სამოთხის აღსასრული

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 13:28 | ეკონომიკა | ნანახია - 2004

სამოთხის აღსასრულიგრიგოლ ვაშაძე

ხმელთაშუა ზღვა, თეთრი ქვიშა, ლაჟვარდოვანი ცა, ზომიერი კლიმატი, ტურისტები, ევროკავშირის წევრობა, ევროზონა, ოფშორი, ბანკები, ბანკები, ბანკები და ბანკებში რუსული და ბეძნული ანაბრები შეუზღუდავი რაოდენობით. ამ სამოთხეს კვიპროსი ერქვა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბედნიერებას დასასრული არ ექნებოდა. 


პროგნოზი სამწუხაროდ არ გამართლდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ: მავანი ამტკიცებდა, რომ ჯადოსნური ჯოხის აქნევით კეთილდღეობას ვერ მიაღწევ, რომ არასტაბილურ რუსულ და ბერძნულ ეკონომიკებზე ქვეყნის მიბმა ცუდად დამთავრდება, რომ ჯერ არავის განვადებით ცხოვრება არ გამოსდგომია… მაგრამ ვის და როდის შეუესმენია ფრთხილი ხალხის სიტყვა კარნავალის დროს?

დღესასწაული გრძელდებოდა: თავბრუდამხვევი ტემპებით იზრდებოდა კრედიტების რაოდენობა, ბანკები შეუზღუდავად აძლევდნენ სესხებს საბერძნეთს, რუსეთიდან ფინანსური ენისეი მოედინებოდა, უძრავი ქონების ბაზარზე ნამდვილი ბუმი იყო. საერთაშორისო სავალიუტო ფონდის შეფასებით კვიპროსული ბანკების აქტივებმა გაცემული კრედიტების ჩათვლით ქვეყნის მშპ-ის 835% მიაღწია. ამ ციფრში, რა თქმა უნდა, უცხოური ბანკების ფილიალების “წვლილიც” არის, მაგრამ კუნძულის ბანკებმა “ლიდერობა” მაინც არავის დაუთმეს: მათ მიერ მარტო საბერძნეთისთვის მიცემულმა კრედიტების რაოდენობამ კვიპროსის მშპ-ს 160%-ით გადააჭარბა.

ზღაპარი დამთავრდა და, როგორც ეს ხდება ხოლმე, ყველა უბედურება ერთად მოვიდა: კვიპროსში ეკონომიკური ზრდა შეჩერდა ევროზონის კრიზისის ფონზე; მოძმე საბერძნეთს ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრახმა უწია; კვიპროსს საბერძნეთის სახელმწიფო ვალის “პატიება” მოუხდა; მსოფლიოს ფინანსურმა ბაზრებმა კვიპროსის საბანკო სისტემა “ჩამოწერეს”; საბერძნეთთან დაკავშირებულმა კომპანიებმა და კერძო კლიენტებმა სესხების დაბრუნება ვეღარ შესძლეს კუნძულის ბანკებისთვის. ამ ფაქტორებმა კვიპროსულ ბანკებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ქვეყანას თავისი ეკონომიკის გადასარჩენად სამი გზა ჰქონდა:

- ევროკავშირის მიერ განსახორციელებელი bail-out;
- ბანკების რეკაპიტალიზაცია;
- ახალი კრედიტები რუსეთისგან.

ევროკავშირის bail-out ნიშნავდა (უპირველეს ყოვლისა!) ხანგრძლივ და მძიმე დიალოგს გერმანიასთან, რომელიც თვლის, რომ კვიპროსულ ბანკებში რუსული წარმოშობის გიგანტური თანხების გათეთრება ხდებოდა. შესაბამისად გაუგებარია, რატომ უნდა დაეკისროს კვიპროსული ბანკების “დღესასწაულის” შედეგების გამოსწორება გერმანელ გადასახადის გადამხდელს.

რეკაპიტალიზაცია, - რაც სახელმწიფოს მიერ ბანკებში ჶულის ჩადებას და მათი ვალების თავის თავზე აღებას ნიშნავს ბანკების აქციების საკონტროლო პაკეტის სანაცვლოდ, - სახიფათო და არაერთმნიშვნელოვანი ზომაა. მაგრამ კვიპროსის შემთხვევაში ეს სარისკო ნაბიჯიც კი გამორიცხული იყო, გამომდინარე იქედან, რომ ბანკებმა ქვეყნის მშპ-ის 830%-ზე მეტი ვალდებულებები იტვირთეს.

ყველაზე მარტივად კვიპროსის ფინანსურ თავკაცებს რუსული დახმარების ორგანიზება მოეჩვენათ. სააგენტო Moody’s შეფასებით კვიპროსული ანაბრების 1/3 (ანუ 31 მილიარდი ამერიკული დოლარი) სწორედ რუსულ ბანკებს, კომპანიებს და მოქალაქეებს ეკუთვნის (19 მილიარდი - კომპანიებს და კერძო პირებს, ხოლო 12 მილიარდი - რუსულ ბანკებს). შედარებით “მოკრძალებულად” აფასებდა შარშან ამ თანხას გერმანიის დაზვერვა BND – 24 მილიარდი ამერიკული დოლარი. თუმცა როგორც რუსები იტყვიან, “хрен редьки не слаще”.

ამა წლის 20-22 მარტს მოსკოვში კვიპროსის ფინანსთა მინისტრი მიხალის სარრისი ჩაფრინდა და თავის კოლეგას ანტონ სილუანოვს და რუსეთის პრემიერის პირველ მოადგილეს იგორ შუვალოვს შეხვდა. პუტინმა ერთმორწმუნე და “მოკავშირე” ქვეყნის მინისტრთან შეხვედრაზე უარი სთქვა. კვიპროსის შეთავაზება ერთი შეხედვით საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა: კრედიტების სანაცვლოდ რუსეთი ამ ქვეყნის საბანკო სისტემაზე სრულ კონტროლს ან კუნძულის სამხრეთ შელფზე მდებარე გაზის საბადოების ექსპლუატაციაში პრეფერენციულ როლს მიიღებდა. მოსკოვის პასუხი ცივ შხაპს ჰგავდა: რუსულ ანაბრებს არავითარი საფრთხე არ უნდა შეექმნას, კვიპროსის საბანკო სისტემა რუსეთისთვის არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს, ხოლო შელფზე ლაპარაკს აზრი ექნება მაშინ, როდესაც გეოლოგიური და სეისმოდაზვერვა საბადოების პოტენციალს და უსაფრთხოებას დაადასტურებენ.

2013 წლის 21 მარტს აღშფოთებულმა მედვედევმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “…ზომები, რომლების გატარებასაც ევროკავშირი და კვიპროსის მთავრობა აპირებენ, ატარებენ ექსპროპრიაციულ, კონფისკაციურ და ბოლშევიკურ (!?) ხასიათს”.

კვიპროსს ხსნის ერთადერთ გზად ისევ ევროკავშირი და გერმანია შერჩა.

2013 წლის 12 აპრილს დუბლინში ევროჯგუფის თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად კვიპროსი 10 მილიარდ ევროს მიიღებს დახმარების სახით (9 მილიარდ ევროს ევროპის სტაბილიზაციური მექანიზმი გამოჰყოფს, ხოლო 1 მილიარდს - საერთაშორისო სავალუტო ფონდი). ქველმოქმედება არ გეგონოთ: ეს დახმარება კვიპროსმა სრულად უნდა დაფაროს 15 წლის განმავლობაში. ამ თანხიდან 2,5 მილიარდი ევრო კრიზისული ბანკების სასწრაფო რეკაპიტალიზაციას მოხმარდება; 4,1 მილიარდი - კვიპროსის მიერ უკვე აღებულ სევერენული ვალების მომსახურებას (ანუ ევროკავშირმა და საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ფული ერთი ჯიბიდან მეორეში გადაიდეს); და ბოლოს, 3,4 მილიარდი კვიპროსის მთავრობის მიმდინარე ხარჯებს დაფარავს.

ფინანსების ევროკომისარმა ოლი რენმა აღნიშნა, რომ გრძელი და მძიმე მოლაპარაკებები და კვიპროსის მიერ დაშვებული შეცდომები ქვეყნას ეკონომიკის 10, 12 ან სულაც 15%-ით (!!!) ვარდნად დაუჯდება.

დუბლინის თათბირის წინ კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტადიასი 23 მილიარდს ითხოვდა ევროკავშირისგან. ოლი რენმა მას გარკვევით უთხრა, რომ დახმარება 10 მილიარდი ევროთი შემოიფარგლება, და რომ დამატებითი თანხები ქვეყანამ თავად უნდა მოიძიოს. ბ-მა ანასტადიასმა მაშინ იმის ნებართვა მოითხოვა, რომ ანაბრებიდან უფრო დიდი პროცენტის კონფისკაცია ყოფილიყო შესაძლებელი, ვიდრე ეს თავდაპირველად იგეგმებოდა. ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა ამ სიუჟეტთანთან, და დღეს გამალებული დისკუსია მიდის იმაზე, რამდენს ჩამოაჭრიან 100.000 ევროზე მეტ ანაბრებს მაგალითად ბანკ Laik-ში: 40, 60 თუ 80 (!) პროცენტს. მართლა, რატომ უნდა დაიმორცხვო, თუ ერთმა ფინანსურმა ცენტრმა მეორეს “გადაგდების” ნებართვა მოგცა? მაგრამ ესეც რომ არ გყოფნის? აქ უკვე ინნოვაციები წამოვიდა: 3 მილიონ ევროდ კვიპროსის მოქალაქეობას სთავაზობენ ყველა მსურველს. ეეჰ, ვისაც ფული არა აქვს, იმას კვიპროსის მოქალაქება რად უნდა? და ვისაც აქვს, აქ არ არის კანადა და მსგავსნი მისნი?

მოკლედ, როგორც Economist-მა აღნიშნა, დადგა “რუსეთის ფინანსური სატრაპიის აღსასრული”.

დასკვნამდე უნდა დაისვას კითხვა: რატომ არ გადაარჩინა რუსეთის ფედერაციამ საბანკო სისტემა, სადაც მის იურიდიულ და კერძო პირებს 31 მილიარდი ამერიკული დოლარი ჰქონდათ ჩადებული? იმიტომ, რომ რუსეთის ეროვნული სპორტი “вставание с колен” მარტო მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტებით, სამხედრო აგრესიით და ეკონომიკური შანტაჟით შემოიფარგლება. როდესაც საქმე მსოფლიო ფინანსურ პრობლემებს შეეხება, მოსკოვის აზრი, რბილად რომ ვთქვათ, არავის აინტერესებს. მას ევროკავშირის და განსაკუთრებით ბერლინის პოზიციაზე სწორება უწევს.

სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, როდესაც სერიოზული როლის თამაშს ცდილობს ქვეყანა, რომელსაც არა აქვს არაფერი საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებული ბირთვული იარაღის და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობის, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ინსტიტუციური პრობლემების გარდა.

ძმები კოენების ისტერიული კომედია “Burn after Reading” მთავრდება ფრაზით: “რა ვისწავლეთ ამ ყოველივეს შედეგად”?

ის, რომ რუსეთთან (გნებავთ იმპერიასთან, გნებავთ საბჭოთა კავშირთან, გნებავთ ფედერაციასთან) მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის მცდელობა ყოველთვის მთავრდება გაცილებით უფრო დიდი პრობლემებით, ვიდრე ის სირთულეები, რის გამოც რომელიმე სახელმწიფოს ამ ურთიერთობაზე წასვლა მოუწია.

P. S. კიდევ ერთი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი: კვიპროსი ევროკავშირის ერთადერთი წევრია, რომელიც არღვევდა ამ პატივცემული გაერთიანების კონსენსუსს ჩვენს რეზოლუციაზე საქართველოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირების შესახებ, და გაეროში ხმის მიცემას თავის შეკავებას არჩევდა. ხელისუფლებამ, იმის მაგივრად რომ ჩვენი საელჩოებისგან ხელისუფლების შიდაპოლიტიკური იდეოლოგიის პროპაგანდას ითხოვდეს საერთაშორისო არენაზე, სჯობს გადაუდებლად დაკავდეს კვიპროსის მთავრობასთან ურთიერთობით და ევრომოკავშირეებთან კონსულტაციებით იმისთვის, რომ საქართველოსთვის სასურველ შედეგს მიაღწიოს. მით უმეტეს, რომ კვიპროსში აღარც კომუნისტები არიან ხელისუფლებაში და აღარც არავის შერჩა ილუზიები რუსეთთან “მოკავშირეობის” თაობაზე. 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია