რას გვიქადის ის, რომ არ გვესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა და ის, რომ არ ვზრუნავთ მის დაცვასა და გადარჩენაზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-06-2017, 15:05 | პოლიტიკა | ნანახია - 1420

რას გვიქადის ის, რომ არ გვესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა და ის, რომ არ ვზრუნავთ მის დაცვასა და გადარჩენაზე
ნიკა რურუა


(მოკლე მიმოხილვა სხვათა ისტორიული გამოცდილების ფონზე)

 

პირველი ‘დაწერილი’, უფრო სწორედ, ქვაზე ამოტვიფრული კანონი “ჰამურაბის კოდექსის” სახელითაა ცნობილი და ის ბაბილონის მეფეს შეუქმნია ჩვ.წ. 1754 წელს, ანუ დღეიდან დაახლოებით 4000 წლის წინათ. სტელას, ანუ ჰამურაბის კანონს ადამიანის ხელის საჩვენებელი თითის ფორმა აქვს: ალბათ, სიმბოლურად ამ კანონთა მორჩილების აუცილებლობის ხაზგასასმელად. დღეს ეს კონცეპტუალურ-ისტორიულად უნიკალური ქმნილება პარიზის ლუვრის მუზეუმში ინახება, თუმცა მისი ათობით ასლი ასევე გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნების უნივერსტეტებსა და გალერეებში.

 

ამ სტელაზე, გარდა ბაბილონის სახელმწიფოს მოწყობისა, მისი სხვადასხვა ფენების წარმომადგენელთა უფლება-მოვალეობების და ქცევის წესებისა, უფრო მნიშვნელოვანი რამეცაა - ესაა მტკიცებულება იმისა, რომ იმ შორეულ დროშიც კი ადამიანი მიხვდა, რომ კანონი დაწერილი უნდა იყოს იმისათვის, რომ მან იკანონოს, ანუ საკუთარი ფუნქცია შეასრულოს.

 

რატომაა ასე? განა არ შეიძლება ზეპირი კანონით იმართოს სახელმწიფო?

 

ბაბილონელებიც კი ხვდებოდნენ, რომ - არა.

 

მიზეზი ამისა არც ისე რთულია და ის ადამიანის ბუნების ცოდნას ემყარება: მაშინ, როცა ადამიანი ცვალებადია გუნება-განწყობის, ვნებების, ემოციებისა თუ სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ, დაწერილი კანონი - ასოებისგან და ფრაზებისგან შემდგარი წინადადებები - თავისით ვერ იცვლებიან; სიტყვებს არ აქვთ ადამიანის ხასიათის მაგვარი მოულოდნელი ცვლილებები, ახირებები თუ კაპრიზები - სიტყვები 100 წლის მერეც ისეთებად რჩებიან, როგორიც მათი დაწერის პირველ დღეს იყვნენ. სიტყვებისა და წინადადებების ცვლილება მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს შეგვიძლია, მათი შეგნებულად გადაკეთებისა და გადაწერის გზით - სხვაგვარად ეს არ ხდება.

 

ამდენად, კაცობრიობა საკმაოდ ადრეულ ეტაპზე საკუთარი განვითარებისა, მიხვდა, რომ ცალკეული ადამიანების კაპრიზების ქვეშ ცხოვრებას, რომლებიც ხშირი და მოულოდნელი ცვალებადობით გამოირჩეოდნენ, სჯობდა დაფიქსირებული, დაწერილი წესების, იგივე კანონების, ქვეშ ეცხოვრათ. ეს მათ დაცულობის წარმოუდგენლად მეტ გარანტიებს სთავაზობდა, ისევე როგორც პროგნოზირებადს ხდიდა მომავალს - საკმაოდ ადრეულ ისტორიაში გაიკვა, რომ ახირებულ მმართველთა ქვეშერმდომობა, ვინც დღეს ამ, ხვალ კი იმ ხასიათზე იღვიძებს და საკუთარი ცვალებადი ბუნებიდან გამომდინარე ცვლის “კანონებს” - ველურ, სასტიკ საგიჟეთში ცხოვრებას ნიშნავდა.

 

ე.წ. კანონის უზენაესობის პრინციპიც სწორედ ადამიანის ბუნების სწორედ ამ თავისებურებებზე დაკვირვებიდანაა გამომდინარე: ძალიან ზუსტია ბრწყინვალე ამერიკელი იურისტისა და მოსამართლის, ოლივერ უენდელ ჰოლმსის სიტყვები - “Life of the law has not been logic; it’s been experience” (“კანონის ისტორიის გზა არა ლოგიკაზე, არამედ გამოცდილებაზე გადის.”)

 

ინგლისელები ამას ბაბილონელებთან შედარებით საკმაოდ გვიან, XIII საუკუნეში მიხვდნენ, როცა აჯანყებულმა თავადებმა ინგლისის მეფეს ე.წ. Magna Carta, ანუ ‘დიდი ქარტია’ გამოგლიჯეს თითქმის ხმლების, ნაჯახებისა და შუბების მუქარის ქვეშ. ‘დიდ ქარტიაში’ ჩამოთვლილი იყო ინგლისელი მთავრების ის უფლებები, რომელთა ხელყოფაც თვით მეფესაც კი ეკრძალებოდა.

 რას გვიქადის ის, რომ არ გვესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა და ის, რომ არ ვზრუნავთ მის დაცვასა და გადარჩენაზე

დღეისათვის მთელი ცივილიზებული მსოფლიო, იგივე თავისუფალი სამყარო კანონის უზენაესობის პრინციპით იმართება. ამაში მათ განვითარებადი ქვეყნებიც ბაძავენ, ვისაც სურს, რომ თავისუფალი სამყაროს წევრი გახდეს, აქედან გამომდინარე ყველა სიკეთის მოსაპოვებლად - იქნება ეს ცხოვრების უფრო ბედნიერი, დაცული პირობები თუ კეთილდღეობის სხვადასხვა ფორმები.

 

პოსტ-საბჭოთა საქართველოც ასეთი განვითარებადი ქვეყანაა, ვინც კანონის უზენაესობის ტრადიციას თავისუფალი სამყაროდან ეზიარა, და არა საკუთარი გამოცდილებით მივიდა აქამდე. სწორედ ეს მაფიქრებს, რომ ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენში დღემდე არ ესმით ამ კონცეფციის - კანონის უზენაესობის და მისი უმაღლესი გამოხატულების, კონსტიტუციის - ჭეშმარიტი არსი, ღირებულება და მნიშვნელობა.

 

ჩვენ, ანუ საქართველომ, უბრალოდ აიღო ეს კონცეფციები დასავლური სამყაროსგან, როგორც რაღაც, დემოკრატიისთვის “აუცილებელი” რამ დეკორაცია, ისე, რომ დღემდე ბოლომდე არ ესმის მათი რეალური სიკეთე.

 

ამის შედეგიც სახეზეა - ყველა ხელისუფლებას ჰქონდა კონსტიტუციის საკუთარ ეგოისტურ და კონკრეტული მომენტის “აუცილებლობებზე” ხელთათმანივით მორგების მცდელობა: აქაც ისევ და ისევ ადამიანის ხასიათის თავისებურებების მორიგ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, სადაც წამიერი ვნება ჩაგრავს კეთილგონიერებას.

 

დღეს მსოფლიოში ბევრი კონსტიტუციაა და ყველა მათგანის მიმოხილვას ასეთ მცირე ფორმატში არ ვაპირებ. ალბათ, ეს არცაა საჭირო, რადგან აქ ჩემს სათქმელთან ამგვარ მიმოხილვას არც აქვს საერთო. ჩემი არგუმენტი და ეს წერილი სხვა რამეს ეხება. ამიტომაც, არსებულ კონსტიტუციათაგან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პატივცემულს შევეხები.

 

ეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაა, რომელიც დღიდან მისი რატიფიკაციისა და ძალაში შესვლისა სულ 27-ჯერ არის ჩასწორებული; თანაც, ამ 27 კონსტიტუციური ჩასწორებიდან პირველი 10 კონსტიტუციის ძირითადი ტექსტის მიღებისთვის გაკეთებულ კომპრომისს წარმოადგენდა: დღეს მას მსოფლიო Bill of Rights-ის სახელით, ანუ “უფლებათა განაცხადის” სახელით იცნობს.

 

“უფლებათა განაცხადი” კონსტიტუციის ავტორებმა აუცილებლად მიიჩნიეს, როგორც გარანტია ცენტრალური მთავრობის მიერ ძალაუფლების უზურპაციის წინააღმდეგ და მოქალაქეთა უფლებების დაცვისათვის. “უფლებათა განაცხადი” ამერიკელთა ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას მოიცავს როგორიცაა სიტყვის, თავშეყრის თავისუფლება, იარაღის ქონისა და რელიგიის თავისუფლება, სწრაფი და სამართლიანი სასამართლოსა და მსაჯულთა მიერ განსჯის უფლებებს და ა.შ.

 

“დამფუძნებელი მამები”, როგორც ფილადელფიის კონვენციის 55 მონაწილეს დღემდე უწოდებენ ოთხ თვეზე მეტხანს მსჯელობდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური მოდელი მათი ახალი სახელმწიფოსი - ამერიკის შეერთებული შტატების. (ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ მაშინდელი ამერიკა არასრული 4 მილიონი მოქალაქისა და 13 შტატისგან შედგებოდა).

 რას გვიქადის ის, რომ არ გვესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა და ის, რომ არ ვზრუნავთ მის დაცვასა და გადარჩენაზე

ამ დაძაბულ და შრომატევად პროცესს პარალელურად თან სდევდა საჯარო დებატი მაშინდელ მედიაში, რომელსაც სამი ბრწყინვალე პოლიტიკოსი და იურისტი აწარმოებდა: “ფედერალისტთა ფურცელში” ჯეიმს მედისონი, ალექსანდერ ჰამილტონი და ჯონ ჯეი ისტორიისა და ადამიანის ბუნების თავისებურებების განხილვით ცდილობდნენ იმის დადგენას, თუ რომელი სახელმწიფოებრივი მოდელი უკეთ დაიცავდა მოქალაქეთა (და ახლადდამოუკიდებელი ამერიკის) თავისუფლებას და ამასთანავე ეფექტიანიც იქნებოდა. დღეს მათი მიმოწერა (ანუ, კრებულად გამოცემული Federalist Papers) პოლიტიკური მეცნიერების კლასიკურ ნაშრომად ითვლება.

 

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მთავარი მონაპოვარი კაცობრიობის წინაშე ე.წ. ხელისუფლების დაყოფის, ანუ სახელისუფლებო განშტოებების მკაფიო გამიჯვნაა. ალბათ არაა გასაკვირი, რომ ამ სქემასაც ადამიანის ბუნების ცოდნა უდევს საფუძვლად; კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო - სიმბოლურად ადამიანის გულის, სურვილებისა და ვნებების ორგანოს, ანუ ხალხის ნების გამომხატველ ინსტიტუტს წარმოადგენს; აღმასრულებელი ხელისუფლება - ამ სახალხო ნების, ანუ კანონების აღმასრულებელ ინტსრუმენტს, ადამიანის ხელსაა შედარებული; სასამართლო კი ადამიანის გონებას უტოლდება, რომელსაც გულისა და ხელის კეთილგონიერების საზღვრებში დატოვება და აუცილებლობის შემთხვევაში შებოჭვა ევალება. ამგვარი მეტაფორები პლატონისა და არისტოტელეს ნაშრომებშიც გვხვდება, მაგრამ ძალაუფლების დანაწილების ყველაზე მკაფიო ფორმულა განმანათლებლობის დროინდელი ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა გონმა - შარლ მონსტესკიემ შექმნა.

 

ამიტომაც დაწერილი კანონის უზენაესობასთან, კონსტიტუციის, როგორც უმაღლესი კანონის არსებობის აუცილებლობასთან ერთად, ადამიანის გამოცდილებამ ადამიანისვე ბუნებისმაგვარად ძალაუფლების დაყოფის პრინციპსაც მიაგნო და დანერგა: ამ უკანასკნელის მეშვეობით ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები ერთმანეთს შეაკავებდნენ და დააბალანსებდნენ. ამ უკანასკნელ ფენომენს დასავლეთში “Checks & Balances” - ანუ, ‘ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების’ სისტემას უწოდებენ.

 

აშშ კონსტიტუციას სწორედ ასეთია: მკაფიოდ გამიჯნული სახელისუფლებო შტოები ერთმანეთ აკავებენ და აბალანსებენ, იმისათვის, რომ არც ერთმა მათგანმა - პირობითად, არც გულმა, არც ხელმა და არც გონებამ - დანარჩენი ორი არ დაიმონოს: ადვილი წარმოსადგენია რა დღეში ჩავარდება ის სახელმწიფო, როგორც ის ადამიანი, რომელიც მხოლოდ სურვილებს აყვება, ან მხოლოდ ძალმომრეობის გზას აირჩევს, ანდაც მხოლოდ უძრავ, უმოქმედო აზროვნებაში ჩაიძირება - ასეთი ადამიანიცა და სახელმწიფოც უთუოდ დაიღუპება.

 

სწორედ ამას გულისხმობს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლაცარიის ავტორი და მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი, როდესაც წერს რომ “სამივე სახის ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ტირანიის კვინტესენცია” - იმისათვის რომ მოქალაქეთა თავისუფლება ქვეყანაში დაცული იყოს და ქვეყანა დემოკრატიულად იმართოს, აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პრინციპი გამართულად მუშაობდეს.

 

ახლა, ამ მოკლე და ერთგვარად გამარტივებული მიმოხილვის შემდეგ მივუბრუნდეთ ჩვენს სამშობლო ქვეყანას: როგორც ვიცით, დამოუკიდებელ საქართველოს საკუთარი კონსტიტუცია რამდენიმეჯერ აქვს მიღებული - 1921 წელს (რისი მიღებიდან სულ რამდენიმე დღეში ქვეყანა ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო 70 წლით), 1991, 1995, 2010 და 2017 წლებში.

 

2017 წლის კონსტიტუციის გარდა, ყველა წინამდებარე მოდელს სახელმწიფოს მოწყობისა ამა თუ იმ ფორმით გათვალისწინებული ჰქონდა ძალაუფლების დანაწილებისა და ურთიერშეკავების და გაწონასწორების პრინციპები.

 

საუბედუროდ, მხოლოდ ყველაზე ახალ, 2017 წლის კონსტიტუციაშია მკაფიოდ (და, ვეჭვობ, შეგნებულად) დარღვეული ეს უმნიშვნელოვანესი გარანტიები თავისუფლების დაცვისა და შენარჩუნებისა.

 

ამ წუთისათვის 2017 წლის ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ორი მოსმენითაა მიღებული, ანუ მას მესამე მოსმენა ესაჭიროება იმისათვის, რომ ის ძალაში შევიდეს.

 

ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვაცხადებ, რომ 2017 წლის კონსტიტუცია სპობს როგორც ძალაუფლების დაყოფის პრინციპს, ისე ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების პრინციპებს - ანუ, ჯეფერსონს თუ დავესესხებით, ეს კონსტიტუცია სახელისუფლებო ტირანიის დამყარების უებარი რეცეპტია და წინაპირობა.

 

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამ კონსტიტუციის მიღებისა და შემუშავების პროცესში დარღვეულ იქნა ნებისმიერი ახალი კონსტიტუციის მიღებისათვის სამი ძირითადი პრინციპი: საზოგადოების ფართო წრეებისა და პროფესიონალების ჩართულობა, პროცესის გამჭვირვალეობა და უმთავრესი - საზოგადოებისა და ხალხის კონსენსუსი ახალი მოდელი ვარგისიანობის თაობაზე.

 

დღევანდელ ვერსიას ახალი კონსტიტუციისას ეწინააღმდეგება მთელი პოლიტიკური ოპოზიცია, მთელი არასამთავრობო სექტორი, მთელი სამოქალაქო საზოგადოება და ასევე უცხოელ ექსპერტთა ავტორიტეტული სამართლებრივ-ანალიტიკური ორგანიზაცია, როგორიცაა “ვენეციის კომისია”.

 

ამგვარად, ადამიანის ბუნების ცოდნის გაუთვალისწინებლობამ ამჯერადაც შეიძლება მორიგი სახელმწიფოებრივი კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს - ჩვენსა და ამ კატასტროფის მომტან კონსტიტუციის დაკანონებას შორის სულ სამი თვეა; ანუ, დრო რამდენიც უნდა გავიდეს პროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღებებს შორის საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტში.

 

თუ საქარველოს ხალხმა და მისმა ინტელექტუალურად უნარიანმა და გამბედავმა ნაწილმა არ შეაცვლევინა ხელისუფლებას გადაწყვებილება კონსტიტუციის ამ ვარიანტის მიღებისა, მაშინ საქართველოში ფორმალურად გაუქმდება ძალაუფლების დანაწევრებისა და ხელისუფლების ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორებულობის პრინციპები - ეს კი ერთ რამეს - თავისუფლების გაუქმებას და ტირანიის დამყარებას ნიშნავს.

 

თუმცა ზედმეტად მიმაჩნია ყველა იმ რეალობის ჩამოთვლა, რაც ტირანიას ახლავს, მაინც ყველას შევახსენებ, რომ ასეთ დროს ჩვეულებრივი ამბავი ხდება გულგრილი, უყურადღებო, არაკომპეტენტური და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე დახარბებული ხელისუფლება; ამ დროს ჩვეულებრივი ამბავია მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ჩაგვრა და ტოტალური უსამართლობა, ისევე როგორც კანონის ბოროტად გამოყენების აღვირახსნილი პრაქტიკა; ამ დროს ჩვეულებრივი ამბავია დანაშაულის ზრდა ხალხის უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზრდის პირდაპირპროპორციულად; ასეთ დროს ქვეყნის ახალგაზრდობა ცდილობს ემიგრირებას საზღვარგარეთ და ასეთ დროს ქვეყანა არანაირად აღარ და ვეღარ ვითარდება - ის სწრაფი ტემპით შეუმდგარ სახელმწიფოს ყველა ნიშან-თვისებას იძენს.

 

ამდენად, ან ჩვენ ყველანი, გავითვალისწინებთ რა კაცობრიობის გამოცდილებას, შევეწინააღმდეგებით და დავამარცხებთ ტირანიის დამყარების შეუფარავ მცდელობას XXI საუკუნის საქართველოში, ან არადა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია თავისუფლად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ის დავიმსახურეთ.

 

არჩევანი ჩვენზეა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია