სარკოზის დაბრუნება?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 13:22 | მსოფლიო | ნანახია - 3041

მამუკა კუდავა

 

2012 წლის 6 მაისს, საფრანგეთის V რესპუბლიკის რიგით X საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე UMP პარტიის კანდიდატი, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სოციალისტური PS პარტიის კანდიდატ ფრანსუა ოლანდთან მილიონზე მეტი ხმით დამარცხდა: 51,64% – 48,36%.

 

მხარდამჭერებისადმი მადლობის გამოცხადებისა და დამარცხების აღიარებისას წარმოთქმულ სიტყვაში, რომელიც მაღალსულოვნების და სახელმწიფოებრივი მიდგომის კარგ მაგალითად ჩაითვალა (ზოგმა ექსპერტმა კი ნახევრად ირონიულად ის პრეზიდენტობის 5 წლიანი პერიოდის საუკეთესო გამოსვლად შეაფასა), სარკოზიმ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. როგორც მაშინ მისმა თანამებრძოლებმა მითხრეს, პიროვნულად ის იმდენად გაწბილებული და ფრანგ ხალხზე ნაწყენი იყო, რომ წასაკითხ ტექსტში ჩაწერა: „პოლიტიკიდან სამუდამოდ მივდივარ“. თუმცა, რამდენიმე მრჩევლის დაჟინებითი რჩევის შემდეგ მან გამოსვლისას „სამუდამოდ“ აღარ ახსენა, რათა სრულიად არ გამოერიცხა მომავალში მისი დაბრუნების შესაძლებლობა.

 

მსგავსი მინიშნებები პრეზიდენტმა კამპანიის დროსაც რამდენჯერმე განაცხადა, პირად საუბრებში თუ საჯარო გამოსვლისას: „ვეღარ მნახავთ“, „თუ წავაგე, ფული უნდა ვიშოვო“ და ა.შ. მან ეს დაპირება შეასრულა. უკვე 15 მაისს, ფუნქციების გადაცემის ცერემონიის დამთავრებისთანავე, ის ჯოგინგისთვის ბულონის ტყეში გაეშურა. მას შემდეგ ის არ ჩანს. თითქმის. თითქმის, რადგან სუპერაქტიური ხასიათის სარკოზისთვის გაქრობა წარმოუდგენელია. მან მიიღო ბირმელი ნობელიანტი სან სუ კი და სირიის ოპოზიციის მეთაური (გავრცელდა ერთობლივი კომუნიკე, რაც პრეზიდენტ ოლანდისთვის მიცემულ გეოპოლიტიკის გაკვეთილად იქნა შეფასებული), შეხვდა ბრაზილიისა და რუსეთის პრეზიდენტებს.

 

მახსოვს, უკვე ზაფხულში მისი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ 57 წლის სარკოზი პოლიტიკის გარეშე და რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს პოლიტიკურ მოვლენებს და აუცილებლად ჩაერთვება პროცესებში, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა. სარკოზის შურისძიების ერთერთ გამომწვევ მიზეზად მედიაში ხშირად აღინიშნება პრეზიდენტობის გადაბარების ცერემონიალზე პრეზიდენტ ოლანდისა და პირველი ლედის მიერ სარკოზისა და კარლა ბრუნის მანქანამდე არ მიცილებაც, ტრადიციის საწინააღმდეგოდ. თითქოს, სწორედ ამ არაჯენტლმენურ მოქცევას მიუძღვნა კარლა ბრუნიმ თავის ბოლო ალბომში ერთერთი სიმღერა „პინგვინი“, რომელშიც ასეთი ტექსტია „თუ ერთხელაც გადაგეყრები, გასწავლი ჩემთვის ხელის კოცნას“.

 

2012 აგვისტოში ჩამოყალიბდა არაფორმალური კლუბი „სარკოზის მეგობრები“, რომელიც მის 40–მდე უახლოეს თანამებრძოლს აერთიანებს და ყოველთვიურად იკრიბება. საინტერესოა, რომ მის ვებგვერდზე დარეგისტრირებისას, მონაცემების შეყვანის შემდეგ, მოხალისე ადასტურებს, რომ „ვმოქმედებ დაბრუნებისთვის“. სათავე ეყრება ე.წ. „სარკონოსტალგიას“.

 

მეგობრის, ბრიტანელი ყოფილი პრემიერის ტონი ბლერის მსგავსად, 2012 წლის ბოლოდან „ფულის საკეთებლად“ სარკოზიმ დაიწყო სპეციალურად მისთვის მოწყობილი საჯარო გამოსვლების ციკლში მონაწილეობის მიღება: ბანკირების კონფერენციები ნიუ–იორკში, ბრაზილიაში, მოსკოვში, ლონდონსა და დოჰაში.

ოქტობერში სარკოზი დისკრეტულად ჩაერთო შიდაპარტიულ საქმეებში, როცა UMP პარტიის ლიდერობის პრაიმერიზში გენერალურ მდივან კოპესა და ყოფილ პრემიერ ფიონს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა. თუმცა, შიდაპარტიული რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მისი იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა.

 

ამასობაში დადგა 2013 წელი და პრეზიდენტ ოლანდის პოპულარობა თანდათანობით, მკვეთრად დაეცა. არჩევიდან თითქმის 1 წლისთავზე მას მხოლოდ 25%–იანი მხარდაჭერა აქვს, რაც V რესპუბლიკის – 1958 წლიდან – ყველა პრეზიდენტს შორის უარესი მაჩვენებელია. ცნობისთვის – სარკოზის არაპოპულარობამ პიკს 2011 წელს მიაღწია – 28%. ბოლო გამოკითხვებით, შესაძლო საპრეზიდენტო ბრძოლის პირველ ტურში სარკოზი ოლანდს 30%–22%–ით გაუსწრებდა (2012 წლის პირველ ტურში სარკოზიმ 27% მიიღო ოლანდის 28%–ის წინააღმდეგ), ხოლო მეორე ტურში 53%–44%. პრეზიდენტ ოლანდის არაპოპულარობის რეკორდის მოხსნის გამო სარკონოსტალგია ქვეყანაში შესამჩნევი გახდა და სარკოზიმაც ვერ მოითმინა – მარტში მან ინტერვიუ მისცა ყოველკვირეულ „ვალორ აქტუელს“, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნება შესაძლოა მოხდეს „ვალდებულებისდა მიხედვით“.

 

ამ განცხადებას მოყვა სარკოზისადმი ბრალის წაყენება „ბეტანკურის საქმეში“, რომელიც 90 წლის მულტიმილიარდელი ქალის მიერ სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხება. ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება მოხუცი ქალის სისუსტის ბოროტად გამოყენება, რაც ფულის წართმევაში გამოიხატება. ეს ამბავი კარგა ხანია მედიაში ვრცელდება და საქმეც რამდენიმე წელია აღიძრა, მაგრამ ბრალის წაყენება სარკოზისადმი ახლა, სოციალისტი პრეზიდენტის გაჭირვების პერიოდში, მემარჯვენეთა მიერ პოლიტიკურ ვენდეტად განიხილება. საკითხი ეხება მსოფლიო ლუქსის კლასის პროდუქტების ბიზნეს–ჯგუფ L'Oréal–ის მთავარი აქციონერის ლილიან ბეტანკურის (30 მილიარდი ევრო, ყველაზე მდიდარი ფრანგი და მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ქალი) ფინანსურ–პოლიტიკურ საქმეს, რომელშიც ქ–ნ ბეტანკურს ბრალად ედება გადასახადების დამალვა და მემარჯვენე UMP პარტიის უკანონო დაფინანსება. 2010 წელს ამ საქმის მედიაში გამჟღავნების გამო, სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიის ხაზინადარი და შემდეგ ფინანსთა მინისტრი ერიკ ვორტი იძულებულ იქნა გადამდგარიყო.

 

მეორე პრობლემა, რომელმაც შესაძლოა სარკოზის პოლიტიკურ მომავალს ჩრდილი მიაყენოს, ე.წ. „სარკოზი–კადაფის“ საქმეა. სარკოზის და მის მაღალი რანგის თანაპარტიელებს ბრალად ედებათ კადაფის რეჟიმისაგან 50 მილიონი ევროს უკანონოდ მიღება, რაც თითქოსდა მოხმარდა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო და მემარჯვენე პარტიის UMP კამპანიას. ეს საქმე პირველად საინფორმაციო ინტერნეტ–გამოცემა „მედიაპარტმა“ გამოაქვეყნა 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, რაც „ბეტანკურის საქმის“ მსგავსად, სარკოზის პარტიამ პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა. აღნიშნულ საქმეში მოწმეებს წარმოადგენენ კადაფის პრემიერ–მინისტრი, შვილი და რამდენიმე ბიზნესმენ–შუამავალი, რომელთა მიხედვით კადაფის მიერ სარკოზის დაფინანსება შვეიცარული ბანკისა და პანამური კომპანიის მეშვეობით ნაღდი ფულის სახით აღწევდა საფრანგეთში.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმესთანაა დაკავშირებული არასამართლებრივი თემა თვით ლიბიის ომის დაწყების თაობაზე, რაც ასევე მედიაში გახმოვანდა სხვადასხვა წყაროს მოშველიებით. კერძოდ, პრეზიდენტ სარკოზის პროაქტიური პოზიცია კადაფის რეჟიმის დამხობის წინააღმდეგ თითქოს გამოწვეული იყო კოლონელ კადაფის და მასთან დაკავშირებული კომპრომატების გაქრობის სურვილით (თუმცა ეს თემა ცალკე განხილვის საკითხია და სარკოზის შესაძლო პოლიტიკურ დაბრუნებაზე ვერ იმოქმედებს უარყოფითად).

 

ეკონომიკური კრიზისის გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდი საფრანგეთის ეკონომიკას რეცესიას უწინასწარმეტყველებს – მინუს 0,1%. პრეზიდენტ ოლანდს კი უფრო და უფრო მეტად საყვედურობენ მისი სუსტი მმართველობის გამო, რაც ასევე არარეალურ დაპირებებს და აგრეთვე ზედმეტად სოციალური დაცვის პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. მეტიც, ამასწინათ მისი მთავრობა სკანდალში გაეხვია – მას გამოაკლდა ბიუჯეტის დაგეგმვის მინისტრი, რომელიც აღიარა ტყუილი შვეიცარიის ბანკში ანგარიშის არქონის შესახებ. ეს და სხვა მიზეზები (რაც ასევე ცალკე თემის საგანია) იძლევა იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ სარკოზის მიმართ პოლიტიკური სიმპათიები მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. თუმცა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ სარკოზი ჩრდილში ყოფნას გააგრძელებს და გამოიწვევს მისადმი ნოსტალგიის გაღვივებას.

 

რაც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ქართველი პოლიტიკოსებისათვის - საფრანგეთის პოლიტიკური ტრადიციების მიხედვით, დამარცხებული ლიდერები, გარკვეული ხნის დასვენებისა თუ არენიდან (ძირითადად, იძულებით) გაუჩინარების შემდეგ, ახალი ენერგიითა და განწმენდილი სახელით კვლავ უბრუნდებიან პოლიტიკურ ასპარეზს და ძალიან წარმატებულადაც. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი:

 

-          შარლ დე გოლს დღევანდელი საფრანგეთი, ტელეგადაცემის გამოკითხვების შედეგად, ყველა დროის უდიდეს ფრანგად აღიარებს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშივე, 1944 წელს, ის ეროვნული ერთობის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად მის მიერ შეტანილი წვლილისა, ომის შემდეგ კომუნისტებისა და მემარცხენე ძალების არჩევნებში წარმატებამ ის აიძულა გადამდგარიყო 1946-ში. დე გოლი დიდწილად გაერიდა პოლიტიკურ სცენას და მემუარების წერას მიჰყო ხელი. 1958 წელს კი ქვეყანაში შეიქმნა კრიზისული ვითარება, რაც მთავრობების არასტაბილურობამ და კოლონიური ალჟირის აჯანყების საკითხზე IV  რესპუბლიკის სისტემის (1946-1958, რესპუბლიკის საპარლამენტო მოდელი) უძლურებამ გამოიწვია. შედეგად, პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილმა საშველად მას მიმართა და განსაკუთრებული უფლებები ჩააბარა. ამან კონსტიტუციის შეცვლა და საფრანგეთის V რესპუბლიკის შექმნა გამოიწვია, რაც ძირითადად ძლიერი საპრეზიდენტო რეჟიმით გამოირჩევა.

-          ჟაკ შირაკი, სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ, ორჯერ დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში. გარდა ამისა, ხშირად გახვეულა სკანდალებში, მიტოვებული აღმოჩენილა თანამებრძოლების მიერ და საქმეები აღძრულა მის წინააღმდეგ. მას „მარადიულ წაგებულს, ლუზერს“ ეძახდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების ორივე გამარჯვების წინ კი აუტსაიდერად მიიჩნევდნენ.

-          ფრანსუა მიტერანიც ორჯერ დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სანამ 1981 წელს სენსაციურად გაიმარჯვა. მისი პოლიტიკური კარიერა რამდენჯერმე კინაღამ დამთავრდა, მათ შორის ერთხელ პოპულარობის ამაღლებისათვის თავის თავზე შეკვეთილი მკვლელობის გამოაშკარავების გამო.

-          ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალან ჟუპე 2004 წელს გაასამართლეს პარიზში შირაკის მერობისას ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის გამო, რითაც საერთო შეფასებით განტევების ვაცად გამოიყვანეს. მას 14 თვით პირობითი სასჯელი და 1 წლის განმავლობაში პოლიტიკური კარიერა აეკრძალა. ის კანადაში გაემგზავრა და უნივერსიტეტში დაიწყო მასწავლებლობა. დაბრუნების შემდეგ, მან დაიბრუნა ბორდოს მერობა, შემდეგ კი გახდა  თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრი, მემარჯვენე პარტიაში დღეს ერთერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატია.

-         

დასკვნის სახით, პოლიტიკური დამარცხებისა და დაცემის ბევრი სახეობა არსებობს - საარჩევნო ყუთი, ნასამართლობა, სკანდალები, პოლიტიკანური მანევრები და სხვა. თუმცა, ყველა ჭკვიანმა პოლიტიკოსმა, მათ შორის სარკოზიმაც, კარგად იცის, რომ პოლიტიკური რევანშისთვის კიდევ უფრო მეტი გზა არსებობს - შურისძიება, მოთმინება, ნოსტალგია, თანმიმდევრულობა, დისტანციის დაჭერა, მონანიება, შეთქმულება თუ სხვა. მოკლედ, როგორც ფრანგები ამბობენ, „პოლიტიკაში არასდროს კვდები, სანამ კუბოში არ ჩაწვები“.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია