რატომ არა ევრაზიულ საბაჟო კავშირს?!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-10-2013, 16:47 | ეკონომიკა | ნანახია - 4360

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

 

ევრაზიული საბაჟო კავშირი ბევრისთვის საბჭოთა კავშირის ანალოგიაა და ამის მაგალითად საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტებიც მოჰყავთ - მაგალითად ის, რომ კავშირის წევრობა, დღეისთვის არსებული ინფორმაციით, პერსპექტივაში გულისხმობს: წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ბაზაზე, ერთიანი სამხედრო და პოლიციური ძალების შექმნას შიდა კონფლიქტების მოსაწესრიგებლად, თავდაცვის ცენტრით მოსკოვში; ერთიან პარლამენტს და ერთიან აღმასრულებელ ხელისუფლებას; (ზესახელმწიფოებრივი ორგანოების შექმნას); 2022 წლისათვის ერთიან ვალუტას (სავარაუდოდ რუსულ რუბლს);  საგარეო პოლიტიკის რუსეთთან კოორდინაციას; ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას; ერთიან საბანკო სივრცეს; ერთიან საბაჟო და ეკონომიკურ სივრცეს.

 

მიუხედავად ამისა, ჩვენი ორგანიზაციის - „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, პროფლიდან გამომდინარე, ძირითად აქცენტს სწორედ ეკონომიკურ მხარეზე გავაკეთებთ. „ევრაზიული საბაჟო კავშირი ევრაზიული ეკონომიკური გაერთიანების ფარგლებში“ - ამ გაერთიანების დასახელებაში ძირითადად ეკონომიკური თემატიკაა ხაზგასმული. ევრაზიული კავშირის წევრობის მომხრეებიც დღეს ძირითადად ეკონომიკურ ბენეფიტებზე საუბრობენ და ნაკლებად - პოლიტიკურ შემადგენელზე. ერთი შეხედვით მომხიბლავად გამოიყურება პერსპექტივა, რომ ამის შედეგად ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრი გაიხსნება და ამით უდიდესი ეკონომიკური წინსვლა გარანტირებულია. დეტალურად შევჩერდებით ამ მოლოდინსა და რეალურ პერსპექტივაზე:

დღეის მდგომარეობით „ევრაზიული საბაჟო კავშირი არის სავაჭრო ეკონომიკური ინტეგრაციის ფორმა ბელორუსს, ყაზახეთსა და რუსეთს შორის. იგი ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოებისთვის „ერთობლივ საბაჟო სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ტვირთბრუნვა არ იბეგრება საბაჟო გადასახადებით და არ გამოიყენება ეკონომიკური ტიპის შეზღუდვები“. თუმცა აქვე არის დათქმა იმის თაობაზე, რომ ამ გაერთიანების წევრობა „არ გამორცხავს სპეციალური დაცვითი, ანტიდემპინგური და კომპენსაციის ღონისძიებების გატარებას ქვეყნების მიერ“.

 

საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ს წევრი ქვეყანა იყო (დსთ ოფიციალურად ქვეყანამ 2008 წლის ომის შემდეგ დატოვა), როცა მის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო ამოქმედდა (2006 წელს). ამასთან, ეს ემბარგო სწორედ სასურსათო უვნებლობის ზომებთან იყო დაკავშირებული. ეს კარგი მაგალითია იმის გასააზრებლად, რომ ევრაზიული კავშირის წევრობა არ არის საქართველოსთვის იმის გარანტია, რომ ამ ქვეყნის პროდუქცია არ მოექცევა „სპეციალური დაცვითი“ სანქციების ქვეშ, რომელზეც საბაჟო კავშირის დოკუმენტებშია საუბარი. მეტიც, ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის დათქმები სწორედ საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის არის ჩადებული.

ამის პარალელურად კი, საქართველოს მოუწევს თავადაც გაუწიოს პრეფერენცია რუსულ და საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების იმ პროდუქციის იმპორტს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ჩანაცვლებულია თურქული, ჩინური თუ სხვა პროდუქციით. ეს, ცხადია, შეზღუდავს კონკურენციას საქართველოს ბაზარზე, სავარაუდოდ, აისახება ფასების ზრდაზე და გამოიწვევს მოხმარებული პროდუქციის ხარისხის ვარდნას. განსხვავებულ საბაჟო რეჟიმში ჩაყენებული არაწევრი ქვეყნები პროდუქციის ფასი არაადექვატურად შეიძლება გაძვირდეს. შესაბამისად, როგორც, მაგალითად საბჭოთა კავშირის ეპოქაში, საქართველოს მოსახლეობას ექნება არჩევანი რუსული ან ევრაზიული კავშირის წევრი სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციასა და სხვა ქვეყნების უკიდურესად გაძვირებულ პროდუქციას შორის. ასეთი პერსპექტივა შესაძლოა არარეალისტურად გამოიყურებოდეს 21-ე საუკუნეში, მაშინ, როცა საქართველოცა და რუსეთიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებია. თუმცა ამ ვარაუდის რეალისტურობის ხარისხი იზრდება იმ პირობის ფონზე, რომელიც ასევე ჩადებულია ევრაზიული კავშირის დოკუმენტებში: „საბაჟო კავშირის წვერი ქვეყნები იყენებენ ერთობლივ ტარიფსა და რეგულირების სხვა ერთობლივ ზომებს მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს.“

 

ევრაზიული საბაჟო კავშირში გაწევრიანება, როგორც მინიმუმ, ნიშნავს, რომ საქართველოს, შესაძლოა, უარის თქმა მოუწიოს იმ პრეფერენციებზე, ანუ შეღავათებზე მსოფლიო ბაზრებზე, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში ნაბიჯ-ნაბიჯ აქვს მოპოვებული და მათზეც, რომელსაც უახლოეს პერიოდში მოელის, მაგალითად ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებაზე (DCFTA).

 

რადგან ჩვენ დღეს აქცენტს ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე ვაკეთებთ, მოკლე ინფორმაცია საქართველოსთვის დღეს არსებული სავაჭრო პრეფერენციების შესახებ:

1. უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (Most-Favored-Nation) საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმეტესობა არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრი და შესაბამისად, ვმო-ს წევრ ქვეყნებთან (158 ქვეყანა) სავაჭრო ურთიერთობები ხორციელდება “უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის” (MFN) საფუძველზე.

 2. პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა (Generalized System of Preferences - GSP) პრეფერენციების განზოგადებული სისტემის (GSP) ძირითადი არსია ბენეფიციარი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაზო საიმპორტო ტარიფის შემცირებული განაკვეთების დაწესება, რაც აადვილებს განვითარებადი ქვეყნების საქონლის შეღწევას განვითარებული ქვეყნების ბაზარზე. 3. GSP + დღეის მდგომარეობით საქართველოს სარგებლობს ევროკავშირთან «GSP+» -ის სისტემით, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ქართული წარმოშობის 7200-მდე დასახელების პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს ნულოვანი საბაჟო განაკვეთით;

4. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს დსთ-ს ყველა ქვეყანასთან და თურქეთთან;

5. ამას გარდა, საქართველო არის შემდეგი ქვეყნების პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის რეჟიმის ბენეფიციარი: აშშ, იაპონია, კანადა, შვეიცარია და ნორვეგია.

ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, როგორც მინიმუმ თურქეთის, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის, სავაჭრო ბაზარი საქართველოსთვის უკვე ვეღარ იქნება ხელმისაწვდომი ძველი პირობებით. წევრი ქვეყნების ერთიან პირობებში ყოფნა, ერთის მხრივ, თავად ევრაზიული საბაჟო კავშირის პირდაპირი მოთხოვნაა, მეორეს მხრივ კი ევროკავშირის მხრიდანაც გახმოვანებული წინაპირობა. ეს იმას ნიშნავს რომ ევროინტეგრაცია და ევრაზიული საბაჟო კავშირი შეუთავსებადია.

 

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არსებული შეღავათების ძალიან დიდი ნაწილის ათვისებას ვერ ახერხებს. თუმცა პოტენციალი უზარმაზარია და, სწორი მუშაობის შემთხვევაში, ყველა ამ ბაზრის ამოქმედება საქართველოს ეკონომიკის მნიშვნლოვანი წინსვლის წინაპირობა შეიძლება გახდეს.

ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში კი, საქართველოში დამზადებულ ნაწარმს ევროპაში ისეთივე სარეალიზაციო პირობები შეექმნება, როგორითაც ადგილობრივი, ევროპული პროდუქცია სარგებლობს. მართალია, ამისთვის ქართულ პროდუქტს მოუწევს დააკმაყოფილოს მკაცრი ევროპული მოთხოვნები, რაც საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა, სამაგიეროდ მისი ხარისხი გაიზრდება და, შესაბამისად, გაიზრდება მისი საექსპორტო პოტენციალი.

 

ევროკავშირის ბაზარი დაახლოებით 480 მილიონ მომხმარებელს მოიცავს, და მისი კომბინირებული მთლიანი შიდა პროდუქტი 16 ტრილიონ ევროს შეადგენს. ნავარაუდევია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს მინიმუმ 12%–ით, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტს – 7.5%–ით გაზრდის. ქართული ბიზნესი ევროკავშირის შიდა ბაზრის სრულუფლებიანი მოთამაშე გახდება და მას გზა გაეხსნება იაფი ევროპული საკრედიტო რესურსებისკენ.

 

რამდენად შეძლებს და გადაწონის ამ პრეფერენციებს ევრაზიის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შედეგად მიღწეული პრეფერენციები და, თუნდაც, რუსეთის ბაზრის სრულად გახსნა საქართველოს პროდუქტისთვის?

 

2005 წელს, ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებულ ემბარგომდე, მაშინ, როცა საქართველო ჯერ კიდევ დსთ-ს წევრი ქვეყანა იყო, საქართველოს ექპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელს რუსეთში, კერძოდ: ევროკავშირში ექსპორტი წელიწადში 216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა მაშინ, როცა საქართველოს ექსპორტი რუსეთში 153 მილიონი აშშ დოლარი იყო. რუსეთს სულ უმნიშვნელოდ ჩამოუვარდებოდა თურქეთი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ რუსეთის ემბარგოდან დღემდე საქართველოს ექსპორტი დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში თითქმის გაოთხმაგებულია 241 მილიონიდან 778 მილიონამდეა გაზრდილი და ემბარგომდელ რუსეთის ექსპორტს 5-ჯერ აღემატება (იხილეთ დიაგრამები).

 

 

ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ამ პერიოდში შეძლო ბაზრების დივერსიფიცირება, მოახდინა ახალი ბაზრების ათვისება, გაზარდა პროდუქციის და საკუთარი კონკურენტუნარიანობის ხარისხი.

 

 

ეს ციფრები დაახლოებით წარმოდგენას იძლევა იმაზე, რას კარგავს საქართველო, თუ აირჩევს ევრაზიული კავშირის წევრობას და ითამაშებს რუსული ეკონომიკური წესებით. მიიღებს რუსულ ბაზარს, რუსული პირობებით და დაკარგავს ბოლო 10 წლის მანძილზე მიღწეულ წარმატებებს საერთაშორისო ბაზარზე, ფინანსურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან ერთად. ევრაზიული საბაჟო კავშირი წევრ ქვეყნებს, რეალურად, სთავაზობს გეოგრაფიულ საზღვრებზე დაფუძნებულ სავაჭრო და ეკონომიკურ წესებს. მსგავსი, გეოგრაფიულ საზღვრებზე დაფუძნებული ეკონომიკური ურთიერთობები ნონსენსია გლობალური საბაზრო ეკონომიკის არსებობის ეპოქაში და იგი წევრ ქვეყნებს, რეალურად, თვითიზოლაციისკენ უბიძგებს. რაც საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის, რომელიც დღეს ინტეგრირებულია მსოფლიო სავაჭრო სივრცეში, მომგებიანი ვერანაირად ვერ იქნება.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია