დასაქმების გამოწვევები პოსტ-კოლონიალურ ქვეყნებში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-05-2017, 14:55 | ეკონომიკა | ნანახია - 697

დავით ნებიერიძე

კრიტიკულ აზროვნებაზე უარის თქმა და ეროვნული განსაკუთრებულობით გამოწვეულ თვითკმაყოფილებაში ყოფნა ყველაზე იარაციონალური გადაწყვეტილებაა. ალბათ საკამათო არ არის, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის საფუძვლიანად გადაჭრა ქართულმა ბიზნესმა და ხელისუფლებამ ვერ მოხერხა დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, არის უმუშევრობა. საბჭოთა ეპოქის მოქალაქეთა მოლოდინები ძირითადად კვლავ დიდი ქარხანა-ფაბრიკების გახსნას უკავშირდება, სადაც მასიურად დასაქმდება მოსახლეობა. მაგრამ, მოდით რაციონალურად მიუვდგეთ ამ თემას და გავაანალიზოთ რამდენად რეალურია ამგვარი ხედვა და რა ალტერნატივა არსებობს?

 

დავიწყოთ იქედან, რომ დიდი სიმძლავრეების მქონე საწაროების არსებობისთვის უმთავრესი პირობა არის სათანადო გასაღების ბაზრის არსებობა. ოთხ მილიონამდე მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის ამგვარი საწარმოები არასიცოცხლისუნარიანია. თუ კარგად დაუვფიქრდებით, საბჭოთა პერიოდის საქართველოში მომუშავე დიდი ქარხნები და ფაბრიკები ძირითადად მთელ საბჭოთა კავშირზე და „მესამე მსოფლიოს“ განვითარებად ქვეყნებზე მუშაობდნენ. ანუ, გასაღების ბაზარი რამოდენიმე ასობით მილიონ მომხმარებელს ითვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი უსაშველოდ ცუდი იყო, საბჭოთა კავშირი დეფიციტის ქვეყანას წარმოადგენდა და გასაღების პრობლემა არ არსებობდა. მინდა, რომ ძალიან კარგად დაუკვირდეთ ამ გარემოებებს: დიდი ქარხანა-ფაბრიკებისთვის არსებობდა უზარმაზარი გასაღების ბაზარი და არ არსებობდა კონკურენტული გარემო. ზუსტად ასეთი იყო „წითელი ბაზარი“. ყოველივე ამას კი განაპირობებდა „რკინის ფარდა“. რომელიც არ უშვებდა „წითელ ბაზარზე“ მსოფლიოს ბრენდებს და საუკეთესო ხარისხის პროდუქციის მწარმოებლებს. ხოლო, საკუთარი უხარისხო ნაწარმისთვის ხელოვნურად ქმნიდა დეფიციტურ გარემოს, რათა „ნაგავიც“ არ დარჩენილიყო გაუყიდავი. ჯინსებს ან რაიმე სხვა სასურველ საქონელს „სპეკულიანტებთან“ ვყიდულობდით და ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნების გამოტანა არ არის რთული ამოცანა. საქართველოში დიდი სიმძლავრეების მქონე საწარმოთა გახსნა და წარმატებული ფუნქციონირება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქარხანა-ფაბრიკები აგებული იქნება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ ციკლებზე და მათთვის გახსნილი იქნება გასაღების მრავალმილიონიანი ბაზრები - კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დაივიწყეთ ამაზე ფიქრი და მოეშვით ფუჭ მცდელობებს წარმატებით გადაჭრათ მასიური დასაქმების პრობლემა. ამის დასტურია ბოლო 27 წელი, რომლის განმავლობაშიც ქართულმა ბიზნესმა ვერ შექმნა ვერც ერთი დიდი ქარხანა ან ფაბრიკა.

 

ახლა ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა კონკრეტული ამოცანები დგას ხელისუფლებისა და ბიზნესის წინაშე და როგორ გადავჭრათ მოქალაქეთა მასიურად დასაქმების ამოცანა? ამ ამოცანის გადაჭრის პანაცეა არ არსებობს. მაგრამ, შეგვიძლია ვიმსჯელოთ სხვადასხვა გზების ეფექტურობაზე. ამისათვის ძალიან კარგი იქნება თუ გავაანალიზებთ იმ პოს-ტკოლონიალური ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც ითვლებიან ეკონომიკური სასწაულის მაგალითებად. ისტორია ნათლად გვაჩვენებს, რომ პოსტ-კოლონიალური ქვეყნები იყოფიან ორ ჯგუფად: 1. ქვეყნები, რომლებმაც ვერ გაართვეს თავი თანამედროვე გამოწვევებს და დღემდე წარუმატებლებად დარჩნენ და 2. ქვეყნები, რომლებმაც დაიმკვიდრეს ღირსეული ადგილი ცივილიზებულ სამყაროში და თამამად ითვლებიან წარმატების სიმბოლოებად. ეს სხვაობა განაპირობა ერთმა ფუნდამენტალურმა გარემოებამ: წარმატებული ქვეყნები გაიხსნენ ცივილიზებული სამყაროსათვის. ამ ქვეყნებში მასიურად შევიდა მსოფლიო კაპიტალი, მსოფლიოს საუკეთესო ბრენდები, უზარმაზარი საწარმოო სიმძლავრეებით და ეს ქვეყნები გადაიქცნენ ეკონომიკური სასწაულის სიმბოლოებად. ხოლო, წარუმატებელი ქვეყნები ჩაიკეტნენ თავის კვაზი სამყაროში, „ქართველობას გვართმევენ“ მოტივით ვერ შექმნეს პირობები ცივილიზებული სამყაროს შემოსვლისთვის და დღემდე ითვლებიან არშემდგარ სახელმწიფოებად. უნდა ვაღიაროთ, რომ სიმდიდრე და წარმატება არის იქ, სადაც პირველხარისხოვან ფასეულობად ითვლება ადამიანის უფლებები, მაქსიმალურადაა დაცული საკუთრების უფლებები და სადაც შესაშური სტაბილურობით, არჩევნების გზით იცვლება ხელისუფლება. ამ გარემოებათა ერთობლიობა კი აყალიბებს იმ პირუთვნელ კონკურენტულ გარემოს, სადაც იმარჯვებს და წარმატებას აღწევს საუკეთესო და არა „ჩემიანი“. ეს იმიტომ არის სავალდებულო, რომ საუკეთესო პროდუქციას ქმნის მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტი. ოლიგარქიულ გარემოში, კლანებად დაყოფილ საზოგადოებაში, ნაცნობობით შერჩეული პესონალის პირობებში შეუძლებელია კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა. ეს აპრიორი გამორიცხულია. სამწუხაროდ საქართველოში ყველაფერი ეკუთვნის ოლიგარქიულ კლანს და იმ რამოდენიმე მონოპოლისტს, რომლებიც ასევე ოლიგარქიული კლანის გარემოცვას ეკუთვნიან. ზუსტად ამიტომაა მოშლილი ის გარემო, რომელიც ბადებს საუკეთესო მეწარმეებს და ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ თვითრეალიზაციას. ანუ, მოშლილია კონკურენტული გარემო. შესაბამისად ქართული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანობის გამო მასიურად ვერასოდეს მოხვდება მსოფლიო ბაზარზე და ვერასოდეს შეიქმნება დიდი სიმძლავრეების მქონე ქარხანა-ფაბრიკები, სადაც მასიურად დასაქმდებიან მოქალაქეები. ეს ამოცანა რუსეთმაც კი ვერ გადაწყვიტა წარმატებით და ზუსტად იმიტომ, რომ იქაც ანალოგიური ოლიგარქიულ-კლანური საზოგადოებაა. ამაში დასარწმუნებლად შემოგთავაზებთ ერთ ძალიან მარტივ ტესტს: დამისახელეთ მხოლოდ ერთი მსოფლიო დონის რუსული ბრენდი?

 

მოდით პირდაპირ და მოკლედ ვიტყვი: თუ გვინდა, რომ საქართველოში შედარებით მოკლე პერიოდში და მასშტაბურად გადაიჭრას დასაქმების პრობლემა, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ჩვენს ქვეყანაში მასიურად შემოვიდნენ მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით ქართველობას დავკარგავთ, მინდა შემოგთავაზოთ ალტერნატივა: თქვენ მასიურად აწარმოეთ ჩურჩხელა, ხინკალი და ჩოხები. ჩვენ კი გამოუშვებთ ულტრა თანამედროვე მობილურ ტელეფონებს, ტელევიზორებს, კომპიუტერებს, მედიკამენტებს, ფარმაცევტულ პროდუქციას, პროგრამულ უზრუნველყოფას და ჩვენი დიდი ხელფასებიდან ძალიან დიდ ფულს დავხარჯავთ თქვენს მიერ წარმოებული ჩურჩხელისა და ხინკლის ყიდვაში. ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს. პირიქით - გავაძლიეროთ ერთმანეთი.

 

ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია მოისპოს ოლიგარქიული ეკონომიკა, კლანური ბიზნესი და არაფორმალური მმართველობა. ხელისუფლების წყაროდ კვლავ უნდა იქცეს ხალხი. უნდა შევძლოთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება იცვლებოდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი საარჩევნო ციკლის შემდეგ. რამეთუ ეკონომიკის სტიმულირების უმთავრესი პრინციპია ხელისუფლების ოპტიმალურ ვადებში მონაცვლეობა. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ ინსტიტუციური მმართველობა. რასაკვირველია უნდა შევქმნათ სანიმუშო სასამართლო სისტემა. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ყოველგვარი ფობიების გარეშე სავალდებულოა იმ ფასეულობათა სისტემის სრულყოფილად დამკვიდრება, რომელზეც დგას თანამედროვე ცივილიზებული სამყარო. ჩემი საქართველო არის იქ სადაც არიან წარმატებული და პატიოსანი შრომით გამდიდრებული მოქალაქეები და არა იქ სადაც ტანჯვა და სიდუხჭრე უნდა ავიტანოთ, რომ ოდესღაც გავბრწყინდეთ. ნუ მოიტყუებთ თავს, თავისუფლად ვერასოდეს ისუნთქებს მოქალაქე, რომელმაც არ იცის ხვალ რა აჭამოს თავის შვილებს და სად იშოვოს მოხუცი მშობლებისთვის საყიდელი წამლების ფული. თავისუფლად სუნთქავს მხოლოდ წარმატებული და მაქსიმალურად თვითრეალიზებული, შეძლებული მოქალაქე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია