რუსეთი, მითი და სინამდვილე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-03-2017, 22:37 | პოლიტიკა | ნანახია - 2328

რუსეთი, მითი და სინამდვილე
გიგი კუბლაშვილი

 

ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გავლენის ზრდა საქართველოში. ზოგადად მსოფლიოში, ცხადია ამ გავლენის საფუძველი მაინც გარკვეულ დრომდე დასავლეთში გამეფებულმა მიდგომამაც შეუწყო ხელი, რაც აშშ -ს წინა ადმინისტრაციის გულუბრყილო და წინდაუხედავმა ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკამაც განაპირობა.

 

ამ მიდგომების - ერთერთი შედეგთაგანია ის მახინჯი რეჟიმი და სისტემა რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა, რომელსაც, რიგი დასავლელი პოლიტოლოგებისა ე.წ. ,,ივანიშვილის დემოკრატიას“ უწოდებს.

 

რაც შეეხება რუსეთში არსებულ რეალურ ვითარებას, შევეცდები მოგაწოდოთ მხოლოდ მშრალი ფაქტები, რომელიც გამაგრებული იქნება ციფრებით, სტატისტიკით და შესაბამისი დასკვნებით.

 

როგორია არსებული ვითარება რუსეთში? აქვს თუარა რუსეთს იმის ძალა რომ შეასრულოს ის როლი, რომლის მორგებასაც ცდილობს ბოლო რამდენიმე წელიწადია. პირდაპირ გეტყვით არ აქვს ამის არც რესურსი, არც შესაძლებლობა.

 

უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი, დემოგრაფიული პრობლემები, უაზროდ გაზრდილი სამხედრო ხარჯები, უზომო საგარეო ამბიციები, რისი გამოხატულებაცაა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, სამხედრო ავანტიურა სირიაში, ხელის ფათური ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, დსთ-ს ქვეყნების და ევროპის შანტაჟი.

 

ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია, იმ მიუღწეველი გეგმებისა რომლის განხორციელებასაც კრემლი ცდილობს, იმ შეზღუდული ეკონომიკური და პოლიტიკური რესურსებით, რომელიც მას თვალსა და ხელს შუა ელევა. რაც განპირობებულია თავისუფალი სამყაროს გამოფხიზლებით და კონკრეტულად იმ სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უცილობლად მიაქანებს რუსეთს სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კოლაფსამდე.

 

რუსეთის ეკონომიკური აღმავლობის ხანაშიც კი, მაშინ როცა ენერგო მატარებლებზე ფასები წარმოუდგენლად გაიზარდა, რუსეთის ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკაზე ათჯერ ნაკლები გახლდათ, დაახლოვებით იგივე თანაფარდობა გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებითაც. 2000-2013 წლების განმავლობაში რუსული ეკონომიკა ე.წ. ჯდპ ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო ცხრაჯერ გაიზარდა.

 

ბოლო წლებში, ფასების ჩამოქცევამ ენერგოსექტორში რუსეთი ძლიერ დააზარალა, 2017 წელს რუსეთში ეკონომიკის ზრდაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა.

 

2000-იან წლებში რუსეთში შეიქმნა, ე.წ. სარეზერვო ფონდი, რომელშიც ნაწილობრივ ილექებოდა სახელმწიფო შემოსავლების ნაწილი, 2014 წლიდან ფონდში არსებული 87 მილიარდი დოლარიდან, დღეს 16.2 მილიარდი დოლარია შემორჩენილი. რუსეთს ასევე აქვს მეორე ე.წ. მოსახლეობის კეთილდღეობის ფონდიც, როემლშიც 73 მილიარდი დოლარი იყო აკუმულირებული, თუმცა დიდი ნაწილი ამ რეზერვიდანაც ამოწურულია.

 

ეკონომიკურმა ვარდნამ უკვე შექმნა სერიოზული პრობლემები, მსოფლიო ბანკის მონაცემებით 21.4 მილიონი ადამიანი ანუ 14.6%-ი რუსეთის მოსახლეობისა უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია.

 

იმ მოსამსახურეთა რაოდენობა, რომელიც დღეში 10 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს 8% - ია. ბოლო გამოკვლევებით მოსახლეობის 41%- ს არ ყოფნის შემოსავლები კვებაზე და ტანსაცმელზე. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზით 2035 წლამდე მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.

 

დემოგრაფიული პრობლემები კიდევ უფრო სავალალოა, იმისათვის რომ მოხდეს ერის რეგენერაცია, აუცილებელია შობადობის კოეფიციენტი 2.1-ი მაინც იყოს, რეალურად სახეზეა 1.7 -ი. მეტიც რუსეთში მამაკაცების ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობა 64 წელიწადია, ეს ჩრდილოეთ კორეაზეც კი ნაკლებია, ხოლო ევროპასთან შედარებით განსხვავება 15 წელიწადს შეადგენს.

 

ამ სტატისტიკის უკან დგას, ალოკოჰოლიზმის, ტუბერკულიოზის, შიდსის, კიბოს, თვითმკვლელობების ძალიან მაღალი მაჩვენებელი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით, 30%-ი სიკვდილიანობისა გამოწვეულია ალკოჰოლიზმით, თითქმის 12 % -ი მოსახლეობისა რეგულარულად მოიხმარს სუროგატულ ალკოჰოლს ხშირ შემთხვევაში სამედიცინო, ეთილის სპირტს, მინების საწმენდ საშუალებებს და ე.წ. პირსასხურ ოდეკოლონს. ძალიან მაღალია შიდსის ვირუსით დაავადებულთა რიცხვიც, შემაშფოთებელია მკვლელობების რიცხვიც 11.3 ადამიანი ყოველ ასი ათას მოსახლეზე, მაგალითისთვის ბრიტანეთში ეს რიცხვი 0.2 -ია.

 

2050 წლისთვის მაღალი ალბათობით, რუსეთში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება 16% -ით, რაც რიცხვობრივად 23 მილიონის ტოლია. შესაბამისად 25% -ით შემცირდება მუშახელის რესურსი, თავისთავად გაიზრდება პენსიონერების რაოდენობა, რომელიც ამჟამადაც ძალიან მაღალია და წლიურად სახელმწიფოს ხარჯები ამ მიმართულებით 54 მილიარდ დოლარს უტოლდება. რაც ხელს უწყობს ქვეყნის გაღარიბებას.

 

რუსეთი დღემდე 12 მილიარდამდე აშშ დოლარს ხარჯავს თავისი ე.წ. დოტაციური რეგიონების, ჩეჩნეთის, დაღესტნის და საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ტერიტორიებზე ოკუპირებული შავი ხვრელების მხარდასაჭერად.

 

არამართებულად მაღალია სამხედრო და სპეციალური სამსახურების ხარჯებიც, მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ რუსეთი 2017 წელს აპირებს ქვეყნის ბიუჯეტის 30%-ი დახარჯოს ამ მიმართულებით, იმ ფონზე როდესაც ჯანდაცვაზე იგეგმება, ქვეყნის ბიუჯეტის მხოლოდ 2.3%-ით სუბსიდირება.

 

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი გეგმავს, 2020 წლისათვის თავდაცვაზე 41 მილიარდი დოლარი დახარჯოს, რაც საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტზეც კი გაცილებით ნაკლებია, სრულიად გაუაზრებლად იხარჯება უამრავი თანხები ავანტიურაზე სირიაში, სადაც წელიწადში 1.8-2.5 მილიარდი დოლარამდე იხარჯება, ოდნავ ნაკლები უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში.

 

აქვე საინტერესოა ნატოს ბიუჯეტის და რუსეთის ბიუჯეტის შედარებაც, 2015 წელს ნატოს 892 მილიარდი აშშ დოლარი - რუსეთის 41 მილიარდი აშშ დოლარის საწინააღმდეგოდ. მე არაფერს ვამბობ აშშ -ს სამხედრო ბიუჯეტზე, რომელიც ნატოს ბიუჯეტზეც მეტია.

 

აქ გავჩერდეთ და შევეშვათ სტატისტიკას, ცხადია რომ პუტინმა იმ ფონზე როდესაც დემოკრატიული დასავლეთი სხვა პრობლემებით იყო დაკავებული, ბევრი რამ მოახერხა, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული, ადამიანური შესაძლებლობები - ამ შემთხვევაში რუსეთის მოსახლეობას ვგულისხმობ, არ არის ამოუწურავი. ზემოთმოყვანილი ფაქტორები უცილობლად გამოიღებს თუ უკვე არ გამოიღო შედეგი, რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება რუსეთის დღევანდელი მმართველი ძალისთვის და ცხადია სრულიად რუსეთისთვისაც.

 

ამ ფონზე ჩვენში არსებული რეჟიმი და მისი მამა-მთავარი, ყველანაირად ასუსტებს ქართულ სახელმწიფოს, ჩამოქცეული ეკონომიკა, უკიდურესი გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალის ზრდა, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის თავდაცვა, პორაჟენცული და ხშირად იმპულსური საგარეო პოლიტიკა, დასუსტებული უსაფრთხოების სისტემა, აი ეს არის სამწუხაროდ დღევანდელი საქართველო. თუ ამას არ დაუსვით წერტილი, ცხადია რომ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა ვერანაირად ვერ გაუმკლავდებით. ერთერთი ესეთი გამოწვევა იქნება ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა, რომელსაც შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას საქართველოს არაკეთილისმსურველთა მხრიდან, თუ დროზე არ ვიმოქმედეთ და პრევენციული ზომები არ გავატარეთ ყველა შესაძლო მიმართულებით.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია