და მისი დამარცხება ბევრად ადვილი იქნება, ვიდრე თავის დროზე „საბჭოთა კავშირის“ იყო.

 

უკვე ვახსენე, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნავთობის დაბალი ფასია, რომელიც, ვფიქრობ არ გაიზრდება. არ გაიზრდება იმიტომ, რომ უმძლავრესი ნავთობის მწარმოებელი არაბული ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის სუნიტურ-შიიტების დაპირისპირებაში სუნიტებს წარმაოდგენენ, რუსეთი კი შიიტების მხარეს ჩაება ამ ომში. ეს, რასაკვირველია, პირდაპირ ურტყამს საუდის არაბეთისა და სხვა სუნიტი ნავთობმწარმოებლების ინტერესებს, რომლებიც აგერ უკვე 5 წელია ღიად უჭერენ მხარს ამბოხებულებს. „ჯაბჰათ ნუსრამ“ სწორედ იმტომ შეიცვალა სახელი, რომ „ალ-კაიდას“ „ჩამოშორდეს“ და უფრო ადვილად მიიღოს ფული არაბებისგან. ფაქტი ერთია, საუდის არაბეთი და ირანი ახლო აღმოსავლეთს ნულოვან თამაშად აღიქვამენ, რომელშიც როცა ერთი თმობს რაიმეს, მეორე იმავეს იგებს. ამ დაპირისპირებაში, არაბებისათვის რუსეთი შიიტების მხარეს დადგა და ამისათვის საზღაურის გადახდა მოუწევს, ამ საზღაურის ფასი კი 2017 წელს ნამდვილად გაიზრდება. ზოგადად ამ ორი ბანაკის პირდაპირი დაპირისპირება სახეზე ძალიან კარგად არის იემენშიც, სადაც ასევე დიდი სისხლისღვრაა, დასაწყისში ვახსენე იქ მომხდარი ტერაქტიც, რომელიც უკვე მეორე იყო დეკემბერში და საერთოდ ყველაფერი ამ კონფლიქტის შესახებ უცნობია ქართველი მკითხველისათვის. ზოგადად, მომავალში „იევრია“ ამ დაპირისპირებასაც აუცილებალად მიუძღვნის სტატიას, ისევე როგორც გლობალური ჯიჰადის ფენომენს და გლობალური ტერორიზმის საფრთხეებს. იორდანიაში ჩადენილი ტერაქტი, ბოლო ათ წელიწადში პირველია, რომელიც ამ სახელმწფოში სამოქალაქო ადგილას მოხდა და ეს საკმაოდ საშიში გამაფრთხილებელი ნიშანია. იორდანია სტაბილურობის კუნძული იყო აქამდე მთელს რეგიონში და სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთად დარჩეს.

 

შოიგუს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სირია და სირიელი ხალხი რუსეთისათვის მხოლოდ ჩვეულებრივი პოლიგონია, რომელიც იმპერიული ზრახვების განხორციელებას ესაჭიროება. რუსეთის პატრიარქმა კიდევ უფრო მაგარი რამ თქვა, რომ თითქოს, სირიაში რუსეთი თავდაცვით ომს აწარმოებს და რომ სირია რუსეთის „მეზობელია“. მხოლოდ იმპერიულ პოლიტიკაში ღრმად დარწმუნებულმა ადამიანმა შეიძლება ეს განაცხადოს (რაც თავისთავად ქრისტიანობასთან როგორ მოდის თანხმევდრაში, მკითხველმა გადაწყვიტოს). რუსი ჟურნალისტები და მათი მიდმევრები წერენ, თითქოს პუტინმა და ასადმა ალეპო "გაათავისუფლეს". მინდა შევახსენო მკითხველს, რომ ზუსტად ეგრე გაგვათავისუფლეს ჩვენც და მთელი კავკასიაც 1921-ში, მთელი აღმოსავლეთ ევროპა 1945-ში, უნგრეთი 1956-ში და ჩეხეთი 1968-ში. ავღანეთს მთელი ათი წელი ათავისუფლებდნენ სანამ თალიბანს გადაულოცავდნენ გადარჩენილი ხალხის გასათავისუფლებლად. ამასობაში, ჩეჩნები, ჩერქეზები და ინგუშებიც გაათავისუფლეს. ამას ყირიმი და უკრაინაც დაამატეთ და ცხადი გახდება, რომ რუსეთი რჩება ერთადერთ ქვეყანად, რომლის მთავრობისა და ხალხისთვის ვინმეს "გათავისუფლება" დღემდე პირდაპირ გულისხმობს უცხო ხალხის ტანჯვას, პედიატრიულების დაბომბვას, უდანაშაულო ადამიანების გაზით დაწამვლას, ტანკებით სტუდენტებზე გადავლას, რუსთაველზე ნიჩბებით ბოგინს და ლოკალური თავისუფალი საზოგადოების აღსასრულს. ვისაც ეგეთი გათავისუფლების სწამს, ღმერთმა უშველოს - როგორც კოცონზე დაიძახა იან ჰუსმა "ოჰ წმინდაო უბრალოებავ!".

 

P.S. დაინტერესებულ პირებს ამგვარი „თავისუფლების“ სანახავად შეუძლიათ აფხაზეთში ან ცხინვალში გადასვლა.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია