„რადიო „მუზა“ სიგნალს ასე ჩუმად არ გათიშავს“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-10-2013, 14:15 | კულტურა | ნანახია - 1549

თიკა ნიკოლაძე

 

პროლოგის ნაცვლად

 

გია ყანჩელი: "ქართული კულტურული მემკვიდრეობა, უდავოდ, საერთაშორისო მასშტაბის მოვლენაა და სწორედ ამიტომ, ძნელად წარმოსადგენია, რომ აღმავლობის გზაზე მდგომი ქვეყანა, კლასიკური მუსიკის მაუწყებლის გარეშე, ოდესმე საერთაშორისო დონის მოთამაშე გახდეს. არ ვისურვებდი, რომ ქართული მრავალხმიანობის ფენომენს მოაკლდეს ისეთი მნიშვნელოვანი ხმა, რომელიც კლასიკური მუსიკის სახელს ატარებს".

ელისო ვირსალაძე: "დღეს კლასიკური მუსიკის სფერო მრავალგვარი პრობლემის წინაშე დგას და ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა ღონე ვიხმაროთ, რომ შევინარჩუნოთ არაჩვეულებრივი რადიოარხი, რომელიც ნამდვილად ემსახურება ეროვნულ ინტერესებს".

რეზო თავაძე: "როგორც გავიგე, რადიო "მუზას" გაუჩნდა პრობლემები მატერიალური უზრუნველყოფის სახით. მისი მუშაობის შეწყვეტა ისეთ ვითარებაში, როცა არ არსებობს სხვა მსგავსი არხი, რომელსაც ასევე თამამად შეუძლია თქვას: "ჩვენ ვართ კლასიკა!” - მაიძულებს, მოგმართოთ თხოვნით როგორც ქართველს, ხელოვანს, მწერალს, კულტურის მინისტრს, გააკეთოთ ყველაფერი, რაც ხელგეწიფებათ".

ხატია ბუნიათიშვილი: "ბატონო გურამ, ვიცი, რომ კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული ხართ. გთხოვთ, როგორც ხელოვანს, მწერალს, ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და ლოგიკას, ენდეთ თქვენს გულს, გონებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმასვე გკარნახობთ, რასაც მე გწერთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ჩემი კოლეგის და იმ ადამიანის სახელით, რომელთა გულებში ჯერ არ დაუმკვიდრებია კლასიკურ მუსიკას ადგილი და ამ საგანძურის არაღმოჩენის საშიშროების წინაშე შეიძლება დადგნენ".

ლაშა გაბუნია: "ნუ მოკლავთ მუზას! "მუზას" სიკვდილი ძალიან ცუდი იქნება ქართული კულტურისთვის. ამიტომ ჩვენ - მოსახლეობამ და სახელმწიფომ იქნებ მოვახერხოთ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. არსებობს მარადიული კულტურული ღირებულებები, რომლებიც ვერ ჯდება შოუბიზნესის მკაცრ ჩარჩოებში. ეს უკანასკნელი დიდი კომერციული მანქანაა, ხოლო კლასიკური მუსიკა, ისევე როგორც ფოლკლორი, ხალხის კუთვნილებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ერის განვითარების აუცილებელი ფაქტორია".

ლაშა ბუღაძე: "იქნებ დაეხმაროთ რადიო "მუზას", რადგან, დამერწმუნეთ, ამ ხმაურიან და კაკაფონიურ დროში "მუზა"  უდავოდ მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი თავშესაფარია მუსიკის ყველა მოყვარულისთვის".

ინტერვიუ რადიო „მუზას“ გენერალურ მენეჯერ შორენა კოპალეიშვილთან

 

-         როდიდან გაუჩნდა  რადიო „მუზას“ პრობლემები?

-         რადიო „მუზას“ დაფუძნებისთანავე ფინანსურად მხარში დაუდგა ფონდი „ქართუ“. ჩვენ ხუთი წლის მანძილზე ვთანამშრომლობდით და ყველაფერი ძალიან გამჭვირვალედ ხდებოდა. აქ არ იყო მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე საუბარი. ჩვენს შორის იყო ორმხრივი მუშაობა.  

ვფიქრობ, რადიო „მუზამ“ თავისი მიღწევებით  ყველას მოლოდინი გაამართლა და ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. უბრალოდ, 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება,  ფონდი „ქართუსგან“ მოხდა რადიოს დისტანცირება. ეს თავისთავად მოხდა. ამის შემდეგ რადიო „მუზა“ წვრილმანი პროექტების სახით და მცირე დაფინანსებებით ახერხებდა მაუწყებლობის შენარჩუნებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობდით საქართველოს რკინიგზასთან, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა რადიოს.

2013 წლიდან კი „მუზა“ დარჩა ყოველგვარი დაფინანსების გარეშე და რადიოს ყოველგვარი  შემოსავლის წყარო შეუწყდა. აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტორი, რომ  „მუზა“ არასდროს ყოფილა კომერციული პროექტი. რადიოში პოლიტიკური ან სხვა სახის  რეკლამა  არასდროს გასულა.   ჩვენ მიგვაჩნდა, რომ „მუზა“  თავისი ფორმატით იმდენად უნიკალურია მედიასივრცეში, რომ არ შეიძლებოდა მისი  კომერციაზე მისადაგება. რადიოს კომერციაზე აწყობა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ აღარ უნდა გვეფიქრა თემატურ, შემეცნებით და სხვა სახის ინტელექტუალურ  გადაცემებზე და  ორიენტაცია აგვეღო იმაზე, თუ როგორ გაგვეყიდა ეთერი - ეს ძალიან არ გვინდოდა. შესაბამისად, როდესაც დავიწყეთ ფიქრი, თუ ვისთვის შეიძლებოდა მიგვემართა იმისთვის, რომ ეს რადიო გადარჩენილიყო, ყველაზე ლოგიკურ  და ყველაზე სწორ გზად მივიჩნიეთ ურთიერთობა იმ უწყებასთან, რომლის ინტერესებში უნდა შედიოდეს ქვეყანაში მსგავსი მედიასაშუალების არსებობა.

 

-         და კულტურის სამინისტროს მიმართეთ?

-          მსოფლიო პრაქტიკით,  მსგავსი ტიპის მაუწყებლები ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და აქვთ სახელმწიფო სტატუსი. არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი ფორმატის რადიოები უშუალოდ კულტურის სამინისტროების დაქვემდებარებაშია.   კულტურა ეს არის საერთო ენა ყველასთვის. კულტურის, ხელოვნების, განათლების პროპაგანდა, ვფიქრობ, ყველას ინტერსში უნდა იყოს და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს ამაზე. რადგან,  თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლების მანძილზე რადიო „მუზა“ ქვეყნის კულტურული   პოლიტიკის ინდიკატორი იყო. რადიოს დამფუძნებელი მზადაა, რომ „მუზა“ დაექვემდებაროს იმ სახელმწიფო ორგანოს, რომლის ინტერესებშიც ასეთი რადიოს არსებობა უნდა შედიოდეს. ეს მზაობა ორივე მხრიდან დაფიქსირდა და შემდეგ აისახა 2013 წლის 27 მაისს მემორანდუმის გაფორმებით, რომელსაც ხელი მოაწერეს სანდრა რულოვსმა და კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. ამ მემორანდუმის თანახმად, რადიო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში უნდა გადასულიყო.

 

-         თუმცა, მემორანდუმის გაფორმებამ პრობლემა  ვერ  გადაჭრა...

 

-         მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კულტურის სამინისტრომ გაარკვია, რომ,  თურმე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონია  ლიცენზიის ფლობის უფლება.  მაუწყებლობის შესახებ კანონში დღეს ძალიან ბევრი ცვლილება შედის. კულტურის სამინისიტროსთან ერთად დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის გადაჭრა.  სამინისტრომ აირჩია პრობლემის გადაჭრის ასეთი გზა - შესულიყო საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომ, გამონაკლისის სახით, კულტურის სამინისტროს მისცემოდა მედიასაშუალების ფლობის უფლება. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები მარეგულირებელ კომისიასთან და მათი მხრიდან შეფერხება არ მომხდარა, ასევე დადებითი პასუხი მივიღეთ იუსტიციის სამინისტროსგან, მაგრამ ინიციატივა შეაფერხა ეკონომიკის სამინისტრომ.

 

-         ეკონომიკის სამინისტრომ „შეფერხების“ მიზეზად რა დაასახელა?

 

-         პირადად  არ მქონია შესაძლებლობა დასკვნას გავცნობოდი, მაგრამ, როგორც ვიცი, მიზეზად დასახელდა ის, რომ 2015 წელს კანონში მაუწყებლობის შესახებ უნდა შევიდეს ცვლილება, რაც გულისხმობს, ზოგადად მაუწყებლების HD ფორმატზე გადასვლას.

 

-         მაუწყებლების HD ფორმატზე გადასვლასთან რადიო რა კავშირშია?

 

-         ამაზე პასუხი არ მაქვს და  დღემდე  ვცდილობ გავიგო, თვითონ რა პასუხი აქვთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მე დღესაც მქონდა შეხვედრა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ახალ მრჩეველთან, ქეთევან დუმბაძესთან და მისი ინფორმაციით,  ეკონომიკის სამინისტრო ფიქრობს ამ პრობლემის რადიოს სასარგებლოდ გადაჭრაზე.  ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი იმდენად გაიწელა დროში, რომ ჩვენ არსებობის ყველანაირი რესურსი ამოგვეწურა.

 

-         რესურსის ამოწურვა ახსენეთ. როგორც ვიცი, თანამშრომლების შემცირება მოხდა.

 

-          ამ ბოლო ერთი წლის მანძილზე რადიომ  ძალიან დიდი  მსხვერპლი გაიღო. ვგულისხმობ იმ გუნდის დაშლას, რომელმაც  შექმნა „მუზა“. ამას შემცირება არ ჰქვია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუნდი დაიშალა. 18 თანამშრომლიდან ოთხნი დავრჩით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პროფესიონალი კადრები, რომლებმაც ასე ღრმად იციან თავისი სფერო, ძალიან ცოტაა საქართველოში. ასეთი კადრების დაკარგვა  ძალიან მტკივნეული იყო.

ჩვენ კულტურის სამინისტროსგან გვქონდა  მითითება, რომ, ოღონდ რადიო არ გათიშულიყო  და ყველაფერი გაგვეკეთებინა. ამბობდნენ, რომ  რაღაც გზები უნდა  გვეპოვა, ოღონდ რეგიონები არ მოგვეწყვიტა კლასიკური მუსიკის მოსმენის  შესაძლებლობას(რადიო ფარავს ათ რეგიონს)  . ამიტომაც მოხდა ისე, რომ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დავდექით და თანამშრომლების გათავისუფლება მოგვიწია.

 

-         თქვენი ნაამბობიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კულტურის სამინისტრო დაინტერესებულია რადიოს შენარჩუნებით. მეორე მხრივ, ამბობთ, რომ დაფინანსების არქონა რადიოს დახურვას გამოიწვევს...როგორ ფიქრობთ, დროის გაჭიმვა ბუნებრივი პროცესია და ეს გამიზნულად არ ხდება?

 

-         ხვალ რომ რადიო  დაიხუროს, მაინც ვიფიქრებ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით არ მოხდება. ჩემი აზრით, თუ  „მუზა“ დაიხურება, ეს იქნება მხოლოდ კულტურის სამინისტროს უპასუხისმგებლობის, უუნარობის და რადიოს არასათანადოდ  შეფასების გამო.

 

-         ჩემი ინფორმაციით, სანდრა რულოვსი მზად იყო, უარი ეთქვა რადიოს დამფუძნებლის სტატუსზე.

 

-         სანდრა რულოვსის პოზიცია ცალსახა იყო. ის მზად იყო გაეკეთებინა ყველაფერი, იმისთვის , რომ რადიო გადარჩენილიყო და შეიძლება ითქვას, რომ გააკეთა კიდეც. დღეს სანდრა რულოვსი ისევ არის „მუზას“ დამფუძნებელი, მხოლოდ იმიტომ, რომ  კულტურის სამინისტრომ ვერ მოახერხა რადიოს გადაბარება.  

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სანდრა რულოვსმა ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა და ამის დასტურია, რომ მან ხელი მოაწერა მემორანდუმს, სადაც ნათქვამია, რომ რადიო „მუზას“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გადაეცემოდა კულტურის სამინისტროს.

ასე რომ, ჩვენი მხრიდან ვალდებულებები შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. სამწუხაროდ, ვალდებულებები არ შესრულებულა კულტურის სამინისტროს მხრიდან.

 

-         თქვენ თქვით, რომ შეხვედრები გქონდათ და გაქვთ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ისინი რას გეუბნებიან?

 

-         ამბობენ, რომ ეს რადიო ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის უნდა გადარჩეს. მაგრამ, ისინი არ დგამენ თანმიმდევრულ ნაბიჯებს რადიოს გადასარჩენად. იდეის დონეზე, რომ რაღაც მოგწონს, ერთია, მაგრამ რას აკეთებ იმისთვის, რომ  შეინარჩუნო ის, რაც მოგწონს - მეორე.  ჩვენ სწორედ ის გვინდა, რომ  დავაჩქაროთ, გარკვეულწილად ვაიძულოთ, უფრო მეტად დაფიქრდნენ, უფრო მეტად გაანალიზონ და მეტი გააკეთონ ამ პრობლემის გადასაჭრელად. ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან.  გვპირდებიან, რომ ყველაფერი მოგავრდება, მაგრამ კონკრეტულად როდის, ვერ გვეუბნებიან. ბოლო შეხვედრაზე მე დავაყენე საკითხი და მოვითხოვე კონკრეტული თარიღის დასახელება, თუ როდის მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. მითხრეს, რომ მომავალ კვირას... ასე რომ ,ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რადიოს დარჩა ძალიან მცირე ფინანსური რესურსი და ამ რესურსით ის არსებობას ორ თვეზე მეტ ხანს ვეღარ შეძლებს.

 

-         როგორც ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით წერილი  ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეთ. მოხდა მისი მხრიდან რეაგირება?

 

-          ჩვენ არა ერთი წერილი გავაგზავნეთ კულტურს სამინისტროში. შემდეგ მივმართეთ პრემიერ-მინისტრსაც, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს და ასევე როგორც ადამიანს, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ რადიოს არსებობაში. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს წერილი კულტურის სამინისტროში გადაამისამართეს.

 

-         მუზას გადასარჩენად კამპანია დაიწყო. მიმართვები დაწერეს ცნობილმა ქართველმა მუსიკოსებმა.... ამის შემდეგაცარ მომხდარაკულტურის სამინისტროს მხრიდან უფრო მკვეთრი რეაგირება?

 

-         ეს მხარდასაჭერი კამპანია  ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში დაიწყო, ანუ სანამ მემორანდუმის გაფორმებამდე მივიდოდით.

 

როდესაც დღის წესირგში  რადიო „მუზას“  დახურვის საკითხი დადგა, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, ყველაფერი გაეკეთებინათ რადიოს გადასარჩენად.  სწორედ ამ კამპანიას მოჰყვა  მემორანდუმის გაფორმება, რის შემდეგაც,  ყველა ის ადამიანი, ვინც, ასე ვთქვათ, დაირაზმა რადიო „მუზას“ დასაცავად, ჩვენ დავარწმუნეთ, რომ კულტურის სამინისტრო გააკეთდება ყველაფერს იმისთვის, რომ რადიო  არ დახურულიყო. თუმცა, შემდეგ  სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით...

 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რადიო „მუზას“ აქვს ძალიან თანამედროვე სტუდიური და ჩამწერი  აპარატურა, რომლის ანალოგი, როგორც ვიცი,  საქართველოში არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადიო „მუზა“ ამ წლების მანძილზე კლასიკური მუსიკის კონცერტებს უსასყიდლოდ იწერდა. ტელევიზიებით გადაცემული კლასიკური კონცერტების 99 პროცენტიც რადიო „მუზას“ ჩანაწერია და ხმას სწორედ ”მუზა” აწვდიდა მათ, ასევე უსასყიდლოდ. რადიო ქმნიდა ოქროს ფონდს, იმას, რითიც მომავალი თაობები იამაყებდნენ და ზოგადად, წარმოდგენა ექნებოდათ, თუ რა ხდებოდა 21-ე საუკუნის საქართველოს კულტურის სფეროში. ასე რომ, რადიოს დახურვით, მუსიკოსებსაც ერთმევათ კონცერტების ჩაწერის შესაძლებლობა.

დღეს, არსებობს სტუდიები და ჩამწერი კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ კონცერტების ჩანაწერი გააკეთონ,  მაგრამ ეს ძვირი სიამოვნებაა და ამას ვერც ერთი ორკესტრი და ვერც ერთი მუსიკოს-შემსრულებელი ვერ გადაიხდის. 

 ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი მსმენელის წინაშე და რადიო „მუზა“ სიგნალს ჩუმად არ გათიშავს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია