გენერალური ბრძოლის გამართვის აუცილებლობა მოახლოვდა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-07-2017, 12:30 | პოლიტიკა | ნანახია - 3278

გენერალური ბრძოლის გამართვის აუცილებლობა მოახლოვდა

დავით ნებიერიძე

 

კრემლის სტრატეგიის ყველაზე დამანგრეველი და ეფექტური ზემოქმედების ფაქტორი მიმდინარე პროცესების დინამიკაში იმალება. ივანიშვილის ხელისუფლება უნიათო კი არა, უაღრესად ეფექტური და დისციპლინირებული დივერსანტების ჯგუფია, რომელიც შეუპოვრად და ზედმიწევნით ასრულების ოკუპანტის დაკვეთას. რაში მდგომარეობს დინამიკის ეფექტი?

 

"მართვადი ქაოსის" სტრატეგია რუსული იმპერიული აზროვნების ნაყოფი და აპრობირებული მეთოდია, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული გავლენების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად. ეს გათვლილია ლუმპინების საზოგადოების შემგუებლობის ეფექტზე. რაც უფრო მაღალია მენტალური ლუმპინების ხვედრითი წილი საზოგადოებაში, მით უფრო ეფექტურად მოქმედებს ეს გეგმა. შესაბამისად, კრემლის პირველხარისხოვანი ამოცანა იყო თავისუფალი, თვითკმაყოფადი და კრიტიკული აზროვნების მქონე მოქალაქეთა მარგინალიზაციის პროცესის დაწყება და ეფექტურად წარმართვა. ამისთვის კრემლმა აქტიურად დაიწყო საზოგადოებაში ფასეულობათა აღრევის პროცესი, რათა, გამოეწვია საზოგადოების დეზინტეგრაციის პროცესი და რიგით მოქალაქეს ვეღარ გაერჩია სად არის პროგრესი და წარმატება - საზოგადოებაში დაენერგა პოპულისტური და ირაციონალური აზროვნება. ზუსტად ამიტომ დაარქვეს პირწავარდნილ კოლაბორაციონისტთა პოლიტიკურ გაერთიანებას "პატრიოტთა ალიანსი". ზუსტად ამიტომ დაგეშეს ბნელი და გაუნათლებელი ადამიანები უცხოელებისა და ზოგადად მუსულმანური აღმსარებლობის მქონე ემიგრანტების წინააღმდეგ. ამიტომ ცდილობენ თავისუფალი ევრო-ატლანტიკური სამყაროს დისკრედიტაციას და კნინობითი კლიშეების მიწეპებას. ზუსტად ამიტომ ნერგავენ რუსეთთან მიმართებაში "დათვისა და ბაბაიას" მიდგომას. ხოლო, რაც კიდევ უფრო დამანგრეველია, დიდი მონდომებით ნერგავენ საზოგადოებაში დამარცხებულის სინდრომს - „აბა ჩვენ რა შეგვიძლია“? რაც ყველაზე მოკლე გზაა ლუზერების ერად გადაქცევისთვის. ზუსტად ამ მუხანათური სტრატეგიის ქვაკუთხედია - „არც პროამერიკელი ვარ და არც პრორუსი. მე პროქართველი ვარ“. ზუსტად ეს არის ქვეყნის იზოლაციონისტურ პოლიტიკაზე გადაყვანა, რაც გარდაუვლად ერთი-ერთზე დაგვტოვებს რუს მტაცებელთან და გადარჩენისა და განვითარების ყოველგვარ შანსს მოგვისპობს.

 

ყოველივე ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მიიღონ ლუმპინების საზოგადოება, რომელიც მთლიანად მოკლებული იქნება კრიტიკულ აზროვნებას, დაცლილი იქნება გამარჯვების წყურვილით და თავისუფლების მცნება მხოლოდ ზედმეტი პასუხისმგებლობის ტვირთად გადაიქცევა ერისთვის. ზუსტად ასეთი ლუმპინიზირებული საზოგადოება გამოირჩევა შემგუებლობის მაღალი ხარისხით. რაც ოკუპანტის მთავარი ამოცანაა. ასეთ საზოგადოებაზეა გათვლილი „მართვადი ქაოსის“ სტრატეგია და ლპობის მდორე დინამიკა. სწორედ ლპობის მდორე დინამიკაა ამ სტრატეგიის ქვაკუთხედი. ივანიშვილმა პირველ რიგში დაიწყო „გადაგდებების“ ტაქტიკური გეგმით, რათა მტკიცედ დაენერგა საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმი პოლიტიკური პროცესებისადმი. სადაც უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამომრჩევლისთვის, თუ რა დაპირებებს აძლევს პოლიტიკური პარტია და როგორია მისი წინასაარჩევნო გეგმა. საზოგადოებაში კვლავ დააბრუნეს შევარდნაძის ეპოქისთვის დამახასიათებელი მიდგომები - „მაინც გადაგვაგდებენ“; ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს; „უბრალო ხალხისთვის არავინ არის“. ამის პარალელურად ბიძინა ივანიშვილმა მიზანმიმართულად დააპაუზა საქართველოს ეკონომიკა, რათა გამოეწვია მოქალაქეთა შემოსავლების მნიშვნელოვანი კლება და მათი გადახდისუნარიანობის დაქვეითება. ოღონდ, ყოველივე ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო მდორედ და აუჩქარებლად, რათა თავიდან აერიდებინათ საზოგადოების პროტესტის გენერირება. ამას ამტკიცებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,6%-იანი ზრდა (საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ეს თვითმკვლელობის ტოლფასია), რომელიც ხუთი წლის მანძილზე სტანდარტად იქცა. ოღონდ, ეს ტრაგედიის მხოლოდ ერთი ნაწილია და მხოლოდ ნომინალურად ნიშნავს უმნიშვნელო ზრდას. სინამდვილეში, ლარის კურსის დევალვაციით და პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების კატასტროფული ინფლაციით ხდება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის თანმიმდევრული დაქვეითება. ლარის კურსის დინამიკის გათვალისწინებით, თუ 2012 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 15,858 მილიარდი დოლარი იყო, 2016 წლის შედეგებით მთლიანმა შიდა პროდუქტმა 14,133 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად, მსოფლიო ეკონომიკასთან მიმართებაში საქართველოს ეკონომიკა განუხრელად მცირდებოდა ამ ბოლო ხუთი წლის მანძილზე. ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ ღარიბი და სასოწარკვეთილი ადამიანი უფრო მეტადაა დამოკიდებული ხელისუფლებაზე, უფრო ადვილად მანიპულირებადია და უფრო მეტად ექცევა პოპულისტური პოლიტიკის კლიშეებში, სადაც „ტელევიზორი“ ამარცხებს „მაცივარს“. ანუ, ღარიბი და გაჭირვებული მოქალაქის ლუმპინად გადაქცევა გაცილებით უფრო მარტივდება. რთულია იფიქრო თავისუფლებაზე, როდესაც არ იცი რა აჭამო შვილს ხვალ დილას. შესაბამისად ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის თემებმა საზოგადოების პრიორიტეტების ათეულის ბოლოში გადაინაცვლა.

 

პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყოველივე ამ უბედურების წყარო, რაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე თავს დაგვატყდა, რუსეთის ძალიან კონკრეტულ სტრატეგიაშია, რომელსაც უაღრესად ეფექტურად ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი და მისი კოლაბორაციონისტების პოლიტიკური დაჯგუფება.

 

ახლა კი მინდა შევაჯამო ყოველივე რაც აქამდე ვთქვი:

 

ნებისმიერი ჭეშმარიტი პატრიოტი მუდმივად ფიქრობს რაშია ხსნა და რა უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს გადარჩენის სტრატეგიაში? ზოგი მთავარ პრიორიტეტად განიხილავს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას. ზოგი სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ზოგიც ეფექტურ საგარეო პოლიტიკას. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა მხოლოდ შედეგი იქნება იმ მთავარი მიზნის მიღწევისა, რასაც ქვია ცივილიზებული სამყაროს ფასეულობათა დამკვიდრება და ამ სამყაროს მიერ შექმნილი ადამიანზე ორიენტირებული გარემოს დამკვიდრება საქართველოში. 2012 წლამდე აგრესიული რუსეთისგან თავის დასაცავად ჩვენ ვქმნიდით გაცილებით უფრო მტკიცე თავდაცვით ზღუდეს, ვიდრე ეს არის კავკასიონის ქედი და თუნდაც „ნატოს ჯარები”. ეს იყო ცივილიზებული სამყაროს გამსაზღვრელი ფასეულობათა სისტემა. გარემო, სადაც „რუსულ სამყაროს“ შანსიც კი არ ქონდა ფეხის მოკიდების, სამხედრო ოკუპაციის პირობებშიც კი. ეს იყო მთავარი გარანტია ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და წარმატებული განვითარების. დღეს და ბოლო ხუთი წელია ზუსტად ამ გარემოს გამალებული ნგრევითაა დაკავებული ბიძინა ივანიშვილი და უნდა ვაღიარო, რომ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია. თან ძალიან მეთოდურად და აუჩქარებლად მოქმედებს - მდორე ლპობის პრინციპით, რათა მაქსიმალურად აიცილოს თავიდან სამოქალაქო პროტესტის ესკალაცია და ბოლომდე გამოიყენოს ლუმპინიზირებული საზოგადოების შემგუებლობის ეფექტი. ამიტომაა საჩქარო გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა. ამიტომ, ვერ დაველოდებით მომენტს, თუ ბოლომდე როდის დალპება თავისით და თავისით როდის ჩამოიშლება ეს ხელისუფლება. იმიტომ, რომ არ გამოგვეპაროს „უკან დაბრუნების წერტილი“. რომლის გადალახვის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევის პროცესების შეჩერება და უკან შებრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ გენერალური ბრძოლის გამართვის დროც ზუსტადაა შესარჩევი. ბოროტებას აუცილებლად დავამარცხებთ!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია