ჩემი ავტობიოგრაფია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-10-2013, 18:05 | არქივი | ნანახია - 1995

გიორგი თვალაბეიშვილი

 

ჩემი ავტობიოგრაფიაგასულ კვირას, ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სპეციალისტმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. "ჩემი ავტობიოგრაფია" - ასე ჰქვია ფერგის ნაშრომს, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ევრონულ ფეხბურთში მთავარი განსახილველი თემა გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი დამრიგებელი გულახდილად გვიამბობს თავისი  პირადი ცხოვრებისა, თუ მანჩესტურული კლუბის ბევრ მნიშვნელოვან მოვლენაზე.

 

ჩემი ავტობიოგრაფიაბექჰემი მთავარი იმედგაცრუება იყო

 

წიგნის გაცნობის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ფერგიუსონს დევიდ ბექჰემთან დაკავშირებული სიტუაცია თავის კარიერაში ერთ-ერთ მთავარ იმედგაცრუებად მიაჩნია. მას შვილივით უყვარდა დევიდი, აღფრთოვანებული იყო   იმ სიჯიუტითა და მტკიცე ხასიათით,რომლითაც ბექსი თავისი საფეხბურთო ოცნების ასრულებისკენ მიდიოდა. თუმცა, ფერგიუსონს მიაჩნია, რომ ბექჰემმა დაივიწყა მთავარი - როგორ გახდა ვარსკვლავი და რას ნიშნავს თავდადება მოედანზე.

სწორედ ეს იყო მიზეზი სკანდალურად ცნობილი კულმინაციისა, როცა 2003 წელს, "ოლდ ტრაფორდზე” "არსენალთან” მატჩში ბექჰემი დაცვაში არ დაბრუნდა და ამას "იუნაიტედის” კარში გატანილი გოლი მოჰყვა. გასახდელში ფერგიუსონმა ბექჰემს ბუცი ესროლა და წარბი გაუხეთქა. მომდევნო დღეს დევიდმა ჟურნალისტებს ჭრილობის გადაღების უფლება მისცა და ფერგიუსონმა ფეხბურთელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მას მიაჩნდა, რომ ბექჰემმა კლუბზე და მწვრთნელზე უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა თავი.

სერ ალექსი მიიჩნევს, რომ პოპულარობამ დევიდი არასწორი მიმართულებით შეცვალა. მან გადაწყვიტა საფეხბურთო მოედნის მიღმა მოეპოვებინა დიდება. ფერგიუსონი ერთი საგულისხმო  ისტორიას  გვიამბობს - ბექსის წარმომადგენლებმა ათეულობით ფოტოგრაფს  ამცნეს, რომ ფეხბურთელი ახალი ვარცხნილობით წარსდგებოდა საზოგადოების წინაშე (ახალი ვარცხნილობა მთლიანად გადაპარსული თავი აღმოჩნდა). ფერგი აქვე აღნიშნავს, რომ ბექჰემი ლოს ანჯელესში არასაფეხბურთო მიზეზებით გაემგზავრა.

საინტერესოა, რომ ამ თავში ნახსენები არ არის დევიდის მეუღლე ვიქტორია და საერთოდ, წიგნის ეს ნაწილი ყოველგვარი ბოღმის გარეშეა დაწერილი. აქ უფრო სინანული იგრძნობა იმაზე, რომ ბექჰემმა უარი თქვა "მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ უდიადეს ლეგენდად ქცეულიყო.

 

ჩემი ავტობიოგრაფიაკინი უნდა წასულიყო

 

სერ ალექსი გუნდის კაპიტანსა და თილისმას როი კინს აღწერს, როგორც ექსცენტრულ და შიშისმომგვრელ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია გასახდელში დააშინოს არა მხოლოდ მოთამაშეები, არამედ მთავარი მწვრთნელიც კი. კინი საქმეებს აგვარებდა რკინის მუშტითა და მახვილი ენით, რომელიც, ფერგიუსონის თქმით, "მისი სხეულის ყველაზე მძლავრი ნაწილი იყო”. ფეხბურთელისა და მწვრთნელის შეხლა-შემოხლა თანამედროვე "ოლდ ტრაფორდის” ფოლკლორად იქცა. ამან მოიტანა კინის გავლენის დაკარგვა და აქედან გამომდინარე, ფეხბურთელის იმედგაცრუება.

ყველაფერი MUთV-თვის მიცემული სკანდალური ინტერვიუთი დაიწყო. ამ ინტერვიუში კინმა უმოწყალოდ გააკრიტიკა თანაგუნდელები, მათ შორის, კირან რიჩარდსონი, დარენ ფლეტჩერი, ალან სმიტი, ედვინ ვან დერ სარი და რიო ფერდინანდი. მან ზიზღით ილაპარაკა რიოზე. მისი სიტყვებთ, ფერდინანდი თავს ვარსკვლავად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევდა, რომ თვეში 120 ათას ფუნტს იღებდა და "ტოტენჰემის” წინააღმდეგ 20 წუთი კარგად ითამაშა.

კინი გამოვიდა წინადადებით, რომ ეს ინტერვიუ ყველას ენახა და დაფიქრებულიყო თავის საქციელზე.ამ ინტერვიუს ფერგიუსონსა და ბევრ მოთამაშეს შორის  სერიოზული ჩხუბი მოჰყვა. კინმა მთელი გუნდის თანდასწრებით გააკრიტიკა სერ ალექსი და მწვრთნელი იმაში დაადანაშაულა, რომ  მას თავისი პირადი საქმეები უფრო მეტად ადარდებდა, ვიდრე კლუბში არსებული მდგომარეობა. ამით როიმ ფერგიუსონსა და "იუნაიტედის” მაშინდელ მფლობელ ჯონ მაგნირს შორის დავაზე მიანიშნა,რომელიც დოღის ცხენის - "გიბრალტარის კლდის” გამო წარმოიშვა.  სერ ალექსი კინის ამ გამოსვლას საშიშ სანახაობას უწოდებს. შოტლანდიელი სასწრაფოდ ამოქმედდა და კლუბის ხელმძღვანელობასთან, კინის კონტრაქტის გაუქმებისა და მისი "სელტიკში” გაშვების პირობები შეათანხმა.

ფერგიუსონი წერს, რომ კინმა ბოდიშის მოხდა სცადა, მაგრამ მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. მათი დაპირისპირება, საჯარო განცხადებების მეშვეობით, ამის შემდეგაც გაგრძელდა.

სერ ალექსი მწვრთნელი კინის მუშაობის მანერასაც აკრიტიკებს. მისი აზრით, კინს გუნდის მშენებლობა მხოლოდ ახალი ფეხბურთელების შეძენით შეუძლია და ამასთანავე, არ გააჩნია მოთმინება ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად.

 

ტყვიას დავახლი რონალდოს, მაგრამ მას კალდერონს არ მივყიდი

 

სწორედ სერ ალექს ფერგიუსონმა შექმნა კრისტიანო რონალდოსგან ვარსკვლავი. შოტლანდიელი მას თავის საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნევს.

"კრისტიანო რონალდო ყველაზე ნიჭიერი იყო იმათგან, ვინც ოდესმე გამიწვრთნია, - წერს ფერგიუსონი. - ის აღემატებოდა ყველა იმ დიად მოთამაშეს, ვისაც ჩემს დროს "მანჩესტერში” უთამაშია. მას მხოლოდ ორი მოთამაშე მიუახლოვდა - პოლ სქოულზი და რაიან გიგზი, რადგან ისინი ორი ათწლეულის განმავლობაში გასაზღვრავდნენ "იუნაიტედის” თამაშს”.

ფერგიუსონმა გვიამბობს,  როგორ არწმუნებდა 2008 წელს რონალდოს არ გადასულიყო "რეალში”. მაშინ პორტუგალიელის გადაბირებას მადრიდის "რეალის” პრეზიდენტი რამონ კალდერონი აპირებდა. როდესაც კალდერონმა  პრესას განუცხადა - ოდესმე რონალდო "რეალის” მოთამაშე გახდებაო, ფერგიუსონმა გულში წყენა ჩაიდო  მასზე.

"ჩავედი პორტუგალიაში და შევხვდი რონალდოს. მან "რეალში” გადასვლის სურვილი გამოთქვა. მე  კი  ვუთხარი, რომ უფრო იოლად დავახლიდი მას ტყვიას, ვიდრე ახლა სხვაგან სათამაშოდ გავუშვებდი. შევთანხმდით,რომ თუ კარგად ითამაშებდა და მომავალ წელს რომელიმე კლუბი მასში სარეკორდო ტრანსფერს შემოგვთავაზებდა,  მხოლოდ ამ შემთხვევში გავუშვებდით.

საბოლოოდ, ასეც მოხდა: მომდევნო წელს რონალდო "რეალში” გადავიდა, მაგრამ უკვე ახალი პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის დროს. რეკორდულ 96 მილიონ ევროდ.

 

ჩემი ავტობიოგრაფიარუნის ნაკლი ფიზიკური ფორმაა

 

ფერგიუსონი თავის წიგნში ხშირად უბრუნდება უეინ რუნის თემას. სერ ალექსი მას ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო  მოთამაშედ   მიიჩნევს, მაგრამ ფორვარდის მთავარ პრობლემად  მის ფიზიკურ ფორმას მიიჩნევს.

"ძალიან რთულია წარმოიდგინო, რომ რუნი თავისი "ფიზიკით” 30 წლის შემდეგაც გააგრძელებს ფეხბურთის თამაშს”, - მიიჩნევს ფერგი.

 სერ ალექსი თვლის, რომ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა შეცდომა დაუშვა, როცა რუნის ევრო 2012-ის წინ ხანგრძლივი დასვენება მისცა.

"რუნი ის ბიჭი არ არის, ვინც უიქენდის სწორად გატარება იცის. ბოლო სეზონში ის ჩემგან ყოველთვის საყვედურს იღებდა  სათანადო ფიზიკურ ფორმაში  ყოფნის მოთხოვნით.

 

 

ჩემი ავტობიოგრაფიამას მართლაც მოსწონდა ჟოზე მოურინიო

 

იმ თავში, რომელიც ჟოზე მოურინიოს ეძღვნება, ფერგიუსონი თბილად ლაპარაკობს პორტუგალიელ სპეციალისტზე. ეს ამტკიცებს ვარაუდს იმის შესახებ, რომ მათ მართლაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. არადა, "იუნაიტედის” დირექტორთა საბჭოს წევრს სერ ბობი ჩარლტონს მიაჩნდა, რომ მოურინიო ცივი გონებით მოქმედებდა, რადგან ფერგიუსონის სავარძლის დაკავება სურდა.

სერ ალექსი ამბობს, რომ გაეცინა, როცა მოურინიომ "ჩელსიში” თავისი კარიერის საწყის წლებში საკუთარ თავს "განსაკუთრებული” უწოდა.

ფერგიუსონი ასევე აღიარებს, რომ ძალიან შორს შეტოპა მოურინიოს კრიტიკისას 2003-04 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "იუნაიტედისა” და "პორტუს” მატჩის შემდეგ. სერ ალექსი აღშოთებული იყო პორტუგალიელთა გაუთავებელი სიმულაციით და კიდევ უფრო მეტად გამოვიდა წყობიდან,როცა როი კინმა პრაქტიკულად დამოუკიდებლად გააძევა საკუთარი თავი მოედნიდან. როდესაც "პორტუმ” "ოლდ ტრაფორდზე” საპასუხო მატჩის შემდეგ "იუნაიტედი” ბრძოლას გამოთიშა, ფერგიუსონმა საკუთარ თავში იპოვნა ძალა მოურინიოსთვის მიელოცა. მათ ერთად ღვინოც კი დააჭაშნიკეს, რაც მოგვიანებით, მატჩისშემდგომ ტრადიციად იქცა.

ფერგიუსონი გვიამბობს, როგორ გაუმასპინძლდნენ "სტემფორდ ბრიჯზე” საშინელი ღვინით, რის შესახებ  მან რომან აბრამოვიჩს მოუყვა. ერთი კვირის შემდეგ, შოტლანდიელმა რუსეთიდან, ამანათით, ერთი ყუთი თიგნანელლო მიიღო.

ფერგიუსონი ამ თავში თანდათან ცილდება მოურინიოს თემას და სულ სხვა საკითხებზე ლაპარაკობს. მაგალითად, აღიარებს თავის სატრანსფერო შეცდომებს, როცა კირან რიჩარდსონს, ერიკ ჯემბა-ჯემბას, ვილიამ პრუნიესა და რალფ მილნს იძენდა.

 

ჩემი ავტობიოგრაფიაპიცაგეიტი ოლდ ტრაფორდზე მატჩის შემდეგ

 

არსენ ვენგერის ფიგურა ერთ-ერთი მთავარი უსიამოვნება იყო ფერგიუსონის კარიერაში. ჩვეულებრივ ცხოვრებაში მათ შეეძლოთ განეხილათ ამა თუ იმ ღვინის მარკა, და ფერგიუსონი აღიარებს, რომ ვენგერი ყოველთვის იყო "სამწვრთნელო გილდიის წევრი”, მაგრამ "მანჩესტერისა” და "არსენალის” მატჩის დღეს ყველაფერი იცვლებოდა. სერ ალექსი წერს, რომ მსაჯის სასტარტო სასტვენის შემდეგ, ვენგერში მომენტალურ ცვლილებებს ამჩნევდა. მათი ურთიერთობა თავიდან კარგი იყო, მაგრამ შემდეგ ვენგერი არასოდეს მიუწვევიათ ფერგიუსონის ოფისში კარგი ღვინის დასაგემოვნებლად.

შემდეგ მოხდა "პიცაგეიტი”: 2004 წელს, "არსენალთან” მატჩის შემდეგ, ფერგიუსონს გვირაბში პიცის ნაჭერი ესროლეს. სერ ალექსი ამბობს, რომ წარმოადგენა არ აქვს ვინ ჩაიდინა ეს, მაგრამ ბევრი ეჭვობს, რომ ეს იყო სესკ ფაბრეგასი. ფერგიუსონი ასევე ამბობს, რომ იმ მატჩში დამარცხებამ "ტვინი აურია ვენგერს”.

მათი მტრობის აქტიური ფაზა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გრძელდებოდა, როცა "იუნაიტედმა” "არსენალი” გამოთიშა და ვენგერმა ფერგიუსონს გამარჯვება მიულოცა. აღდგენილი  ურთიერთობების მიუხედავად, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება მაინც საკმაოდ ცივი იყო და ფერგიუსონი წიგნშიც ხელიდან არ უშვებს ვენგერის "კბენის” საშუალებას, მაგალითად, როცა 2:8 მარცხის შემდეგ წერს, რომ მას გულრფელად ეცოდება ფრანგი. სერ ალექსი იმასაც წერს, რომ ვენგერმა თავის ხანგრძლივ კარიერაში მხოლოდ ერთი ინგლისელი ფეხბურთელი აღზარდა - ჯეკ უილშირი.

 

ბენიტესი სულელია და მეგობრები არ ჰყავს

 

თავის ავტობიოგრაფიაში ფერგიუსონი სხვა მწვრთნელებთან თავის ურთიერთობასაც  აღწერს. ყველაზე საინტერესოდ  ის "ლივერპულის” ყოფილ მწვრთნელზე რაფაელ ბენიტესზე  საუბრობს.

მან ესპანელის "ლივერპულს” "ყველაზე მოსაწყენი გუნდი” უწოდა იმათგან, ვისაც ოდესმე შეხვედრია. "მისი შეცდომა იყო ის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა” და "ლივერპულის” დაპირისპირება ჩვენს პერსონალურ სამწვრთნელო დუელამდე დაიყვანა. როგორც კი მან ეს გააკეთა, შანსი აღარ დარჩა”.

 ფერგიუსონი წერს, რომ ბენიტესი "სულელია”, არ შეუძლია საკუთარი თავის გაკონტროლება და რომ მას არ ჰყავს მეგობრები სხვა მწვრთნელებს შორის.

 

ჩემი ავტობიოგრაფიართული იყო სიტის წარმატებასთან შეგუება

 

მთელი თავი ეძღვნება "ხმაურიანი მეზობლების” მიერ ტიტულის მოგებას. ფერგიუსონისთვის ძალიან რთული იყო ამის მიღება. მისმა მეუღლემ კეტიმ განაცხადა, რომ 2011-12 წლების სეზონის ბოლო დღე ყველაზე უარესი იყო მის ცხოვრებაში და სერ ალექსი ისე არ წავიდოდა ფეხბურთიდან, რომ "სიტისთვის" სამაგიერო არ გადაეხადა. ფერგიუსონი წერს, რომ "იუნაიტედი” უბრალოდ განადგურებული იყო 1:6 წაგების შემდეგ, მაგრამ ამტკიცებს, რომ მასსა და რობერტო მანჩინის შორის მტრული დამოკიდებულება არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, სერ ალექსი აღნიშნავს, რომ იტალიელმა "საკუთარ თავს დაუდო ფეხი”, როცა "ბავარიასთან” მატჩში ცნობილი ეპიზოდის შემდეგ, კარლოს ტევესს გუნდში დაბრუნების საშუალებს მისცა.

 

პრესასთან ურთიერთობა

 

სერ ალექსი მოგვითხრობს ჟურნალისტებთან   ურთიერთობის მისეულ ხერხზე - "როგორ ირგებდა ფერგიუსონის ნიღაბს”. ის მონატრებული იყო პრესასთან კარგ ურთიერთობას, როგორიც შოტლანდიაში მუშაობის პირველ წლებში ჰქონდა და ირონიით აღიარებს, რომ მისთვის რთული იყო თანამედროვე მედიის წარმომადგენლების ზეწოლასთან გამკლავება. ფერგი ამბობს, რომ მას აღიზიანებდნენ უდიერად ჩაცმული ახალგაზრდა ჟურნალისტები და კარიერის ბოლოს ძალიან უჭირდა პრესასთან დიალოგი.

ამავე თავში ვკითხულობთ შოტლანდიელის შვიდწლიან ბოიკოტზე BBC-თან ურთიერთობაში. სერ ალექსი BBC-ის დოკუმენტურ ფილმს მის ვაჟზე - ჯეისონზე "საზიზღარ თავდასხმას” უწოდებს და ამტკიცებს, ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ბოდიშის მოხდაზე. მოგვიანებით, მათ აღიარეს, რომ ზედმეტი მოუვიდათ, მაგრამ უკვე გვიანი იყოო.

 

რუუდი უხეში იყო

 

2006 წელს, სკანდალის შემდეგ რუუდ ვან ნისტელროიმ "იუნაიტედი” დატოვა. ფერგიუსონის სიტყვებით, ბოლო წვეთი იყო ის, რომ უიგანთან” ლიგის თასის ფინალში, სათადარიგოთა სკამზე ჯდომის დროს, ჰოლანდიელმა მწვრთნელი გამოლანძღა. სერ ალექსი ამბობს, რომ არ აპირებდა ვან ნისტელროის "რეალში” გაყიდვას, მაგრამ ბოლო სეზონში მისმა საქციელმა მოვლენათა ფორსირება გამოიწვია. თუმცა, მოულოდნელად 2010 წლის იანვარში, ჰოლანდიელმა ფერგიუსონს დაურეკა და ბოდიში მოუხადა თავისი საქციელისთვის.

 

ვიდიჩი კოსოვოში საომრად მიდიოდა

 

თავის წიგნში შოტლანდიელი გვამცნობს, რომ 2009 წელს, კლუბის სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი მზად იყო კოსოვოში წასასვლელად და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

"ვიდიჩს უკომპრომისო ხასიათი აქვს. ის ნამდვილი სერბია. ერთხელ, 2009 წელს, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ შეიძლება გამოიძახონ. მე მაშინ ვერ ვიხვდი რაზე იყო ლაპარაკი - ნაკრებები იმ პერიოდში არ თამაშობდნენ. მაშინ მან მიპასუხა: "მინდა კოსოვში გავემგზავრო. ეს ჩემი ვალია”, - წერს სერ ალექსი.

როგორც ჩანს, ლეგენდარული მწვრთნელი შეცდა თარიღში, რადგან 2009 წელს კოსოვოში არანაირი საომარი კონფლიქტები არ ყოფილა. შესაძლოა, მას მხედველობაში ჰქონდა 2008 წელი, როცა პრიშტინამ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთიდან გამოყოფის შესახებ.

 

ჩემი ავტობიოგრაფიაგიბრალტარის კლდე

 

ფერგიუსონი ასევე შეეხო სასამართლო დავას ჯონ მაგნირთან და ჯეი პი მაკმანუსთან, რომლებიც ფლობდნენ კლუბის აქციებს. დავის თემა იყო დოღის ცხენი "გიბრალტარის კლდე” და პრაქტიკულად ამან გამოიწვია კლუბის, გლეიზერების ოჯახისთვის მიყიდვა.

ფერგიუსონი აღიარებს, რომ ის ამ სიტუაციაში არ ყოფილა ჯენტლმენი, მაგრამ, ამავდროულად, უარყოფს, რომ ამ სკანდალმა ოდნავ მაინც იმოქმედა საკლუბო საქმეებზე.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია