ჭორების ინსტიტუტის ფესვები საქართველოში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-02-2017, 10:10 | პოლიტიკა | ნანახია - 3381

ჭორების  ინსტიტუტის ფესვები საქართველოში


ნინო წერეთელი

 

ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვხვდება ტერმინი - “ჰიბრიდული ომი”. ამ ცნების გააქტიურება გამოიწვია რუსეთის ინტერვეციამ უკრაინაში, როდესაც გარდა სტანდარტული სამხედრო ოპერაციებისა, მის მიერ გამოყენებული იქნა სხვადასხვა მეთოდებიც, როგორიცაა - კიბერ შეტევა, საინფორმაციო ომი, ბირთვული მუქარა. დღეს ამის შესახებ საუბრობენ მაღალი რეიტინგის მქონე გადაცემები და ჟურნალები. მოიხსენიება NATO-ს ანგარიშებშიც. ბოლო პერიოდში კი დასავლელი პოლიტიკოსები პირდპირ საუბრობენ ჰიბრიდულ ომზე და მის მთავარ შემადგენელ ნაწილად რუსეთის აგრესიულ პროპაგანდას ასახელებენ.

 

ცხადია ეს ტერმინი არ არის ახალი. ჰიბრიდული ომი რუსეთის იმპერიის გამოცდილი, ტრადიციული მეთოდია, რომელსაც იგი მუდმივად ახორციელებდა და ახორციელებს სამიზნე ქვეყნების მიმართ. ბუნებრივია მაშინდელი მეთოდები განსხვავდება დღევანდელისგან, რომლის ძირითადი მიზეზი სათანადო ტექნოლოგიების არარსებობა იყო. მაგალითად საინფორმაციო ომის მაგიერ არსებობდა ჭორების გავრცელების ინსტიტუტი. ამ ერთი შეხედვით არასეროზულ მეთოდს საკმარისად დიდი გავლენა ჰქონდა პროცესებზე და მას მნიშვნელოვან ზიანსაც აყენებდა.

 

საქართველო უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, გამომდინარე თავის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან რუსეთის მუდმივი სამიზნეა. ქვეყანას უკვე 200 წელზე მეტია, წილად ხვდა ლაბორატორიის როლი, სადაც აგრესორი მუდმივად იყენებს და ხვეწავს თავის კომპლექსურ მეთოდებს. ამაში, რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია გავიხსენოთ საქართველოს უახლესი ისტორიიდან ყველასათვის კარგად ცნობილი ფაქტები და გავაკეთოთ მათი შეფასებები დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ყველასათვის ხელმისაწვდომია უტყუარი საბუთები. თავად, რომ არ ვიქცე მითების გამავრცელებელ წყაროდ, მხოლოდ ისეთ ფაქტებს შევეხები, რომლის მხილველი თავად ვარ.

 

1988 წელი იყო. ირაკლი წერეთლის ბინაში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების კრება ტარდებოდა. კრებაზე განიხილებოდა საკითხები, რომლის ირგვლივ არსებობდა წმინდა მსოფმხედველობითი დაპირისპირება. შეკრებას ესწრებოდა ახლად წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა წარმომადგენელი: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, ზურაბ ჭავჭავაძე, თამარ ჩხეიძე და სხვა.

 

სახლში უამრავი ხალხი ირეოდა. თავისუფალი ადგილი მოვძებნე ფანჯრასთან, რაფაზე ჩამოვჯექი და იქიდან დავუწყე მოვლენებს ყურება. გვერდით მდგომმა უცნობმა თავისი ინიციატივით ჩემთან საუბარი წამოიწყო და ასეთი რამ მიამბო.

 

- “ერთხელ ზვიად გამსახურდიასთან ერთად მოვხვდი სუფრაზე. სუფრის ერთერთმა წევრმა მისი სადღეგრძელო შესვა და მომავალში პატრიარქობა უსურვა. იცით რა გააკეთა? წამოდგა და მადლობა გადაუხადა. ამ მიზანს მან ვერ მიაღწია და ახლა ისევ ეროვნულ მოძრაობაში დაბრუნდა. ეს კაცი დაავადებულია პირველობის სურვილით. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება პირველი. “

 

ამ ისტორიამ ძალიან გამაკვირვა, რადგან ზვიად გამსახურდიას ვიცნობდით მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც. სასულიერო მოღვაწეობა მის ხასიათს არ შეეფერებოდა, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი და მაინც სინამდვილედ აღვიქვი ეს ამბავი.

 

ეს იყო დასაწყისი. იმ დღიდან მოყოლებული უამრავი შეთხზული ისტორია მოვისმინე ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე. ეს ისტორიები ჩემს თვალწინ იბადებოდნენ, ელვისებური სისწრაფით ვრცელდებოდნენ და მიუხედავად მათი ალოგიკურობისა მაინც რეალურ ისტორიებად ილექებოდნენ მოსახლეობის ცნობიერებაში. მოგვიანებით რუსული სპეცსამსახურების მიერ წაქეზებულმა სეპარატისტებმა პრობლემები შექმნეს აფხაზეში. რამაც დაბადა იდეა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა აუცილებელი იყო იარაღითაც. შეიქმნა შეიარაღებული ფორმირებები. უდავოდ პატრიოტულ მოტივზე აღმოცენებულ შეაიაღებულ ძალებს, ისევე როგორც ეროვნული მოძრაობის რიგებს, საკმარისად ბევრი მიეტმასნა პირადი სარგებელის სანახავდ, ასევე ბევრი იყო შეგზავნილი აგენტურა, რომელიც მიზნობრივად ცუდად იქცეოდა, რათა მოსახლეობაში მოეხდინა ეროვნული შეიარარებული ძალების იდეის დისკრიმინაცია. ამის პარალელურად ვრცელდებოდა უამრავი ჭორი, რომელთა დიდი უმრავლესობა ნამდვილად შორს იყო რეალობისგან. შეთხზული ამბები მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ, შუღლს აღვივებდნენ და შეიარაღებულ ფორმირებებში გაერთიანებული, უდავოდ პატიოსანი, ქვეყნისთვის თავდადებულ ახალგაზრდების მიმართ დიდ სიძულვილს თესავდნენ.

 

ცხადია მიზეზები რამაც მოგვიანებით ეროვნულ მოძრაობაში განხეთქილება წარმოქმნა და ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა კომპლექსური იყო. არ იყო შესაბამისი პოლიტიკური ცოდნა, გამოცდილება, პოლიტიკური კულტურა, არ აღმოჩნდა სათანადო კოლექტიური სულისკვეთება და სოლიდარობის გრძნობა ეროვნული ღირებულებების მიმართ. მაგრამ არ შეიძლება არ ვაღიაროთ ჭორების ინსტიტუტის ძლიერი გავლენა მიმდინარე პროცესებზე, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა ეროვნული მოძრაობის დაქსაქსვასა და დასუსტებაში.

 

მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში მოქმედებდა იმპერიის უზარმაზარი აგენტურა, რომლიც აკვირდებოდა და სწავლობდა განურჩევლად ყველას. არ ვიცოდი, რომ სუკ-ის ერთერთი მძლავრი იარაღი იყო ჭორების გავრცელება მათთვის არასასურველი მოქალაქეებისათვის და რომ ამ საკითხზე სპეციალური განყოფილებები მუშაობდა. შეთხზული ინფორმაციის ანატომია საკმარისად გონივრული იყო. ის იგებოდა რეალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუმც ფაქტები დამახინჯებული იყო. პატარა ტყუილები ძირითადად - ყოფითი ხასიათის, რათა გაჭირვებულ მასებში უკმაყოფილება გამოეწვია. დიდი ტყუილები კი - შოკის მომგვრელი, რათა მათი გააზრების სურვილი გამქრალიყო. დაშენებული ინფორმაცია მით უფრო აბსურდული და სასტიკი იყო, რაც უფრო პრინციპული, უკოპმრომისო და გაბედული იყო „მიზანში ამოღებული“ პიროვნება. უკეთესად რომ გავიგოთ რას ვგულისხმობ გავიხსენებ ფაქტს, რომლის დასაბუთებაც დღესდღეობით მარტივად შეიძლება.

 

1989 წლის 9 აპრილის საბედისწერო დილას პატრიარქმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს თხოვნით მიმართა გადასულიყვნენ სიონის ტაძრისკენ და იქ ელოცათ. მოქალაქეები არ დაიშალა, შემდეგ კი დატრიალდა ყველასათვის კარგად ცნობილი ტრაგედია. მეორე დღესვე მთელ საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოსდა ირაკლი წერეთელმა პატრიარქს ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა და მოქალაქეებს არდაშლისაკენ მოუწოდა. ბუნებრივია მსგავსი საქციელი გაუგონარ სითავხედედ და უგუნურად შეფასდა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მთელმა საქართველომ იხილა 9 აპრილის სრული კადრები, ყველამ ნათლად დაინახა, რომ პატრიარქის თხოვნას თავად მოსახლეობამ უპასუხა უარით. ყველას გვახსოვს ფრაზები კადრიდან - „არ დავიშლებით, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული!“. უფრო მეტიც, პატრიარქს საერთოდ არ უჭირავს ხელში მიკროფონი. ილია II-ს მოწოდებას ხანგრძლივი დუმილი მოყვა. როდესაც ნათელი გახდა, რომ მომიტინგეები დაშლას არ აპირებდნენ ამის მერე მიმართა ირაკლი წერეთელმა ხალხს. ეს იყო არა მოწოდება, არამედ გამამხნევებლი სიტყვა დიდი განსაცდელის წინ, რომელიც ქართველმა ხალხმა თავად, თავისი სურვილით აირჩია.

 

გავრცელბული, დამახინჯებული ჭორი მთელ რიგ მიზანთან ერთად ქართველი ხალხის გაბედული, ღირსეული არჩევანის დაკნინებასაც ისახავდა. ხშირად ჭორების ინსტიტუტს საბჭოთა იმპერიას უკავშირებენ და მის მემკვიდრეობად მიიჩნევენ. თუმცა, თუ წარსულს გადავხედავთ დავრწმუნდებით, რომ ეს იარაღი წარმატებით მოქმედებდა მეფის რუსეთის დროსაც. მკითხველს შევახსენებ მისთვის კარგად ცნობილ ფაქტებს წარსულიდან. მაგალითად გავრცელებული ხმები დიდი ილიას შესახებ, რომელიც მოსახლეობაში მას წარმოაჩენდა როგორც ულმობელ და უასამართლო მებატონეს, თითქოს ილია სასტიკად ექცეოდა გლეხებს, არ აძლევდა წყალს, უმტვრევდა კოკებს. ამ აბსურდულმა შეთხზულმა ისტორიებმა სერიოზული საფუძველი მოამზადა ილიას მკვლელობის განხორციელებისთვის. ფაქტია რომ ამ ბუმბერაზი (როგორც მას ხშორად უწოდებენ დღესდღეობით) პიროვნების მკვლელობას არანაირი სერიოზული პროტესტი მოსახლეობაში არ მოჰყოლია. ასევე ალექსანდრე ყაზბეგის ირგვლივ გავრცელებული ხმები მისი თითქოსდა შეშლილობის შესახებ. ბინძური ჭორები ვაჟას შესახებ, თითქოსდა არასრულწლოვან გოგონებს ერჩოდა და უამრავი სხვა. სია მსგავსი შემთხვევებისა ძალიან გრძელია.

 

რუსეთის რბილ ძალას ჰიბრიდულ ომში სხვადასხვა „დასაყრდენი ჯგუფები“ წარმოადგენენ. დღესდღეობით ეს არის არა მარტო საზოგადოების სხვადასხვა ფენაში შეგზავნილი აგენტურა, არამედ ისეთი ძლიერი საშულებები როგორიცაა ტელე-რადიო მაუწყებლოებები და ბეჭდური მედია. მისი სამიზნეა არა მარტო პიროვნებები, რომელიც ეროვნულ იდეებთან ასოცირდება, არამედ თარიღებიც რომელიც ეროვნული თვითგამორკვევას, ღირსებას, მისი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობის ბრძოლას უკავშირდება.

 

შემთხვევითი არ იყო ბოლო წლებში მსგავსი დასაყრდენი ჯგუფების საშუალებით პროვოკაციული მსვლელობის მოწყობა 2011 წელს, მაინცდამაინც 26 მაისს. შემდეგ კი მცდელობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის სისხლიანი დღის წოდება დაემკვიდრებინათ. ალბათ ყველას გახსოვთ მომდევნო წლების მანძილზე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების ისტერიული მოწოდებები - 26 მაისი სისხლიან დღედ უნდა დარჩეს საქართველოს ისტორიაში!

 

შემთხვევითი არ არის დებატები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის ირგვლივ, კითხვები - თუ ვინ დაიწყო ომი? ასევე აგვისტოს ომის თავიდან გამოძიების დაწყების მცდელობა. ბოლო სამი წლის მანძილზე 8 აგვისტოს მოსახლოებასთან ერთად მუდმივად იწყებენ ბეჭდური მედიის ზოგიერთი წარმომადგენლები სტატიის გავრცელებას სათაურით -„ვინ დატოვა ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს“, სადაც ჩამოთვლილი ადამიანების სია ტყუილია. მათი ნაწილი ომის დაწყების მომენტში, რომელსაც არავინ არ ელოდებოდა, ვიზიტით უცხო ქვეყნებში იმყოფებოდა. როდესაც საქართველო იძულებული გახდა რუსეთის აგრესიისთვის პასუხი გაეცა ისინი დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ ქვეყანაში. ხოლო ნაწილმა კი საქართველო დატოვა მითითბული დავალებების შესასრულებლად, რათა ქვეყანა მოსალოდნელი კრიზის დაწყებისგან გადაერჩინათ. ამის გადამოწმება სურვილის შემთხვევაში ძალიან მარტივია, საკმარისია თითოეულ პირზე ინოფრმაციის მოთხოვნა.

 

გავიხსენოთ ლოპოტას ხეობის 2012 წლის აგვისტოს სპეცოპერაციის ირგვლივ ატეხილი ხმაური, თითქოსდა ივანიშვილზე თავდასხმა მზადდებოდა, როელიც მოგვიანებით არ დადასტურდა და შემდეგ ინტერესი ამ საქმისადმი საერთოდ გაქრა. ასევე ბარბარე რაფალიანცის „უცნაურ გარემოებაში“ დაღუპვის ამბავი, რომელიც საჯაროდ დაბრალდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატს. რაღათქმაუნდა არც ეს ჭორი დადასტურდა, საქმე დღემდე გამოუძიებელია.

 

 

არ შემიძლია არ შევეხო პირველი ლედის სანდრა რულოვსის მიმართ გავრცელებულ ჭორს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ, რომელიც პერიოდულად ჩნდება ინტერნეტ სივრცესა და მასმედიაში. ერთი შეხედვით საღად მოაზროვნე ადამიანისათვის მიუღებელი უნდა იყოს ეს აზრი, თუნდაც იმ დიდი ღვაწლის გამო რომელიც პირდაპირ ქალბატონ სანდრას სახელთან ასოცირდება, კერძოდ ყველასათვის ცნობილი პროგრამები: ეპილეფსიის საწინააღმდეგო სამსახური, ონკოლოგიური პრევენცია, რომელმაც უამრავ ქალს სიცოცხლე შეუნარჩუნა. აღარაფერს ვამბობ ამ იდეის რეალიზაციის აბსურდულობაში თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, რომლიც ითხოვს შესაბამის პროფესიულ კადრებს, მატერიალურ პირობებს, ტექნოლოგიებს. ეს რესურსები დღესდღეობით საქართველოში არ მოგვეპოვება.

 

 

მსგავსი ქმედებები, რომელთა სრული ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს მიზნად ისახავს არა მარტო ამ პიროვნებების დისკრედიტაციას, არამედ მათთან ერთად ქართული სახელმწიფოს ავტორიტეტის გაუფასურებას, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის იდეის და ქართული შეიარაღებული ძალების ავტორიტეტის დაკნინებას. საბოლოო მიზანი ერთადერთია - მოსახლეობის სრული დემორალიზაცია.

 

 

ჰიბრიდული ომის ერთერთი შემადგენელი ნაწილი რუსეთის უძველესი, ტრადიციული მძლავრი იარაღია, რომლითაც ის ჯერ კიდევ ივანე მრისხანეს პერიოდიდან სარგებლობს. ეს ქვეყანაში ე.წ. „სტავლენიკის“ წარგზავნაა - რაც დამპყრობელისათვის სასურველი პოლიტიკური ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს ქვეყანაში, რომელიც გარკვეული ნდონბით სარგებლობს ადგილობრივებში. მისი ოფიციალური განაცხადი ერთი შეხედვით ეროვნული ინტერესებია, ნაბიჯები პოპულისტური, გათვლილი ძირითადად სოციალურ ეფექტებზე , მაგრამ პარალელურად მიმდინარეობს ქვეყანაში სახლემწოფო ინსტიტუტების ნელნელი მოშლა - საგარეო პოლიტიკის დასუტება, თავდაცვის უნარიოანობის შესუსტება, პოპულისტური, სოციალური ნაბიჯების ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკური განვიარების შეფერხება.

 

 

თუ უკანასკნელ 25 წელს თვალს გადავავლებთ დავრწმუნდებით, რომ საქართველო ჰიბრიდულ ომშია. აქ მოქმედებს ამ ომის ყველა შემადგენელი ნაწილი: პერიოდულად პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია, კიბერშეტევები, ინფორმაციული ომი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუები - ჩავარდნილი საგარეო ურთიერთობები, შემცირებული ეკონომიკური ზრდა, მომატებული კრიმინალი, შესაბამისად დასუსტებული უსფრთხოების სამსახური, მოშლილი კონტრდაზვერვა და დასუსტებული თავდაცვის სისტემა, არჩევნების შემდეგ მცირე პროდასავლური პარტიების გაქრობა და პარლამენტში აშკარა პრორუსული ძალის გასვლა გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანაში მოქმედდებს რუსეთის ტრადიციული მეთოდი - „სტავლენიკის მართველობა“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია