რატომ იხურება რადიო “მუზა”?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-10-2013, 14:08 | კულტურა | ნანახია - 1950

რატომ იხურება რადიო “მუზა”?ნიკა რურუა

 

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმები, მესმის, რატომ ხურავს დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოვებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ცხვირწინ მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ორ საავტორო პოპულარულ თოქ-შოუს, კერძოდ, დათო პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემებს, რომელთა მიმართაც ამ გადაწყვეტილების მიმღების ერთადერთი ღიად გამოთქმული პრეტენზია იყო ის, რომ ეს წამყვანები პოლიტიკური დისკუსიის “მხარეს” (?!) წარმოადგენდნენ და ამდენად, მათი გადაცემების ეთერში დატოვება ტენდენციურობისა და მიკერძოებულობისთვის ღია კარის დატოვებას ნიშნავდა.

 

მეტი მიკერძოებისა და ტენდენციურობის წარმოდგენა, რომლის დემონსტრირებაც ამ გადაცემების დახურვით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან მოხდა, ძნელზე ძნელია. პირველ რიგში, გადაცემების გაუქმების ავტორს არათუ წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე, არამედ ის მწყრალადაა სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიებით უზრუნველყოფილ უფლებებზე: ოდნავი ყურადღებაა საჭირო, რომ შევნიშნოთ - ნებისმიერ ჟურნალისტს, იქნება ის საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი, როგორც ადამიანს, გააჩნია მყარად ჩამოყალიბებული ღირებულებითი სიმპათია-ანტიპათიების მთელი კასკადი და თუ ის ნამდვილად კარგი ჟურნალისტია, იგი ყველანაირად ეცდება, რომ მაყურებელი სწორედ მისთვის ღირებულ თვალსაზრისს აზიაროს.

 

ეს არა მხოლოდ ბუნებრივი რამაა, არამედ აუცილებელიც, რადგანაც ამგვარი ღირებულებითი კამათის გარეშე ნებისმიერი შესაბამისი ფორმატის ტელეგადაცემა მიმზიდველობას დაკარგავდა. უფრო მეტიც - ასე რომ არ იყოს, მაშინ გადაცემებს უბრალო კომპიუტერ-რობოტები წაიყვანდნენ, რომელნიც დაპროგრამებულნი იქნებოდნენ სრულიად უემოციო და “დაბალანსებული” კითხვა-პასუხის პროგრამებით. ასეთი რამ კი, საბედნიეროდ, ჯერჯერობით მხოლოდ მწერალ-ფანტასტთა ნაწარმოებებშია და ჩვენი სატელევიზიო გადაცემები ცოცხალ, ემოციებით სავსე და საკუთარი ფასეულობების მქონე ადამიანებს მიჰყავთ.

 

მაგრამ, საკმარისია ამაზე და ჩვენს მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ. რადიო “მუზა”, რომელიც პირველი ლედის, სანდრა რულოვსის პატრონაჟითა და მეცადინეობით დაფუძნდა, უკვე რამდენიმე წელია ემსახურება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას საქართველოში. “მუზა” მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთადერთი რადიო არხია, რომელსაც 24 საათიანი მაუწყებლობა ძალუძს და ამას ძალიან მაღალ დონეზე აკეთებს, რასაც ცხადყოფს მისი ასობით ათასიანი აუდიტორია. “მუზას” უსმენენ დიდებიცა და პატარებიც, მუსიკოსებიცა და უბრალო მსმენელებიც, არტისტებიცა და ის ბავშვებიც, რომელთაგანაც ბევრს სიმფონიური ორკესტრის კონცერტზე მოხვედრის სიხარული ჯერ არ განუცდია.

 

ამ რადიოს სპონსორთა შორის იყო დღევანდელი პრემიერ-მინისტრიც, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე საკუთარი საქველმოქმედო პროგრამების ფარგლებში რადიო “მუზასაც” ეხმარებოდა. მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ “მუზამ” ეს სპონსორი დაკარგა. მიუხედავად ამისა, “მუზამ ” არსებობა განაგრძო რამდენიმე სხვა სპონსორისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით.

 

მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს მდგომარეობაც უარესისკენ შეიცვალა. “მუზას” მენეჯმენტმა ამგვარი სიტუაციებისთვის დამახასიათებელ ყველა ხერხს მიმართა: შეამცირა ხელფასები და დაქირავებულ თანამშრომელთა რაოდენობა, თუმცა ამ ფორსმაჟორულმა ქმედებებმა მაინც ვერ უზრუნველყო არხის გარანტირებული, უსაფრთხო მუშაობა და ვერც მისი  მომავალი საქმიანობა გახადა პროგნოზირებადი.

 

აქ, ამ სტრიქონების ავტორის უშუალო რეკომენდაციით, უკვე ახალი ხელმძღვანელობის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის სამინისტრო ჩაერთო და “მუზა ს” მსნელთათვის ახალი იმედი გამოჩნდა: კულტურის სამინისტრომ და “მუზა მ” ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რითაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვეტილიყო რადიოარხის გარანტირებული ფუნქციონირება; კულტურის სამინისტრომ კი, ფაქტობრივად, საკუთარ განკარგულებაში მიიღო კარგად აწყობილი და ძალიან პოპულარული კლასიკური მუსიკის პროფილის რადიოარხრი, რასაც, ბუნებრივია, ინატრებდა ნებისმიერი ქვეყნის ანალოგიური სამთავრობო ინსტიტუტი, რომელიც ამ არხს ასევე საკუთარი საქმიანობისა და გეგმების პოპულარიზაციისთვისაც გამოიყენებდა და ამის გამო მას ვერავინ დაძრახავდა.

 

სამწუხაროდ, ეს კარგი ინიციატივა ქაღალდზე დარჩა. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ რადიო “მუზა ს” აცნობა, რომ მათ თანამშრომლობას მომავალი არ გააჩნდა: სამინისტრო აცხადებს, რომ მათ სულ ახლახანს დაადგინეს, რომ, მათივე სიტყვებით, არ ჰქონიათ სამართლებრივი უფლება ამგვარი საქმიანობის წარმოებისა.

 

გასაოცარია ორი რამ: პირველი ის, რომ ერთ-ერთი ისეთი უმაღლესი სამთავრობო ინტიტუცია, როგორიც კულტურის სამინისტროა, ჯერ ხელშეკრულებას დებს მავან ორგანიზაციასთან პარტნიორობის თაობაზე, და მხოლოდ ამის მერე იწყებს იმის გარკვევას, ჰქონდა თუ არა მას ამგვარ იურიდიულ ურთიერთობაში შესვლის უფლება; და მეორე - თუ არსებული სამართლებრივი ბაზა არ იძლევა ამ უნიკალური არხისა და კულტურის სამინისტროს პარტნიორობის შესაძლებლობას, რატომ არ ცდილობს კულტურის სამინისტრო ისეთი სამართლებრივი მოდელის პოვნას, რომელიც მას “მუზასთვის” დახმარების საშუალებას მისცემდა და ამით, კლასიკური მუსიკის მოყვარულებთან ერთად, საკუთარ თავსაც ძალიან დიდ სამსახურს გაუწევდა - ვიმეორებ, რომ, ფაქტობრივად, სამინისტრო იძენდა საათივით აწყობილ და პოპულარულ მოკავშირეს, რომლის დახმარებითაც იგი საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებასაც შეეცდებოდა.

 

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ძალიან მიჭირს იმის გაგება, თუ რატომ. ამიტომაც დავიწყე ეს წერილი საზოგადოებრივ არხზე დახურული გადაცემებით: თუ რაღაცნაირად (რაოდენ მიუღებელიც არ უნდა იყოს) “გასაგებია” საავტორო გადაცემების დახურვის პოლიტიკური მოტივაცია, სრულიად ბუნდოვანია ის, თუ რა “დაუშავა” კლასიკურმა მუსიკამ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.

 

და ბოლოს, ალბათ, ზედმეტია თქმა იმისა, რომ კლასიკური მუსიკის არხი სარეკლამო შემოსავლებით ვერ იარსებებს არა თუ საქართველოში, არამედ ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყანაშიც.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია