რუსეთი: "ოცნება" და რეალობა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 13:13 | ეკონომიკა | ნანახია - 2429

რუსეთი: "ოცნება" და რეალობაგრიგოლ ვაშაძე

Российская экономика зависит от цен на нефть.
К сожалению, цены на нефть не зависят
от российской экономики.
Малек Яфаров

 

1 ოქტომბრის შემდეგ ხელისუფლება ყოველ დღე გვიმეორებს, რომ: “რუსეთთან დიალოგია საჭირო”, რომ “ჩვენ მწარმოებელს რუსეთის ბაზარი სჭირდება და უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნას”. ან კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გამსჭვალული: “რუსეთი ჩვენი მოკავშირე უნდა გახდეს. ის უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველოს NATO-ში შესვლა მის ინტერესებშია”.
იქნებ მართალია მეოცნებე ხელისუფლება და ჩვენი მომავალი რუსეთს უნდა დავუკავშიროთ? იქნებ ჩვენი განვითარების მაგისტრალური გზა მართლა რუსეთზე გადის? იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებობს რომელიღაც სხვა, ჩვენთვის უცნობი რუსეთი, რომელსაც არა აქვს არავითარი პრობლემები, მათ შორის, საქართველოსთან, და სამაგიეროდ აქვს უკიდურესად ჯანსაღი ეკონომიკა და დინამიური ბაზარი, რუსეთი, რომელშიც ყველა ერთი ჟინით არის შეპყრობილი - რამენაირად, ონიშჩენკოს მიუხედავად, ქართული პროდუქცია შეიძინოს და ინვესტიციებით აგვავსოს.
ახლა კი რუსეთის ყოფის რეალურ სურათს შევხედოთ.
ეკონომიკით დავიწყოთ.
2012 წლის კრასნოიარსკის ფორუმზე რუსეთის პრემიერი მედვედევი კატეგორიულად პირდებოდა ბიზნესს და ინვესტორებს ეკონომიკის მინიმუმ 5-პროცენტიან ზრდას. ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების კონიუქტურაც თითქოს ამ პროგნოზს ამყარებდა: 1 ბარელი ნავთობის საშუალო ფასი $97-დან $105 დოლარამდე გაიზარდა.
მაგრამ, რუსები რომ იტყვიან: “Не склалось!” 2013 წლის იანვარში უკიდურესად უსიამოვნო სიმპტომებმა იჩინა თავი: როსტატმა (Росстат) 2012 წლის იანვართან შედარებით სამრეწველო წარმოების 0,8%-ით დაცემა უპატაკა მთავრობას, ხოლო 2012 წლის დეკემბერთან შედარებით ვარდნამ უკვე 11,8% შეადგინა. თებერვალში სიტუაცია გაუარესდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცუდი მონაცემებია.
2013 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთის ეკომიკის მინისტრი ბელოუსოვი და მისი პირველი მოადგილე კლეპაჩი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,5%-ზე ნაკლები იქნება. ამას დაემატა ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის გადინება, რომელმაც მარტო იანვარ-თებერვალში 35 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ეჰ, ისევ არ ხერხდება კომუნიზმის აშენება დაპირებულ დროს… ბარელი ნავთობი აგერ $120 დოლარი ღირს დღეს და ეკონომიკა კი უკან მიდის! რატომ ხდება ეს? რატომ ვეღარ შველის რუსეთის ეკონომიკას მისი კარგად გამოცდილი სტიმულატორი - ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ტექნოლოგიური ჩამორჩენაა. მაღალი ტექნოლოგიების ყველა სფეროში რუსეთი აუტსაიდერია. სამხედრო ინდუსტრია, ავიაინდუსტრია, ქიმია, ბიოტექნოლოგია, კოსმოსი, IT ტექნოლოგიები და ასე შემდეგ ან არ არსებობს, ან სულს ღაფავს.
მეორე - კვალიფიციური და არაკვალიფიციური მუშახელის დეფიციტი. 17,5 მილიონი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 130 მილიონიანი მოსახლეობა - ამით ყველაფერია ნათქვამი. თუ არაკვალიფიციური მუშახელის იმპორტი კიდევ შეიძლება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და კავკასიიდან, კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოფხვრა მარტო იმიგრაციით შეუძლებელია: ამას განათლების სისტემაში სერიოზული სახელმწიფო ინვესტიციები სჭირდება. ამგვარი ინვესტიციების ეფექტურად გამოყენების გარანტია კი სტრუქტურული რეფორმები და ეფექტური სახელმწიფო აპარატია. არც ერთი და არც მეორე დღეს რუსეთში არ არის.
მესამე - ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის რუდიმენტური მდგომარეობა.
მეოთხე: სულ უფრო მზარდი საგადასახადო პრესი. შეუჩერებლად იზრდება სოციალური დაზღვევა, გადასახადები მცირე და საშუალო ბიზნესზე, აქციზები, ქონების გადასახადი, საყოფაცხოვრებო-კომუნალური გადასახადები. ამ პეიზაჟს კორუფციული “გადასახადიც” უნდა მივუმატოთ, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
მეხუთე: კორუფცია. სხვა და სხვა მონაცემებით რუსეთის ეკონომიკური აქტივობის 20%-დან 50%-მდე შავ ან ნაცრისფერ ზონაშია.
მეექვსე: ტოტალური მარცხი რეფორმების გატარებაში. საპენსიო რეფორმა, არმიის რეფორმა, კომუნალური სფეროს რეფორმა, სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა, დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებელი ღონისძიებები, ანტიკორუფციული კანონმდებლობა, სოფლის მეურნეობის რეფორმები, სკოლკოვოში მაღალი ტექნოლოგიების ოაზისის შექმნის მცდელობა, - ყველა ეს ძალისხმევა წარუმატებელი გამოდგა.
მეშვიდე: თავდაცვის ბიუჯეტი. თუ XX საუკუნეში წელშიგაწყვეტილ ქვეყნის მოსახლეობას, - რომელმაც სამი რევოლუცია, ორი მსოფლიო ომი, კოლექტივიზაცია, ინდუსტრიალიზაცია, ოთხი სახელმწიფო წყობის გამოცვლა გადაიტანა და ასი წელი სისხლში იცურავა, - კიდევ რაღაც იმპერული ბოდვებით კვებავ, თუ სამხედროებს ტრილიონიან თავდაცვით ხარჯებს პირდები, თუ ჯანდაცვა და განათლება ახლო აღმოსავლეთში და კორეის ნახევარკუნძულზე გლობალურ თამაშებში მონაწილეობას უნდა შეეწიროს, მაშინ რა ეკონომიკურ ზრდაზე და მეექვსე ტექნოლოგიურ ტალღაზეა საუბარი?
მერვე: ინვესტიციები “ქვეყნის პრესტიჟში”. მაგალითად, ზამთრის ოლიმპიადა სუბტროპიკებში (ჯერჯერობით 1,5 ტრილიონი რუბლი!), ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, APEC-ის, G8-ის, G20-ის, დსთ-ს თავყრილობები და ასე ad infinitum იმ ქვეყანაში, სადაც დედაქალაქიდან 20 კილომეტრში გაზი არ არის გაყვანილი მოსახლეობისათვის.
მეცხრე: ინფლაცია. სახელმწიფო სახსრების გაუაზრებელი ხარჯვა, ნავთობის და გაზის კომპანიების სულ უფრო მზარდი შემოსავალი ასაზრდოებენ ინფლაციას, რომელიც მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას და ამცირებს მოხმარებას.
ამ საშინაო პრობლემებს საგარეო ფაქტორებიც ემატება, კერძოთ:
- ეკონომიკური აქტივობის შემცირება ევროპაში, რომელიც რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, შეერთებულ შტატებში და ჩინეთში;
- შესაბამისად, ნავთობზე და გაზზე მოთხოვნილების და ფასების ვარდნა;
- პირდაპირი ინვესტიციების შემცირება.
საინტერესო ციტატა მსოფლიო ბანკის მოხსენებიდან: “თუ ყურადღებით შევხედავთ, რუსეთის ეკონომიკა განახევრდა იმ ათწლეულში, რომელიც 2008 წლის კრიზისს უძღოდა წინ, და ეს მიუხედავად ნავთობზე მაღალი ფასებისა. ინვესტირება ხდება სახელმწიფოს ხარჯზე, უცხოური ინვესტიციები კი მუდმივად კლებულობს. ბიუჯეტის 50% ენერგომატარებლების გაყიდვაზეა დამოკიდებული”.
ამ ქვეყნის ბაზარი უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი?
P. S. კისლოვოდსკში თათბირზე რეცესიის პერსპექტივით აღელვებულმა პუტინმა ჩვეული დელიკატურობით უთხრა თავის კაბინეტს: “Давайте повысим качество нашей работы. Если мы этого не сделаем, надо будет признать, что либо я работаю неэффективно, либо вы все плохо работаете и вам нужно уйти. Обращаю ваше внимание на то, что на сегодняшний день я склоняюсь ко второму варианту».
P. P. S. ხომ გახსოვთ ორი მთავარი რუსული შეკითხვა: “Кто виноват?” და ”Что делать?” კარგია, რომ პასუხი პირველ შეკიხვაზე რუსებს თითქმის უკვე აქვთ.
To be continued…

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია