მოსახლეობის გაღარიბება, როგორც ინფლაციის მაჩვენებლის ვარდნის მთავარი ფაქტორი და ქართული ეკონომიკის პერსპექტივები - მოთხოვნის სტიმულირების კონცეფცია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-01-2017, 01:04 | ეკონომიკა | ნანახია - 24561

მოსახლეობის გაღარიბება, როგორც ინფლაციის მაჩვენებლის ვარდნის მთავარი ფაქტორი და ქართული ეკონომიკის პერსპექტივები - მოთხოვნის სტიმულირების კონცეფცია
დავით ნებიერიძე

 

საქართველოში ჯერ კიდევ 2016 წელის მეორე ნახევარში დაიწყო ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა და დეკემბრისთვის უპრეცენდენტოდ დაბალ ნიშნულამდე ჩამოვიდა. ზუსტად ამით იწონებს თავს საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს ამ მაჩვენებლით გადაფაროს მოსახლეობისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურებით მოყენებული ზარალი – “რა მნიშვნელობა აქვს რა ღირს დოლარი, თუ მოსახლეობას ცხოვრება არ უძვირდება?! გამონაკლისს მხოლოდ ის მოქალაქეები შეადგენენ რომლებსაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებულიო”. ცხოვრების არ გაძვირების მთავარ არგუმენტად კი ინფლაციის დონის მნიშვნელოვან კლებას ასახელებენ.

 

პირველ რიგში და უაპელაციოდ მინდა განვაცხადო, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ვარდნა მთლიანად განპირობებულია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის კატასტროფული ვარდნით. ანუ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი გაღარიბებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად ინფლაციის მაჩვენებლის შიდა სტრუქტურას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებელი საშუალო შეწონილ ხასიათს ატარებს. ანუ, აქ ასახულია ყველა პროდუქტის და მომსახურეობის ფასების დინამიკა გასაშუალოების პრინციპით. მარტივად რომ ვთქვათ ფასების საერთო დინამიკა. თუ ჩვენ სიღრმისეულად ჩავიხედავთ სამომხმარებლო ფასების დინამიკაში, იოლად დავინახავთ, რომ სამომხმარებლო საქონლის პრემიუმ სეგმენტში ფასები როგორც მინიმუმ განახევრებულია და მკვეთრად არის შემცირებული ბრუნვებიც, ანუ რეალიზაციის მაჩვენებელი. ხალხი პრაქტიკულად აღარ ყიდულობს კარგ ბინებს, კარგ მანქანებს, კარგ საყოფაცხოვრებო ტექნიკას, აღარ ხარჯავს ფულს დასვენებაზე, კარგ განათლებაზე, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობაზე და ა.შ. ხშირ შემთხვევაში კი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ ხარჯავს ფულს სამომხმარებლო საქონლის ამ სეგმენტში. მთავრობისგან განსხვავებით, ზუსტად მოსახლეობამ შემოიჭირა ქამრები ისე, რომ სუნთქვაც კი უჭირს. ზუსტად მოსახლეობის მოთხოვნების ამგვარი გადანაწილებითაა გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებლის უპრეცენდენტო ვარდნა და ამ მაჩვენებელში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე გაძვირებული ფასების გადამალვა. ბევრი, რომ აღარ გავაგრძელოთ, პირდაპირ უნდა ვთქვათ: მოსახლეობის კატასტროფული გაღარიბების გამო ეკონომიკაში მკვეთრადაა შემცირებული მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას ბაზარზე. მოთხოვნის შემცირება კი ამცირებს მიწოდებას.

 

შესაბამისად, ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიღწევა კი არ არის ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება, არამედ ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეული სრული კრახია. ეროვნული ბანკი კი არ უზრუნველყოფს მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობას და ფასების კონტროლს, არამედ ყველაფერი განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის მეთოდური და უპრეცენდენტო გაღატაკების პროცესებით. რომელსაც მხოლოდ წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისს თუ შევადარებთ.

 

ახლა კი შევეხოთ ზემოთ ჩამოყალიბებული პრობლემების ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე:

 

ის რისიც ყველაზე ძალიან ეშინიათ განვითარებული ქვეყნების ეროვნულ ბანკებს, ეკონომიკური განვითარების პირობების უზრუნველყოფის საკითხში, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამტარებელ ინსტიტუტებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს და ივანიშვილის ხელისუფლებას როგორც უკვე მოგახსენეთ მიღწევად მიაჩნია. კერძოდ:

 

აქსიომაა, რომ მოსახლეობა იძულებული გახდა მაქსიმალური ეკონომიის რეჟიმში გადასულიყო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვების პროდუქტებზეც კი აკეთებს მაქსიმალურ ეკონომიას. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის მოთხოვნა განაპირობებს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების ძალიან დიდ ნაწილს. თუ არ არის მოთხოვნა, არ არის მიწოდება. თუ არ არის მოთხოვნა, შესაბამისად არ იქნება ინვესტიციებიც. ანუ, ბუნებრივად არ მოხდება ეკონომიკის ზრდა. მოცემულობა ძალიან მარტივია: თუ ეკონომიკა იკუმშება მოთხოვნის შემცირების გამო, გაუგებარი ხდება, თუ რაში უნდა განხორციელდეს ინვესტიციები, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ინვესტიციების რენტაბელობის სტაბილურობა და მეტ-ნაკლებად მისაღები დონე. ივანიშვილის ხელისუფლების ყველაზე მთავარი კონცეპტუალური შეცდომა, რაც ტრაგიკულად აისახება ქვეყნის ყოფაზე მდგომარეობს მცდელობაში წაახალისოს წარმოება. სინამდვილეში კი საჭიროა წახალისდეს მოთხოვნა. აი აქ არის დამარხული ძაღლის თავი და ნებისმიერი ეკონომისტი, როდესაც დაიწყებთ დისკუსიას, ან ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკას, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განიხილოს ყველა ეკონომიკური საკითხი და ზუსტად ამ კონცეფციას უნდა დაუქვემდებაროს ძირითადი ყურადღება ეკონომიკური განვითარების გეგმის განხილვისას. თუ გინდათ რომ ქვეყანას მართლა რეალური სარგებელი მოუტანოთ და რადიკალურად შეცვალოთ ქართული ეკონომიკის პერსპექტივები. ძალიან კარგი იქნება თუ წაიკითხავთ ჩემს სტატიას მსოფლიო ფინანსური სისტემის პრინციპებზე და პრობლემებზე. რომელიც გამოქვეყნდა www.iveria.biz – ზე. ეს სტატია კიდევ უფრო გაგიმარტივებთ მოთხოვნის სტიმულირების სტრატეგიულ მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარების საკითხებში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ეთმობა კონკურენტული გარემოს დაცვის მნიშვნელობასაც.

 

მოთხოვნის სტიმულირების კონცეფციის მთავარი ხიბლი იმაშიც მდგომარეობს, რომ მაქსიმალურადაა შემცირებული სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს გარემოში ჩარევის ხარისხი და ამ კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი სამთავრობო პროგრამა გაცილებით უფრო იაფი უჯდება ბიუჯეტს, ვიდრე სხვა ტიპის პროგრამები. დედა აზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მოვახდენთ მოთხოვნის სტიმულირებას ბიზნესი თავად გადაჭირს მიწოდების უზრუნველყოფის ამოცანებს და ბიზნეს გარემო მაქსიმალურად ჯანსაღი და ბუნებრივად მზარდი იქნება, ყოველგვარი ხელოვნური და არაეფექტური ჩარევების გარეშე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია