23 აპრილს სტარტი აიღო რიგით მე-8 თბილისის მოდის კვირეულმა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 13:20 | მოდა და სტილი | ნანახია - 1550

23 აპრილს სტარტი აიღო რიგით მე-8 თბილისის მოდის კვირეულმა. ღონისძიება ძირითადად თბილისის ისტორიულ მუზეუმ ”ქარვასლაში” მიმდინარეობდა. თუმცა, რამდენიმე დიზაინერმა ლოკაციის შეცვლა გადაწყვიტა, რათა უკეთ გადმოეცათ და ეჩვენებინათ ჩვენთვის 2013/14 წლის შემოდგომა-ზამთრის ქალი. ღონისძიებამ 4 დღეს გასტანა და ქართველ დიზაინერებთან ერთად, ჩვენს წინაშე რამდენიმე უცხოელი დიზაინერიც წარსდგა.

კვირეული გაიხსნა ავთანდილ ცქვიტინიძის მომაჯადოებელი ჩვენებით, რომელიც თბილისის ცირკში გაიმართა. ჩვენებას წინ სდევდა აკრობატების მცირე, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი შოუ. დიზაინერის ინსპირაცია გახდა თანამედროვე მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევარი, რომელიც სპეციალურად ავთანდილისთვის შეიქმნა. ტარტანი და ბეწვი, კლასიკური სილუეტები და ტყავი არაჩვეულებრივ სინთეზს ქმნიდა. ავთანდილმა შესანიშნავად მოახერხა მისი ’ხელოვანი’, საინტერესო და ხანდახან ექსტრავაგანტული ქალის წარმოჩენა. (ფოტოები ავთანდილი)

 ჩვენებების პარალელურად ბლოგერებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და დამწყები ან პროფესიონალი დიზაინერებისთვის უცხოელი სტუმრების მიერ ტარდებოდა მასტერკლასები. Gianluca Senese, Nigar Gahramanova, Gianni Fontana, Wojciech Boklago- ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც უამრავი ახალი რამ შეგვატყობინეს მასტერკლასების ფარგლებში. კვირეულის მეორე დღეს მუზეუმ ქარვასლაშივე გაიმართა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას ჩვენებაც, იმ განსხვავებით, რომ მოდელები ჩვეულებრივი პოდიუმის ნაცვლად მუზეუმის 3 სართულზე განლაგებულ სახელდახელოდ მომზადებულ ”პოდიუმზე” გამოდიოდნენ: შავი ფერის შიფონის და ”ჩეკერის” პალტოებისგან შექმნილი საქმიანი და სერიოზული ქალის იმიჯს, ბუმბულებისგან დამზადებული პატარა დეტალები ახალისებდა. (ფოტოები თამუნა ინგოროყვა)

მესამე დღეს სტუმრებმა ძალიან ორიგინალური ”თანამედროვე არტისებური” პეპელა პერფორმანსი იხილეს: პეპელას სამოსში გამოწყობილმა ფეხშიშველმა მოდელებმა საღებავით სავსე ყუთებში ჩააბიჯეს და ფეხსაცმლის ქუსლისდაგვარ ჯოხებზე შედგნენ, შედეგად მათმა საღებავიანმა ფეხებმა ფეხსაცმლის იერი შეიძინა, ხოლო სანახაობა ერთმნიშვნელოვნად საინტერესო და თვალისთვის მიმზიდველი გამოვიდა.  (ფოტოები პეპელა)

 საღამო დაასრულა გიორი შაღაშვილის გულის ამაჩუყებელმა კოლექციამ, გაოგნებული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. შაღაშვილისეულ სიშავეში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა დიზაინერის ნიჭიერება და ის ხარისხი როგორც ის მუშაობს. ჩვენება დახურა თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და უმშვენიერესმა მოდელმა თამარ ჩხეიძემ, რასაც თან სდევდა ეფექტური ჩარჩოებიანი ფინალი. უამრავი ადამიანი გაემართა ბექსთეიჯისაკენ, რათა პირადად მიელოცათ შაღაშვილისთვის მისი ტრიუმფი.   (ფოტოები გიორგი შაღაშვილი)

   მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ახალგაზრდა დიზაინერებზე საერთოდ არ მაქვს საუბარი, არ შემიძლია არ ავღნიშნო უნიჭიერესი ტატუნა ნიკოლაიშვილის ჩვენება. მასკულინური სილუეტები საინტერესო გამოჭრით ნამდვილად განასხვავებდა ამ ჩვენებას სხვებისგან, მოდელებს ლამაზი ნაქსოვი ბერეტები და დიდი ზომის ხის სამაჯურები ამშვენებდათ. (ფოტოები ტატუნა ნიკოლაიშვილი)

კვირეული დახურა დათუნა სულიკაშვილის ჩვენებამ, რომელიც იპოდრომზე გაიმართა და რომელზე დასწრებაც სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, მაგრამ სტუმრების გადმოცემით ვიცი, რომ ულამაზეს სანახაობას გამოვაკლდი.

რაც შეეხება სტუმრებს: რა თქმა უნდა კვირეულს უცხოელი სტუმრებიც ეწსრებოდნენ, მაგრამ ჩემი ყურადღება მაინც ქართველებისკენ იყო მიმართული, კონკრეტული სახელების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. ზოგადად კი სილაღე და თავისუფლება აშკარად დაეტყო საზოგადოებას: თუ 2009 წელს(როდესაც პირველად ჩატარდა თბლისის მოდის კვირეული) სტუმრები ძირითადად გრძელ საღამოს კაბებში და ქურქებში ესწრებოდნენ ჩვენებებს, წელს ჩვენი ქუჩის მოდა არაფრით ჩამოუვარდებოდა თუნდაც სხვა ქვეყნების სტრიტ სტაილს. იხილეთ ფოტოსურათები და თავად განსაჯეთ:   (ფოტოები)

 

 

 

 

 

 

 

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია