ბოიკოტი თუ არა? - არც ერთი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-10-2013, 13:25 | კომენტარები | ნანახია - 2718

ომის გაგრძელება სოჭის ფრონტზე!

 

მამუკა კუდავა

 

საქართველოს არასდროს ჰქონია საქმე მის ტოლ სახელმწიფოსთან. იგი ყოველთვის გოლიათებს ედგა პირისპირ: რომის იმპერია, ბიზანტიის საკეისრო, არაბთა ხალიფატი, სპარსეთის შაჰინშატი, მონღოლთა ულუსი, ოსმალთა სულთანატი, მეფის რუსეთი, წითელი რუსეთი. ამ უთანასწორო ბრძოლაში რა უშველიდა საქართველოს თუ არა ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობა. ქართველმა ხალხმაც ნაცარქექიას სახით ამგვარი იდეალი შექმნა. მტრის მოსატყუებლად ზარმაცისა და ბაქიას ნიღაბი აიფარა. ნაცარქექიას ბაქიაობა და სიზარმაცე მისტიფიკაცია, ნიღაბია ნამდვილი არსის დასამალად, რამეთუ ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ბაყბაყ-დევთანაც კი, რომელიც მრავალგზის უფრო ღონიერი და მძლავრია, ვიდრე ნაცარქექია. ესე იგი, ნაცარქექიას (ქართველი კაცი) ჭკუა, გამჭრიახობა, მოქნილობა და ეშმაკობაა მისი თვისება და არა სიზარმაცე და ბაქიაობა.

 

აკაკი ბაქრაძე

 

საქართველო ორადაა გაყოფილი - წავიდეთ ოლიპმპიადაზე? ეს შეკითხვა ყველაზე პოპულარულია ბოლო ხანებში და ასე იქნება 2014 წლის 23 თებერვლის საღამომდე, როცა სოჭში XXII ზამთრის ოლიმპიადა დაიხურება.

ორივე ბანაკი დარწმუნებულია თავის სიმართლეში. მონაწილეობის მომხრეებისთვის, მათ შორის მთავრობისათვის, ძირითადი არგუმენტი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენაა. ბოიკოტის მომხრეები კი ძირითადად ოკუპაციასა და ღირსებაზე საუბრობენ.

 

არის თუ არა ამ ორი ბანაკის პოზიციები საქართველოს ინტერესების დამცველი? იქნებ არსებობს მესამე გზა? მოდით, ჯერ ჩამოვაყალიბოთ ქვეყნის ინტერესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყურებადი ღონისძიების კონტექსტში, რაზეც საჯარო დისკუსიებში აქცენტი ნაკლებად კეთდება. შევთანხმდეთ, რომ ამ საკითხს რაციონალურად და სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ და არა დემაგოგიურად (“სპორტი პოლიტიკა არაა”, “სპორტსმენები ოთხი წელი ემზადებოდნენ”), ან ემოციურად (“სოჭში წასვლით ღირსებას დავკარგავთ”, “რუსეთს ოკუპაციას ვუკანონებთ”).

2008 წელს ბრძოლა წავაგეთ და ორი ძირძველი რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ მათ დასაბრუნებლად ხომ კვლავ ვიბრძვით? ამ ფრონტის ხაზი დღეს პოლიტიკურ, დიპლომატიურ და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობებზე გადის და ასე გაგრძელდება მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში მაინც. ამდენად, მსოფლიო თანამეგობრობის მუდმივად ინფორმირებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის განსახორციელებლად - საქართველომ აუცილებლად ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს, მათ შორის პლანეტის მთავარი ფორუმები. ანუ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული გზავნილის მულტიპლიკაციისათვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს ნატო-ს, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაეროს, ევროსაბჭოს  და სხვა სამიტებზე უნდა იცავდეს ქვეყნის ხელმძღვანელობა, მაგრამ ასევე ქვეყნის ინტერესებს უნდა ატარებდნენ შესაბამის საერთაშორისო ღონისძიებებზე მისი მოქალაქეებიც – არტისტები, სპორტსმენები, ბიზნესმენები და სხვ.

 

თუ აღნიშნულ სტრატეგიაზე შევთანხმდით, ბუნებრივი ხდება სოჭის ოლიმპიადის გამოყენების აუცილებლობა ჩვენი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. არ დაგვავიწყდეს, რომ 7-8 აგვისტოს ღამეს დაწყებულ ომში საქართველოსადმი მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან გამოხატულ სიმპათიაში და მხარდაჭერაში დიდი როლი პეკინის ოლიმპიადისადმი მიპყრობილმა მედიის საყოველთაო ყურადღებამ და კერძოდ, 8 აგვისტოს გახსნის ცერომონიალზე (მას 4-5 მილიარდმა ადამიანმა უყურა - მსოფლიოს მოსახლეობის 70%) საქართველოს საკითხის მუდმივმა ხსენებამ განაპირობა.

 

თუმცა, დღევანდელი ქართული რეალობიდან გამომდინარე, მთავარი სირთულე სწორედ სოჭის გამოყენების ხერხებშია. მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ოლიმპიადაში უპირობო მონაწილეობა არც ზემოაღნიშნულ სტრატეგიაში და არც სხვა რაიმე ქართულ-რუსული დათბობის ილუზორულ პოლიტიკაში არ ჯდება.

 

პირველი იმიტომ, რომ ხელისუფლება არ იყენებს და, როგორც ჩანს, არც აპირებს სოჭის გამოყენებას ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ის სოჭში მხოლოდ სპორტულ მონაწილეობაზე ფიქრობს და არ გააჩნია საჭირო გზავნილები და მათი გავრცელების შემუშავებული ტაქტიკა. მეტიც, ოლიმპიადის საკითხზე არაადეკვატური მინისტრის ზაქარეიშვილის მავნე განცხადებები მოვისმინეთ – “არავინ იცის, ვინ დაიწყო ომი”, “არ უნდა დავიწყოთ ჩხირკედელაობა იმაზე, თუ ვის ეჭირება ხელში ოლიმპიური ჩირაღდანი. მეორე იმიტომ, რომ რუსეთთან “ნორმალიზაციის პოლიტიკის” ფარგლებში თბილისმა უპირობოდ და გულუბრყვილოდ დათმო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის კოზირი, რასაც სრულიად ლოგიკურად მოსკოვიდან რუსეთისთვის დამახასიათებელი მავთულხლართების არარაციონალური პოლიტიკის ბარბაროსული განხორციელება მოჰყვა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია პრემიერის აბსოლუტურად მიუღებელი რუსეთის “გაპრავება”, რომ თითქოს მავთულხლართები სოჭის ოლიმპიადასთანაა დაკავშირებული.

 

ამ კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების ჩართულობა ბოიკოტის დისკუსიაში და მისასალმებელია დაწყებული კამპანია “არა ოკუპაციას და ბოიკოტი ოლიმპიადას”, რომელიც პეტიციის ხელმოწერასა და სხვადასხვა ღონისძიებებს ითვალისწინებს.

 

ამ კამპანიის მიზანი უნდა იყოს, ოლიმპიადაზე წასვლის შემთხვევაში, აიძულოს მთავრობა,  შეიმუშაოს, საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოს და შემდეგ განახორციელოს ქვეყნის ინტერესების შემცველი სტრატეგია. როგორ? ყველა ხერხისა და ილეთის დეტალური ჩამოთვლა აქ არ იქნება უპრიანი, მაგრამ ასეთი გამოცდილება ჩვენ შევიძინეთ ომამდეც, ომის დროს და მის შემდეგაც. ამ პროცესში ჩვენ მეგობრების, პარტნიორების, ლობისტების, მედიისა და უბრალოდ, ჩვენდამი სიმპათიით განწყობილ დაინტერესებულთა სერიოზული ქსელი დავაგროვეთ და მას ახლა ორგანიზებული, სტრატეგიული კომუნიკაციების სახე უნდა მიეცეს. საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევად ამაზე დიდი საქმის გაკეთების საშუალება კიდევ ორი წელი, რიოს ოლიმპიადამდე აღარ გვექნება.

 

ხაზგასასმელია, რომ ამ კონტექსტში ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებისთვისაც საქართველოს მიერ ოლიმპიადის ბოიკოტის გამოცხადება (ბოიკოტში ნამდვილად არავინ შემოგვიერთდება) არასასურველია და ნახევრად სამართლიანად - “საქართველო თავის ტკივილია” (ანუ პრობლემის გამომწვევის) - იმიჯს ამყარებს და ამძაფრებს. სოჭის ოლიმპიადა დასავლეთის ქვეყნებისთვისაც ერთგვარი უნიკალური შესაძლობლობაა, სხვადასხვა საშუალებით (საზეიმო ცერემონიაზე არჩასვლა, ოფიციალური კრიტიკული განცხადებები, ინტერვიუები, მედიის გამოყენება) ზეწოლა განახორციელონ კრემლზე - ადამიანთა უფლებების დასაცავად, ავტორიტარიზმის და თუნდაც საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. მათი არცთუ უსაფუძვლო მოსაზრებით, ბოიკოტის შემთხვევაში საქართველო კარგავს შანსს, აფხაზეთიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს ეპიცენტრად ქცეული ტერიტორიიდან მთელს პლანეტას გააგებინოს სიმართლე და ისაუბროს დეოკუპაციაზე, ლტოლვილებზე და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე. თუმცა, ამას კვლავაც საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია, მიზანმიმართული სტრატეგია და სერიოზული მუშაობა სჭირდება და არა პასიურ, მომლოდინე და გაუგებარ პოზაში ყოფნა.

 

თუ მთავრობამ აღნიშნულ სტრატეგიაზე უარი თქვა, საზოგადოებრივი კამპანია ბოიკოტის მოთხოვნით უნდა გაგრძელდეს. სოჭში შეგუებულად წასაგებად წასვლას არწასვლა სჯობს. არავინ მოტყუვდება ოლიმპიადაზე გასამგზავრებელი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი სპორტსმენების ბედზე ლაპარაკით, ოკუპირებულ საქართველოს არ აქვს ფუფუნება კვლავ მოტყუებული და წაგებული დაბრუნდეს სოჭის ფრონტიდან.

 

To boycott or not? None

Mamuka Kudava 

 

The author argues that Georgia’s boycotting 2014 Winter Olympic Games in Sochi per se is not wise. Rather, the country’s objective should be to use the unique occasion to send a message from Sochi – few kilometres from occupied territory of Abkhazia – about Russia’s creeping occupation of Georgian territory. Though, if government continues to lack a proper strategy including strategic communications plan, the boycott issue does make a sense.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია