ტექნოლოგიების როლი გლობალიზაციის პროცესებში - როგორი იქნება მსოფლიო უახლოეს მომავალში...?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-02-2017, 12:21 | --- | ნანახია - 16188

ტექნოლოგიების როლი გლობალიზაციის პროცესებში - როგორი იქნება მსოფლიო უახლოეს მომავალში...?
დავით ნებიერიძე

 

თემა რომელიც მინდა ამ სტატიაში განვიხილო თავისთავად საკმაოდ რთული და მრავალ კომპონენტიანია. ამიტომ, შევეცდები ძალიან მოკლედ და მარტივად ვთქვა ჩემი სათქმელი.

 

კაცობრიობის ისტორიაში იყო ეპოქები, როდესაც სამყაროს ცვლიდნენ რელიგიები. შემდეგ იყო ეპოქა, როდესაც სამყაროს ცვლიდნენ პოლიტიკოსები და ეპოქალური მნიშვნელობის მმართველები და საზოგადო მოღვაწეები. მაგრამ, ახლა დგება ეპოქა, როდესაც სამყაროს ცვლიან და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეცვლიან ტექნოლოგიები.

 

დასაწყისშივე მინდა გაგაცნოთ «ალიბაბას» მფლობელი, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა. ეს არის ადამიანი რომლის მოღვაწეობის ნაყოფი, რომლის ბიზნესიც უკვე დღეს, გარკვეულწილად სახელმწიფოს ფუნქციებს ასრულებს. მაგრამ, ამ კუთხით მის საქმეს ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს, ან არც აქცევს ყურადღებას. ხოლო, კიდევ უფრო ნაკლებს ესმის ამ საქმის გლობალური, საკაცობრიო მასშტაბების. რას გულისხმობს ჩემი ეს განცხადება?

იმისთვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ საჭიროა გავიაზროთ თუ რას ნიშნავს კარგი და ეფექტური სახელმწიფო?

 

კარგი და ეფექტური სახელმწიფო «გარემოთა კონცეფციის» ფარგლებში არის სახელმწიფო, რომელიც პირველხარისხოვან ამოცანად განიხილავს ბაზრისთვის წარმატებული, ეფექტური ფუნქციონირებისთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნას, რათა ბაზარი სწორად და მარტივად ფუნქციონირებდეს და მისმა მონაწილე ყველა მხარემ მოახერხოს ერთმანეთის მოძებნა და უმარტივესი გზით ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება. ხოლო, თავად სახელმწიფო აღარ ერეოდეს ბაზრის მონაწილე სუბიექტთა ურთიერთობებში.

 

ზუსტად ასეთი მოდელი აქვს შექმნილი ჯეკ მას «ალიბაბას» პლათფორმაზე. «ალიბაბა» ეს არ არის კონცერნი ან კორპორაცია, რომელიც რაიმეს აწარმოებს. ეს არის ბირჟა. სავაჭრო პლატფორმა, ძირითადად მცირე კომპანიებისთვის, უპირველეს ყოვლისა მცირე ბიზნესისთვის. ზუსტად ამ კომპანიების ხარჯზე ცხოვრობს «ალიბაბა» და ზუსტად ამ ამოცანის გენიალურად გადაჭრით იშოვა ჯეკ მამ მილიარდები.

 

დიდი ხნის მანძილზე გლობალიზაცია არსებობდა მხოლოდ რამოდენიმე მეფისა და იმპერატორისთვის. ოცდაათი წლის წინ გლობალურ პროცესებს ქმნიდა ათასობით მსხვილი კომპანია. ხოლო, სულ რაღაც 20 წელიწადში ამ პროცესებს უზრუნველყოფს მილიონობით მცირე ბიზნესი. აი ეს არის გლობალიზაციის ევოლუცია და მისი ხვალინდელი დღე მაკროეკონომიკაში.

 

«ალიბაბას» ტექნოლოგია ხომ ზუსტად ის ტექნოლოგიაა, რომელიც ძალიან მცირე ბიზნესისთვისაც კი (მიუხედავად იმისა თუ სად მდებარეობს ეს მცირე ბიზნესი), უზრუნველყოფს შესაძლებლობას ივაჭროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აბსოლუტურად იყოს დაცული, როგორც საკუთრების უფლება, ასევე ნებისმიერი სხვა უფლებები. ისე, რომ ბიზნესის პატრონს სათანადო შედეგის მისაღწევად თვითმფრინავის ბილეთის ყიდვაც კი არ დასჭირდეს. ოღონდ იმ პირობით, რომ შექმნის კონკურენტუნარიან პროდუქტს.

 

ყველა მთავრობას წინა პლანზე გამოაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებისა და სტიმულირების ათასნაირი პროექტები, რომლებიც ქართულ რეალობაში უმრავლეს შემთხვევაში ან ბიუჯეტის თანხების მოპარვის უებარი საშუალებაა, ან უბრალოდ არაეფექტურია და გადასახადების გადამხდელთა თანხების არაეფექტურ, ფუჭ ფლანგვას იწვევს. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის ნებისმიერ ხელმძღვანელს მინდა ვურჩიო იაზროვნონ და იფიქრონ ჯეკ მასავით და გაცილებით მეტ სიკეთეს მოუტანენ საქართველოს ეკონომიკას, ვიდრე დღევანდელი მცდელობებით.

 

ის, რითიც დავიწყე ეს სტატია, განსაკუთრებით აქტუალურია სახელმწიფოს მოწყობის პრინციპებში და სისტემებში. კერძოდ, ზუსტად ტექნოლოგიები შეცვლიან სახელმწიფოს მოწყობას და მოახდენენ მის ფუნდამენტალურ რეფორმირებას. პირველ რიგში ვგულისხმობ «Blockchain-ის» ტექნოლოგიებს https://youtu.be/yCUtSMAFEB4 (იხილეთ ეს ვიდეორგოლი, «Blockchain-ის» ტექნოლოგიების გასაგებად). უფრო გასაგები რომ იყოს ვიტყვი, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნება მაგალითად კრიპტოვალუტა – ბიტკოინები და მრავალი სხვა ანალოგიური ელექტრონული ფული. ანუ, გლობალურად რომ ვთქვათ, აქ ლაპარაკია სისტემებზე, რომლებიც პრინციპში აუქმებს სახელმწიფოს მონაცემთა ბაზას, ადმინისტრირების აუცილებლობას. ეს ფუნქციები და საინფორმაციო ბაზები კი გადააქვს ზემოთ ხსენებულ სისტემებში. მაგალითად: თუ საინფორმაციო სისტემები მოეწყობა «Blockchain-ის» ტექნოლოგიით, მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ სახელმწიფო, როგორც ინფორმაციისა და რეგულაციების წყარო და სახელმწიფო პროდუქტების უმრავლესობა გადაინაცვლებს ზუსტად ამ პლატფორმებზე. მაგალითად: თქვენ აღარ გჭირდებათ ისეთი ინსტიტუტი როგორიცაა ნოტარიუსი ან ხარისხის კონტროლისა და სერტიფიცირების სამსახურები, იუსტიციის სახელბი მისი დღევანდელი ფორმით. ანუ, ამ ახალი გლობალური ტექნოლოიების დანერგვითა და გამოყენებით სამუდამოდ იხსნება პროცესების ბიუროკრატიზაციის პრობლემა და ფენომენალურად იზრდება ურთიერთობათა გამჭვირვალობის ხარისხი. მათ შორის სახელმწიფო დონეზე. სახელმწიფოს ყველა ის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს არქივების, ანუ მონაცემთა ბაზების შექმნას, სადაც აქამდე იყო დაცული მაგალითად: პიროვნების საკუთრების უფლება, უკვე აღარ დაგვჭირდება. იმიტომ, რომ თუნდაც თქვენი უფლება ბინის საკუთრებაში ქონაზე, ან ამ ქონების გაყიდვის უფლება დადასტურებული იქნება იმ გარიგებათა ქრონოლოგიური ჯაჭვით და ინფორმაციით, რომელიც ასახული იქნება ამ მომავლის ტექნოლოგიებით შექმნილ მონაცემთა ბაზაში. თუ დღეს არსებობს კორუფციული გარიგებების რისკი, რომლის შედეგადაც თქვენ შეიძლება უკანონოდ დაკარგოთ საკუთრების უფლება, ამ ტექნოლოგიების შემთხვევაში ეს უკვე გამორიცხული იქნება. იმიტომ, რომ გარდა სისტემის დაცულობისა, ეს ინფორმაციის ჯაჭვი იქნება იმდენად გრძელი დეტალური და ავტონომიური, რომ მისი გაყალბება ფაქტიურად აზრს დაკარგავს. ზუსტად ამ ნაწილში ჩაანაცვლებს სახელმწიფოს «Blockchain-ს» ტექნოლოგიები. მთავარია, რომ სახელმწიფომ მოინდომოს მისი ფუნქციების ამ ნაწილის დათმობა. ხოლო, რომელი სახელმწიფოც გადადგამს ამ ნაბიჯს პირველი ის სახელმწიფო შეიძენს ტრანსფორმაციისა და ფენომენალური განვითარების უდიდეს შანსს და მნიშვნელოვნად გაასწრებს სხვებს, როგორც მატერიალური სარგებლის, ასევე ეფექტურობისა და უსაფრთხოების კომპონენტებში. თუმცა, საქართველოში ჯერ-ჯერობით ყველაზე ძალიან სიახლეებისა და ცვლილებების ეშინიათ.

 

არაერთ სტატიაში გამიკეთებია მსოფლიო ეკონომიკისა და მსოფლიო ფინანსური სისტემების დღევანდელი კრიზისის ანალიზი. სადაც ვამბობდი, რომ პროცესები მოითხოვს ამ სისტემების გადაფორმატირებას და ტრანსფორმირებას. ყველაფერი რაზეც მე ზემოთ ვილაპარაკე დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს, როგორც არსებულ «მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას», ასევე მსოფლიოს ფინანსურ სისტემასაც და ყოველივე ეს მოხდება ძალიან მალე, 20-30 წელიწადში. ეს ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია.

 

უმაღლესი რანგის, უამრავი ბიუროკრატი იკრიბება დავოსში, ან სხვა მრავალ ფორუმებსა და შეკრებებზე, რათა მიაღწიონ შეთანხმებას იმ წესებზე, თუ როგორ უნდა იურთიერთობონ ერთმანეთთან ბიზნეს სუბიექტებმა. მაგრამ, ამ ფორუმების ეფექტურობა ძალიან დაბალია. ხოლო, ისტორიულად იმ უახლოეს მომავალში, რომლის მოწყობის პერსპექტივებზეც მე ვსაუბრობ, ამ ჩინოვნიკების არსებობა, ამ მოუქნელი და უზარმაზარი ბიუროკრატიული მონსტრების არსებობა აღარ იქნება საჭირო. იმიტომ, რომ გაიხსნება უმოკლესი გზა – ბისზნეს სუბიექტებს შორის უშუალო და პირდაპირი კონტაქტებისთვის. სადაც აღარანაირი ბიუროკრატიული სისტემა აღარ იქნება ჩარეული. ამიტომ, საკითხების გადაჭრის ეფექტურობაც ფენომენალურად გაიზრდება. რაც არნახულად დააჩქარებს ევოლუციურ პროცესებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზარმაზარი ბიუროკრატიული ინსტიტუციების ამოვარდნის შედეგად ცხოვრებაც უფრო იაფი გახდება.

 

ბატონებო, რაოდენ ფუტურისტულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ჩემი კონცეფცია, მის რეალურობაში და ხორცშესხმის პერსპექტივებში, ძალიან მალე დარწმუნდებით. იმიტომ, რომ ზუსტად ეს არის მომავალი. ეს ყველაფერი სიზმარივით აგვიხდება. ამიტომ, მთავარია ჩვენ ვიყოთ ლიდერები ამ გლობალური ტრანსფორმირების პროცესებში, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები გახდნენ ცივილიზებული სამყაროს უპირველესი წევრები და ყველა მისი სიკეთის უპირველესი მომხმარებლები.

 

ამიტომ, მომავალი მთავრობის ფორმირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ისეთი მენეჯერული კადრების მოზიდვას, რომლებსაც კონცეფციის დონეზე მაინც ესმით მომავლის პერსპექტივები და რომელთა ინიციატივებიც ერთი ნაბიჯით მაინც უსწრებენ დროს. ზუსტად აქ არის ის რეზერვი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ძალიან მოკლე დროში დავეწიოთ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს და არ ვითვალოთ საუკუნეები ამ მიზნის მისაღწევად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია