სერბებმა ინტეგრაცია აირჩიეს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-11-2013, 17:22 | მსოფლიო | ნანახია - 1610

„ივერიას“ უკვე ჰქონდა შესაძლებლობა დაეწერა იმ შეთანხმებაზე, რომელიც სერბეთისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებს შორის,  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის შუამავლობით გაფორმდა.

 

სერბეთი - კოსოვო

 

ამ შეთანხმებას თავისი პირველი შემოწმება, კოსოვოს ტერიტორიაზე ადგილობრივ არჩევნებში უნდა გაევლო.

 

ბელგრადსა და პრიშტინას შორის გაზაფხულზე დადებული შეთანხმების შემდეგ, პირველი ადგილობრივი არჩევნები კოსოვოში გასულ კვირას  ჩატარდა.

 

არჩევნების მთავარი ინტრიგა, კენჭრისყრაში კოსოვოელი სერბების მონაწილეობა იყო: სერბეთის ხელისუფლება მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, ხოლო ნაციონალისტები  ბოიკოტს უწევდნენ აგიტაციას.

 

ბოიკოტის იდეა ჩავარდა - განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ კოსოვოს სერბულ ანკლავებში. რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი სერბები კოსოვოს სახელისუფლებო სტრუქტურებში ინტეგრაციას იწყებენ, ბელგრადი კი ევროკავშირთან ინტეგრაციის დამაბრკოლებელ სადავეებს ხელიდან უშვებს.

 

კოსოვოს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის იდეა  სერბი ნაციონალისტების, ექსპრემიერ ვოისლავ კოშტუნიცას მცირერიცხოვანი  დემოკრატიული პარტიის და მოძრაობა „ობრაზის“ მიერ იყო წამოწეული. გაზაფხულზე ბელგრადსა და პრიშტინას შორის  მიღწეულ შეთანხმებას  - კოსოვოში უფლებამოსილებების გადანაწილებისა და იქ სერბეთის ავტონომიის შექმნის შესაძლებლობის შესახებ,  ისინი ეროვნული ინტერესების ღალატად მიიჩნევენ.

 

არჩევნების ჩასაშლელად, აგიტაციის გარდა, მათ  სხვა ხერხსაც მიმართეს. კენჭისყრის დღეს, კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კოსოვსკა-მიტროვიცას სამ საარჩევნო უბანზე ნიღბიანები შეცვივდნენ, კომისიის წევრებს სცემეს, ურნები დაამსხვრიეს და ბიულეტენები გაანადგურეს. ეჭვი, რასაკვირველია, ბოიკოტის მომხრეებზე მიიტანეს, მით უმეტეს, რომ სდპ და „ობრაზის“ წევრები, ჩრდილოეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ღიად გამოხატავდნენ პროტესტს არჩევნებში მონაწილე ხალხის მიმართ. გარდა ამისა, ქვები დაუშინეს ევროკავშირის სპეცკომისიის  კუთვნილ ავტომობილს, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის გვერდით კი ასაფეთქებელი მოწყობილება  აღმოაჩინეს. ყოველივე ამის გამო,  კოსოვოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეჭვქვეშ დააყენა კოსოვკა-მიტროვიცაში ჩატარებული არჩევნების შედეგები.

 

სულ სხვაგვარად მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი კოსოვოს სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც  სერბული ანკლავები მდებარეობს. იქაური მოსახლეობის უმრავლესობამ, სერბეთის მმართველი კოალიციის პოზიცია გაიზიარა და არჩევნებზე მივიდა.

 

ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ვუჩინმა, კენჭისყრის წინა დღეს, კოსოვოში ჩატარებულ მიტინგზე, განაცხადა, რომ ადგილობრივმა სერბებმა არჩევანი უნდა გააკეთონ „თვითგადარჩენასა და გადაშენებას“ შორის და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რაც შეიძლება მეტი ადგილი უნდა მოიპოვონ.

 

არჩევნების დღეს კოსოვოში რეგისტრირებული, მაგრამ ცენტრალურ სერბეთში გადასახლებული სერბები, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად მშობლიურ მხარეში ავტობუსებით ჩავიდნენ. რის შედეგადაც, ამომრჩეველთა აქტივობა  სამხრეთში მდებარე სერბულ ანკლავებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ალბანელებით დასახლებულ ტერიტორიებზე.

 

 „სერბეთის სამოქალაქო ინიციატივამ“, რომელსაც მხარს ბელგრადი უჭერს, ოფიციალური შედგების გამოქვეყნებამდე გამოაცხადა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში, სადაც  მისი კანდიდატი იყო წარდგენილი, გამარჯვება მოიპოვა. ამგვარად, სამხრეთში მდებარე სერბულ ანკლავებს (გრაჩანიცა, კლოკოლტი,რანილუგი და შტრაპცე) სერბული ხელმძღვანელობა ეყოლება და  სერბთა გაერთიანებების ასოციაციის დახმარებით, გავლენას მოახდენს კოსოვოს იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ასზე მეტმა ქვეყანამ აღიარა.

რესპუბლიკის პრეზიდენტმა ატიფეტე იახიაგამ და პრემიერმა ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადეს, რომ ამ არჩევნებით კოსოვომ ევროპული ტესტი ჩააბარა.

 

წინასწარი შედეგებით, კოსოვოს დემოკრატიული პარტია, რომელსაც სათავეში ტაჩი უდგას, მუნიციპალურ დონეზეც ინარჩუნებს ლიდერობას. ოპოზიციურ პარტიას - კოსოვოს დემოკრატიულ კავშირს კი, დედაქალაქ პრიშტინასა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აქვს გამარჯვების შანსი. არჩევნების ოფიციალური შედეგები სამშაბათს გამოცხადდება. თუმცა, ამ არჩევნების მთავარი და უმნიშვნელოვანესი  შედეგი უკვე ცნობილია: ბოიკოტის იდეა ჩაიშალა. ბოიკოტის ჩაშლამ კი გზა გაუხსნა კოსოვოელი სერბების კოსოვოს მმართველობაში,ხოლო ბელგრადის ევროკავშირში, ინტეგრაციას.

 

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობით, დღეს ბალკანეთზე, კონფლიქტური ტერიტორიების პრობლემების გადაწყვეტის რეცეპტურა ხორციელდება და საჭიროა, რომ ქართული დიპლომატია ამ პროცესს ყურადღებით აკვირდებოდეს, სწავლობდეს და დასკვნები გამოჰქონდეს. რადგან ის,  რასაც დღეს ევროპის კავშირი  ბალკანეთში აკეთებს, დიდი ალბათობით, მისი რეცეპტი გახდება კონფლიქტური და სეპარატისტული ტერიტორიების არსებობის პრობლემის გადასაჭრელად.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია