აშშ-ს ახალი პრეზიდენტის სადებიუტო საერთაშორისო ტური

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-07-2017, 16:00 | პოლიტიკა | ნანახია - 1528

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის სადებიუტო საერთაშორისო ტური

კოტე იოსელიანი

 

აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის რანგში პირველი ასდღიანი სამუშაო ნიშნულის გადალახვის შემდეგ, დაიწყო სადებიუტო საერთაშორისო ვიზიტების ციკლი. ტრადიციულად, აშშ-ს პრეზიდენტების პირველი სამუშაო ვიზიტი ძირითადად აშშ-ს უშუალო სამეზობლოში, კანადაში ან მექსიკაში ტარდება ხოლმე. ასევე, გვახსოვს ევროპაში განხორციელებული პირველი ვიზიტებიც, კერძოდ დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, რაც იმ კონკრეტულ პერიოდსა და ვითარებაში ნამდვილად იყო ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილის დადასტურების აუცილებელი პოლიტიკური გზავნილი.

 

აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, პირველი საერთაშორისო ვიზიტის განხორციელება ისეთ პარტნიორებთანაც, როგორებიც ავსტრალია ან იაპონია არიან (აღსანიშნავია, რომ არჩეული პრეზიდენტის რანგში ტრამპმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა სწორედ იაპონიის პრემიერ-მინისტრთან გამართა ნიუ-იორკში, ტრამპ ტაუერში). ასევე, ლოგიკური იქნებოდა იგივე ნაბიჯის გადადგმა ინდოეთის მიმართულებითაც, რომელიც აზიაში, აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები პრაქტიკაში პირდაპირ აისახება მუდმივად მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. ერთი სიტყვით, აშშ-ს პრეზიდენტების პირველი საერთაშორისო ვიზიტი ყოველთვის შეიცავს პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობების გაგრძელების და თანამშრომლობის გაღრმავების პოლიტიკურ გზავნილს.

 

ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, აშშ-ს მედია და ექსპერტები სპეკულირებდნენ და ფაქტიურად ადასტურებდნენ ვარაუდს, რომ პრეზიდენტი პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. პრეზიდენტების შეხვედრის სავარაუდო ადგილებიც დასახელდა: სხვადასხვა ვარაუდებით, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ისლანდიაში, ფინეთში ან სლოვენიაში უნდა შეხვედროდნენ. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტებს შორის 2 მაისს განხორციელებული სატელეფონო საუბრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ ერთი-ერთზე შეხვედრაზე, G20-ის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 7-8 ივლისს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში.

 

დონალდ ტრამპის პირველ საერთაშორისო ტურნესთან დაკავშირებით ჟურნალისტების და ექსპერტების ვარაუდები არ გამართლდა. ტრამპმა რადიკალურად განსხვავებული ვიზიტების ციკლი დაგეგმა: საუდის არაბეთი; ისრაელი; პალესტინა; იტალია; ვატიკანი; ბელგია (ნატო) და ბოლოს ისევ იტალია (დიდი შვიდეულის შეხვედრა).

 

ტრამპის ვიზიტების პირველი ციკლი თავისთავად ატარებდა უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დატვირთვას. თუმცა, სტანდარტული საპრეზიდენტო ვიზიტებისაგან განსხვავებით, ტრამპის პირველი საერთაშორისო შეხვედრები წამყვანი რელიგიების საერთაშორისო როლსაც ითვალისწინებდა. სწორედ ამიტომ, კრიტიკოსები ირონიულად აღნიშნავდნენ, რომ იერუსალიმში, ვატიკანში და ბეთლემში ჩასვლით ტრამპმა სამ აბრაამისეულ კონფესიას და ბიბლიურ ხალხებს ერთდროულად დაუდასტურა პატივისცემა. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნებში გამართული შეხვედრების პოზიტიურ შეფასებებს, არ მივაქცევთ ყურადღებას პოლიტიკურად მიკერძოებულ კრიტიკას და მეტნაკლებად უსაფუძვლო ირონიას, ტრამპის ვიზიტის ამგვარად დაგეგმვა თავისთავად არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ტრამპის ვიზიტის პოლიტიკური კონტურების ასეთი გზით გამოკვეთა შესაძლოა დროულიც და აუცილებელიც იყო.

 

ვიზიტის განმავლობაში, თავად დონალდ ტრამპს საკმაოდ თავდაჯერებულად ეჭირა თავი. მას ხშირად აკრიტიკებენ პოლიტიკოსისთვის არაორდინალური თვისებების, საჯარო მიმართვების არც თუ ისე თავაზიანი მანერის და მოჩვენებითი დახვეწილობის გამო. ამის მიუხედავად, ტრამპი არ გახვეულა არც ერთ სკანდალში, თუ არ ჩავთვლით იმ უხეშ დიპლომატიურ გადაცდომას ბრიუსელში, ნატოს ახალი შტაბ-ბინის ეზოში, სადაც ტრამპი ნატოს გენერალურ მდივანთან და სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად მიემართებოდა კოლექტიური სურათის გადასაღებად და სახელმწიფოების მეთაურების ჯგუფში დაწინაურების მიზნით, ტრამპმა მის წინ მიმავალ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს დუშკო მარკოვიჩს ხელი კრა და მოხერხებულად გადაინაცვლა მის ადგილზე. მარკოვიჩმა ეს ინცინდენტი უწყინარ ფაქტად შეაფასა და მოერიდა სხვა კომენტარის გაკეთებას.

 

რეპორტიორებს ასევე არ დარჩათ შეუმჩნეველი ის მომენტები სადაც ტრამპის მეუღლე მელაინია ჯერ რომის აეროპორტში თვითმფრინავიდან გამოსვლისას, ხოლო შემდეგ თელ-ავივის აეროპორტში გაშლილ წითელ ხალიჩაზე გავლისას, ტრამპს ხელის აქნევით უარით ისტუმრებს ხელის ჩაკიდებაზე.

 

საერთაშორისო ტურნეს განმავლობაში, ტრამპი, ფაქტობრივად, რადიკალურად განსხვავდებოდა საკუთარი თავისგან. თუ გავიხსენებთ წინა საარჩევნო პერიოდში, ან ოვალურ კაბინეტში გატარებული პირველი ასი სამუშაო დღის განმავლობაში ტრამპის სკანდალურ საქციელებს და ამას შევადარებთ მის ქმედებებს ვიზიტის განმავლობაში, დავინახავთ თვალშისაცემ განსხვავებას. ის მაქსიმალურად იცავდა პროტოკოლს, არ გაუმართავს არც ერთი პრეს-კონფერენცია და შეგნებულად არიდებდა თავს რეპორტიორებს. ტრამპი ასევე ცნობილია სოციალურ ქსელ Twitter-ში აქტიურობითაც. როგორც წესი, ამ ქსელში იგი ყოველდღიურად უამრავ პოსტს აქვეყნებს - პოსტავს ყველაფერს და მუდმივად. ვიზიტის განმავლობაში იგი ფაქტობრივად გაქრა სოციალური ქსელიდან. მხოლოდ რამდენიმეჯერ გვამცნო ვიზიტით კმაყოფილება.

 

პრეზიდენტის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ, თეთრმა სახლმა საერთაშორისო ვიზიტები დადებითად შეაფასა და მას წარმატებული ტურნე უწოდა.

 

ერთ-ერთ წარმატებად ნამდვილად შეიძლება შეფასდეს ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში. პირველივე ვიზიტის დაგეგმვა არაბული სამყაროს ფლაგმანთან, სიმბოლური დატვირთვის გარდა ასევე იყო პარტნიორული ურთიერთობების გამოსწორებისკენ გაწვდილი ხელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-სა და საუდის არაბეთის ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდა ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში: ამის მიზეზი იემენის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიცია და აშშ-ირანის ბირთვული შეთანხმება იყო.

 

რიადში ტრამპის ვიზიტის პარალელურად, გაიმართა ისლამური სახელმწიფოების ლიდერების სამიტი, რომელსაც ესწრებოდა 56 ისლამური სახელმწიფოს მეთაური. როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე პრეზიდენტის რანგში, ტრამპი გამოირჩეოდა ანტი-მუსლიმური გამონათქვამებით და მუსლიმებისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლაზე შეზღუდვების დაწესების ინიციატივით. ამის მიუხედავად, მუსლიმური სახელმწიფოების ლიდერებმა ტრამპი მიიღეს თბილად და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორობაზეც შეუთანხმდნენ. მუსლიმური სახელმწიფოების ლიდერების მისამართით ტრამპის მიმართვა ნამდვილად ატარებდა ჰარმონიული ურთიერთობების ხელშეწყობის სულისკვეთებას. ამ სამიტის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცას გაუჩნდა უაღრესად პოზიტიური სასტარტო პოზიციები ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.

 

აშშ-სა და ისლამურ ქვეყნებს შორის პარტნიორობის წამოწყების მცდელობა უმალვე გადაითარგმნა პოლიტიკურ პროცესში. სავარაუდოდ, სწორედ ტრამპის ვიზიტის გამოძახილია ყატარის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის გადაწყვეტილება, არაბული და სხვა მუსლიმური სახელმწიფოების მიერ.

 

საუდის არაბეთში ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამოდენიმე დღეში დაიწყო ყატარის სამეფოს მზარდი დიპლომატიური კრიზისი. ტერორიზმის და ექსტრემისტული იდეოლოგიის მხარდაჭერის საბაბით, მრავალი ისლამური სახელმწიფოს დემარშის ტალღის შედეგად, დოჰასთან შეწყდა, როგორც ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა. თეთრ სახლში არ ერიდებიან ამ სკანდალის ინიცირებასთან კავშირის დადასტურებას და მიიჩნევენ, რომ ამ გზით ყატარის იზოლირება მნიშვნელოვნად დააზიანებს ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფებების ფინანსური უზრუნველყოფის წყაროებს.

 

თანამედროვე, გლობალიზებულ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, პოლიტიკური თანამშრომლობს ჩარჩოები მკვეთრად განსხვავდება ორი ქვეყნის ურთიერთობების კლასიკური გაგებისაგან. თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის, განათლების, მედიცინის და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა, დღევანდელი სტანდარტით, არის როგორც ორმხრივი ასევე, მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების ინტეგრირებული სფეროები. ამ კუთხით, ტრამპის ვიზიტი საუდის არაბეთში იძენს ორმაგ დატვირთვას. წმინდად პოლიტიკური სენტიმენტების თანხვედრის ოფიციალური დეკლარირების მიღმა, აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა უაღრესად ძვირადღირებული ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური კავშირი.

 

რიადში ტრამპის ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის დაიდო 110 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების და უსაფრთხოების გაძლიერების პროგრამების იმპლემენტაციის შეთანხმება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამ ბიზნეს შეთანხმების მასშტაბი მიაღწევს 350 მილიარდ აშშ დოლარს. ეს შეთანხმება იყოფა ხუთ კატეგორიად: საზღვრის დაცვა და ანტიტერორისტული პროგრამები; საჰაერო ძალების მოდერნიზაცია; საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა; საზღვაო და სანაპირო დაცვის გაძლიერება; კიბერუსაფრთხოების და კომუნიკაციების სისტემების განვითარება.

 

აშშ-საუდის არაბეთის შეთანხმების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები არ იშურებენ მწვავე კრიტიკას ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით. უფლებედამცველებს მიაჩნიათ, რომ თავდაცვის სფეროში საუდის არაბეთის შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანის უფლებების კუთხით, რეგიონში მკვეთრად გააუარესებს ისედაც უკიდურესად მძიმე სიტუაციას.

 

რთულია არ დავეთანხმოთ ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ ლოგიკურ და სამართლიან პროტესტს. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რეგიონში არსებული სიტუაცია, ნათლად ასახავს ამ სახელმწიფოების მეთაურების დამოკიდებულებას დემოკრატიული პროცესების განვითარებისსადმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გაუმჯობესებული სამხედრო შესაძლებლობები არ იქნება მიმართული მოსახლეობის უფლებების და თავისუფლებების განმტკიცებისაკენ. ამ ნეგატიური კონტექსტის მიუხედავად, ასევე ძალიან რთულია ტრამპის ცალსახად დადანაშაულება არაკეთილსინდისიერებაში, რადგან ის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებდა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. შეთანხმებების გაფორმებისთანავე, ტრამპმა საკუთარი წარმატება ამერიკელებს ამცნო Twitter-ის პირად გვერდზე პოსტის გამოქვეყნებით - "Hundreds of billions of dollars of investments into the United States and jobs, jobs, jobs". საუდის არაბეთთან გაფორმებული შეთანხმებების მნიშვნელობას გამოეხმაურა თეთრი სახლიც. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებების პაკეტი ახდენს აშშ-ს, საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთების დემონსტრირებას, რაც ამავდროულად თავდაცვის ინდუსტრიაში ჩართულ ამერიკულ კომპანიებს უქმნის გაფართოების პირობებს და ამერიკელებისთვის შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილის.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში 110 მილიარდიანი (10 წლიან პერსპექტივაში 350 მილიარდი) შეთანხმებების გაფორმებების პარალელურად, აშშ-ს ტექნოლოგიების ინჟინერიის გიგანტმა GE-მ, ტრამპის ვიზიტის ფარგლებში15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბიზნეს შეთანხმებები გააფორმა საუდის არაბეთის კომპანიებთან.

 

საუდის არაბეთში აშკარად წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ტრამპი ისლამური სამყაროს ცენტრიდან გაემგზავრა ისრაელში. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში ეს იყო პირველი პირდაპირი ავია ფრენა საუდის არაბეთიდან ისრაელის მიმართულებით. ტრამპისადმი ლოიალურად განწყობილმა ანალიტიკოსებმა ეს სიმბოლური დეტალიც წარმატების ხაზგასასმელად გამოიყენეს და “the ultimate deal”-ის საწყის ფაზად შეაფასეს.

 

საუდის არაბეთისგან განსხვავებით, ისრაელში ტრამპის ვიზიტმა განსაკუთრებული სიახლე ვერ შესთავაზა საერთაშორისო საზოგადოებას. ისრაელის კომპლექსური პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვა, დამოკიდებულია ამ ქვეყანის მიმართ არაბული სამყაროს დამოკიდებულებაზე, რისი შეცვლაც ნაკლებად სავარაუდოა პალესტინელების ინტერესების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერის მიუხედავად, ისრაელი ვერ მოახერხებს მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას მანამ, ვიდრე არ მოგვარდება პალესტინის პრობლემა არაბული სამყაროს ინტერესების ნაწილობრივ გათვალისწინებით. ისრაელის მთავრობა მუდმივად ცდილობს პალესტინის საკითხის მნიშვნელობის მეორეხარისხოვან კატეგორიაში გადატანას და საერთაშორისო საზოგადოების ყურადრების გამახვილებას ირანთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, რაც არაერთხელ გამხდარა აშშ-სთან პოლიტიკური სკანდალის საფუძველი.

 

კარგად ნაცნობი და ადვილად პროგნოზირებადი სიტუაციის მიუხედავად, ისრაელში ტრამპის ვიზიტს მაინც ახლდა პოლიტიკური ეიფორია. ებრაული პრესა და ექსპერტები დიდ იმედებს ამყარებდნენ ტრამპის ვიზიტზე. როდესაც გადაწყდა, რომ ტრამპის პირველი ვიზიტების სიაში იქნებოდა ისრაელი, ამას მოჰყვა ვარაუდების რიგი, თუ რა ნაბიჯის გადადგმას აპირებდა ტრამპი ისრაელთან დაკავშირებით. აქედან ყველაზე დამაჯერებელი სპეკულაცია ვითარდებოდა ისრაელში აშშ-ს საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლის შესახებ. ისრაელში დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომ ვიზიტის განმავლობაში ტრამპი აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებას დაადასტურებდა.

 

ცხადია, მსგავსი გადაწყვეტილება ფუნდამენტურად შეცვლის პალესტინის საკითხისადმი სტანდარტულ მიდგომებს და გამოიწვევს არაბული სამყაროს უკიდურეს გაღიზიანებას. თუმცა, ებრაელების მოლოდინის მასშტაბს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იერუსალიმში საელჩოს გადატანის საკითხი ნამდვილად სერიოზულად განიხილებოდა ტრამპის ადმინისტრაციაში.

 

ფაქტია, რომ ტრამპი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც Game Changer-ს და მას სჩვევია სკანდალური გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ტრამპის მხრიდან ისრაელისთვის “საჩუქრის” გაკეთების ალბათობას არაბულ სამყაროშიც განიხილავდნენ და შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა არაბული და მუსლიმური სამყაროს ლიდერების გამორჩეულად თბილი დახვედრა ელ-რიადში. დრო გვაჩვენებს, ეს იყო ისრაელის status quo-ს შესანარჩუნებლად გადახდილი საფასური, თუ ისლამური სამყაროს მხრიდან აშშ-სთან მეგობრული ურთიერთობების ინიცირების გულწრფელი სურვილის გამოვლინება.

 

საელჩოს იერუსალიმში გადატანა იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ამ მოლოდინმა პრაქტიკულად გააფერმკრთალა ტრამპის ისრაელში ვიზიტის სხვა დეტალები. ტრამპი შეხვდა ბენიამენ ნეთანიაჰუს და მაჰმუდ აბბასს, რომელიც 4 მაისს თეთრ სახლში მიიღო და რომელიც ასევე ესწრებოდა საუდის არაბეთში გამართულ მუსლიმურ სამიტს. როგორც იერუსალიმში, ასევე ბეთლემში ტრამპმა ბევრი ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე, ქრისტიანებისა და მუსლიმების ძმური თანაცხოვრების აუცილებლობაზე, პალესტინისა და ისრაელის ტერიტორიული დავის მშვიდობიანი გზით მოგვარების უალტერნატივობაზე და პრაქტიკულად ყველაფერზე, რაზეც კონფლიქტის მედიატორები საუბრობენ.

 

იერუსალიმში და ბეთლემში გამართული ვიზიტის ხასიათის მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისრაელის მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო მომავალში არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას. არც ისრაელის მხრიდან არის მოსალოდნელი იმედგაცრუების გამოხატვა რადიკალური ფორმებით, როგორც ეს ხდებოდა ობამას მმართველობის პერიოდში. ამ მოცემულობაში ორივეს აწყობს მოვლენების პროგნოზირებადი და სტაბილური განვითარება.

 

იერუსალიმიდან აშშ-ს პრეზიდენტი გაემგზავრა რომში, სადაც შეხვდა იტალიის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო უსაფრთხოების კამპანიების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

 

რა თქმა უნდა, იტალია ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათ ორმხრივ თანამშრომლობას დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ორივესთვის. თუმცა, იტალიაში განხორციელებული ვიზიტი ნამდვილად არ იყო ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმის დემონსტრირება. ტრამპს ასეთი პოლიტიკური გზავნილის გაკეთება რომ სდომოდა, იგი სავარაუდოდ ლონდონში ან ბერლინში დაგეგმავდა ვიზიტს.

 

ისეთ რელიგიურ ცენტრებში გამართული ვიზიტების შემდეგ, როგორიც არის ელ-რიადი და იერუსალიმი, სავსებით ლოგიკურია 1.2 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანის სულიერ ლიდერის მონახულება და მისდამი პატივისცემის დადასტურებაც. იერუსალიმიდან მხოლოდ 24 საათით რომში გამგზავრების რეალური მიზანი იყო ვატიკანში პაპთან აუდიენცია.

 

პაპთან ვიზიტი იმით იყო საინტერესო, რომ სტანდარტული პოლიტიკური გზავნილების და საპროტოკოლო ცერემონიის გარდა, შეხვედრა ატარებდა პირადი წყენის მიტევების და ერთგვარი შერიგების მნიშვნელობასაც. წინა საარჩევნო პერიოდში, ტრამპის ერთ-ერთი სკანდალური დაპირება იყო ემიგრანტებისთვის დაბრკოლების შექმნის მიზნით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. ამ ინიციატივას მექსიკაში ვიზიტის დროს გამოეხმაურა პაპი, რომელმაც გააკრიტიკა ტრამპი და მასზე საჯაროდ თქვა, რომ თუ კი მან მსგავსი რამ თქვა, ის არ არის ქრისტიანი - "I'd just say that this man is not Christian if he said it in this way". პაპთან გამართული თბილი შეხვედრა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ტრამპის კრიტიკის კომპენსაცია, რაც უპირობოდ შედის ორივე მხარის ინტერესებში. შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტს თან ოჯახის წევრები, მელანია და ივანკა ახლდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ აშშ-ისპრეზიდენტის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მჩეველი ჰერბერტ მაკმასტერი.

 

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს მშვიდობის გამოწვევებზე, მიგრანტების პრობლემატიკაზე და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. სწორედ გარემოს დაცვა არის ის პრინციპული საკითხი, რაზეც პაპთან შეხვედრიდან რამოდენიმე დღეში G7-ის ლიდერები კვლავ შეიკრიბნენ იტალიაში. ამ შეხვედრამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გასვლას (რაც ტრამპა ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე დაადასტურა). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კეთილშობილური მიზნების გარდა, სწორედ G7-ის დანარჩენი ლიდერების პოზიციამაც იქონია გავლენა იმაზე, რომ პაპმა ტრამპთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის უალტერნატივობაზე.

 

ვატიკანში ვიზიტის შემდეგ ტრამპი ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც შეხვედრები გამართა ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან და მონაწილეობა მიიღო ნატოს სამიტში. ვიზიტის ფარგლებში ტრამპი ასევე შეხვდა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მაკრონთან და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული შეხვედრების სასაუბრო თემები ფაქტობრივად ემთხვეოდა G7-ის ფარგლებში განსახილველ საკითხებს.

 

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ევროპის დედაქალაქში თავისი გეგმით ჩავიდა. როგორც გამოჩნდა გეგმა იყო status quo-ს შენარჩუნება და წინასაარჩევნო პერიოდში ევროპის მისამართით გამოთქმული კრიტიკისაგან დისტანცირება. ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობებში პარტნიორული თანამშრომლობის სურვილის დეკლარირება მხოლოდ საპროტოკოლო შეხვედრებით შემოიფარგლა. ამ შეხვედრებმა საერთაშორისო საზოგადოებას რეალური სიახლე ვერ შესთავაზა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპის გეგმა იყო ის, რომ ევროპის წინაშე არ აეღო დამატებითი ვალდებულებები და მან ეს მოახერხა. ტრამპმა სიახლე შემოგვთავაზა მხოლოდ იქ, სადაც ეს სჭირდებოდა.

 

წინა საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტი ასევე გამოირჩეოდა ნატო-ს კრიტიკით. ის ალიანსს უწოდებდა ისეთ მოძველებულ ინსტიტუტს, რომელიც თავს ვეღარ ართმევს უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს. იმის მიუხედავად, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ტრამპმა თავი შეიკავა საყვედურების და კრიტიკის ღია რიტორიკისაგან, მის ქცევებში ნათლად ჩანდა, რომ იგი ალიანსთან დაკავშირებით იგივე აზრზე რჩება. მის საქციელში და შეფარულ რიტორიკაში ასევე იკითხებოდა, რომ ტრამპი საკუთარ თავს განიხილავს, როგორც ალიანსის Boss-ს.

 

ერთადერთი, რაზეც ტრამპმა პრინციპული პოზიცია დააფიქსირა არის ალიანსის საწევრო გადასახადები. ფაქტია, რომ ალიანსის მიერ გენერირებული უსაფრთხოების ფინანსურ კონტრიბუციას მხოლოდ ხუთი სახელმწიფო ახორციელებს. ამ გარემოებას თუ შევაფასებთ მხოლოდ ფინანსური თანამონაწილეობის თვალსაზრისით, კერძოდ, ქვეყნების ფინანსური ჩართულობის არათანაბარი სისტემა, ნამდვილად ბადებს უსამართლობის განცდას ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მიმართ. აქედან გამომდინარე, ალიანსთან დაკავშირებით ტრამპის უკმაყოფილება, გარკვეული კუთხით გასაგებიც არის. ასევე ფაქტია, რომ ალიანსის წევრი სახელწიფოებიდან მხოლოდ საბერძნეთი, პოლონეთი, ესტონეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ, თავდაცვაზე ხარჯავენ საკუთარი მშპ-ს 2 პროცენტზე მეტს. აქვე უნდა აღინიშნიოს, რომ სამხედრო “Super Power”-ის პრეზიდენტს, საერთოდ არ უხსენებია ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც არის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის უპირობო გარანტია. ეს ფაქტი ბადებს ნეგატიურ სპეკულაციებს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებში, რაც აისახა კიდეც გერმანიის კანცლერის არაორაზროვან განცხადებაში, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარებშიც.

 

ბრიუსელიდან ტრამპი გაემგზავრა სიცილიის ქალაქ ტაორმინაში, რომელმაც მხოლოდ ორი დღით შეიძინა საერთაშორისო დიპლომატიის ცენტრის სტატუსი. დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა, ამ პატარა სანაპირო ქალაქში განიხილეს პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.

 

უკვე მესამე წელია, რაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები დიდი რვიანის ნაცვლად, დიდი შვიდეულის ფორმატში იკრიბებიან. ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთი გაირიცხა ამ უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური ფორუმიდან. რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი ამ შეხვედრაზეც იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა.

 

ჩვენდა სამწუხაროდ, არათუ დიდი შვიდიანის ფორმატში, არამედ არც ერთ ორმხრივ ან მრავალმხრივ შეხვედრაზე ტრამპს ჯერ არ დაუყენებია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რასაც იგი ფაქტიურად გამონაკლისის გარეშე აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ საკმაოდ შეგნებულად, ხელიდან გაუშვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის კუთხით უკრაინის პრობლემატიკასთან დაწყვილების შესაძლებლობა და ამ ორი საკითხის ერთ პაკეტად გატანა უმაღლეს საერთაშორისო დონეზე. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაში, არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესების გამო, ცვლილებების ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა.

 

G7-ის ფარგლებში, სახელმწიფოების მეთაურებმა უკრაინის საკითხის გარდა, ასევე განიხილეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმა; ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხეების განეიტრალების გზები; გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევები, რასაც საფუძვლად უდევს Brexit-ი და აშშ-ს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმების შესაძლებლობა (რასაც ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს არახელსაყრელად); კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა.

 

სწორედ ეს უკანასკნელი - კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა გახდა ის პრინციპული მიმართულება, რომელზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ. სხვა დანარჩენ საკითხებზე სახელმწიფოს მეთაურებმა ფაქტიურად ერთნაირი პოზიციები დააფიქსირეს.

 

კლიმატის ცვლილების და გარემოს დაცვის კუთხით, ბუნებრივია ყველაზე მეტი პასუხისგებლობა აკისრიათ მაღალგანვითარებულ ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, სწორედ განვითარებული ქვეყნების პასუხისგებლობაა გარემოს დაბინძურების აღსაკვეთად შემუშავებული რეგულაციების სრული იმპლემენტაცია. ფაქტია, რომ ამ პროცესს ყველაზე ეფექტურად არეგულირებს პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული სათბური გაზების გამონაბოლქვის დონის დაწევას. ეს თავისთავად გულისხმობს ეკონომიკური სიმძლავრეების შემცირებას და “სუფთა ენერგიაზე” მომუშავე მაღალტექნოლოგიური სისტემების განვითარებას, რასაც ავტომატურად მოყვება სამუშაო ადგილების შემცირება და ეკონომიკური განვითარების ტემპის ვარდნა. პარიზის შეთანხმების წევრ სახელმწიფოებს, მათი ეკონომიკური განვითარების სტატუსის მიხედვით, განსხვავებული ვალდებულებები აკისრიათ. აშშ-ს, როგორც ყველაზე მძლავრ ეკონომიკას, სხვებთან შედარებით განსაკუთრებული მოთხოვნების და რეგულაციების შესრულება აკისრია. ეს არ მოსწონდა ტრამპის ადმინისტრაციას და G7-ის მიმდინარეობისას უკვე ყველასათვის ცნობილი იყო, რომ აშშ გეგმავდა პარიზის შეთანხმებიდან გასვლას.

 

პირველი საერთაშორისო ტურნედან ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე, ტრამპმა საერთაშორისო საზოგადოებას ამცნო, რომ უსამართლო მიდგომების გამო აშშ ტოვებს პარიზის შეთანხმებას. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ გამოთქვამს მზადყოფნას, შეცვლილი პირობებით ახალ ხელშეკრულებაზე მიერთიებით, გარემოს დაცვის ვალდებულების აღებას. თუმცა ევროპელი ლიდერები, კერძოდ მაკრონი და მერკელი კატეგორიულად გამორიცხავენ შეცვლილი პირობებით პარალელური რეჟიმის შექმნის ინიციატივის რეალურობას.

 

ტრამპის პირველი ასი სამუშაო დღე და პირველი საერთაშორისო ტურნე, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ რუტინული საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების გარდა, მომდევნო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას აპირებს ეკონომიკური სიმძლავრეების განვითარებაზე.

 

ამ კუთხით, ტრამპმა ბოლო დეკადებში დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა განიზრახა. კერძოდ, ტრამპისთვის მიუღებელია მოქმედი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემა, რომელიც განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებით, შედარებით ჩამორჩენილ ეკონომიკებს ხელს უწყობდა გაზრდაში. ტრამპი დგამს აბსოლიტურად საპირისპირო ნაბიჯებს, საუდის არაბეთის, მექსიკის ან თუნდაც ჩინეთის მაგალითზე ცალსახად ჩანს, რომ იგი ცდილობს აშშ-ში ინვესტიციების მიზიდვას, იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც ადრე თავად ამერიკა უწევდა საინვესტიციო მხარდაჭერას.

 

ამას ემატება პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლა. ეს მორალურად გაუმართლებელი, თუმცა ეგოისტური და პოპულისტური თვალსზრისით გამართლებული გადაწყვეტილება, გარემოს დაბინძურების ხარჯზე აშკარად გაზრდის აშშ-ს ეკონომიკურ მასშტაბებს.

 

პირველი ასი სამუშაო დღისა და პირველი საერთაშორისო ტურნეს შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ტრამპს მასშტაბური და შორს მიმავალი გეგმები ამოძრავებს. ამ ეტაპისთვის, ტრამპის ერთადერთი პოლიტიკური მნიშვნელობის ჩავარდნა არის აშშ-ს საერთო სასამართლოების სისტემის ძალისხმევით აშშ-ში მუსლიმების შესვლის აკრძალვის ინიციატივის დაბლოკვა. სხვა მხრივ, ახალი პრეზიდენტი მეთოდურად და ფორსირებულად აღწევს მცირე წარმატებებს. ყველაფრის მიუხედავად, ჯერ ძალიან ადრეა ტრამპის ძლიერი იმიჯის მდგრადობის შეფასება. დრო გვაჩვენებს რამდენად ღირსეულად გაართმევს თავს დინამიურ გამოწვევებს, როგორც დემოკრატიის ისე პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ - He really will be able to Make America Great Again!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია