სახელმწიფოებრიობის ნგრევის და იზოლაციონიზმის გამოცხადებული ქრონიკა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-06-2017, 14:55 | პოლიტიკა | ნანახია - 672

სახელმწიფოებრიობის ნგრევის და იზოლაციონიზმის გამოცხადებული ქრონიკა
დავით ნებიერიძე


პოლიტიკური მეცნიერების ქრესთომათია, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას, რაოდენ წარმატებული და თუნდაც გენიალური პიროვნებებით იყოს დაკომპლექტებული, მაინც გააჩნია თავისი ოპტიმალური ეფექტურობის რესურსის ზღვარი. განსაკუთრებით ყურადსაღებია ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. ხოლო, ასეთი ვადის მაქსიმალურ მაჩვენებლად ითვლება ორი საარჩევნო ციკლი. ბურჟუაზიული რევოლუციების ეპოქის დადგომის შემდეგ, როდესაც ევროპაში დემოკრატიული მართვის მოდელმა დაიწყო დამკვიდრება, ისტორიამ ეს აქსიომა მრავალჯერ დაამტკიცა. თუ ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება მაქსიმუმ ორი საარჩევნო ციკლის შემდეგ, მაშინ ასეთი სახელმწიფოები მტკიცედ დგანან პროგრესისა და განვითარების გზაზე. მიუხედავად მიზეზებისა, საკმარისია ორციკლიანი საარჩევნო ვადა დაარღვიოს ნებისმიერმა ხელისუფლებამ, ის აუცილებლად იწყებს დეგრადირებას, კარგავს ეფექტურობას და ამ პროცესებს გარდაუვლად ეწირება სახელმწიფოს მომავალი.

სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული ღვაწლი საქართველოს წინაშე არის 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარება. რაოდენ კრიტიკულადაც არ უნდა აფასებდნენ ამ ფაქტს წინა ხელისუფლების როგორც მოწინააღმდეგენი, ასევე მისი მომხრეები, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ დღეს დასრულდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტის მშენებლობა და მომდევნო ხელისუფლებას უნდა დაეწყო ახალი სართულების დადგმა. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლება იყო ის ერთად-ერთი და პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში შესძლო და ბოლომდე შეასრულა იმ პერიოდის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული, პოლიტიკური მისია. ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რვა წლიანი მმართველობის პერიოდის მემკვიდრეობიდან უნდა გამოვყოთ ორი უმთავრესი მონაპოვარი: 1. სახელმწიფოებრივი მმართველობის ინსტიტუციური მოდელის მტკიცედ დამკვიდრება და 2. საქართველოს მაქსიმალურად გახსნა ცივილიზებული სამყაროსათვის.

არაერთ სტატიაში განმიხილია გლობალიზირებულ სამყაროში ქვეყნის გახსნილობის მნიშვნელობა და მისი ეკონომიკური ასპექტები. ამიტომ, მხოლოდ მოკლედ შეგახსენებთ: მსოფლიოს თანამედროვე ისტორიამ უკვე დაამტკიცა, რომ პოსტკოლონიალური სახელმწიფოებისთვის, რომლთა სახელმწიფოებრივი მოწყობა და ეკონომიკური მდგომარეობა სათუოს ხდის მის მომავალს, სწრაფი ეკონომიკური განვითარების და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მიღწევის ერთად-ერთი ეფექტური გზა არის ცივილიზებული სამყაროს ფუნდამენტური ფასეულობების მაქსიმალურად მიღება და ქვეყნის ეკონომიკური სივრცის მაქსიმალურად გახსნა მსოფლიო კაპიტალისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ წავალთ იზოლაციონისტური გზით და შეგვეშინდება ეროვნული იდენტობის დაკარგვის, აუცილებლად დავრჩებით არშემდგარ სახელმწიფოდ. რისი მაგალითებიც უამრავია ჩვენს რეგიონშიც. აქვე მინდა დავამატო, რომ სწორედ ცივილიზებული ევრო-ატლანტიკური სამყარო გამოდის ჩვენი ეროვნული იდენტობის ყველაზე ძვირფას, მედგარ დამცველად და სწორედ ასეთ გარემოშია შესაძლებელი შევინარჩუნოთ საუკეთესო და შევიძინოთ აუცილებელი...

ახლა კი მინდა გავაანალიზოთ ის პროცესები, რომლებიც დაიწყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. პირველი და ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელითაც ამ ხელისუფლებამ დაიწყო თავისი საქმიანობა, იყო ქვეყნის ინსტიტუციური მმართველობის პრინციპების მოშლა და თანმიმდევრულად ავტორიტარული მმართველობის პრინციპების დამყარება. რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მახინჯ ფორმაში გადაიზარდა მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პრემიერ მინისტრის პოსტიდან და ქვეყნის მართვა დაიწყო კულისებიდან. ანუ, ქვეყანაში გაფორმდა არაფორმალური მმართველობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ზუსტად ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და ზუსტად ამიტომ ხდება ლეგიტიმური საყოველთაო სახალხო აჯანყება, ხელისუფლების უზურპაციის წინააღმდეგ. ანუ, დემოკრატიის დაბრუნებისთვის, სადაც ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა არაფორმალური მმართველი - უზურპატორი. ოპონენტებს ვეთანხმები, რომ დღესაც ხალხი ირჩევს პარლამენტს. მაგრამ, დღეს უკვე ვეღარავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად უმაღლესი არჩევითი ორგანოსი და ამ ორგანოს მიერ ფორმალურად დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტისა, ქვეყნის ფაქტიური მმართველია ბიძინა ივანიშვილი - პიროვნება, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ან სახელმწიფო პოსტი არ უკავია. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ხელისუფლების უზურპაციის კლასიკური მაგალითი, ეროვნული ელფერით. თუმცა, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, ყველა საშუალებით მაქსიმალურად შეზღუდოს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა. რასაც ემსახურება მისი საპარლამენტო კლანის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ანუ, სახეზე გვაქვს მცდელობა, ქვეყანაში საბოლოოდ ჩაბეტონდეს ავტორიტარული მმართველობის მოდელი, რომელიც ძალიან მალე გადაიზრდება დიქტატურაში. განვითარების ამგვარი მოდელი აპრიორი გამორიცხავს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირების პროცესებს და გარდაუვლად იწვევს ქვეყნის ჩაკეტვას და იზოლაციას. სამაგიეროდ ასეთი გარემო ნოყიერი ნიადაგია იმ ძალების შემოსასვლელად რომლებიც განასახიერებენ და ემსახურებია „ბოროტების იმპერიის“ ნარჩენებს - „რუსულ სამყაროს“. სადაც გაბატონებულია, კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი, კორუფცია და მრავალი სხვა ბოროტება.

თუმცა, უბედურება რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა ამით არ შემოიფარგლება. ეს მხოლოდ ფუნდამენტია იმ მზაკვრული გეგმის, რომელსაც უპირობოდ მივყავართ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისკენ და არშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევისკენ. როგორც უკვე ვთქვი და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, მთავარი საფრთხე, რომელიც საქართველოს წინაშე დგება არის ხელისუფლების მეთოდური, აუჩქარებელი იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომელიც თანმიმდევრულად აისახება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სეგმენტზე. დაწყებული ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევიდან და დამთავრებული მოქალაქეთა სოციალური დონის თანმიმდევრული, მეთოდური, აუჩქარებელი გაუარესებით. სანამ ძირითადი მოვლენების განხილვაზე გადავალ, მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ამ დამანგრეველი პროცესების განვითარების შეძლებისდაგვარად ნელ ტემპებზე. ამასაც გამიზნული ხასიათი აქვს და საკვანძო თემად განიხილება ივანიშვილის გეგმებში. უზურპატორმა და მისმა კრემლის კურატორებმა ძალიან კარგად იციან, რომ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება ძალიან ფრთხილად და მკვეთრი დინამიკის გარეშე უნდა მოახერხონ, რათა თავიდან აიცილონ სოციალური აფეთქება. ისინი ძალიან კარგად ითვალისწინებენ „ლუმპინიზირებული“ საზოგადოების უნივერსალურ თვისებას - შემგუებლობას. რაც უფრო მაღალი იქნება ლუპინიზირებული მოქალაქეების წილი საზოგადოებაში, მით უფრო გაუმარტივდება ივანიშვილს კრემლის მზაკვრული გეგმების განხორციელება.

ახლა კი კონკრეტულად განვიხილოთ ის მოქმედებები რომლებიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა უზურპირებული ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოსაშლელად. მემგონი ძალიან ბევრს გაქვთ განცდა, რომ თითქოს ერთი ღილაკის დაჭერით გამორთეს, გააჩერეს საქართველოს ეკონომიკა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავებისთანავე, ბიძინა ივანიშვილი გაემგზავრა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში და საქართველოს ეკონომიკური მომხიბვლელობა ფეიკად გამოაცხადა. ანუ ძალიან მარტივად და პირდაპირ განუცხადა მთელ მსოფლიოს - ნუ ჩადებთ საქართველოში ფულსო. რაც დაუყოვნებლივ აისახა ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე. საწყის ეტაპზევე მოხდა ამ ფინანსური რესურსების შემოდინების მკვეთრი ვარდნა. ხოლო, იზოლაციონისტური პოზიციების გაძლიერების შემდეგ დაიწყო ინვესტიციების ხარისხის მკვეთრი ცვლა. საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში უხვად დაიწყო ბინძური ფულის შემოსვლა. რომლის მთავარი ფუნქცია და მიზანია შემოსული „ჭუჭყიანი ფულის“ „გათეთრება“. ამ მიზნის მიღწევისთანავე „გათეთრებული“ ფული ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს და აღარ მონაწილეობს დამატებული ღირებულების შექმნის პროცესში. შესაბამისად ხეირობს მხოლოდ ამ ბინძური ფინანსური ოპერაციების განმხორციელებელი და მისი კორუმპირებული კლანი. დღეს დღეობით სწორედ ამგვარი ფული ჭარბობს შემოსულ ინვესტიციებში. ანალიზისთვის მინდა გაგახსენოთ, რომ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყოველწლიური მოცულობა ხშირად ჩამორჩებოდა დღევანდელ მაჩვენებლებს ქალაქები აშენდა თავიდან. რამაც პირველ რიგში გაზარდა ადგილობრივი მოსახლეობის ქონების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი. თუ მანამდე სახლი სიღნაღში, ან თბილისში ძველ „პლეხანოვზე“ ღირდა პირობითად ათი ათასი დოლარი, ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით მათი ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა და მისი მფლობელი ისე გამდიდრდა, რომ თითი არ გაუნძრევია. გარდა ამისა საქართველო უაღრესად მომხიბვლელი გახდა ტურისტული თვალსაზრისით და ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოვიდა უცხოური ვალუტა. რამაც გაამყარა ლარი და გაზარდა მოქალაქეთა შემოსავლები. რა ხდება ამჟამად, გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირობებში? ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში თუ გაიხსენებთ რაიმე ანალოგიურ პროექტს? პირიქით, ისეთი შტაბეჭდილება გვრჩება, თითქოს არც არაფერი შემოდის ქვეყანაშიო. სრული სტაგნაცია და შექმნილის ნგრევა. იმიტომ, რომ ის არ შემოდის რაც უნდა შემოდიოდეს და თუ რაიმე გადმოვარდება ნასუფრალის ნამცეცების სახით, ისიც კორუფციის მსხვერპლი ხდება. ანუ, ქვეყანა ჩაიკეტა ჯანსაღი ინვესტიციებისთვის და გაიხსნა ბინძური ფულისთვის, რომელიც ორიენტირებულია კორუმპირებული მმართველი კლანის უკანონოდ და მაჰინაციების გზით გამდიდრებაზე. ქვეყნიდან უცხოურმა ბანკებმაც კი დაიწყეს გასვლა და მოხდა საბანკო სექტორის მკვეთრი მონოპოლიზაცია. საკრედიტო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა კერძო მევახშეთა ხვედრითი წილი. ყოველივე ეს ქვეყნის იზოლაციონიზმის უტყუარი მაჩვენებელია.

მიუხედავად ევროკავშირთან მიღწეული ასოცირების ხელშეკრულებისა, რასაც ქართული მწარმოებლებისთვის უნდა გაეხსნა ევროკავშირის ნახევარმილიარდიანი ბაზარი, ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართულ პროდუქციას გაუმარტივოს მაღალი კონკურენტული გარემოთი ცნობილი ევროპული ბაზრის ათვისება. უფრო მეტიც, ყველანაირად ცდილობს ქართული ეკონომიკის კვლავ არასტაბილურ რუსულ ბაზარზე მიბმას. ესეც იზოლაციონისტური პოლიტიკის შედეგებია.

კიდევ ერთი და ძალიან დამაზიანებელი ქმედება იყო მორატორიუმის შემოღება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე მიყიდვაზე. ამ გადაწყვეტილების ყველაზე ნეგატიური ასპექტი ხომ ზუსტად იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებაშია. რომლის შედეგადაც კიდევ უფრო შეფერხდება საქართველოში ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების შემოსვლა.

დაახლოებით იგივე ხასიათს ატარებდა წულუკიანის უწყების მხრიდან, რიგი ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამკაცრება. რამაც, საწყის ეტაპზევე დაარტყა ქართულ ეკონომიკას და მნიშვნელოვნად დააზიანა ეროვნული ვალუტის კურსი. რამაც უპრეცენდენტოდ გააღარიბა ქვეყნის მოსახლეობა.

განსაკუთრებულ მავნებლობად შეიძლება ჩაითვალოს ივანიშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური აქტიობა. რომლის შედეგადაც საქართველო ფაქტიურად გააქრეს მსოფლიო პოლიტიკის რადარებიდან და მიწასთან გაასწორეს მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენს რეგიონში. რაც ასევე უწყობს ხელს იზოლაციონისტური პოლიტიკის გატარებას და უნისონში მოდის ინტერვენტი ქვეყნის მტაცებლურ პოლიტიკასთან.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი ფაქტების მიღმა, კიდევ უფრო დამაზიანებელია ხელისუფლების მიერ ხელოვნურად კულტივირებული რასისტული და ქსენოფობიური განწყობები ქართულ საზოგადოებაში, მთავარი უტოპისტური ლოზუნგით - „ქართველობას გვართმევენ!“. სადაც, საკვანძო ადგილი უკავია ევრო-ატლანტიკური სივრცისადმი აგრესიული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ქვეყანა გადაივსო სუს-ისა და კრემლის მიერ დაფინანსებული რეაქციული და ულტრანაციონალისტური საზოგადოებრივი გაერთიანებებით, რომლებიც მთლიანად ანგრევენ საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესს. მონარქიის თემის წამოწევაც ზუსტად ამ კატეგორიიდანაა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ძალიან მარტივი ხდება ანალიზის გაკეთება და შედეგების განჭვრეტა. ივანიშვილის ხელისუფლება საფუძველს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების პროცესებს. შეუქცევადს ხდის საქართველოს შეუმდგარ სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესს. რის შედეგადაც ის გაცილებით უფრო მარტივად ჩასაყლაპი ხდება აგრესიული „რუსული სამყაროსთვის“. ივანიშვილს და პუტინს აღარ ჭირდება წითელი არმიის შემოგზავნა საქართველოში და თბილისის თავზე წითელი დროშის აღმართვა. საკმარისია საქართველო მკაფიოდ იზოლაციონისტური პოლიტიკის რელსებზე გადაიყვანონ, მოწყვიტონ ცივილიზირებულ ევრო-ატლანტიკურ სამყაროს, მოუსპონ სწრაფი ეკონომიკური განვითარების შანსი, კიდევ უფრო გააღარიბონ და დააბეჩავონ ქვეყნის მოქალაქეები, რომ უმტკივნეულოდ და ტყვიის გაუსროლელად აღსრულდება რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები. იზოლაციონიზმი საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიკვდილს იწვევს.

ბოლოს კი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: რაც უფრო მეტი უცხოური კაპიტალი შემოვა ქართულ ეკონომიკურ სივრცეში, მით უფრო მეტი ინტერესები დაუკავშირდება საქართველოს. ცივილიზებული სამყარო უფრო მეტად იქნება დაინტერესებული, რომ საქართველო გადაიქცეს პოლიტიკურად სტაბილურ სახელმწიფოდ და რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ყოველივე ამისათვის კი, პირველ რიგში აუცილებელია იმ ფუნდამენტური ფასეულობების მიღება და დამკვიდრება, რომელზედაც დგას წარმატებული, ცივილიზებული ევრო-ატლანტიკური სამყარო. რაც უფრო მეტად გავიხსნებით ამ სამყაროსთვის მით უფრო დაცული იქნება ჩვენი სამშობლო და მით უფრო მდიდარი იქნება თითოეული მოქალაქე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია