ახალი ზელანდიის საპენსიო გაკვეთილები საქართველოსთვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-10-2013, 22:45 | კომენტარები | ნანახია - 1808

ახალი ზელანდიის საპენსიო გაკვეთილები საქართველოსთვისანდრია ურუშაძე

 

თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

 

ძალიან ბევრი ადამიანისთვის ასაკის პენსიის ისტორია ბისმარკისეულ გერმანიას უკავშირდება და, ვფიქრობ, ძალიან ცოტათვის არის ცნობილი რიჩარდ სედონის გვარი და მის მიერ შექმნილი ახალ ზელანდიური საპენსიო მოდელი.

 

გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1889 წელს მიიღო კანონი ასაკოვანი ადამიანების პენსიით უზრუნველყოფის შესახებ. ინდივიდუალურ შენატანებზე დამოკიდებული საპენსიო სქემა მეტ პენსიას პირდებოდა იმას, ვისაც სამუშაო წლების განმავლობაში მეტი საპენსიო გადასახადი ჰქონდა გადახდილი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადენაუერის მთავრობამ ეს სქემა  დღეისათვის ყველასთვის ცნობილი -  PAYG (გადაიხადე, სანამ შეგიძლია) მოდელით შეცვალა, მაგრამ ისტორია ისტორიაა და საპენსიო დებატების დროს, საქართველოში ყველაზე ხშირად სწორედ ბისმარკის გვარს ახსენებენ ხოლმე.

 

გერმანიაში საპენსიო კანონის მიღებიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ, დანიამ (1891) და შემდეგ უკვე ახალმა ზელანდიამ (1898 წელს) საპენსიო უზრუნველყოფის გერმანიისგან რადიკალურად განსხვავებული გზა აირჩიეს.

 

ასაკის პენსიები ამ ქვეყნებში არა ინდივიდუალური შენატანებით, არამედ მხოლოდ ზოგადი გადასახადებიდან ფინანსდებოდა. თავდაპირველად პენსიის  გაცემა საჭიროების მიხედვით ხდებოდა და პენსია მხოლოდ ღარიბი ასაკით პენსიონერებისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისად, ამ საპენსიო მოდელის მთავარი მიზანი ასაკთან დაკავშირებული სიღარიბის შემცირება იყო და არა, როგორც გერმანიის შემთხვევაში,  კონკრეტული პენსიონერისთვის პენსიაზე გასვლის შემდეგ შემოსავლებისა და ცხოვრების დონის შენარჩუნება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მხოლოდ იმ პენსიონერებს ეხმარებოდა, ვისაც საკუთარი თავის დახმარება საკუთარი დანაზოგით, ან დამოუკიდებელი შემოსავლებით თავად აღარ შეეძლო.

 

1821 წლის 21 სექტემბერს, პრემიერ მინისტრმა რიჩარდ სედონმა კანონპროექტი ახალი ზელანდიის საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა. საპენსიო დებატები 90 საათი გაგრძელდა და საკუთარი აზრი 1400 გამომსვლელმა გამოთქვა.  როგორც დღემდე მოღწეული ამ პატარა ჩანახატიდანაც ჩანს, პრემიერს დებატების დიდი ნაწილი ეძინა, მაგრამ დარბაზი არ დაუტოვებია და ბოლომდე დაიცვა თავისი პოზიციები.

 

ამ კანონის მიხედვით, ახალ ზელანდიაში  წლიური პენსია 18 ფუნტი იყო (დღეს დაახლოებით $3140 ექვივალენტი) და მისი მიღების უფლება ჰქონდა მხოლოდ  65 წელს მიღწეულ ღარიბ ადამიანს. ღარიბად ითვლებოდა ის, ვისი  წლიური შემოსავალიც 34 ფუნტს (დღეს - $5940)  არ აღემატებოდა და ვისი კუთვნილი ქონებაც 50  ფუნტზე (დღეს - $8730) ნაკლებად იყო შეფასებული.  საინტერესოა, რომ პენსიის მისაღებად აუცილებელი პირობა იყო “მაღალი მორალი”, ხოლო “ჩინელებზე და სხვა აზიატებზე” სახელმწიფო პენსია არ გაიცემოდა - ახალი ზელანდიის ლიბერალ პრემიერ რიჩარდ სედონს აღიზიანებდა ქვეყანაში მომრავლებული ჩინური კოლონიები.

 

ისტორიულად,  ზოგიერთმა ქვეყანამ  (დანიისა და ახალი ზელანდიის მსგავსად)  თავიდან დახმარებაზე ორიენტირებული საპენსიო მოდელი აირჩია (ავსტრალია, გართიანებული სამეფო, შვეცია, ნორვეგია),  ხოლო  ზოგმა (გერმანიის მსგავსად) შენატანებზე დამოკიდებული საპენსიო მოდელი (მაგ. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ქვეყნები). 

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი არჩევანი (და არა ერთხელ). საპენსიო სისტემები მრავალსვეტიანი და მრავალკომპონენტიანი გახდა, მაგრამ ეს ორი მიდგომა: გერმანული - შენატანებზე დამოკიდებული  და  ახალზელანდიური - დახმარებაზე ორიენტირებული, დღესაც ასაკის პენსიის მიმართ ორ განსხვავებულ მიდგომას ასახავს.

 

80-იან წლებში ჩილეში  განხორციელებულმა რევოლუციურმა საპენსიო რეფორმამ კერძო ანგარიშებზე დამოკიდებულ საპენსიო მოდელს დაუდო სათავე, რომელსაც ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, როგორც სამხრეთ ამერიკაში, ისე მსოფლიოს სხვა რეგიონებში (მაგ. პოლონეთი).  ამ რეფორმის მთავარი არქიტექტორი ხოსე პინეირა (შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი გენერალ პინოჩეტის მმართველობის დროს) დღეს დაგროვებითი პენსიების ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია და ჩილეს გამოცდილების პოპულარიზაციითაა დაკავებული. 2011 წელს ბატონი პინეირა ჩვენ მეზობელ სომხეთსაც ეწვია, რადგან იქ არჩევანი  კერძო ანგარიშებზე დამყარებულ მოდელზე შეაჩერეს.

 

 ახალი ზელანდია, რომელიც დღემდე საკუთარი არჩევანის ერთგული დარჩა, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებიდან ერთადერთი გამონაკლისია. დღეს ახალი ზელანდიის მსგავსი, უნივერსალური საპენსიო მოდელი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში  მოქმედებს:  ნამიბია, ბოცვანა, ბოლივია, ნეპალი, სამოა, ბრუნეი, კოსოვო, მავრიტანია,  ქალაქი მეხიკო და საქართველო.

 

რატომ დარჩა ახალი ზელანდია უნივერსალური საპენსიო მოდელის ერთგული? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.  პირველი მიზეზი არის ის, რომ  ახალ ზელანდიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული და ქვეყნის ეკონომიკაში მაღალია არაფორმალური სექტორი. შენატანებზე დამოკიდებული მოდელის შემთხვევაში ამ ადამიანების დიდი ნაწილი “თამაშგარე” მდგომარეობაში, ანუ დაგროვებითი საპენსიო სქემის გარეთ აღმოჩნდებოდა.   

 

მეორე მიზეზი არის ის, რომ დაგროვებითი საპენსიო სქემა ხელს უწყობს ე.წ. ფარული საპენსიო ვალების დაგროვებას.  ყველა იმ  ევროპულ ქვეყანაში, სადაც PAYG სისტემა მოქმედებს, საპენსიო დეფიციტის დასაფინანსებლად მშპ-ის 10% და მეტი იხარჯება, ხოლო აღებული საპენსიო ფინანსური ვალდებულებების ჯამი მშპ-ს 150-200% -ით აღემატება.  გარდაუვალი ფინანსური კრიზისის თავიდან აცილებას PAYG სისტემის ქვეყნები მუდმივი რეფორმირების გზით ცდილობენ (საპენსიო ასაკის გაზრდა, სავალდებულო სტაჟის გაზრდა, გადასახადების გაზრდა), თუმცა ეს ყოველთვის არ არის გამოსავალი და ამას საბერძნეთის მაგალითიც ადასტურებს.

 

საპენსიო ვალების დაგროვების მექანიზმი მოსახლეობის დაბერება და ეკონომიკური ზრდის შეფერხებაა. დაგროვებითი სქემა მუშაობს მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც ახალგაზრდა, დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება პენსიის მიმღებთა რიცხვს, ხოლო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლებს. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს და საქართველოს, მოსახლეობის დაბერების ტენდენციას შეუქცევადი ხასიათი აქვს და უახლოეს მომავალში ფინანსური წნეხი საპენსიო სისტემებზე კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ეს არის ის ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალი ზელანდიის მთავრობა შენატანებისაგან დამოუკიდებელი მოდელის ერთგულია და, იგივე მიზეზების გამო, ჩემთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს მთავრობის ახალი საპენსიო ინიციატივა და მოსახლეობის “დაბოლება” დაგროვებითი პენსიის სიკეთეებით.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია