რატომ მარცხდება ნაცმოძრაობა ბოლო არჩევნებში?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-04-2017, 10:55 | პოლიტიკა | ნანახია - 3080

რატომ მარცხდება ნაცმოძრაობა ბოლო არჩევნებში?
კოტე გვასალია

 

უხსოვარი დროიდან ესმოდათ დამპყრობლებს, რომ მარტო სამხედრო უპირატესობით ბევრს ვერაფერს მიაღწევდენ, თუკი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი მხოლოდ ხმალს დაეყრდნობოდენ. შესაბამისად, როცა ერი დამპყრობელთან ბრძოლაში ებმება, მან ყველაფერი პირველ რიგში იმის გაცნობიერებით უნდა დაიწყოს, თუ რა ხერხებით ცდილობდენ მის დამონებას.

 

ზემოთქმულს თუ ქართულ რეალობაში განვიხილავთ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცხადზე უცხადესი იყო, რომ რუსეთმა, როგორც ეს კლასიკურ დამპყრობელს შეეფერება, თავის ნებაზე შეადგინა როგორც საკუთარი, ისე დაპყრობილი ხალხების ისტორია, რითაც სერიოზულად გააფართოვა მათზე გავლენა, რადგან მიზანი არა მხოლოდ ტერიტორიებზე, არამედ იქ მაცხოვრებელ ხალხების ცნობიერებაზე გაბატონება იყო. იმპერიას მშვენივრად ესმის, რომ რეალური გავლენის მოპოვებას იგი შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოახერხებს მათი ცნობიერების მართვას, მათ ტვინებზე კონტროლს. ამის წყალობითაა, რომ დღეს რუსეთს აღარც დაპყრობილი ვყავართ, არც ჯარი ყავს საქართველოში და არც სამხედრო ბაზები (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), მაგრამ მაინც მოახერხა ორივეჯერ 2012-16 წლების არჩევნებში გამარჯვება, რითაც კარგა ხნით შეძლო საქართველოს წინსვლა-განვითარების შეჩერება.

ამიტომაა, რომ ჭეშმარიტად განმათავისუფლებელმა მოძრაობამ იმ იმპერიული მითებისა და კლიშეების დემონტაჟზე უნდა იმუშაოს, რომელმაც ასე ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს აზროვნებაში. ხშირად სასოწარკვეთილი ვიბრძვით, რომ ჩვენი სიმართლე და სულ მცირე ჩვენი უახლესი ისტორია მსოფლიო თანამეგობრობას მივაწვდინოთ მაშინ, როცა ეს ისტორია თავად არ ვიცით. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი იმ ისტორიას იცნობს, რომელიც დამპყრობელმა დაგვიწერა.

 

ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა მოსახლეობის საერთო მტრის წინააღმდეგ დარაზმვა უნდა იყოს. ჩვენი ისტორიის რუსული ინტერპრეტაცია კი ამას პრაქტიკულად გამორიცხავს. როგორ უნდა აბრძოლო კახელი, რომელმაც ირანის შაჰთა არაერთი თაობა გააოგნა თავის შეუპოვრობით, თუკი იმავე კახეთში ასე ხშირად გაიგებ კრემლის მიერ შეთხზულ წარმოუდგენელ ტყუილს: ხალხო რად უნდა იმას თქმა, რომ ჩვენ რუსმა გადაგვარჩინა. ამიტომაც წერს ევა თომფსონი, რომ ომი, რომელსაც კრემლი ისტორიასთან დაკავშირებით აწარმოებს, ისეთივე რეალურია, როგორც ბრძოლა ტანკებითა და ავიაციით.

 

ასევე კარგა ხნის დადგენილია ის ჭეშმარიტება, რომ იმპერია მუდმივად ცდილობს დაპყრობილ ხალხებს რეალობის ისეთი აღქმა მოახვიოს თავზე, რომელიც სწორედ მის ინტერესებს შეესაბამება. თვითონ თავაზობს იმ ტიპის ეროვნულ იდენტობას და იმიჯს, როგორიც აწყობს.

 

აი რას ამბობს ამაზე ბატონი მიხეილ ანთაძე. „ჩემის აზრით ჩვენთვის ყველაზე საშიში პერიოდი „ოტტეპელის“ შემდეგ დაიწყო, როდესაც პირველად შეირყა ტოტალიტარიზმი და შედარებით თავისუფალი სუნთქვის შესაძლებლობა გაჩნდა. ამ დროს საქართველოსკენ მძლავრი შეტევა წამოვიდა პატიოსნების ფაქტორზე. დაიწყო დიდი საბჭოთა კორუფციის ჩამოყალიბება. საქართველოში ადამიანთა შეგნებაში ხაზინის ქურდობა, არაკეთილსინდისიერი გადამხდელობა, კვაჭობა, საქმოსნობა, საერთოდ მცნება „არა იპაროს“ დარღვევა ნორმად იქცა. სულელად კი გამოცხადდა ის, ვინც არ იპარავდა, ფულს არ შოულობდა. ეს ტენდენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ ფაქტიურად ერი იქნა ჩათრეული, თანაც იმ დონეზე, რომ იდენტობაც კი გაუჩნდა ქართველს, თითქოს კანონების, წესების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება იყო კიდეც ქართველობა. შემდეგ უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული გადატრიალებებიც კი მოხდა ამ მენტალიტეტის დაცვის მიზნით, როდესაც გარკვეულმა დეკლარირებულმა იდეალებმა ხელი შეუშალეს და საფრთხის ქვეშ დააყენეს ქართველების „უფლება“, ეჩალიჩათ, და არა ეშრომათ...“.

 

აი, რის საყოველთაო გაცნობიერება უნდა ექცია მიზნად სახელმწიფოს შიგნით წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანაში მტკივნეული რეფორმების გატარებას გადაწყვეტდა.

 

აუცილებელი იყო საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის დარაზმვა, რომელიც პირუთვნელად ამხელდა ჩვენში იმპერიის დასაყრდენს.

 

ასეთი მხილება გაბედეს და აირჩიეს დასაწყისშივე საკუთარი მოღვაწეობის ფუნდამენტად სამოციანელებმა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საქართველო დაპყრობილი იყო, ესმოდათ რა, რომ ამის გარეშე ვერაფერს მიაღწევდენ. მათმა მოღვაწეობამ კი შედეგად მოიყვანა მთელი თაობები ისეთი ტიპის მოაზროვნე ადამიანებისა, რომელებიც მენტალურად სრულად მოწყდენ მეტროპოლიას.

 

ახლა მინდა კითხვა დავსვა: რა გააკეთა ამ მიმართულებით ნაცმოძრაობამ? რომელ ტელეარხზე, რომელ გადაცემებში სცადა მიზანმიმართულად მოსახლეობაში სახემწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბება? ვისაც მეხსიერება არ დაუკარგავს, განა საერთოდ იმ დაპირებით არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ თითქოს მათი ამოცანა პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოების შექმნა იყო?

 

ნუთუ ბალტიის ხალხების წარმატება დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე ჩვენთვის მაგალითი არ უნდა ყოფილიყო? ლატვიელებს და ესტონელებს ხომ ისტორიულად არ ყოლიათ საკუთარი არისტოკრატია, ისინი რუსებმა თავიანთ ქვეყნებში ეროვნულ უმცირესობებად აქციეს და დღემდე თითქმის მთლიანად რუსეთის ენერგოგავლენის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა ის, რომ იმპერიამ ვერ შეძლო ამ ხალხების მენტალური დაპყრობა.

 

და აქ მივადექით მთავარ სათქმელს. ჩვენ როგორც ცხრაწლიან უზარმაზარ წარმატებებს უნდა ვუმადლოდეთ ნაცმოძრაობას, ასევე მწარე მარცხიც ენმ-ს ლიდერების წრეგადასული ამბიციების და მიხეილ სააკაშვილის მესიანიზმის გამო ვიწვნიეთ.

ვის უნდა სცოდნოდა ენმ-ზე უკეთ, რომლის რიგებშიც ამდენმა იცხოვრა დასავლეთში და განათლება მიიღო, რომ ვერც ერთ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო საზოგადოება შედგა, ვერ მოიგებდა „ოცნების“ მსგავსი აბსურდული დაპირებებით პოლიტიკური ძალა არჩევნებს. მოსახლეობის განათლებით ნაცმოძრაობა ჯერ ერთი ხელისუფლებაში ყოფნას გაინაღდებდა ხანგრძლივი ვადით, მეორეც აქედან გამომდინარე ბოლომდე გამჭვირვალე არჩევნებით და სრულიად განთავისუფლებული მედიის წყალობით ბალტიის რესპუბლიკების მსგავსად, ყველა პრობლემას გადაჭრიდა დასავლეთთან ურთიერთობაში.

 

ამ მიმართულებით ზრუნვის ნაცვლად ენმ-ს მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი თავიდანვე აღმოჩნდა: მოდით, თქვენ ხმა მოგვეცით, დანარჩენს ყვეეეელაფერს ჩვენ გავაკეთებთო.

 

ნაცმოძრაობამ გასაოცრად მოკლე დროში შეძლო წარმატებების მიღწევა კორუფციასთან ბრძოლაში, რეფორმების სწრაფ და ეფექტურად გატარებაში. მძიმე დარტყმა მიაყენა კრიმინალურ სამყაროს. ქვეყნის გარეთ ან ციხეებში აღმოჩდენ ქურდები. მაგრამ სამწუხაროდ ამას არ მოყოლია ქურდული მორალის მიზანმიმართული, სისტემური ანალიზი.

 

როგორც ბატონმა დავით ამირეჯიბმა აღნიშნა, წითელმა არმიამ დაამარცხა არა ნაციზმი, არამედ ვერმახტი, რადგან თავად ნაციზმი იდეოლოგიაა, ხოლო იდეოლოგიის, მორალის ძალით დამარცხება შეუძლებელია. ეს მისია ლოგოსმა უნდა იტვირთოს. ქურდული გაგებაც ხომ მორალი, იდეოლოგიაა.

 

დღეს აღარ უნდა იყოს საიდუმლო, როგორ და რა მიზნით შეიქმნა ქურდების ინსტიტუტი, რა მძლავრი იარაღი იყო იგი კრემლის ხელში სახელმწიფოებრივი აზროვნების მოსაშლელად. როგორ ეფექტურად იყენებდნენ მას საქართველოს წინააღმდეგ უამრავი მიმართულებით, მათ შორის ქართული ენის დასაკნინებლადაც კი. რა ძლიერად იყო (და არის) შეღწეული იგი სხვადასხვა ფორმით საზოგადოების თითქმის ყველა ფენის ცნობიერებაში.

 

ნაცმოძრაობამ გააძევა ასლან აბაშიძე, ემზარ კვიციანი, მაგრამ სერიოზულად ასევე არ ახსნილა, კერძოდ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ამიტომაც შეძლო კვიციანმა არა თუ დაბრუნება, იგი პარლამენტში ხალხის რჩეულადაც მოგვევლინა.

 

2012 წლიდან ნათლად გამოვლინდა ის, რის მიმართ ეჭვსაც ზოგი მანამდეც გამოვთქვამდით. კერძოდ, საუბარია იმ აკვიატებულ იდეაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ ერად კი არ უნდა გამოვჩნდეთ, არამედ გრუზინებად, რომელსაც მძლავრი ხელით ამოათრევენ ჭაობიდან და ნატო-ევროკავშირში შეათრევენ. სააკაშვილის აზრით მხოლოდ ასე უნდა გამოიყურებოდეს მისი ღვაწლი.

 

ვინც მის უკრაინულ ინტერვიუებს თვალს ადევნებს, ადვილად შეამჩნევდა, რა ხშირად იმეორებს, რომ თუკი რეფორმები საქართველოში შედგა, მაშინ როგორ შეიძლება იგივე უკრაინაში ვერ განხორციელდეს. უკრაინელები ხომ ბევრად დისციპლინირებულები, მშრომელები და რეფორმებისთვის უფრო ღიანი არიან. ვიყოთ გულწრფელნი, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა მომხვდარიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, იგი ყველგან ზუსტად იგივეს იტყოდა.

 

ამ ზემონახსენები აკვიატების განხორციელების გზაზე პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჰომოსევეტიკუსებზე თუ თავად პუტინ-რუსეთის იმპერიაზე საშიში სააკაშვილისთვის ქვეყანაში არსებული მოაზროვნე საზოგადოება აღმოჩნდა, თანაც ბედის ირონიით სწორედ ის საზოგადოება, რომლის უმრავლესობა დღემდე მის მხარდამჭერად რჩება. უფრო საშიში, რადგან მას ყველა დანარჩენის დამარცხების იმედი აქვს, მაგრამ თუ დაფიქსირდა, რომ ჩვენ ერი ვართ, გვყავს გაცილებით უფრო მაღალი სახელმწიფო ცნობიერებისა და ზნეობის მქონე საზოგადოება ვიდრე არათუ რუსეთის მოტრფიალე ინტელიგენცია, არამედ შედარებით ახალი თაობის მწერლებისა და პოეტების სახით წარმოდგენილი ელიტაა -რომლისთვისაც ნაცმოძრაობის ტელემედია მუდამ ღია იყო მიუხედავად მათი პოზიციისა - მაშინ როგორც ჩანს, ჩაილურის წყალს დალევს მისი ოცნება.

 

ამიტომ იყო, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გადაუკეტა ნაცმოძრაობამ გზა იმ ტიპის განათლებულ ადამიანებს, რომლებსაც ენჯეოელ-გრანტიჭამია გოგობიჭების მსგავსად თუთიყუშებივით არ უსწავლიათ დასავლური დემოკრატიის ფასი, კაცობრიობის ფუნდამენტური ღირებულებები და საერთოდ – აზროვნება. იმ არასამთავრობოებისა, რომელთაც დაიპყრეს ტელემედია და თავიანთი პრიმიტიული, სწორხაზოვანი აზროვნებით უამრავ ადამიანს შეაძულეს დასავლეთი.

 

ნაცვლად იმისა, რომ ინტერნეტის ეპოქაში დაუღალავად ეძებნათ მათ ჟურნალისტებს ისინი, ვინც სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში ქმედით მონაწილეობას მიიღებდენ, საკუთარი ამბიციებით მთვრალმა ნაცმოძრაობამ ისინიც კი გამორთო ამ პროცესიდან, ვინც სხვადასხვა მეტნაკლებობით საზოგადოებისთვის უკვე ცნობად სახეებს წარმოადგენდენ.

 

ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც დიდი სიმპათიებით იყო გამსჭვალული როგორც საქართველოს, ისე ნაცმოძრაობის მიმართ, სულ რამდენიმე წელიწადში წერდა, ნაცმოძრაობა ისე ჩაიკეტა საკუთარ თავში, მისი ლიდერები ნამდვილ სექტანტებს დაემსგავსენო. აქვე მინდა ერთ საკითხში ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ენმ-ში განხეთქილებამდე რომ ეკითხა ვინმეს, ვინ მიმაჩნდა ნაცმოძრაობაში მთავარ „სექტანტებად“, ანუ ვის არ უნდოდა ყველაზე მეტად კონკურენტული გარემოს შექმნა საჯარო სივრცეში, სააკაშვილის შემდეგ პირველ რიგში გივი თარგამაძეს, გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილს დავასახელებდი, იმის მიუხედავად, იყო ეს უკანასკნელი ოფიციალურად ნაცმოძრაობის წევრი თუ არა.

 

ბატონი გოგი გაჩეჩილაძე როგორც გამსახურდიას, ისე სააკაშვილის დროს მათი მრჩეველი გახლდათ და კაცი, რომლის ყოველი სიტყვა, როგორც იტყვიან, წონა ოქრო ღირდა, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა.

 

როდესაც აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ზოგიერთი უსინდისო პოლიტიკოსი პრაქტიკულად კრემლის ვერსიებს ახმოვანებდა, ნაცმოძრაობას არც უცდია ჯეროვნად გამოეყენებინა საერთაშორისო სამართლის ბრწყინვალე მცოდნე, ლევან ალექსიძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რუსებთან და აფხაზებთან მოლაპარაკების პროცესში.

 

ღვაწლმოსილი დიპლომატი და დიდებული მოაზროვნე რევაზ ადამია ახლახანს ისე გარდაიცვალა, რომ საზოგადოებამ მისი არსებობა შევარდნაძის დროს თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმის ეპიზოდებიდან გაიგო.

 

სამწუხაროდ გვარი ვერ გავიხსენე თბილისის რომელიღაც თეატრის რეჟისორისა, რომელიც მკითხველთა ნაწილს შეიძლება ეცნოს, საშუალო ასაკს გადაცილებული კაცი ჭაღარა წვერით, რომელიც დაახლოებით 8 წლის წინ დებატებზე ერთ ძალიან ენაკვიმატ ქალბატონთან დასვეს. რეჟისორმა ისე უცბად შეიტანა საკითხში სიცხადე, რომ ხმისთვის არც აუწევია. ოპონენტი მონუსხული იჯდა და ხმას ვერ იღებდა. ამას მეგობრებთან ერთად ვუყურებდი. ერთერთმა „ვაა, ეს კაცი როგორ გაეპარათ ნაცებსო“ ის დღე იყო და მას მერე ეს პიროვნება გაქრა ტელესივრციდან. მსგავსი არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. და აქაც ჩანს საზოგადოების თუნდაც საუკეთესო ნაწილის უაღრესად დაბალი აქტივობა, რომელიც ამაზე არასდროს არ რეაგირებდა და არ სვამდა კითხვას, სად და რატომ ქრებიან ასეთი ადამიანები.

 

მიხეილ ანთაძე ზემომოყვანილი ტექსტით იმ გადაცემაში ვიხილე, სადაც მას საუბარი ტელეწამყვანმა ცინიკურად გააწყვეტინა, სასწრაფოდ შეცვალა თემა და ბატონი მიხეილი პრაქტიკულად აღარც ალაპარაკა.

 

აქ აუცილებელია ერთი მომენტის დაზუსტება. თანამედროვე ტელემედიაში უკვე დიდი ხნის ათვისებულია ის ფანდი, როცა შეიძლება ამა თუ იმ ადამიანის სახე ფიზიკურად აჩვენონ, მაგრამ ისეთი ფორმატი შეურჩიონ, სადაც მას პრაქტიკულად არანაირი შანსი არ ექნება აზრი განავითაროს. ამ ფანდს ხშირად იყენებს ჩვენთან ყველა ტელევიზია, მათ შორის რუსთავი2 და ტაბულა.

 

ტელევიზია, რომელსაც შეზღუდულად, მაგრამ მაინც მისცეს გარკვეული თავისუფლება, ამოერჩიათ რესპოდენტები, გახლდათ რუსულენოვანი ტელეარხი „пик“, და სწორედ იმის წყალობით, რომ მას ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა არ უყურებდა, გავეცანით ისეთ სახეებს, როგორებიც არიან ბატონები გივი ღამბაშიძე, ირაკლი ტორონჯაძე, ვასიკო კაჭარავა, თენგიზ აბლოთია... ასევე არხს ჰყავდა საინტერესო ჟურნალიტები.

 

იქ მიეცათ საშუალება დავით ამირეჯიბს და ლევან ჩოლოყაშვილს ესაუბრათ მოსკოვის მიერ თავსმოხვეულ ქურდულ მენტალიტეტზე, იმ ავბედითი ისტორიის გახსენება, როცა ცარიზმის ეპოქაში რუსი ჯარიკაცები იარაღით აიძულებდენ კახელებს სუფრა „ეკისრათ“, როგორ ტყვრებოდენ და როცა მეტი დალევა აღარ შეეძლოთ, როგორ შარდავდენ მასპინძლის ქვევრებში, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს და მითუმეტეს კახელებს არ უნდა გაეგოთ, რადგან საქართველოში ძლიერი პრორუსული განწყობები მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს საკაშვილის ბრძოლაში.

 

მაინც რა ფენომენთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? პირველი და უმარტივესი ირგვლივ დაბლების დაყენების პრინციპია და რაც უფრო დაბალ დონეს აჩვენებს მთელი ერი, მით უფრო დიადი გამოჩნდება პოლიტიკოსის მიღწევები.

 

ასევე საინტერესოა ჯერ კიდევ 25 წლის წინ მაშინ სრულიად ახალგაზრდა ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძის სტატია, სადაც იგი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ იყო იოსებ სტალინი მუდმივად ხალხის მტრების ძიება-გამოგონებით დაკავებული. აი ნაწყვეტი მეხსიერებით აღდგენილი მისი ანალიზიდან.

 

სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები ჰარმონიულად ვერ ვითარდებიან. ასეთ დროს განსაკუთრებულად დიდი ენერგიის პიროვნებების შემთხვევაში ხდება ისე, რომ მათში გარკვეული თვისებების საოცრად ძლიერი განვითარება მათ თანამედროვე საზოგადოებაში უპირობო ლიდერებს ხდის. მაგრამ ამავდროულად მათ წარმოდგენებში ისევ აქტუალური რჩებიან ის ზღაპრული გმირები, რომლებსაც არ აინტერესებთ არც დიპლომატია, არც მოწინააღმდეგის გადაბირება, არც მომხრეების შეძენა, მათ აქვთ ჯადოსნური ხმალი და მტკიცე მაჯა, რომლითაც დაუსრულებლად ჟლეტენ და ანადგურებენ მტრებს და რაც მეტი იქნებიან ისინი, მით უკეთესი.

 

არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს სააკაშვილის ზუსტი დიაგნოზია, მაგრამ ძალიან უკრიტიკოდ უნდა აღიქვამდეს ექსპრეზიდენტს ადამიანი, მასში ტიპიური დიდი ბავშვი რომ ვერ დაინახოს. კაცი, რომელიც ერთი ხელით სასწაულებს აკეთებს, ხოლო მეორით გამუდმებით დაღმა ფარცხავს გაკეთებულს. ეს ბავშვური მის პიროვნებაში ამავდროულად მართლაც გენიალური მონაცემების პოლიტიკოსთან თანაარსებობს, იმ ტიპის პოლიტიკოსთან, როგორებსაც მართლაცდა ეპოქის შექმნა ძალუძთ.

 

პირველი ნაწილის დასასრული

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია