ქაუნთ ბეისი William ‘Count’ Basie

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-10-2013, 21:38 | კულტურა | ნანახია - 1715

გიგი კუბლაშვილი

 

პიანისტი, არანჟირებების ავტორი, ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი, რომელიც "ცხელი” აფრო-ამერიკული სვინგის მაგალითი გახდა.

 

პატარა უილიამს მუსიკის პირველი გაკვეთილები დედამ ჩაუტარა, ის პიანისტი გახლდათ. სკოლაში უილიამი  დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. სულ ახალგაზრდა უკვე ელმერ სნოუდენის ორკესტრში აღმოჩნდა, როგორც პიანისტი. ფეტს უოლერის შესრულებით აღფრთოვანებული იყო და მას მუდამ უკან დაყვებოდა. დროდადრო, ვოდევილების დასსთან ერთად, ამერიკის შტატებში დადიოდა გასტროლებზე. 1927 წელს ერთ-ერთი ასეთი დასის დაშლის შემდეგ კანზას-სიტიში შეყოვნდა და კინოთეატრში აკომპანიატორად დაიწყო მუშაობა. მისი იმპროვიზაციები იმდენად კარგი იყო, რომ მაყურებელი არა ფილმის სანახავად , არამედ მის მოსასმენად მიდიოდა. 1928 წელს უოლტ პეიჯის ადგილობრივ ბენდში Blue Devils დაიწყო მოღვაწეობა. მომავალში უილიამი იტყვის,რომ ეს იყო საუკეთესო ორკესტრი,რომელშიც მას ოდესმე დაუკრავს.. 

 

1930 წელს  ბეისი ბენი მოუტენის ორკესტრში გადავიდა. 1936 წელს, მოუნტენის გარდაცვალების შემდეგ, ბენდის მუსიკოსებისაგან ახალი შემადგენლობა შეკრიბა  და მალე  ეს ორკესტრი ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა.

 

1936 წელს ორკესტრს შემთხვევით პროდიუსერმა ჯონ ჰემონდმა მოუსმინა და გადაწყვიტა ბენდს ნიუ-იორკში წასვლაში დახმარებოდა. 1938 წელს ბენდი უკვე სვინგის საუკეთესო აფრო-ამერიკელთა კოლექტივად ითვლებოდა. სხვა ორკესტრებისაგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ორი-სამი იმპროვიზატორი სოლისტი ჰყავდათ, ბეისის ბენდში თითქმის ყველი მუსიკოსი გამორჩეული ჯაზმენი იყო. ეს საშუალებას  იძლეოდა თავისებურად გაემდიდრებინათ რეპერტუარი ბლუზის ჰარმონიულ სქემაზე დამყარებული სწრაფი პიესებით და თითქმის გზადაგზა შეეთხზათ რიფები (მთელი პიესის განმავლობაში განმეორებადი მოკლე მელოდიურ-რიტმული კონსტრუქციები), რომლებიც მხარს უბამდნენ ტემპერამენტიან იმპროვიზატორებს. 30-იანი წლების ბოლოს ორკესტრში უკრავდნენ საქსოფონისტები ლესტერ იანგი, ჰერშელ ევანსი, ერლ უორენი,  მესაყვირეები ბაკ კლეიტონ, ჰარი სუიტს ედისონი, ტრომბონისტები ბენი მორტონი, დი უელსი, ვოკალისტი ჯიმი რაშინგი. ამასთანავე ჩამოყალიბდა უნიკალური რიტმ-ჯგუფი (ამერიკაში საუკეთესოდ აღიარებული), რომელშიც იყვნენ კონტრაბასისტი უოლტერ პეიჯი, დრამერი ჯო ჯონსი, რიტმ-გიტარა ფრედი გრინი და თვითონ ბეისი. 1939 ბეისიმ ორკესტრის შიგნით სოლისტთა ანსამბლი ჩამოაყალიბა – სეპტეტი Kansas City Seven და ამავე წელს პირველად გამოვიდა კარნეგი-ჰოლში. ამ დროისათვის შეიქმნა ჰიტები – Live At Five (ჰარი სუიტს ედისონის თემაზე),  ბალადა Blue And Sentimental, სწრაფი ბლუზი Swingin’ The Blues (ორივე თემა ბეისისა იყო) და ყველაზე მნიშვნელოვანი One O’clock Jump (ბეისი). 40-იან წლებში ორკესტრში მივიდნენ  საქსოფონისტი ბადი ტეიტი, დონ ბაიესი, ლაკი ტომფსონი, ილინოის ჯეკეტი, მესაყვირე ჯო ნიუმენი, ტრომბონისტი ვიკ დიკენსონი, ჯეი ჯეი ჯონსონი, ვოკალისტი ჰელენ ჰიუმსი. 1944 წლისთვის ბენდის სამ მილიონზე მეტი ფირფიტა გაიყიდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ (1947) ორკესტრი დაიშალა. ოთხი წლის განმავლობაში ბეისი გამოდიოდა მხოლოდ სეპტეტთან ერთად. ახალი ორკესტრის შეკრება მხოლოდ 1951 წელს მოახერხა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, დახმარება ნორმან გრენცის ანტრეპრიზისგან - Jazz At The Philharmonic მოვიდა. 1954 წელს ამერიკულ ჯაზში ბენდმა ისევ წამყვანი პოზიციები დაიკავა; არანჟირებების ავტორებმა ნილ ჰეფტიმ, ფრენკ ფოსტერმა, ენრი უილკინსმა შეიმუშავეს ეგრეთ წოდებული “პერკუსიული მეთოდი”, რომელიც დაფუძნებული იყო მკვეთრ დინამიურ კონტრასტებზე და დასარტყამ ინსტრუმენტზე მძლავრი დაკვრით ხაზს უსვამდა მელოდიურობის აქცენტს და ავსებდა ყველა პაუზას. ამ დროის ყველაზე წარმატებული ფირფიტა, ნილ ჰეფტის ჰიტებთან  Splanky Blues, Li’l Darlin, Cute, Duet  ერთად, იყო – Mr. Atomic Basic (1957). 1954-1961 წლების წარმატებას ხელს უწყობდა ბლუზის ტემპერამენტიანი ვოკალისტი ჯო უილიამსი (საუკეთესო ფირფიტა – Count Basie Swings – Joe Williams Sings, 1955, მთავარი ჰიტი – Every Day).  1954 წლის შემდეგ ორკესტრი რეგულარულად მიემგზავრებოდა ევროპაში საგასტროლოდ, სადაც მნიშვნელოვან ფესტივალებზე და პრესტიჟულ დარბაზებში გამოდიოდნენ. ეს გახდა პირველი აფრო-ამერიკელთა ჯგუფი, რომელმაც სასტუმრო Walldorf Astoria-ში სამთვიანი ანგაჟემენტი მიიღო.

 


60-იან წლებში ფრენკ ფოსტერის, ქუინსი ჯონსის, ტედ ჯონსისა და სემი ნისტიკოს არანჟირებებმა და კომპოზიციებმა ორკესტრს ახალი წარმატებები მოუტანა. ათწლეულის ჰიტებია Shiny Stockins (ფოსტერი), Mattnik, Meet B.B. (ქუინსი ჯონსი). 60-იანი წლების შემადგენლობა გახლდნენ მესაყვირეები – სნუკი იანგი, ტედ ჯონსი, სონი კონი, ლენი ჯონსონი, ტრომბონისტები – კვენტინ ჯექსონი, გროუვერ მიტჩელი, ჰენრი კუპერი, ბენი პაუელი, საქსოფონისტები – მარშალ როიალი, ფრენკ უესი, ფრენკ ფოსტერი, ბად ჯონსონი, ჩარლი ფალკსი, შეუცვლელი გიტარისტი ფრედი გრინი,  კონტრაბასისტი ედი ჯონსი, დრამერი სონი პეინი. ორკეტრთან ერთად გამოდიოდნენ ელა ფიცჯერალდი, ფრენკ სინატრა, ტონი ბენეტი, ბილი ექსტაინი. 70-იან წლებში ორკესტრის შემადგენლობა თანდათანობით ახლდებოდა - გამოჩნდნენ თეთრი მუსკოსებიც, თუმცა თვალში საცემი და მძლავრი სტილი შეუცვლელი დარჩა. ბოლო ათი წლის მანძილზე ბეისიმ მიიღო უამრავი ჯილდო, გახდა რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. სიცოცხლის ბოლო წლებში სიარული აღარ შეეძლო და სცენაზე ინვალიდის ეტლით გამოდიოდა, თუმცა ბოლომდე ოპტიმისტად რჩებოდა და საოცარი იუმორის გრძნობა შეინარჩუნა. ბეისის სიკვდილის შემდეგ ორკესტრს, რომელიც მის სახელს ატარებდა, ხელმძღვანელობდნენ  - ერიკ დიქსონი, აარონ ვუდვორტი (ბეისის შვილი), ტედ ჯონსი(1985-86 ), ფრენკ ფოსტერი(1987-94). როდესაც  ფოსტერმა გადაწყვიტა თავისი იმპროვიზაციებითა და არანჟირებებით ორკესტრის ჟღერადობის მოდერნიზება მოეხდინა, ხელმძღვანელის თანამდებობაზე ტრომბონისტი გროუვერ მიტჩელი მიიწვია. XX საუკუნის ბოლოსთვის ბიგ-ბენდმა სახელწოდებით “ქაუნთ ბეისის ორკესტრი” 50-60-იანი წლების ცნობილი ჟღერადობა წარმოადგინა.


Loading the player ...

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია