ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-11-2013, 16:54 | ბლოგები | ნანახია - 3053

ზურა ოდილავაძე

 

,,უვიცობა –    მსოფლიოში საუკეთესო მეცნიერებაა,

იგი   – უშრომლად გვეძლევა და არ აღონებს სულს!”

ჯორდანო (ფილიპო) ბრუნო


I. ბაბილონის კოშკი

 

  ბაბილონი მეფე ნებროთმა დააარსა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ წარღვნის შემდეგ ადამიანები შეეცადნენ, აეგოთ გოდოლი, ,,რომელიც ცას მისწვდებოდა”. ბაბილონის კოშკის მშენებლობა მიჩნეულია ამპარტავნების, ადამიანის მიერ ღვთის ნებისგან განდგომისა და მისი პიროვნული ნებით შეცვლის, ანუ თვითნებობის  სიმბოლოდ. ასეთია ამ ლეგენდის სულიერი არსი. ადამიანთა თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა, ისე ,,აურია მათ ენები, რომ ერთმანეთის აღარ ესმოდათ”. მშენებლობა შეწყდა და ღმერთმა მშენებლები მთელ დედამიწაზე გაფანტა.

 

   ამჯერად, მინდა მოგითხროთ, თანამედროვე ,,ნებროთებზე“, რომლებიც ანაფორაში შეიმოსნენ, ჯვარი ჩამოიკიდეს, ხოლო ღვთის სიტყვა კი დაივიწყეს. მათ ქრისტე ღმერთი ეკლესიიდან გააძევეს და სანაცვლოდ ტაძარში თავიანთი ამაყი ნება და მანკიერი მოთხოვნილებები შემოიტანეს. განმეორდა ბაბილონის კოშკის ისტორია – სახალხოდ განხორციელდა უდიდესი ილუზია – ღვთიური ნების ადამიანურით შეცვლა.

 

II. იდეოლოგიზებული, ,,ტაძრული“ რწმენა

 

   შეუძლებელია, აღნიშნულ გაყალბებას არ მოეხდინა გავლენა მორწმუნეთა კრებულზეც. პოსტსაბჭოური ოცი წლის უკიდურეს სასოწარკვეთაში ჩვენ სულის მანუგეშებელი ნავსაყუდელი და ერის გამაერთიანებელი დოქტრინა გვწყუროდა. ეს როლი ეკლესიამ, მართლაც, წარმატებით შეასრულა. ტაძრებს უამრავი ხალხი მიაწყდა, სარწმუნოების გავლენამ საყოველთაო მნიშვნელობა შეიძინა. იმხანად ათასობით გაუნათლებელმა, საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანმა ეკლესიის მეშვეობით იპოვა საკუთარი თავი, იშოვა საქმე და შემოსავლის წყარო. მათ ააშენეს უამრავი რკინა-ბეტონის აკლდამა და ამ ჩაკეტილ სივრცეში საბჭოური მენტალობითა და ,,ღვთის სახელით” შეუდგნენ კომუნისტური იდეოლოგიის რწმენით ჩანაცვლებას. ,,მასწავლებლების” მიერ ,,პრავოსლავიეს” მიხედვით ინტერპრეტირებული ,,ღვთის სიტყვა”, გარდა საქართველოს ავტომატური ,,გაბრწყინებისა”, გულისხმობდა საბჭოურ-რუსული მტრის ხატების დანერგვასა და დასავლეთის დემონიზაციას.

   

   წარმოიშვა გაქვავებულ დოგმებსა და წეს-ჩვეულებებზე დამყარებული ,,ახალი ქრისტიანობა” – რელიგია სიყვარულისა და თავგანწირვის გარეშე, ავტორიტეტებისადმი უკრიტიკო, მონური მორჩილებითა და ორმაგი, ფარისევლური სტანდარტებით – ერთის აღიარებით ეკლესიაში და მეორის კეთებით გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში – ე.წ. ,,ტაძრულირწმენა.

 

   ამჯერად, კომუნიზმის მაგივრად, საქართველოს გაბრწინება გამოცხადდა უზენაეს მიზნად, კერძოდ კი, სულების საყოველთაო და კვლავ ,,კოლექტიური” ცხონება! სარწმუნოებამ არა მხოლოდ ჩაანაცვლა კომუნისტური იდეოლოგია, არამედ თვით იქცა ტოტალიტარულ იდეოლოგიად. ამ თავისთავად მეტად არასასურველ ფაქტს ისიც დაემატა, რომ მოძღვრები დაკავებულნი არიან რუსული მტრის ხატების შექმნით. შედეგად, დღევანდელი ქართული მართლმადიდებლობა წარმოადგენს რუსული იდეოლოგიური მანქანის გაგრძელებას, რაც  დამღუპველია ქართული სახელმწიფოსა და ეროვნული ცნობიერებისთვის. 

  

   ახლა უკვე ეს, იდეოლოგიად ქცეული ,,მართლმადიდებლობა”, აღარ კმაყოფილდება ხალხის სულიერი წვრთნით, ის იჩენს ცხოველ ინტერესს და ერევა პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ცხოვრების ყველა სფეროში. დაწესებულებისა თუ კერძო პირის საზოგადოებრივი მსჯავრდადებით ეკლესიამ უკვე რეპრესიული ფუნქციაც შეიძინა. რელიგიური ლიდერები იდეოლოგიურად აკონტროლებენ მოქალაქეების პირადი ცხოვრების წესს, კულტურას და ხელოვნებას, ერევიან თეატრებისა და ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში. ასე გამოიყურება სარწმუნოებრივ-იდეოლოგიური წნეხი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ყველაზე ცუდი კი ცალკეული ადამიანის ,,პრევენციულიშიში გახლავთ, რათა თავს არ დაატყდეს ეკლესიის რისხვაასეთია რეპრესიების სავალალო შედეგი!

 

III.   აღმატებულობის განცდის დამათრობელი სურნელი

 

   უპირატესობის შეგრძნება დაფუძნებულია ისტორიულ-რელიგურ მითებზე და ის ყოველდღიურად იკვებება ,,ქურუმების” ქადაგებით. ,,უძველესი გადმოცემებით” წარმოებს ისტორის თვითნებური გადაკეთება, წარსულის ზღაპრულად გაზვიადება და ჰეროიზაცია, ხოლო არასასურველის მიჩუმათება. მასების უკრიტიკო გონებაც ამ ზემოდან მოწოდებული წარმოსახვითი უპირატესობის ქართული მითებით ტკბება. ასეთია დღევანდელი რელიგიური ,,თრობის” ტექნოლოგია.

 

    ასე აშენდა „ეროვნული სიამაყის” მთავარი საყრდენი – „ჩვენ, ქართველები, დედამიწის ზურგზე ყველაზე დიდი ისტორიისა და მართალი სარწმუნოების ერი ვართ!”. მისგან გომოიჩეკა შვილობილი მითები. ამ სახის „გადმოცემათა” რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ძნელია, გაერკვე, სად მთავრდება რეალობა და იწყება მითი. ვეჭვობ, რომ: „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა”, „მეორედ მოსვლის ჟამს, ღმერთი ქართულად იქადაგებს”, „მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებლების ხელში გადმოდის”, „დავით აღმაშენებელმა 60-ათასიანი ჯარით, ნახევარ მილიონ ურჯულოს მუსრი გაავლო”, „საქართველო გაბრწყინდება, ხოლო ინგლისი დაიძირება”, „სტალინი ცხონდა” – ამ რიგის მითებია და ისინი სხვაზე უსაფუძვლო აღმატებულობისკენ მოგვიწოდებს. საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებიდან ძალადობამდე კი ერთი ნაბიჯიღაა. სხვა – ცუდია, შენ – კარგი! შეფასების ეტაპის შემდეგ მოქმედების დრო დგება. მასებში წარმოებს პიროვნებების, სექსუალური ჯგუფებისა, მთელი ერების საბჭოურ-რუსული გემოვნებით არჩევითი დემონიზაცია.

 

   მიწიერმა კერპებმა ზეციური ღმერთების ფუნქცია შეითავსეს და ყოვლისმცოდნე არსებებად, იქცნენ, რომლებიც აქვე, დედამიწაზე, არიგებენ ზეციური სასუფევლის საგზურებს ან სჯიან მთელ ერებს! ასე გადააქციეს ,,ბაბილონელმა მეთოჯინეებმა“ ღმერთი საკუთარი აღმატებულობის წარმოსაჩენ ობიექტად. ახლად გამომცხვარ ,,მუდამ მართალ მორწმუნეებსაც” წესად ექცათ, აგრესიულად ამტკიცონ საკუთარი უპირატესობა. ,,ქურუმების” კვალდაკვალ, მხოლოდ მათ იციან ჭეშმარიტება, თითქოს მეტნი არიან რაღაცით შენზე და პრივილეგირებულთა კლასს – ღვთაებრივ საიდუმლოს ნაზიარებ კასტას წარმოადგენენ.

 

   აი, ასეთია მთავარი მოტივი და მიზეზი დღევანდელი მათი რწმენისა – უპირატესობის განცდა! ჩვენ, დანარჩენები - ,,უგუნურნი", ,, უვიცნი" და ,,ამორალურნი" ვართ! ასე ადვილად, უშრომლად, მეტანიებითა და ლოცვებით, განათლებისა და კითხვის გვერდის ავლით, სიყვარულისა და მოყვასისთვის თავგანწირვის გარეშე, გახდნენ ისინი უპირატესნი. სწორედ ეს აღმატებულობის განცდა ათრობს ამ ადამიანებს და, იმავდროულად, რადგან სახარების გარშემო დასმულ კითხვებზე მისაღები პასუხები არ გააჩნიათ, ,,მთვრალი" მორწმუნეები ღიზიანდებიან და აგრესიულნი ხდებიან. არ შეიძლება, მტკიცე რაციონალური არგუმენტები ჰქონდეს ღმერთის არსებობას. მაშ, რით დაგიმტკიცოს საკუთარი უპირატესობა, თუ არა ყვირილით, გინებითა და მუშტი-კრივით? ამის უფლებას კი მათ აღმატებულობის კასტური მორალი აძლევს – ჩვენ ხომ არ ვთვლით ამორალურადხენის გაშოლტვას ან საქონლის დაკვლას...

 

IV.  რა ვაკეთოთ?

 

    რწმენის თვითნებური ინტერპრეტაცია, სერიოზულად აფერხებს, როგორც სახელმწიფოს წინსვლას, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. აღნიშნული პრობლემის დაძლევისთვის ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი – ინდივიდუალური და სახელმწიფო.

 

1.კოლექტივიზმი და ინდივიდის პროტესტი. ტოტალიტარული საზოგადოების საფუძველს კოლექტივი წარმოადგენს, რომელშიც ადამიანთა უმრავლესობა, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობს თავს. კოლექტიური აზროვნება უკვე, თავისთავად, გამორიცხავს ინდივიდუალიზმს; სწორედ ის წარმოადგენს უმრავლესობის ინდივიდებზე დიქტატის საფუძველს; ის აიძულებს ადამიანებს, გაერთიანდნენ ,,ერთმორწმუნე“, უსახურ მასაში, სადაც გარანტირებულია კომფორტული და უპასუხისმგებლო არსებობა. ერთი სიტყვით, კოლექტივში მისი წევრი ისე დაცულად გრძნობს თავს, როგორც ცხოველი საკუთარ ჯოგში.

 

   კოლექტიური ფსიქოლოგია კი ასეთია: ,,ვინც ჩვენს დიქტატს არ ექვემდებარება – ის მტერია და უნდა განადგურდეს”. მაშასადამე, თავისუფლებისკენ სწრაფვის გზაზე, უმთავრესი ამოცანაა კოლექტივის ტყვეობიდან გათავისუფლება. ასე რომ, თავისუფლების საწყისი წყარო - პროტესტია. საზოგადოების განვითარება პროტესტის გარეშე ჩერდება, ის ჩამყაყებულ ჭაობს ემსგავსება და კვდება.

 

   პროტესტის გზა არა მხოლოდ კოლექტივთან ბრძოლითაა რთული, არამედ ის, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის დაძლევას გულისხმობს.  ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი თითო ,,მეს“ თმობს და ამ ამ მორიგი ,,მეს“ მოკვდინებით, მორიგ კერპს ამსხვრევს და მორიგ კოლექტივს ტოვებს. ასე თავისუფლდება და ვითარდება ის – თანდათან გამოდის მონობის წნეხისგან: ,,მესგან“, რომელიც გვთრგუნავს და არ გვაძლევს ფრთების გაშლის საშუალებას; რომელიც გვზღუდავს, რაღაც პირობითი აკრძალვებითა და წესებით; გვბორკავს კონკრეტული გარემოებებით და თავს გვახვევს ზემოდან დაშვებულ, კოლექტივში მიღებულ დრომოჭმულ შეხედულებებს.

 

   ეს გზა, გარდა განათლებისა, უპირველესად მოითხოვს პიროვნულ ნებას – გადაწყვეტილებას: ყოველდღიურად ებრძოლო მონას საკუთარ თავში. პროცესი მეტად რთულია და მტკივნეული, მაგრამ თუ არ გვსურს, ვიყოთ რუსული იდეოლოგიისა და შინნაზარდი ,,ნებროთების“ ხის თოჯინები, ეს გზა ყველამ ინდივიდუალურად, აუცილებლად უნდა გავიაროთ.

 

   2. სახელმწიფოს როლი. დღეს ბალანსი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის აშკარად ამ უკანასკნელის მხარეს იხრება, რასაც თუნდაც 17 მაისთან დაკავშირებული მოვლენებიც ადასტურებს. ისტორიულადაც ასე იყო: როდესაც სახელმწიფო სუსტდებოდა, ძალაუფლება ეკლესიურ იერარქთა ხელში გადადიოდა, ხოლო თუ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ეკლესია საკუთარი ვიწრო კორპორაციული მიზნების მიხედვით, სახელმწიფოს ცხოვრების წარმართვას ვერ ახერხებდა. დღესაც მათ დაუსჯელობის იმედი აქვთ და ამიტომაც არ ერიდებიან ძალადობრივ მოწოდებებს და დაუფარავად გადადიან საწინააღმდეგო აზრის ადამიანთა დარბევაზე. ასე რომ, ჯერი სახელმწიფოზეა, სხვაგვარად არაფერი გამოვა... (რაც თავისთავად საზოგადოების დუმილს სულაც არ ნიშნავს).

 

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია