რესტალინიზაციის ტალღა რუსეთში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 13:01 | კომენტარები | ნანახია - 1962

რესტალინიზაციის ტალღა რუსეთშინიკა ვაშაკიძე
წელს, 5 მარტს, შესრულდა 60 წელი სტალინის გარდაცვალებიდან. სტალინის ეპოქის ბოლო სტადიაზე მისი პიროვნება განსაკუთრებით დიდი ხოტბისა და საყოველთაო თაყვანისცემის ობიექტი გახდა საბჭოთა კავშირში და ე.წ. სოციალისტურ ბანაკში. შემდგომში ამას ე.წ. „პიროვნების კულტის“ კვალიფიკაცია მიეცა ოფიციალურ საბჭოთა იდეოლოგიაში. სტალინის მემკვიდრემ, ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც, როგორც დღეს ირკვევა, ერთ-ერთი ყველაზე უნამუსო და დაუნდობელი ჯალათი იყო სტალინის გარემოცვაში, სტალინის ისტორიული ფიგურის მიზანმიმართული დაკნინების პოლიტიკა გაატარა. ამისთვის მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ სტალინი თავისი მასშტაბით და საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მხრიდან უსაზღვრო თაყვანისცემით უმოწყალოდ ჩრდილავდა ხრუშჩოვის კომიკურ პიროვნებას და ეს საბჭოთა იმპერიის ახლად გამომცხვარი ლიდერისთვის ძნელი ასატანი იყო. ამავე დროს, ცხადია, ხრუშჩოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომუნისტური რეპრესიების დროს ჩადენილი თავისი უამრავი ცოდვის მიჩქმალვა იყო და ამის მისაღწევად სტალინის კულტის მთავარი მამხილებლის იმიჯი მისთვის საუკეთესო საშუალებად იქცა. ხრუშჩოვს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კრემლში ძალაუფლებისთვის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა და, ბუნებრივია, მისი სახელის დისკრედიტაციით ხრუშჩოვი სერიოზულ დარტყმას აყენებდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ისეთ ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც სტალინის ლამის მითოლოგიურ თანამებრძოლებად და მისი ეპოქის სიმბოლოებად აღიქმებოდნენ.
ამან, ცხადია, გარდაუვალი მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. 1956 წელს ჩატარდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცნობილი მეოცე ყრილობა, რომელზეც ოფიციალურად დაგმეს სტალინის კულტი, ხოლო 1957 წელს მოხდა მძაფრი აპარატული შეტაკება უმაღლეს ხელმძღვანელობაში, როცა ნიკიტა ხრუშჩოვი ლამის გადააყენეს, მაგრამ მან, მაშინდელ თავდაცვის მინისტრზე, მარშალ ჟუკოვზე დაყრდნობით, საბოლოოდ ჩამოიშორა ისეთი მძიმეწონოსნები, როგორებიც იყვნენ მოლოტოვი, მალენკოვი, კაგანოვიჩი და სხვები, უფრო მცირე კალიბრის საბჭოთა მოღვაწეები.
სტალინის კულტის საბოლოო დემონტაჟი ხრუშჩოვმა 1961 წელს, პარტიის ოცდამეორე ყრილობის გადაწყვეტილებების მეშვეობით განახორციელა. შედეგად, სტალინი გამოიტანეს მავზოლეუმიდან, სახელი გადაარქვეს მრავალ ქალაქს, ქუჩას თუ სხვა ობიექტს და სტალინის სამშობლოს, გორის გარდა, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მოახდინეს მისი ყველა მონუმენტის დემონტაჟი. თუმცა, საკითხი ამით არ ამოწურულა. სტალინის თემამ, როგორც ჩანს, ე.წ. „მარადიული“ თემის სტატუსი შეიძინა რუსეთში და თუ რატომ არის ასე, ამაზე შევეცდებით აქ ვისაუბროთ.
როგორც ხშირად ხდება, სტალინის ლანძღვამ და დაკნინებამ უკუეფექტი გამოიწვია. საბჭოთა და რუსეთის მომდევნო ხელისუფლებების აშკარა სიყალბისა და წარუმატებლობის ფონზე „უსამართლოდ“ გათელილმა სტალინის ფიგურამ ხალხის მასობრივ ცნობიერებაში უწინდელზე კიდევ უფრო მეტი საკრალიზაცია განიცადა. უამრავი ადამიანის თვალში ის გახდა ნამდვილი, სამართლიანი, წარმატებული და დიადი ხელმძღვანელის სიმბოლო, ერთგვარი მითოლოგიური ოცნება იდეალურ ლიდერზე. ამას მის მიერ ნათქვამი ლეგენდარული ფრაზაც ამტკიცებდა: „ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავს ნაგვის გროვას დააყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი დაუნდობლად გაფანტავს მას“.
რესტალინიზაციის პირველი მცდელობა ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დასაწყისში მოხდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბრეჟნევმა დაიწყო საბჭოთა პრესაში სტალინის საქებარი პუბლიკაციების წახალისება. ბრეჟნევი, როგორც მისი თაობის მრავალი წარმომადგენელი, ცხადია, სტალინის თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ, ამავე დროს, მას უფრო რაციონალური მოტივაციაც ჰქონდა. ხრუშჩოვის მიერ გატარებულმა ანტისტალინურმა კამპანიამ აშკარა დისონანსი შეიტანა საბჭოთა კომუნისტურ იდეოლოგიასა და საბჭოთა ხალხის ფსიქიკაში. ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის მიერ განვლილი გზა, მისი იდეოლოგია, გამარჯვებები და ასე შემდეგ, ოფიციალურად რჩებოდა ძალაში, ხოლო, მეორე მხრივ, იმ კაცის სახელი, რომელთანაც ეს ყველაფერი განუყოფლად იყო დაკავშირებული და რომელიც თავისი რკინის ხელით ოცდაათი წელი მართავდა ამ სახელმწიფოს, დაგმობილი და ტალახში ამოსვრილი იყო. სტალინის შემდგომი პერიოდის მრავალი წარუმატებლობის ფონზე ასეთი შეუსაბამობა იწვევდა მოსახლეობის მენტალიტეტის დეზორიენტაციას და სტრატეგიულ პერსპექტივაში საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფოს სტაბილურობას.
ბრეჟნევის მმართველობისთვის დამახასიათებელი იყო პოლიტიკური ნების დეფიციტი, საქმის სანახევროდ კეთება და ეს სტილი რესტალინიზაციის პროცესზეც აისახა - ის მალევე შეაჩერეს. საზოგადოების მძლავრი შენჯღრევის სურვილი არანაირად არ პასუხობდა ლეონიდ ბრეჟნევის ხასიათს და მმართველობის სტილს. ალბათ ის დააფიქრა ცნობილმა ე.წ. „25-ის წერილმა“, რომელშიც საბჭოთა კავშირის კულტურისა და მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწეები, რომლებიც მიმართავდნენ კომპარტიის გენერალურ მდივანს, გამოხატავდნენ თავიანთ შეშფოთებას რესტალინიზაციის გამო და მიუთითებდნენ მას ამ პროცესის დაუშვებლობაზე. ამავე დროს, ცხადი იყო, რომ სტალინის კულტის აღორძინებას კიდევ უფრო მტკივნეული რეაქცია მოჰყვებოდა სოციალისტური ბანაკის ევროპის ქვეყნებში და, ასევე, ხელს შეუშლიდა ბრეჟნევს დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში. ერთი სიტყვით, თითქოს დაწყებული პროცესი შეაჩერეს, ხოლო სტალინის თემა თითქმის გაყინეს. სალანძღავი ფიგურიდან ის სიჩუმის ფიგურად გადაიქცა - მხოლოდ იშვიათად თუ გაიელვებდა სამამულო ომზე გადაღებულ ზოგიერთ ფილმში ან საბჭოთა სამხედრო და სამოქალაქო მოღვაწეების მემუარებში, ხანშიშესული სტალინისტების გულის გასახარად. თავის მემუარებში, პოზიტიური ელფერის მქონე ნეიტრალურ კონტექსტში, თავად ბრეჟნევმაც გაიხსენა რამდენიმე კონტაქტი სტალინთან. ამგვარი ორაზროვანი დამოკიდებულება სტალინის მიმართ, საჯარო განხილვებიდან და დისკუსიებიდან მისი პიროვნების ამოღებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის საკრალიზაციას და მისტიკურ პოპულარულობას ხალხში.
სტალინის მიძინებული თემა საოცრად გააქტიურდა ე.წ. „პერესტროიკის“ პერიოდში. საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა, მიხაილ გორბაჩოვმა, როცა გადაწყვიტა საბჭოთა იმპერიის ძირეული რეფორმირება, ჩათვალა, რომ სტალინის საკითხი ლოგიკურ დასრულებას მოითხოვდა და ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელი იყო მისი სრული დემონიზაცია და გამანადგურებელი ისტორიული განაჩენის გამოტანა.
გორბაჩოვის მიერ ინსპირირებული „დესტალინიზაციის“ პროცესი სრულ პუბლიცისტურ და მხატვრულ ბაკქანალიაში გადაიზარდა. სტალინს საკუთარი ცოდვებიც მრავლად ჰქონდა, მაგრამ ის, რაც „პერესტროიკის“ დროს მის შესახებ ითქვა და დაიწერა, ყველანაირ გონივრულ ზღვარს გასცდა. ცივსისხლიანი, პრაგმატიკოსი მაკიაველისტი პოლიტიკოსისგან თითქმის გონებადაბინდული სადისტის სახე შეიქმნა. საქმე აშკარა აბსურდამდე მივიდა. გაყალბებული სტატისტიკის მოშველიებით სტალინიზმის მსხვერპლთა რიცხვმა ფანტასტიკურ მაჩვენებლებს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო იერარქიაში ძალაუფლებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში სტალინის მიერ დამარცხებული, მასსავით დაუნდობელი მეტოქეები, რომელთა კისერზე უამრავი ადამიანის ცოდვა იყო, უდანაშაულო კრავებად გასაღდნენ. გაურბოდნენ რა იმ აშკარა ფაქტს, რომ სტალინი რუსეთის წინა, შორეული და ახლო ისტორიის ლოგიკური და ორგანული გაგრძელება და შედეგი იყო, გორბაჩოვის პლეადის „მოაზროვნეები“ ცდილობდნენ საქმე ისე წარმოეჩინათ, თითქოს სტალინის სახით რუსეთის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას შემთხვევით საშინელი უბედურება დაატყდა თავს და მისი წინსვლის კეთილი გზა დაამახინჯა გაუგონარი სისასტიკით და ალოგიკური შეცდომებით. შეიქმნა ცალსახად იდიოტური სურათი, რომლის თანახმად, მსოფლიოში უძლიერესი სუპერსახელმწიფო, სადაც ისტორიულად უმოკლეს პერიოდში სრული ნანგრევებიდან მოწინავე პოზიციებამდე განვითარდა ეკონომიკისა და მეცნიერების დარგები და რომელმაც გამარჯვება მოიპოვა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ომში, აშენდა გონებაშეზღუდული მანიაკის ხელმძღვანელობით, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა და რომელიც პირადად და უშუალოდ იღებდა ყველა მნიშვნელოვან პრინციპულ გადაწყვეტილებას. სამამულო ომთან დაკავშირებით პირდაპირ ისმოდა პარადოქსული ფორმულა იმის შესახებ, რომ საბჭოთა ხალხმა ომი მოიგო არა სტალინის ძალისხმევის გამო, არამედ მის საწინააღმდეგოდ. ანუ, საბჭოთა არმიასა და ზურგში მყოფ მოსახლეობას გამკლავება უწევდა არა მხოლოდ ფაშისტური გერმანიის სამხედრო მანქანასთან, არამედ, ამასთან ერთად, საკუთარი ხელმძღვანელის ომში გამარჯვების საწინააღმდეგო საქმიანობასთან. დიახ, რუსულ აზროვნებას ზოგჯერ ახასიათებს ასეთი პარადოქსები.
რუსი ხალხი საერთოდ ადვილად ექცევა პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ და სანამ გორბაჩოვის „პერესტროიკისა“ და, შემდგომში, ელცინის ლიბერალური რუსეთის პროექტები იმედისმომცემი იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებდა ანტისტალინისტურ სულისკვეთებას. უპრიანი იქნება გავიხსენოთ ერთი თვალსაჩინო მაგალითი: თვითმხილველები ამბობენ, რომ 1989 წლის 9 აპრილს, როცა საბჭოთა არმიის ნაწილები არბევდნენ მშვიდობიან აქციას თბილისში, უბრალო ჯარისკაცები ნიჩბებისა და ხელკეტების ადამიანებზე მოქნევას ხშირად ასეთ ფრაზასაც აყოლებდენ: „Это вам за вашего Сталина!“ - “აი თქვენ თქვენი სტალინისთვის!” როგორი რადიკალური განსხვავებაა იმ ფაქტისგან, თუ როგორი მოწიწებით მოექცა რუსული არმია სტალინის ქანდაკებას და მუზეუმს გორში 2008 წლის ომის დროს! მაგრამ ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
სტალინის ფენომენის ძირითადი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ იმ უკიდეგანო, მრავალი ეთნოსითა და კონფესიის მიმდევარი ხალხებით დასახლებული სივრცის ერთიან სახელმწიფოდ შეკვრა, რომელსაც რუსეთის იმპერია და შემდგომში საბჭოთა კავშირი ერქვა, რადიკალური ძალადობის გარეშე შეუძლებელია. ნორმალური წყობის პირობებში ასეთ სივრცეზე გაშლილი სახელმწიფო არასიცოცხლისუნარიანია. რუსეთის ცარისტული იმპერია ცეცხლითა და მახვილით იქმნებოდა, ხოლო ნანგრევებიდან მისი უმოკლეს დროში საბჭოთა კავშირის სახით აღდგენა და შენარჩუნება, მით უმეტეს, საშინელი რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, მხოლოდ უპრეცედენტო ძალადობისა და სისხლის ფასად იყო შესაძლებელი. ასე რომ, ბოროტება არა იმდენად სტალინია, რამდენადაც თავად რუსეთის იმპერია თავისი ყველა ნაირსახეობით. რა თქმა უნდა, სტალინი სულაც არ გამოირჩეოდა დიდი ჰუმანურობით და კეთილი გულით, მაგრამ ბუნებით არც განსაკუთრებული მონსტრი გახლდათ. უბრალოდ, როგორც კი მოექცა უზარმაზარი რუსეთის სათავეში და გადაწყვიტა მისი სიდიადის აღდგენა, მან, როგორც განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა, კარგად ამოიცნო ის პროგრამა და მისი განხორციელების მეთოდები, რომლებსაც ეს საშინელი ამოცანა მთელი აუცილებლობით ითხოვდა და რკინის ხელით გაატარა ეს ყველაფერი ცხოვრებაში. რაც შეეხება რუსებს და, კერძოდ, რუს ანტისტალინისტებს, მათ, ერთი მხრივ, სიამაყეს ჰგვრიდა გრანდიოზული იმპერიის სიდიადე და წარმატებები, მაგრამ, მეორე მხრივ, შოკში აგდებდა ის პრაქტიკა, რითაც საბჭოთა იმპერია იქმნებოდა და ძლიერდებოდა. ამიტომ მათ თავის საამებლად დაიტოვეს ის, რაც მოსწონდათ და უკუაგდეს ის, რაც უსიამოვნოდ სჭრიდა თვალს. მარტივად რომ ვთქვათ, მათ ჩათვალეს, რომ საბჭოთა კავშირის, როგორც ძლიერი, მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს აღმშენებლობა და შენარჩუნება შესაძლებელი იყო იმ საშინელი მეთოდების გარეშე, რომლითაც ეს ყოველივე განხორციელდა. მათ დაიჯერეს ისეთი უტოპიური და წინააღმდეგობრივი ფენომენის არსებობის შესაძლებლობა, რასაც შეგვიძლია პირობითად ძლიერი საბჭოთა დემოკრატიული იმპერია ვუწოდოთ. ამ კონცეფციის გულუბრყვილობა ძნელი დასანახი არ არის და ცხოვრებამაც მალე დაადასტურა ეს – როგორც კი მიხაილ გორბაჩოვმა შიშისა და რეპრესიების ჭანჭიკები მოასუსტა და დემოკრატიზაციის კურსი გამოაცხადა, საბჭოთა კავშირი მაშინვე ქაოსში ჩაეფლო და მალე საერთოდ დაიშალა.
ბორის ელცინი ულტრალიბერალური ლოზუნგებით მოვიდა რუსეთის სათავეში. მან თავისი ბრძანებულებით გააუქმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, კიდევ უფრო გააძლიერა მეგობრობა დასავლეთთან და აამოქმედა საბაზრო ეკონომიკაზე დაჩქარებული ტემპით გადასვლის რადიკალური კურსი. რუსეთის „დემოკრატიზატორის“ მანტიაში გამოწყობილი ელცინი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო ანტისტალინისტური რიტორიკის შენარჩუნებით, თანაც, გორბაჩოვის დროს აგორებული უპრეცედენტო ანტისტალინისტური კამპანიის ინერცია ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი იყო ხალხის ცნობიერებაში. ამდენად, სტალინის ფენომენთან დაკავშირებული გორბაჩოვისეული იდეოლოგიური კურსი შენარჩუნებულ იქნა. თუმცა, თავად რიტორიკის ინტენსივობამ საგრძნობლად იკლო. ვიღას ეცალა სტალინისთვის! რადიკალური საბაზრო რეფორმა ქვეყნის ელვისებურ ძარცვაში გადაიზარდა, რასაც, ბუნებრივია, თან ახლდა ველური, ოლიგარქიული კაპიტალიზმის ჩამოყალიბება, მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი ვარდნა და, შესაბამისად, უმწვავესი სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმები. თავი იჩინა იმ, აქ უკვე ნახსენებმა რეალობამ, რუსეთის უზარმაზარი სივრცის დემოკრატიული მეთოდებით მართვის შეუძლებლობის სახით და სახელმწიფოში გამოიკვეთა ანარქიის სერიოზული ნიშნები.
ელცინის პერიოდში რუსეთის მოსახლეობაში დაისადგურა საყოველთაო იმედგაცრუებამ და უკმაყოფილებამ. ცხოვრების დონე და სახელმწიფოს სიძლიერე რადიკალურად დაეცა და ხალხმა, რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მმართველი ელიტისა და ლიდერების დანაშაულებრივ საქმიანობას დაუკავშირა. რუსეთის მოსახლეობა სწრაფად გამოვიდა ლიბერალური ღირებულებებისადმი თაყვანისცემის ეიფორიიდან, რადგან არცთუ უსამართლოდ თვლიდა, რომ ლიბერალური იდეოლოგია მხოლოდ მოსახლეობის ვიწრო ფენამ გამოიყენა თავის სასიკეთოდ, უმრავლესობა კი მოტყუებული და გაძარცული აღმოჩნდა. რუსეთის საზოგადოებაში დაიწყო გამეფება მისთვის ესოდენ დამახასიათებელმა შეთქმულების თეორიებმა. თანდათან ჩამოყალიბდა კონცეფცია, რომლის თანახმად, მტრულმა დასავლეთმა რუსეთის სათავეში მოიყვანა სამშობლოს გამყიდველი ძალები გორბაჩოვის და შემდგომში ელცინის პოლიტიკური გუნდების სახით, რომლებმაც მიზანმიმართულად დაანგრიეს დიადი სახელმწიფო, მოაქციეს ის დასავლეთისადმი კაბალურ დამოკიდებულებაში და ამ დასავლეთს საჯიჯგნად მიუგდეს უზარმაზარი ეროვნული სიმდიდრე, რაზეც თვითონაც გვარიანად მოითბეს ხელი. ცხადია, ამ კონცეფციაში თავისი „კანონიერი“ ადგილი დაიკავა ტრადიციულმა რუსულმა ანტისემიტიზმმა, რომელმაც იდეოლოგიურ დონეზე გააღვიძა კარგად ცნობილი მოტივები „მსოფლიო ებრაული შეთქმულების“ შესახებ, რასაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმან, რომ წარმატებული ადამიანების ახალ პლეადაში მრავლად იყვნენ ეკონომიკურ საქმიანობაში ტრადიციულად ნიჭიერი ეთნიკური ებრაელები.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთმა რეალობამ რუსი ხალხის მასობრივ ცნობიერებაში რესტალინიზაციის ნოყიერი ნიადაგი შექმნა. მონღოლების მიერ დაპყრობისა და მოსკოვის სამეფოს აღზევების შემდგომ რუსეთში არასდროს დიდად არ ფასობდა ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება და დემოკრატია. ლიბერალიზმის „ეფემერულ“ პრინციპებს რუსები ყოველთვის ამჯობინებდნენ ისეთ ტრადიციულ ღირებულებებს, როგორებიცაა იმპერიული სიდიადე, მტკიცე, ძლიერი ხელისუფლება და ყოფითი კეთილდღეობა. იმ ფონზე, როცა ხანმოკლე ლიბერალურმა ექსპერიმენტმა რუსეთში სწორედ ამ ტრადიციულ ღირებულებებს მიაყენა დიდი დარტყმა, რუსებმა ბუნებრივად დაიწყეს სტალინის ფენომენის გადასინჯვა. ხელახლა აღმოჩენილი სტალინი უკვე რადიკალურად განსხვავდებოდა იმ სახისგან, რომელიც ანტისტალინისტური პროპაგანდის ათწლეულების მანძილზე შეიქმნა. გაირკვა, რომ სწორედ სტალინმა აიყვანა ზენიტში ის ღირებულებები, რომლებიც ასე ახლოს არის რუსების გულებთან. სტალინის ხელში საბჭოთა კავშირის სახით მოვლენილი განახლებული რუსეთის იმპერია მსოფლიოში მთავარი როლის მოთამაშე სუპერსახელმწიფოდ გადაიქცა. ამ ბირთვული მონსტრის სამხედრო სიძლიერე შიშის ზარს სცემდა მთელს მსოფლიოს და მისი პოლიტიკური გავლენა გავრცელდა დედამიწის მრავალ უმნიშვნელოვანეს რეგიონზე. მეორე მსოფლიო ომში მოპოვებული გამარჯვება და ომის შემდეგ ნახევარ ევროპაზე დაწესებული კონტროლი სასიამოვნო კმაყოფილებას ჰგვრიდა რუსულ პატივმოყვარეობას. ამავე დროს, სტალინმა მოახერხა ის, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში მოსახლეობის ყოფითი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. მოკლე პერიოდში, ტოტალიტარული სისტემის პირობებში, მოსახლეობის ენერგიის არნახული ძალადობრივი მობილიზაციის შედეგად შექმნილი კოლოსალური სამრეწველო პოტენციალის შესაძლებლობები სტალინმა სწრაფად გადაამისამართა სოციალურ სფეროებზე, რამაც უზრუნველყო სტალინის ბოლო წლებში ცხოვრების დონის საგრძნობი ამაღლება და რისმა ინერციამაც მომდევნო რამდენიმე ათწლეულს გასტანა. რუსები, ასევე, დიდად აფასებდნენ სტალინის მიერ კორუფციის სასტიკი მეთოდებით ამოშანთვას და ყაზარმული სოციალიზმისთვის დამახასიათებელ ეგალიტარიზმს, როცა პარტნომენკლატურის ცხოვრების დონე რადიკალურად არ განსხვავდებოდა დანარჩენი მოსახლეობის ცხოვრების დონისგან და ეს ყველაფერი განმტკიცებული იყო ხალხის ცნობიერებისთვის ასე საამებელი თავად ბელადის პირადი ასკეტიზმით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ელცინის მმართველობის შუა პერიოდში მაშინდელი რუსეთისთვის დამახასიათებელი შიდაპოლიტიკური აქტიურობის პროცესში მრავალრიცხოვან საპროტესტო ოპოზიციურ მიტინგებსა და დემონსტრაციებზე ხალხმა სტალინის პორტრეტები გამოიტანა და რუსულ პრესაში სტალინისტური პუბლიკაციები გაჩნდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და სტალინიზმი ჯერ არც ოფიციალურ იდეოლოგიაში აღწევდა და მაშინდელ პუბლიცისტურ და მედიასივრცეშიც მარგინალური თემის სახით იყო მოვლენილი.
გაუთავებელი ლოთობის შედეგად ჯანმრთელობაშერყეულმა ელცინმა 1999 წლის 31 დეკემბერს ძალაუფლება ოფიციალურად გადასცა თავის მემკვიდრეს ვლადიმირ პუტინს. ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისა და ძალაუფლების გამკაცრების მოთხოვნა რუსეთის საზოგადოებაში კარგა ხნის მომწიფებული იყო, თუმცა, ამას ბორის ელცინი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, საკუთარი პოლიტიკური პროფილის თავისებურებებისა და მრავალი სხვა ფაქტორის გამო უკვე ვეღარ შეძლებდა. ამისთვის ახალი ფიგურა იყო საჭირო და არჩევანი შეჩერდა სუკ-ის ყოფილ მაიორზე, რომელმაც მოკლე დროში სწრაფი, თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა და ელცინის ნდობა მოიპოვა. ელცინის გარშემო შემოკრებილ და რუსეთში გამეფებულ ოლიგარქთა ჯგუფს მიაჩნდა, რომ არაქარიზმატული, მოკრძალებული სუკ-ის ოფიცერი იდეალური კანდიდატურა იყო მათთვის პოზიციების შესანარჩუნებლად და სამართავად. ისინი ისტორიულად ტრადიციული შეცდომის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. პუტინს სხვა გეგმები ჰქონდა. უმაღლესი სავარძლის მაგია რუსეთში იმდენად ძლიერია, რომ ამ სავარძელში მოხვედრილი ადამიანი, თუ მას შესაბამისი უნარი აქვს, ადვილად ახერხებს პირადი ძალაუფლების სწრაფ კონსოლიდაციას და, თუ საჭიროა, მის აბსოლუტიზაციასაც კი.
პუტინიც ასე მოიქცა. მან სწრაფად გააგებინა ოლიგარქებს, თუ ვინ იყო ქვეყანაში მბრძანებელი, ხოლო მათ, ვინც ეს ვერ შეიგნო, მაგალითად, ბერეზოვსკის და ხოდორკოვსკის, უმალ მოუგრიხა კისერი, დანარჩენებმა კი მალევე გაითავისეს თამაშის ახალი წესები და პრეზიდენტის ყურმოჭრილ მონებად იქცნენ.
რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ახალმა პრეზიდენტმა მკაცრად გაატარა პოლიტიკა, რომელიც „ძალაუფლების ვერტიკალის განმტკიცების“ სახელწოდებით არის ცნობილი და მოსკოვის მჭიდრო კონტროლს დაუქვემდებარა ელცინის დროს განავარდებული რეგიონები. მათგან ყველაზე ურჩი, ჩეჩნეთი, სისხლში ჩაახრჩო, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ის მოდელი, რომელიც პუტინის პოლიტიკის შედეგად დამკვიდრდა ჩეჩნეთში კადიროვის ხელისუფლების სახით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პრობლემის ეფექტურ და გრძელვადიან გადაწყვეტად.
ვლადიმირ პუტინმა ერთი მეტად საინტერესო სიმბოლური ნაბიჯი გადადგა. რუსეთის ფედერაციის ჰიმნის სახით მან აღადგინა ძველი, საბჭოთა კავშირის ჰიმნი, ძველი ტექსტი ახლით ჩაანაცვლა და ხელახლა შემოიღო საბჭოთა ჰიმნის მელოდია. ამ სიმბოლური ნაბიჯით, შეიძლება ითქვას, პუტინმა ოფიციალურად დახურა ლიბერალიზმის სეზონი რუსულ პოლიტიკაში. სიმბოლური ქმედებების გარდა, რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ხედვა ღია ტექსტებითაც გამოხატა. თავის ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში პუტინმა გამოაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“. ასე რომ, აქცენტები სავსებით გასაგებად დაისვა.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რაზე დააყრდნობდა თავის ძალაუფლებას საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წიაღში აღზრდილი ვლადიმირ პუტინი. მისი სახელისუფლებო გვარდია ძველი კოლეგებით დაკომპლექტდა. პუტინმა საბოლოოდ შეურწყა ერთმანეთს ბიზნესი და ძალაუფლება და, შესაბამისად, ერთმანეთში გადახლართულ მთელი რიგი გადამწყვეტი სახელისუფლებო და ბიზნეს სტრუქტურების სათავეში თავისი მეგობარი უშიშროების ოფიცრები დასვა.
პუტინს ძალზე გაუმართლა, რომ ქვეყნის სათავეში მისი მოსვლისთანავე მსოფლიო ბაზარზე რადიკალურად გაიზარდა ენერგომატარებლების, პირველ რიგში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასი და ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. ამის წყალობით, რუსეთმა, როგორც ენერგომატარებლების უმსხვილესმა ექსპორტიორმა, უზარმაზარი შემოსავლები მიიღო, რამაც საშუალება მისცა პუტინს მნიშვნელოვნად გაეთავისუფლებინა რუსეთი დასავლეთის გავლენისგან და, პირიქით, თავის ენერგორესურსებზე მიბმით გაეძლიერებინა თავისი გავლენა დასავლეთზე. პუტინმა შეძლო ამ შემოსავლების გამოყენებით რუსეთი გაეთავისუფლებინა საგარეო ვალისგან და, საკმარისი მომძლავრების შემდეგ, კისერი მოუგრიხა რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელ დარგში შემოსულ მძლავრ დასავლურ კორპორაციებს. მალე მან ქვეყნიდან განდევნა ის დასავლური საერთაშორისო დახმარების სტრუქტურები (მაგალითად, USAID, British Council), რომლებიც დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამების მეშვეობით ახერხებენ გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ იმ ქვეყნების შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე, სადაც მოღვაწეობენ. ამ ყველაფერმა, ბუნებრივია, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოწონება დაიმსახურა.
თუმცა, პუტინის მიერ შექმნილი ოლიგარქიულ-ჩეკისტური კლანი, ძალაუფლების კონსოლიდაციასთან ერთად, თავისი ლიდერის თამადობით, კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო კორუფციის ჭაობში. ბევრი მიმომხილველი პუტინის რეჟიმს ხშირად პირდაპირ უწოდებს კრიმინალურ ხელისუფლებას. მათი სიტყვით, ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტის სტატუსთან ერთად, სრულიად რუსეთის მთავარი „პახანის“ პოზიციასაც ითავსებს. სხვადასხვა შეფასებით, პუტინის პირადი ქონება ფანტასტიკურ მასშტაბებს აღწევს. სახელმწიფოს მართვის ასეთი მახინჯი ფორმა, ბუნებრივია, აისახება მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე. ყოფითი ცხოვრების სიღრმეებამდე დასული დღევანდელი რუსეთის ტოტალური კორუფცია ლამის ლეგენდად არის ქცეული. შეუძლებელია ეს ყოველივე უკიდურეს გაღიზიანებას არ იწვევდეს მოსახლეობაში. პუტინის რეჟიმის უკიდურესმა კორუფციულობამ, პირადად მისმა და მისი გარემოცვის უკანონოდ ნაშოვნმა ფანტასტიკურმა სიმდიდრემ საგრძნობლად შეულახა მას და მის გუნდს ავტორიტეტი ხალხის თვალში.
ამდენად, პუტინი და მისი რეჟიმი რუსეთის მოსახლეობის აღქმაში რთული, პარადოქსული და წინააღმდეგობრივი ფენომენი, სიმპათია-ანტიპათიის უცნაური ნაზავია. პუტინი მოსწონთ იმის გამო, რომ მან ქვეყნის რღვევა შეაჩერა და აამაღლა რუსეთის წონა საერთაშორისო არენაზე. რუსებს მოსწონთ ის სიხისტე, რითაც რუსეთი ეპყრობა დასავლელ კოლეგებს და მეზობელ ქვეყნებს. ამავე დროს, ის სძულთ, როგორც მაფიოზურ-კლანურ-კორუფციული სისტემის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. საინტერესოა, რომ ეს სიმპათია-ანტიპათია თანაბრადაა განაწილებული არა მხოლოდ ზოგადად მოსახლეობაში, არამედ ბევრ ცალკეულ ინდივიდშიც. ამას ემატება რუსეთისთვის ტრადიციული ლიდერის უალტერნატივობის ფენომენი: სხვა მაინც არ ჩანს, სხვები უარესები არიან, ის თუ არა, აბა ვინ და ასე შემდეგ.
საინტერესოა, რომ პუტინის პიროვნებისა და მისი ეპოქისთვის დამახასიათებელი, როგორც ფსევდოპოზიტიური, ისე აშკარად ნეგატიური თვისებები ხელს უწყობს რესტალინიზაციის ახალ ტალღას რუსეთში.
როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და იგემეს ახალი რეალიები, რუსები კანონზომიერად მიუბრუნდნენ სტალინის ფიგურას და დაიწყეს მისი ხელახალი გააზრება. ამუშავდა მარტივი პრინციპი: რადგან ის ლიდერები, ვინც სტალინის ლანძღვის ინიცირება მოახდინა, ნაძირალები გამოდგნენ, დიდი ალბათობით, ის, ვისაც ისინი ლანძღავდნენ, კარგი კაცი უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, რადგან დემოკრატია მიუღებელი და უბედურების მომტანი გამოდგა რუსეთისთვის, - ისევ ტრადიციული მოდელია ყველაზე სწორი - რკინის ხელი და კეთილი, გონიერი მეფის ფენომენი. მართალია, გაცილებით უფრო დაკნინებული ფორმით, მაგრამ პუტინმა ეს ფენომენი მაინც განასახიერა და, შესაბამისად, მისი პერიოდი ყველაზე უფრო ადეკვატურია რესტალინიზაციის თვალსაზრისით. ამავე დროს, პუტინისა და მისი რეჟიმისთვის დამახასიათებელი მაფიოზურ-კლანურ-კორუფციული ბუნება კიდევ უფრო აძლიერებს ჭეშმარიტად უანგარო და წესრიგის მოყვარული წარსულის ლიდერისადმი ნოსტალგიას და უკვე მეორე ფლანგიდან აძლევს მძლავრ იმპულსს რესტალინიზაციის ახალ ტალღას.
საინტერესოა თავად პუტინის დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი. ფაქტია, რომ რესტალინიზაციის ახალ ტალღას მისი ხელისუფლება ფარულად ხელს უწყობს. ეს აშკარად იგრძნობა და იშიფრება. პუტინს სჭირდება სტალინი თავისი პირადი ხელისუფლების განსამტკიცებლად. პუტინმა რადიკალურად ჩაახშო დემოკრატია რუსეთში, მოსპო ხელისუფლებისა და მთავარი ხელისუფალის არჩევითობის საშუალება. მისი დავალებით გამოიგონეს კიდეც რაღაც უცნაური სახელმწიფო მართვის ფენომენი „სუვერენული დემოკრატიის“ სახით. პუტინის რეჟიმის მთელი პრაქტიკა და იდეოლოგია ფაქტობრივად მიმართულია იქითკენ, რომ ხალხში დანერგონ კონცეფცია იმის შესახებ, თითქოს რუსეთისთვის მიუღებელია დასავლური ტიპის დემოკრატია, თითქოს მას სჭირდება მტკიცე სახელმწიფო სისტემა და „ნაციონალური ლიდერი“. ამდენად, რესტალინიზაციის ახლანდელ პროცესში თანხვედრაში მოდის როგორც სტალინის თემის დღევანდელი განვითარების მორიგი ლოგიკური ეტაპი, ისე უზენაესი მმართველისა და მისი გუნდის ინტერესები. შემთხვევითი არ არის, რომ მთელი რუსეთის მასშტაბით 2008 წელს გამართულ კონკურსზე „რუსეთის სახელი“, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს უნდა აერჩიათ თავიანთი ქვეყნის ყველა დროის ყველაზე დიდი მოღვაწე, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დიდი უპირატესობით პირველ ადგილზე გავიდა სტალინი. შემდეგ კონკურსი რაღაცნაირად მიაფუჩეჩეს და ბოლოს გამარჯვებულად გამოაცხადეს ალექსანდრ ნეველი, მაგრამ რეალური შედეგი ყველასთვის ნათელი იყო.
დღევანდელი რესტალინიზაციის პროცესიდან ერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: თავისი ახლანდელი ტერიტორიით და ფორმებით რუსეთი ვერასდროს ვერ შეძლებს ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას. ის პერიოდულად ითხოვს ტირანს, მორიგ სტალინს. ამიტომ სტალინი თავისთავად არც ცუდია და არც კარგი – ის არის უბრალოდ ის, რაც სჭირდება რუსეთს. ცუდი თავად იმპერიული რუსეთია, რომელიც შეუძლებელია ამხელა ტერიტორიაზე, ასეთი ეთნო-კონფესიური სურათით დემოკრატიული და ნორმალური იყოს. როცა რუსეთი დაიშლება შედარებით მცირე ზომის რამდენიმე სახელმწიფოდ, მაშინ ამ სახელმწიფოების ტერიტორიებზე გაჩნდება დემოკრატიის აღმშენებლობის შანსი. მანამდე კი რუსეთს ყოველთვის დასჭირდება სტალინი.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია