ძალაუფლების ხიბლი და ჯერაც „ჭყინტი“ ქართული დემოკრატია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-11-2013, 17:55 | პოლიტიკა | ნანახია - 3042

სალომე სამადაშვილი

 

17 ნოემბერს საქართველოს ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაგურაცია შედგება და ამით ჩვენს ქვეყანაში დასრულდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებით დაწყებული ხელისუფლების ცვლის პროცესი. ამასთან ერთად, ბატონი ივანიშვილი  თანამდებობას ტოვებს და საკუთარ შემცვლელს, მისივე აღიარებით, „მის საყვარელ ბიჭს“ ნიშნავს. ვფიქრობთ, დროულია, არჩევნების შემდგომი ეიფორიიდან გამოვიდეთ, მიმდინარე მოვლენებს საღად შევხედოთ და შევეცადოთ შევაფასოთ, რა მომავალს უქადის ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

 

ყველას, ვისაც გული შესტკივა საქართველოსა და მის მომავალზე, გულწრფელად სურს მიმდინარე სახელისუფლებო ცვლილებებში ქვეყნის პროგრესის ნიშნების დანახვა. რეალური პოლიტიკური სურათის ოდნავ სიღრმისეული შეფასებაც კი ცხადყოფს, რომ უკანასკნელმა არჩევნებმა, სერიოზული და საგანგაშო პრობლემები წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის „დამწიფების“ გზაზე. ამ ხარვეზების გაანალიზება, დაფიქრება და გამოცდილებიდან შესაბამისი გაკვეთილების გამოტანა, ვფიქრობთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

მაშ ასე, მოდით გულწრფელად და ობიექტურად შევაფასოთ, რას გვაჩვენებს ქართულ პოლიტიკურ განვითარებაში დაწყებული  მორიგი  ციკლი, რომლის ათვლის სათავედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა, ანუ 2011 წლის ოქტომბერი შეიძლება ჩაითვალოს. მკითხველმა ტენდენციურობაში რომ არ დაგვადანაშაულოს, დასაწყისშივე დავსძენთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელისუფლების შეცვლა და ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციაში გადანაცვლება, აუცილებელ და ჯანსაღ მოვლენად მიგვაჩნდა, არჩევნების შედეგი კი, ისევე, როგორც დემოკრატიულ განვითარებაში შექმნილი მრავალი შეფერხება - მმართველი ძალის მიერ დაშვებული რიგი შეცდომებით განპირობებულად.  ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ 2011 წლის ოქტომბრამდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნაციონალური მოძრაობის ღირსეულ შემცვლელს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მისდამი არაკეთილგანწყობილი ის ამომრჩეველიც კი ვერ ხედავდა, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი მმართველობის პერიოდში  ღირებული ვერაფერი შექმნა. 

 

სწორედ ამ ფონზე მოევლინა ქართული პოლიტიკის ავანსცენას მორიგი ახალი მესია, თეთრ ცხენზე ამხედრებული და ზღაპრული სიმდიდრით შეიარაღებული „რაინდის“, ბიძინა ივანიშვილის სახით. პოლიტიკურ ასპარეზზე სრულიად ახალბედა და ამისთვის თითქოს მოუმზადებელი ეს ადამიანი გახდა ის ფალავანი, რომელმაც, ერთი შეხედვით, უძლეველი ნაციონალური მოძრაობის დამარცხება მოახერხა. მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ სარბიელზე ხანმოკლე მოღვაწეობის მიუხედავად, საქართველოს მორიგმა „მხსნელმა“ უკვე იგრძნო დემოკრატიულ საზოგადოებაში მოღვაწე ყველა პოლიტიკოსის საბოლოო ხვედრის - ამომრჩეველთან ხანმოკლე, თუ გრძელვადიანი მიჯნურობის გარდაუვალი დასასრულის პირველი გემო. საზოგადოების პატივისცემის და სიყვარულის დაკარგვა კი ადამიანისთვის, რომელიც მის მოსაპოვებლად საკუთარი სიმდიდრის ხარჯვასაც არ დაეშურა, ყველაზე სავალალო, ვიტყოდით ტრაგიკული შედეგიც კი იქნებოდა.

 

ამ თუ სხვა მიზეზებით, ბატონი ივანიშვილი დღეს თანამდებობას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალ პრეზიდენტს ისევე, როგორც ახალ პრემიერ-მინისტრს წარმატებებს ვუსურვებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბ-ნ ივანიშვილის ხელდასმით, 2012 წლის 17 ნოემბრიდან საქართველოში უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება ყოველგვარ პოლიტიკურ გამოცდილებას მოკლებულ, სახელმწიფო მართვაში ახალბედა ადამიანებს ჩაბარდება. არასაკმარისი პოლიტიკური კაპიტალის, მაგრამ შეუზღუდავი ფინანსური რესურსების მქონე ადამიანის მიერ ძალაუფლების მოხვეჭა და შემდგომ მისთვის სასურველი, მისდამი პირადი ლოიალურობის ნიშნით შერჩეული ადამიანებისათვის ნომინალურად, ან თუნდაც რეალურად გადაცემა კი, დამეთანხმებით, ძალზე ბევრ კითხვას აჩენს ქართული დემოკრატიის განვითარების ხარისხთან მიმართებაში. ჩვენ მათგან მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანზე შევჩერდებით.

 

იმისთვის, რომ საზოგადოების მართვის უფლება გააჩნდეს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ლეგიტიმური უნდა იყოს, ლეგიტიმურობის წყარო კი სხვადასხვა პოლიტიკურ ფორმაციებში  სხვადასხვაა. მონარქიისა თუ თეოკრატიისაგან განსხვავებით, დემოკრატიაში ძალაუფლების წყაროს დემოსის, ანუ ხალხის უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატი წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის ხმების მოპოვებით, ბატონმა ივანიშვილმა ლეგიტიმურად შეიძინა ძალაუფლება, ანუ ქვეყნის მართვის კონსტიტუციური უფლება, რითიც საქართველოში დემოკრატიამ იზეიმა. მაგრამ თუ დავფიქრდებით იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც ბატონმა ივანიშვილმა შეძლო აღნიშნული ლეგიტიმაციის მოპოვება და იმაზეც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდგომ, ნათელი ხდება, რომ გასული ორი წლის გამოცდილებამ დემოკრატიული განვითარების გზაზე ისეთი პრობლემები წარმოაჩინა, რომელთა უყურადღებოდ დატოვებამ, შესაძლოა, საქართველოს დემოკრატია მომავალში ჩიხში შეიყვანოს.  

 

მაინც რა გახდა დემოსის ნდობის, ანუ ლეგიტიმაციის წყარო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში? მიუხედავად ჩვენი პირადი  მოლოდინისა, რომელსაც ზემოთ გაესვა ხაზი, საღ აზრს მოკლებულად გვეჩვენება დასკვნა, რომ ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გააკეთა, პრინციპით, რომ მათ ნებისმიერი სხვა ხელისუფლება აჯობებდა. ქართული პოლიტიკური ასპარეზი  მასზე ივანიშვილის გამოჩენამდეც საკმაოდ გაჯერებული იყო პრაქტიკულად ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული პოლიტიკური ფიგურებით და ამომრჩეველს თავისუფლად შეეძლო საკუთარი არჩევანის რომელიმე მათგანზე შეჩერება. ამ კონტექსტშივე გაუგებარია, თუ რატომ გახდა საჭირო არჩევნებზე ბატონ ივანიშვილის უშუალო კანდიდატურის დაყენება და რატომ არ შეეძლო მას რომელიმე მათგანის დაფინანსებით სააკაშვილის ხელისუფლებიდან განდევნის ორგანიზება? ამ და სხვა მსგავსი კითხვებიდან გამომდინარე, ალბათ სამართლიანია დავასკვნათ, რომ ქართველმა ამომრჩეველმა 2012 წლის ოქტომბერში ნდობა არა კოალიცია "ქართულ ოცნებას", ან რომელიმე მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტს, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა.

 

აღნიშნული მორიგ კითხვას ბადებს: რა იყო ამ ნდობის გამოცხადების საფუძველი? პირველ რიგში,  ყველა ის თვისება, რომელთაც ჩვენი, მითოლოგიის მოყვარული საზოგადოება მოელის მესიისაგან და რომლებიც მართლაც, ხშირად ძვირადღირებული PR-ის წყალობით, თავმოყრილია მის ფიგურაში. ესაა იდუმალება, უზარმაზარი, საშუალო ადამიანის თვალსაწიერით სრულიად წარმოუდგენელი შესაძლებლობები, მათ შორის ფინანსურიც, რეალურად განხორციელებული საქველმოქმედო საქმეები, მის სახელთან დაკავშირებული ნამდვილი, თუ შეთხზული სიკეთე და სხვა. შემთხვევითი არც მისი გამოჩენის ფორმა იყო - მესიანისტურ სტილში, ბატონმა ივანიშვილმა ჯერ წერილობითი შეტყობინება მოავლინა ქვეყანას და მხოლოდ ამის შემდგომ წარსდგა საზოგადოების წინაშე, ასე ვთქვათ, ხორციელად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური ასპარეზი არც არისტოტელეს მოსწავლეებითა და არც ციცერონებით არის განებივრებული, ალბათ მკითხველი დამეთანხმება - მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, ბატონი ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში მოღვაწობისთვის აუცილებელ ვერც ერთ ატრიბუტს ვერ ფლობს. 2011 წლის ოქტომბრის იმ საბედისწერო დღემდე, როცა მან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის სურვილი გამოხატა, ეს მას არც მოეთხოვებოდა. შესაბამისად, უნდა ვაღიაროთ, რომ მის მიერ მოხვეჭილი სიმდიდრე და მისი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯვის სურვილზე მინიშნება, ერთადერთი თუ არა, გადამწყვეტი ფაქტორი იყო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ გაკეთებულ არჩევანისთვის. ამან კი ნათელი გახადა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებამდე.  

 

პირველ რიგში, ნათელი გახდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში თანამედროვე განათლების სერიოზული და საგანგაშო დეფიციტი არსებობს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარი აზროვნების წესით კვლავაც სოციალისტური წარსულის მარწუხებში იმყოფება და სახელმწიფოსგან არა საკუთარი თავისუფლებების დაცვას, არამედ პატრონ-ყმურ მზრუნველობას მოელის. შესაბამისად, კეთილისმყოფელი მილიარდერი საკმაოდ დიდი რაოდენობის ამომრჩევლის თვალში ასეთ მზრუნველ სახელმწიფოსთან გაიგივდა. რთულია, განსაზღვრო, მოსახლეობის რა ნაწილს შეადგენენ მსგავსად მოაზროვნე მოქალაქეები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ სერიოზულად დავფიქრდეთ,  როგორ შეიძლება ამ ადამიანებს უკეთ განემარტოს სახელმწიფო ხელისუფლების არსი და ფუნქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება საფრთხე, რომ მომავალში, მხოლოდ ოცნებებით ორიენტირებულმა და საარჩევნო ხმით შეიარაღებულმა ივანიშვილისაგან იმედგაცრუებულებმა ქართველმა ამომრჩეველმა, სახელმწიფოსთვის ივანიშვილის არჩევაზე უფრო დამღუპველი გადაწყვეტილებები მიიღოს, სასწაულებრივი ხსნის მოლოდინში.

 

კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც პირველთან კავშირში უნდა მოვიაზროთ, ჩვენი საშუალო კლასის, როგორც დემოკრატიული სტაბილურობის გარანტის სისუსტეა. იმ საზოგადოების წევრები, სადაც საშუალო კლასი ძლიერია, სახელმწიფოსგან, ან მისი ექვივალენტისგან არც მაცივრის, არც სარეცხი მანქანის ყიდვას არ მოელიან, რადგან თავად შესწევთ ამის უნარი. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასეთმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს „ქართულ ოცნებად“ შეფუთულ საქართველოს სრულ “ჭორვილიზაციას“, ანუ უფასო ცხოვრებას. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ მან ბიზნესის საქმიანობაში გამუდმებული ჩარევით, მათ შორის კანონისთვის გვერდის ავლითაც, საშუალო კლასის განვითარებას ხელი არა თუ არ შეუწყო, არამედ ისედაც მცირე ამ სოციალური ფენის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაც კი დაკარგა.

 

ივანიშვილის არჩევამ და შემდგომ ხელისუფლების მისი „ხელის ბიჭებისათვის“ გადაბარებამ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობაში სერიოზული ინსტიტუციური პრობლემების არსებობაც გამოაშკარავა. პირველ რიგში, აშკარა ხდება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - პოლიტიკური პარტია - კვლავაც ქართული დემოკრატიის სუსტი რგოლია. ქართველმა ამომრჩეველმა საკუთარი ნდობა ისევ და ისევ კონკრეტულ ადამიანს და არა პოლიტიკურ პარტიას და მის პროგრამას გამოუცხადა. ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები, როგორც „ქართული ოცნების“ შემადგენელი სუბიექტები, ამინდს ვერც კოალიციის შიგნით ქმნიან, რასაც ბატონი ივაშვილის ერთპიროვნული საკადრო გადაწყვეტილებები ცხადყოფს.

 

ასევე გაუგებარია, რა წარმომადგენლობით პრინციპებს ეყრდნობა ამომრჩევლის მიერ ნდობაგამოცხადებული პირის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის მოხსნა და იმ ადამიანისთვის გადაცემა, ვისაც შესაბამისი არჩევითი მანდატი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონკრეტულად არ ადგენს არჩევით მანდატს ქვეყნის პრემიერის თანამდებობის მოსაპოვებლად და ამ პოსტზე საქართველოს პარლამენტს შეუძლია ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატურა დაამტკიცოს, თუ ის კონსტიტუციის სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ძნელი წარმოსადგენია, რომ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრად, არჩეული პარტიის ლიდერის გარდა, რომელიმე სხვა ფიგურა დაინიშნოს. ასევე არ გვსმენია რაიმე პრაიმერის სახის mqone „ქართული ოცნების“ კოალიციის შიდა არჩევნების შესახებ, რომლითაც კოალიციის ახალი ლიდერი და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი შეირჩა. შესაბამისად, ბატონი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე „დატოვება“ ძალზე ბევრ კითხვას აჩენს დემოკრატიის უმნივნელოვანესი კომპონენტის - წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვასთან დაკავშირებით. მით უფრო, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, სწორედ პრემიერი იქნება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართავი მთავი პოლიტიკური ფიგურა.

 

ნათელია ისიც, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევა ასევე ერთადერთი ფაქტორით - მისი კანდიდატურის ივანიშვილის მიერ უპირობო მხარდაჭერით და იმ მუქარით განისაზღვრა, რომელიც წინასაარჩევნოდ გაუგზავნა ქართველ ამომრჩეველს ბატონმა ივანიშვილმა - გიორგის თუ არ აირჩევთ, მეც სახლში წავალო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ წარმომადგენლობის პრინციპი აქაც დაირღვა და საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად არჩევნებისა, არა აქვს მიღებული უშუალოდ ქართველი ხალხის მანდატი  - იგი სახელმწიფოს მეთაური გახდა, როგორც ბატონი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი.

 

გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტსაც, რომ ოლიგარქის ნაცრისფერ კარდინალად სავარაუდო გადაქცევა დემოკრატიის ინსტიტუციურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. გაუგებარია, ვინ წარსდგება ანგარიშით ამომრჩევლის წინაშე შემდგომ არჩევნებზე: ის, ვინც რეალურად განახორციელებს ძალაუფლებას, თუ მის მიერ დანიშნული ფსევდო-მთავრობა? გასაგები მხოლოდ ის არის, რომ, საკუთარ ფულთან ერთად ქართველი ხალხის სიმპათიის შენარჩუნებისთვის, ბატონ ივანიშვილს პასუხისმგებლობის აცილება ესაჭიროება. მისცემს თუ არა მას ამის შესაძლებლობას ჩვენი საზოგადოება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

მანამდე კი ვერ გავიზიარებთ ბატონ ივანიშვილის იმ აზრს, რომ გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე  ნაციონალური მოძრაობის მიერ ამომრჩევლის 20%-ის მხარდაჭერის მოპოვება მოსახლეობის პოლიტიკური განვითარების დონის ნაკლებობით განისაზღვრა. ეს სწორედ ის 20 პროცენტია, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობას აპატია, ან მზად არის აპატიოს მისი შეცდომები და ამასთანავე იცის, რომ უდიდესი კერძო კაპიტალის, სრული პოლიტიკური ძალაუფლების და ადმინისტრაციული რესურსების თავმოყრა ერთი ადამიანის ხელში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იგი პირდაპირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იცილებს, ძალზედ სახიფათოა. მითი იმის შესახებ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ მრავალსუბიექტიანი წარმონაქმნია, რომელიც დემოკრატიული შიდა პროცესებით ხელმძღვანელობს და კონსენსუსის გზით იღებს გადაწყვეტილებებს, ხომ დიდი ხანია დაიმსხვრა.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ შემდგომ არჩევნებამდე პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული მსგავსი ამომრჩევლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ბატონი ივანიშვილისთვის, თუ მას მართლაც ქართული დემოკრატიის განვითარება აქვს დასახული მიზნად, უპრიანი იქნება, უახლოეს დღეებში არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას. ვისურვებდით, რომ ბ-ნმა ივანიშვილმა სამოქალაქო საზოგადოებაში მოღვაწეობა და საკუთარი ფინანსური რესურსები ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას მოახმაროს. მაშინ იგი მართლაც შეძლებს ქართველი ხალხის სიყვარულის სამუდამოდ შენარჩუნებას. ჯერ-ჯერობით კი იგი, ქვეყნის კვლავაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ტოლკენის ცნობილი ნაწარმოების, „ბეჭდების მბრძანებლის“ იმ პერსონაჟს მოგვაგონებს, რომელსაც „ძალაუფლების ბეჭედი“ დროებით მიებარა, ჯერაც უცნობია თუ რამდენად შესწევს მას ბეჭდის მოხსნის უნარი და არც ის არის ცნობილი, თუ რისთვის გამოიყენებს იგი მისთვის დროებით მიბარებულ ძალაუფლებას.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია