ვისი გორისანი ვართ ?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 12:47 | კომენტარები | ნანახია - 4056

ვისი გორისანი ვართ ?მამუკა გამყრელიძე

ეს კითხვა წმინდა სამეცნიერო თვალსაზრისით ყოველთვის იწვევდა ფართო საზოგადოების ინტერესს, თუმცა მასზე
ყურადღების გამახვილება ამ ცოტა ხნის წინ მომხდარმა არასასიამოვნო ფაქტმა გვაიძულა. ერთმა ერთ დროს კარგმა პოეტმა, რომელიც შემდგომ ძლიერთა ამა ქვეყნისა მეხოტბედ იქცა, ჩვენი საზოგადოების დივერსიფიცირება მოახდინა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით. მოდი, ამ უგვანო ფრაზის ქსენოფობიური შინაარსი მისი ავტორის სინდისზე დავტოვოთ, ჩვენ კი შევეცადოთ ცოტათი მაინც გავერკვეთ ჩვენს გენეალოგიაში.
ერის ეთნოგენეზის შესასწავლად რამდენიმე მეთოდი შეიძლება ვიხმაროთ. მისი მიკუთვნება გარკვეულ ენობრივ ჯგუფებთან, არქეოლოგიური კვლევები, ანატომიური თავისებურებები და ისტორიული ნაშრომები. სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მეთოდი სიზუსტით არ გამოირჩევა. ბიოლოგიის, კერძოდ, გენეტიკის დღევანდელმა წარმატებებმა და კვლევის სიზუსტის ხარისხმა საშუალება მოგვცა სრულიად ახლებურად შევხედოთ ამ პრობლემას. საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ჩვენ, დედამიწის მოსახლეობა, ერთი “დედისა” და “მამის” შვილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს განზოგადებული ცნებაა და რელიგიასთან არანაირად არ არის დაკავშირებული, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეგრეთ წოდებული მიტოქონდრიული “ევა” და Y-ქრომოსომული “ადამი” დროის ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულ მონაკვეთებში არსებობდნენ. ფართო მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, საკითხს თანმიმდევრულად მივყვეთ.
პირველად იყო გრეგორ იოჰან მენდელი, ავსტრიელი ბერი, რომლის 1865 წლის 8 მარტს გაკეთებული სამეცნიერო მოხსენება გენეტიკის დაბადებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, თავად ტერმინი ინგლისელმა უილიამ ბეტსონმა 1906 წელს დაამკვიდრა. 1913 წელს ამერიკელი მეცნიერი თომას ჰანტ მორგანი მემკვიდრეობითობის ქრომოსომულ თეორიას ავითარებს და სწორედ აქედან იწყება გენეტიკის აღმასვლა.
გენეტიკა გენებსა და მემკვიდრეობითობას სწავლობს. ძალიან მარტივად რომ აღვწეროთ, გენი გახლავთ ცოცხალი ორგანიზმების მემკვიდრეობითობის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომელიც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) შემადგენელ ნაწილს, მის მონაკვეთს წარმოადგენს. თავისთავად დნმ კი ქრომოსომის შემადგენლობაში შედის და მასთან ერთად უჯრედის ბირთვშია განლაგებული. გარდა ამისა, დნმ უჯრედის ერთ-ერთ ორგანელაში, მიტოქონდრიაშიც გვხვდება და მას მიტოქონდრიული დნმ ეწოდება. რთული ტერმინოლოგიით რომ არ გადაგღალოთ, მოკლედ მოგახსენებთ, რომ ადამიანის უჯრედის ბირთვში 23 წყვილი ქრომოსომაა. აქედან 22 წყვილი ეგრეთ წოდებული აუტოსომური დნმ-ის მატარებელი ქრომოსომებია, ხოლო 23-ე წყვილი X და Y სასქესო ქრომოსომებია და ისინი ადამიანის სქესს განსაზღვრავენ. მამაკაცის უჯრედებში თითო X და Y ქრომოსომაა, ხოლო ქალის უჯრედებში ორი X ქრომოსომაა. მშობლებიდან შვილებზე მამისა და დედის ქრომოსომების თანაბარი რაოდენობა გადადის.Y ქრომოსომის კვლევა გამოიყენება გენეტიკურ გენეალოგიაში ადამიანის წინაპრების მამობრივი ხაზის შესასწავლად, ვინაიდან მხოლოდ ეს ქრომოსომა გადაეცემა პირდაპირი ხაზით მამებიდან მხოლოდ ვაჟიშვილებზე. ხოლო დედობრივი ხაზის შესასწავლად სწავლობენ მიტოქონდრიულ ქრომოსომებს, რომლებსაც დედები ვაჟიშვილებსაც და ქალიშვილებსაც თანაბრად გადასცემენ, თუმცა ვაჟიშვილები თავიანთ შვილებს დედის დნმ-ს ვეღარ გადასცემენ.
როგორც Y, ისე მიტოქონდრიული დნმ დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდიდა. სწორედ ამ მუტაციის კვლევის შედეგად შეგვიძლია გავიგოთ, ვინ იყო თანამედროვე ადამიანების წინაპარი. როგორც ზემოთ ვთქვით, ჩვენი წინაპრები ერთი “ადამი” და ერთი “ევა” არიან. ეს არ ნიშნავს, რომ მათთან ერთდროულად სხვა მამაკაცები და ქალები არ არსებობდნენ, მაგრამ მათი გენეტიკური ხაზი ათასწლეულების განმავლობაში შეწყდა და დღეს დედამიწის მოსახლეობა მხოლოდ ამ ორი წინაპრის შთამომავლობაა. დღეს დადგენილია, რომ მიტოქონდრიული “ევა” 150-200 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. რაც შეეხება Y ქრომოსომულ ადამს, მის ასაკად 59 ათას წელს ვარაუდობდნენ, თუმცა, ამერიკელი მეცნიერების უახლესი მონაცემებით, ეს ასაკი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 237 ათასიდან 581 ათას წელს შეადგენს (კვლევის 95%-იანი სიზუსტით). მუტაციების შესწავლამ დღეისთვის გამოავლინა მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჯგუფი. მათ ლათინური ასოებით აღნიშნავენ და “ჰაპლოჯგუფებს” უწოდებენ. ეს ჰაპლოჯგუფები ქვეჯგუფებად იყოფიან. მაგალითად, J ჰაპლოჯგუფი ორ - J1 და J2 ქვეჯგუფებად იყოფა, ისინი კი თავისთავად J1a, J1b, J2a, J2b და ა.შ. ქვეჯგუფებს შეიცავენ. თანამედროვე ერებში რამდენიმე ასეთი ჰაპლოჯგუფია ხოლმე წარმოდგენილი. არ შეიძლება ერთი რომელიმე ჰაპლოჯგუფი კონკრეტულ ერს დავუკავშიროთ, რადგან ამ მუტაციების უმრავლესობა ათასწლეულების წინ ხდებოდა, მაშინ, როცა არც ერთი თანამედროვე ეთნოსი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული. თუმცა, აქ ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებელია ამ მუტაციების წარმოშობის დროის, არეალისა და გავრცელების განსაზღვრა, რაც ისტორიული პროცესების შესწავლას უწყობს ხელს.
გადავხედოთ ქართველების გენეტიკურ წარმომავლობას Georgian DNA projeqt-ის მონაცემების მიხედვით. Y დნმ-ის შესწავლის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქართველებში რამდენიმე ჰაპლოჯგუფია, G2a, J2a, R1a1,R1b1a2, J1,R2 და კიდევ რამდენიმე მცირედ წარმოდგენილი ჰაპლოჯგუფი. მათგან ძირითადია G2a და J2a. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ჰაპლოჯგუფი G წარმოიშვა აღმოსავლეთ ანატოლიის, სომხეთისა და დასავლეთ ირანის მიდამოებში 30 ათასი წლის წინ, მისი ქვეჯგუფი G2a კი - 15082±2217 წლის წინ. საინტერესოა, რომ G2a გვხვდება გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში 3-5 ათასი წლის წინანდელ სამარხებში. ცნობილი ადამიანებიდან ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ლუი XVI და იოსებ სტალინი. საქართველოში მეორე ძირითადი ჰაპლოჯგუფია J2a, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთშია გავრცელებული. J2 18-26 ათასი წლის წინ წარმოიშვა, ხოლო მისი ქვეჯგუფი J2a - 12-15 ათასი წლის წინ შუამდინარეთში ან სამხრეთ ანატოლიაში. იგივე პერიოდში მოხდა მისი მიგრაცია კავკასიაში. გავრცელებული აზრის მიხედვით, ამ ჰაპლოჯგუფის მატარებლები იყვნენ პირველი მიწათმოქმედები, რომლებმაც თავიანთი კულტურა ახლო აღმოსავლეთში, ანატოლიასა და სამხრეთ ევროპაში გაავრცელეს.
ქართველების 10% R1a1a1, ჰაპლოჯგუფის მატარებელია. მათ ინდოევროპული ენების გავრცელებას უკავშირებენ. ის ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, აგრეთვე სამხრეთ აზიაში, ინდოეთის მაღალი კასტების წარმომადგენლებში გვხვდება. გარდა ამისა, ქართველებში შეიძლება მოვიძიოთ უძველესი ევროპული ჰაპლოჯგუფის I-ს მატარებელი ადამიანები. ამ ჯგუფის მიგრაცია, როგორც ჩანს, ბალკანეთიდან ანატოლიასა და კავკასიაში მოხდა და იგი ემთხვევა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში ფრიგიელების მიგრაციას ბალკანეთიდან ანატოლიაში. დღეს ჰაპლოჯგუფი I2c მცირე რაოდენობით საქართველოსა და სომხეთში გვხვდება და მისი მატარებლების უმრავლესობა წარჩინებული გვარების წარმომადგენლები არიან. როგორც ჩანს, ისინი ფრიგიული სამხედრო ელიტის შთამომავლები არიან.
როგორც კვლევები ადასტურებს, ქართველთა ჰაპლოტიპების უმრავლესობის ინდივიდუალური მაჩვენებლები მათ უძველეს და სხვებისგან ცალკე მდგომ წარმომავლობას ადასტურებენ. მსგავსი მდგომარეობა შეიმჩნევა მიტოქონდრიული დედობრივი ხაზის მიხედვითაც. ყველაზე მრავალრიცხოვანი U ჯგუფი 55-60 ათასი წლის წინ სამხრეთ აზიის ტერიტორიაზე წარმოიშვა და კავკასიის გავლით ევროპაში გავრცელდა. სიდიდით მეორე H ჰაპლოჯგუფი კი 25-30 ათასი წლის წინ ახლო აღმოსავლეთში გაჩნდა და გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ევროპაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია X ჯგუფის არსებობა ქართველებში. ის დაბალი სიხშირით მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ მისი კონცენტრაცია უჩვეულოდ მაღალია საქართველოში, ლევანტში, შოტლანდიასა და, რაგინდ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ჩრდილო ამერიკის აბორიგენებში.
საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ: მიუხედავად იმისა, რომ ქართველების გენეტიკურ ეთნოგენეზში რამდენიმე ხაზი მონაწილეობდა, რის გამოც შეუძლებელია ვისაუბროთ “სუფთა ქართულ გენზე”, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველებში გავრცელებული გენეტიკური ხაზები უძველესი და ჩვენი რეგიონისთვის ავტოქტონურია, რაც ათასწლეულების მანძილზე ქართველების გენეტიკურ უწყვეტობაზე მიგვანიშნებს.
ერთი საინტერესო ინფორმაცია ჩვენი მეზობელი ერის შესახებ. ინტერნეტში გავრცელებული ინორმაციით, რუსეთში ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ რუსები, ბელორუსებისგან განსხვავებით, არ არიან სლავები, არამედ ფინო-უგრების უახლოესი ნათესავები არიან და, გარდა ამისა, დედობრივი ხაზით თათრების შთამომავლებს წარმოადგენენ. საინტერესოა, დაესმება თუ არა წერტილი რუსების აღმოსავლურ-სლავური წარმოშობის მითს, როცა ეს კვლევები დასრულებული სახით, სავარაუდოდ, წლის ბოლოს, გამოქვეყნდება.
ჩვენ შეგნებულად არ ჩავწვდით მეცნიერულ სიღრმეებს და შეძლებისდაგვარად გამარტივებული სახით მოგაწოდეთ ეს ინფორმაცია. ამ სტატიის დაწერის მიზანია არა ჩვენი “განსაკუთრებულობისთვის” ხაზგასმა, არამედ პირიქით, გვინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ, ყველანი, ადამიანები, ერთი წინაპრის, მრავალი ათასი წლის წინ აფრიკაში მცხოვრები მაიმუნის “ბიძაშვილის” შთამომავლები ვართ და მავანთა მიერ სხვების გაკიცხვა-გაქილიკება მისი კანის ფერის, რელიგიური მრწამსისა თუ კულტურული თავისებურების გამო, უბრალოდ, უზნეობაა.
ნურასდროს დავივიწყებთ, ვისი გორისანი ვართ.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია